მთავარი,სიახლეები

ლევან ვარშალომიძეს ხვალ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ – ენმ წინააღმდეგია

13.07.2022 • 2373
ლევან ვარშალომიძეს ხვალ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ – ენმ წინააღმდეგია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხვალ, 14 ივლისს, პარლამენტი ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუკი ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.

პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარლამენტს უფლება არ აქვს, ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს, რადგან ის ოფიციალურად ბოიკოტის რეჟიმშია.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ბოიკოტი, რას ამბობს ამაზე კანონი? – ვკითხეთ დავით ხაჯიშვილს. მისი თქმით, კანონში ვადებთან დაკავშირებით არაფერი წერია.

„კანონში წერია, რომ გაცდენების გამო შეიძლება პარლამენტმა წევრს მოუხსნას უფლებამოსილება, მაგრამ ასევე კანონი არეგულირებს იმასაც, რომ თუ პარლამენტარი იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, მაშინ პარლამენტს არ აქვს უფლება, მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება. პოლიტიკური ბოიკოტი პარლამენტის წევრს შეუძლია უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

ლევან ვარშალომიძე იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტზე და, როგორც ერთ დეპუტატს, ამის უფლება აქვს. ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არავის აქვს უფლება, არჩეულ დეპუტატს შეუწყვიტოს ამ პირობით უფლებამოსილება. ამ კანონით ვერ იხელმძღვანელებს პარლამენტი“, – გვითხრა დავით ხაჯიშვილმა.

დავით ხაჯიშვილის თქმით, ამ საკითხზე ის ერთი კვირის წინ ესაუბრა უკრაინაში მყოფ ლევან ვარშალომიძეს და ისიც იზიარებს ამ პოზიციას.

კითხვაზე, პოლიტიკურ ბოიკოტზე ყოფნის შესახებ განცხადება უნდა არსებობდეს თუ არა წერილობით, თუ ზეპირ განცხადებასაც ითვალისწინებს კანონი? დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ ფრაქციის შემთხვევაში, სავალდებულოა წერილობითი მიმართვა, ცალკეული დეპუტატის შემთხვევაში კი, საჯარო განცხადებაც საკმარისია.

„თუ ფრაქციაა ბოიკოტის რეჟიმში, როგორც ვიცი, წერილობით უნდა აცნობოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ ცალკეული დეპუტატი თუ აცხადებს ბოიკოტს, მაშინ საჯარო განცხადების საფუძველიც შეიძლება.

„ქართული ოცნება“ ასეთ ინტერპრეტაციას აძლევს, რომ ვარშალომიძე უბრალოდ აცდენს სხდომებს. პარლამენტის თავმჯდომარის იმპერატიული გადაწყვეტილებაა, გამოიტანოს ეს საკითხი კომიტეტში თუ არა“, – განმარტავს ხაჯიშვილი.

ენმ-ს წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, თუ ლევან ვარშალომიძეს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, ენმ დატოვებს პარლამენტს. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს დავით ხაჯიშვილი.

დეპუტატის თქმით, ამ საკითხზე მას პირადად არ ჰქონია კოლეგებთან საუბარი, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, ენმ-ს პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, თუ ამ საკითხს მაინც გაიტანენ კომიტეტზე და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩაფიქრებული აქვთ,  ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ. ქვეყანას სჭირდება იმ 12 პუნქტის შესრულება, რომლებიც ევროკომისიამ წამოგვიყენა, ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებიც, ჩვენ გარეშე კი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მიიღება. ამიტომ სულ ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ და აქედან გამომდინარე, ჯერ ოფიციალური საუბრები არ გაგვიმართავს არც ხელისუფლებასთან და არც არავისთან,“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი.

მას ასევე ვკითხეთ, სწორედ ეს მიზეზი ხომ არ არის, რომ ენმ-ს პროვოცირება გამოიწვიოს „ქართულმა ოცნებამ“ და ხელი შეუშალოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას?

დავით ხაჯიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს და სრულ კომფორტში იყოს.

„მათ უნდათ, რომ ჩვენ არ ვიყოთ პარლამენტში და ხელი არ შევუშალოთ რუსული პოლიტიკის გატარებაში. მათ სურთ ჩვენ გარეშე მართონ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რაც ხალხმა დაგვაკისრა, მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როცა ჩვენი იქ ყოფნა აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის“, – ამბობს დავით ხაჯიშვილი.

პარლამენტარის მანდატი უკვე დატოვა ენმ-ს ორმა წევრმა – ნიკა მელიამ და ზაალ უდუმაშვილმა. ვარშალომიძისთვის მანდატის ჩამორთმევის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მხოლოდ 28 მანდატი ექნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: