ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები,სპორტი

ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ

14.07.2021 • 3185
ჩაქვში ფეხბურთის სტადიონის ადგილას რაგბის მოედანს ააშენებენ

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილას, ახალი, რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანს ააშენებენ.

რაგბის მოედნის საერთო ზომა უნდა იყოს 112X74 მეტრი. მოედანზე აშენდება 300 მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნა და, ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირებისათვის ადგილებიც.

ტერიტორია ჩაქვში, სადაც ახალი მოედნის აშენებაა დაგეგმილი, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან მდებარეობს და ფართობი 15 058 კვ.მ-ია. ეს ტერიტორია ჯერ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, შემდეგ – ქობულეთის მუნიციპალიტეტის და ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„ვინაიდან იგეგმება სტადიონის რეაბილიტაცია, ის ჩვენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით, იმ პირობით, რომ აქ რაგბის მოედანი აშენდება“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ვერულიძემ, ქობულეთის მერის მოადგილემ.

დავით ვერულიძის თქმით, არსებულ სტადიონს დღეს ჩაქვში რაგბის გუნდი სარგებლობს, რომელიც შპს სარაგბო კლუბ „პონტოს“ დაქვემდებარებაშია. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დამფინანსებელი კი ქობულეთის მუნიციპალიტეტია.

ბოლო უახლოეს წლებში არსებული სტადიონით ჩაქვში რაგბისტებიც სარგებლობდნენ და ფეხბურთელებიც.

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი თოთლაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რაიმე საფეხბურთო გუნდი ჩაქვში, რომელიც არსებული სტადიონით სარგებლობდეს, ოფიციალურად არ არის დაფიქსირებული.

ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის თქმით კი, თუ ჩაქვში საფეხბურთო გუნდი [თუნდაც კერძო] იქნება სამომავლოდ, მას არ შეექმნება პრობლემა ისარგებლოს რაგბის სტადიონით.

„მუნიციპალიტეტის პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც რაგბის კლუბები ფუნქციონირებს და იქ ფეხბურთის გუნდებს არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საჭიროება უდგათ სტადიონით სარგებლობის, არავითარ პრობლემას არ უქმნიან.

მაგალითად, ხუცუბანში არის სტადიონი, რომელიც „პონტოზე“ გვაქვს გადაცემული და იქ თუ ფეხბურთის კლუბებს სტადიონზე შესვლა სჭირდებათ, არაერთი გუნდი შედის და ვარჯიშობს ურთიერთშეთანხმებულად. ეს სპორტის 2 სახეობაა, რომლებიც საკმაოდ მეგობრობენ ერთმანეთთან და პრობლემა არ იქნება არც ჩაქვში, სადაც თანამედროვე სტანდარტების სარაგბო მოედანი გვექნება“, – გვითხრა დავით ვერულიძემ.

ჩაქვში ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მოწყობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფასის დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს უკვე იკვლევს.

ტექნიკური დავალების მიხედვით:

  • საპროექტო სივრცეების დეტალური რეკომენდაციები და მოთხოვნები უნდა დამუშავდეს და შეთანხმდეს საქართველოს რაგბის კავშირთან;
  • რაგბის მოედანი შემოიღობება მთელ პერიმეტრზე 14-16 მეტრომდე სიმაღლის ღობით;
  • ხელოვნური საფარი უნდა იყოს მწვანე და ღია მწვანე [2 ფერში დაზოლილი მოედანი + რაგბის სათამაშო მოედნის ხაზების მსოფლიო რაგბის რეგულაციების მიხედვით ჩაკერება]
  • უნდა მოეწყოს ადმინისტრაციული სივრცე, ძალოსნობის დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, მწვრთნელების, მსაჯების და ექიმის ოთახები/ანტიდოპინგის ოთახი, კაფეტერია/საპრესკონფერენციო;
  • საპარკინგე სივრცე.

აჭარის პროექტების მართვის კომპანია დაინტერესებული პირებისგან შეთავაზებებს 2021 წლის 20 ივლისის ჩათვლით მიიღებს. შეთავაზება, სავარაუდო ღირებულებასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიწოდების სავარაუდო ვადაზე.

_________________

მთავარი ფოტო: რაგბისტების ვარჯიში ჩაქვის სტადიონზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: