მთავარი,სიახლეები

ბელარუსში 8 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტს, რომელმაც აქციის დარბევა გააშუქა

13.07.2022 • 1075
ბელარუსში 8 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტს, რომელმაც აქციის დარბევა გააშუქა

ბელარუს ჟურნალისტს, კატერინა ანდრეევას, ბელარუსში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ანდრეევა ტელეარხ Белсат-ის ჟურნალისტია.

Белсат-ის ჟურნალისტი კატერინა ანდრეევა [ბახვალოვა] და ოპერატორი დარია ჩულცოვა 2020 წლის 15 ნოემბერს დააკავეს,  ძალოვანების ცემის შედეგად გარდაცვლილი აქტივისტის, რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სასტიკი დარბევის პირდაპირ ეთერში გაშუქების შემდეგ. მათ ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს „აქციის ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“.

უფლებადამცველებმა ორივე ჟურნალისტი პოლიტპატიმრად აღიარეს.

მაშინ ანდრეევას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2022 წლის თებერვალში, გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ისე, რომ 55 დღის განმავლობაში ახლობლებმა არ იცოდნენ ამის მიზეზი. 2022 წლის 7 აპრილს პოლიტპატიმრის ოჯახმა შეიტყო, რომ კატერინას ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატში.

სასამართლო პროცესი დახურული იყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ანდრეევას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „სამშობლოს ღალატისთვის“. ტელეარხი Белсат-ი იუწყება, რომ უცნობია, რას გულისხმობს სასამართლო „სამშობლოს ღალატში“.

Белсат-ის ცნობით, ანდრეევას წინააღმდეგ ახალი საქმის კომენტირებისას სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ტელეგრამის არხებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ანდრეევა იყო წიგნის – „ბელარუსული დონბასის“ თანაავტორი, რომელიც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ 2021 წელს „ექსტრემისტულად“ აღიარა. თუმცა წიგნის თანაავტორი, ანდრეევას ქმარი, ჟურნალისტი იგორ ილიაში, საქმეში მოწმის სახითაც კი არ ფიგურირებს.

ბელორუსში „სახელმწიფოს ღალატად“ განიხილება არა მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა და ომის დროს მტრის მხარეს ყოფნა, არამედ „უცხო სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან მათი წარმომადგენლების სხვაგვარი დახმარება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: