მთავარი,სიახლეები

პრორუსულ ადმინისტრაციებზე თავდასხმები რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნის – ბრიტანეთის დაზვერვა

13.07.2022
პრორუსულ ადმინისტრაციებზე თავდასხმები რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირაში რუსეთის ძალები ფოკუსირებული იქნებიან დონბასის რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე – მათ შორისაა სივერსკის, დოლინა სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებთან. უწყების ცნობით, სლოვიანსკისა და კრამატორსკის რაიონები, ოპერაციის არსებულ ფაზაში რუსეთისთვის კვლავაც პრინციპულ ამოცანებად რჩება.

13 ივლისის რელიზში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის შერყევას და საკუთარი მმართველობისა და ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას ოკუპირებულ რაიონებში.

„სწორედ ამას ემსახურებოდა რუსეთის ახლანდელი ინიციატივა რუსული და უკრაინული ქალაქებისა და რეგიონების დამეგობრების შესახებ და ასევე, ბრძანება, რომლითაც კრემლმა უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა“, – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ანტირუსული განწყობები ძლიერია, რაც რუსებსაც და მათ ადგილობრივ მხარდამჭერებსაც სამიზნეებად აქცევს.

„ველიკი ბურლუკში რუსების მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მერი 2022 წლის 11 ივლისს ავტომანქანის აფეთქებისას დაიღუპა.

ოფიციალური პირების დევნა, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც თავის მხრივ, გაამძაფრებს რუსი ოკუპანტების წინაშე არსებულ სერიოზულ პრობლემებს და გაზრდის ზეწოლას ისედაც შემცირებულ სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ფორმირებებზე,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

გუშინდელ რელიზში, უწყება რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე მიუთითებდა და ვარაუდობდა, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს, მათ შორის, გამოიყვანოს პირადი შემადგენლობა ციხეებიდან.

მთავარი ფოტო: Anadolu Agency

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: