მთავარი,სიახლეები

ეკატერინე II-ის ძეგლის ადგილას ოდესაში ამერიკელი პორნოვარსკვლავის ძეგლის დადგმას ითხოვენ

12.07.2022
ეკატერინე II-ის ძეგლის ადგილას ოდესაში ამერიკელი პორნოვარსკვლავის ძეგლის დადგმას ითხოვენ

უკრაინის საზღვაო ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლის ადგილას ამერიკელი პორნოვარსკვლავისა და მოდელის, ბილი ჰერინგტონის ძეგლის დადგმას ითხოვენ.

ასეთი პეტიცია პრეზიდენტის საიტზე 20 მაისს გაჩნდა და დღეისთვის უკვე 25 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა ის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განიხილოს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ეკატერინე მეორემ თავისი ქმედებებით დიდი ზიანი მიაყენა უკრაინულ სახელმწიფოსა და კულტურას და მისი ძეგლის დადგმა დიდი შეცდომა იყო.

„მისი არსებობა მომავალშიც ნიშნავს, რომ ოდესა რუსეთის კულტურული გავლენის სფეროში რჩება. დროა, ეს შეიცვალოს“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის საიტზე/petition.president.gov.ua

პეტიციის ავტორები ხელისუფლებას სთავაზობენ, მოედანზე დაიდგას ბილი ჰერინგტონის ძეგლი – როგორ ზის მსახიობი ბართან ლუდის ბოთლით ხელში.

როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ამ მონუმენტით უკრაინული მხარე ყველას უჩვენებს, რომ ოდესა რუსული კულტურის ნაწილი არ არის, მას აქვს თავისი კულტურა, აქვს იუმორის გრძნობა და ამავე დროს, მხარდაჭერის ძალიან ცხად მესიჯს გაუგზავნის ლგბტქ საზოგადოებას, რადგან ბილი ჰერინგტონი ცნობილი იყო გეი ფილმებში მონაწილეობით.

მსახიობი 2018 წელს, 48 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა.

„ოდესის დამაარსებელთა მონუმენტი“, – ასე უწოდებენ ეკატერინე მეორისა და მისი კომპანიონების ძეგლს, რომელიც ოდესაში 1900 წელს დადგეს. 1920 წელს, საბჭოთა სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, კომუნისტურმა მთავრობამ მონუმენტი დაშალა. ის 2007 წელს ოდესელი ბიზნესმენის, რუსლან ტარპანის ოჯახის ხარჯებით აღადგინეს.

მანამდე კიევში ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლის დადგმა მოითხოვეს. პეტიციაში, რომელიც კიევის საკრებულოს საიტზე გაჩნდა, ნათქვამი იყო, რომ „რეიგანის ძეგლი იქნება ისეთი ღირებულებების სიმბოლო, როგორებიცაა თავისუფლება და ღირსება.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: