მთავარი,სიახლეები

გერმანია 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს

13.07.2022 • 3508
გერმანია 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს

გერმანია პირველი აგვისტოდან რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს. როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა, სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კუკისმა განაცხადა, მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი სიცარიელის შევსება იქნება, რომელიც წარმოიშობა, როცა ევროკავშირი რუსეთის მიერ ყოველწლიურად მიწოდებულ 158 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე უარს იტყვის.

„ჩვენ რამდენიმე კვირაში დავრჩებით რუსული ქვანახშირის გარეშე. აქამდე რუსეთი ამარაგებდა გერმანიის ქვანახშირისა და ნავთობის  40-40 პროცენტს. ნებისმიერმა, ვისთვისაც მილსადენ „დრუჟბას“ ისტორიაა ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის იარაღი იყო აღმოსავლეთ ევროპაზე, იცის, რომ დამოკიდებულებაზე თავის დაღწევა მარტივი საკითხი არაა, მაგრამ ჩვენ ამას რამდენიმე თვეში მივაღწევთ“, – თქვა კიკისმა.

გერმანია სწრაფად ავითარებს თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] საიმპორტო ტერმინალებს, რათა ხელი შეუწყოს გაზის მომარაგებაში გაჩენილი სიცარიელის შევსებას, მაგრამ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და კატარს ერთად შეუძლიათ ევროპას მიაწოდონ დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი, მაინც უზარმაზარი უფსკრული რჩება შესავსები.

„ვერ წარმოგვიდგენია ამ პრობლემის გაქრობა“, – თქვა კუკისმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ფოკუსირებული იყო ნულოვან ემისიაზე გადასვლაზე და ახლახან მიიღო კანონი განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დასაჩქარებლად, გაზი არსებითი იქნება ცვლილებებისთვის.

______________

ფოტო: EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: