მთავარი,სიახლეები

რატომ ღირს საკვები საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

11.07.2022 •
რატომ ღირს საკვები საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთში

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ყოველდღიურად რიგებია. საქართველოდან თურქეთში ასობით მოქალაქე გადადის ერთი დღით – წამლების, პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებებისათვის.

თუ აქამდე თურქეთში ძირითადად მედიკამენტებისათვის გადადიოდნენ, ახლა საზღვარზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს ხელში ზეთის 5-ლიტრიანი ქილებით. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 145-160 ლირა (24-27 ლარი) ღირს, საქართველოში კი მინიმუმ 43 ლარი.

საზღვრის გარდა რიგებია დიდ სუპერმარკეტებშიც. საქართველოდან გადასული მოქალაქეები, პროდუქტებით დატვირთული ურიკებით დგანან სალაროს რიგში. ყიდულობენ ყველაფერს, წვრილმანების ჩათვლით.

ზეთი, ყველი, ყავა, მაკარონი, ქიშმიში, მაიონეზი, იოგურტი, კარაქი, კარტოფილი, ტომატი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი – ეს არის არასრული სია იმ პროდუქტების, რომელიც თურქეთიდან საქართველოში გადმოაქვთ.

თურქეთში გადამსვლელთა რიგი სარფის საბაჟოზე 8 ივლისი, 2022 წელი

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტს საზღვარგარეთ, მოქალაქეები ამბობენ, რომ „ნებისმიერი რამ, გაცილებით იაფი ღირს თურქეთში, ვიდრე საქართველოში“.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადი სავაჭრო ცენტრი საზღვრისპირა ქალაქები – ქემალფაშა და ხოფაა. ამ ქალაქებში მოხვედრა საზღვრიდან ადვილია და თან იაფი. მაგალითად, სარფიდან ხოფამდე მგზავრობა 3.40 ლარი [20 ლირა] ღირს და სამგზავრო მიკროავტობუსი 20 წუთში ერთხელ გადის.

რა ღირს პროდუქტები თურქეთში და რა ღირს საქართველოში, ამის გადასამოწმებლად „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე სახეობის პროდუქციის ფასები შეადარა.

1 ლიტრი „ევინის“ ფირმის მზესუმზირას ზეთი თურქეთში 5.84 ლარი [34.50 ლირა] ღირს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბათუმში, დიდ სუპერმარკეტებში ზეთების სექცია ძირითადად რუსული წარმოების ზეთითაა შევსებული.

1 ლიტრი რუსული წარმოების მზესუმზირას ზეთის ფასი ბათუმის სუპერმარკეტებში 7,50 ლარიდან იწყება და ათ ლარს აღწევს.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად 5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ზეთს ყიდულობენ. თურქეთში, 5 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი (დამოკიდებულია მწარმოებლებზე) 24-27 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა საქართველოში 5 ლიტრი ზეთის ფასი 43 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.

4 ლიტრი ზეთი 145 ლირა (24 ლარი) ღირს, 5 ლიტრი კი 155 ლირა (26 ლარი)

ყავა „იაკობს მონარქი“ 95 გრ. თურქეთში 9.30 ლარი [55 ლირა] ღირს, საქართველოში კი 15 ლარი.

1 კილოგრამი ქიშმიში (თეთრი, შავი) თურქეთში 6 ლარი ღირს, ხოლო საქართველოში 15-16 ლარი.

ისეთი პროდუქტის ფასები, რომლებიც უშუალოდ თურქეთიდან შემოდის, საქართველოში თურქეთში არსებულ ფასზე ბევრად მაღალია. მაგალითად, თურქული კომპანია „Sütaş“-ის ცხიმიანი თეთრი ყველი (ბრინზა) 900 გრამი თურქეთში ღირს 16.75 ლარი [99 ლირა], ხოლო იგივე ფირმისა და წონი ყველი საქართველოში 31 ლარი ღირს.

მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობაა სარეცხ საშუალებებზეც.

მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი სითხე „ფეირი“ (750მლ) თურქეთში 3.85 ლარი [22,50 ლირა] ღირს. საქართველოში ზუსტად იგივე მოცულობის „ფეირის“ ფასი კი 6.50 ლარია.

სარეცხი ფხვნილი „არიელი“ 9 კილოგრამიანი შეფუთვით 21.15 ლარი [125 ლირა] ღირს. საქართველოში იგივე სარეცხი ფხვნილის ფასი, ოღონდ 6 კილოგრამიანი შეფუთვა 27.50 ლარია.

მარცხნივ, 9კგ-იანი “არიელის” ფასი თურქეთში, მარჯვნივ 6 კგ-იანი “არიელის” ფასი საქართველოში

საწმენდი სითხე „დომესტოსი“, 750 მლ-იანი მოცულობის თურქეთში 17, 70 ლირა (3 ლარი) ღირს. საქართველოში იგივე მოცულობის დომესტოსი კი 5.50 ლარი. მნიშვნელოვანი ფასთა სხვაობაა სხვა თურქული წარმოების სარეცხ საშუალებებზეც საშუალოდ 2-3 ლარით უფრო იაფია თურქეთში, ვიდრე საქართველოში.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას სურსათის ფასებზე

ის ფაქტი, რომ საქართველო სურსათის მხრივ იმპორტდამოკიდებულია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასებზე.

„სამომხმარებლო კალათის ძალიან დიდი წილი მოდის იმპორტირებულ პროდუქტზე. ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. სურსათის ფასებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზრებზე, უფრო კონკრეტულად – სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები.

ასევე განსაზღვრავს საწვავის ფასი ტრანსპორტირების კუთხით და სავაჭრო შეზღუდვები ან ექსპორტის ტარიფის ცვლილება.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს პროდუქტის ფასებზე, არის გაცვლითი კურსი. იმპორტირებულ პროდუქტს ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვყიდულობთ ამერიკულ დოლარში ან სხვა ვალუტაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სალომე დეისაძე.

კითხვაზე, რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ თურქეთში საკვები პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, სალომე დეისაძე პასუხობს, რომ ვალუტის კურსი.

„ამ შემთხვევაში პროდუქციის ფასებს განსაზღვრავს ის, თუ როგორია გაცვლითი კურსის მიმართება თურქულ ლირასა და  ქართულ ლარს შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქული ლირა ქართულ ლართან შედარებით უფასურდებოდა, შესაბამისად ლარის მსყიდველობით უნარიანობა იყო უფრო მაღალი, თურქულ ლირასთან შედარებით,“ – ამბობს სალომე დეისაძე.

სალომე დეისაძე

ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე მწარმოებლის პროდუქტი, თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში ორი ფაქტორით აიხსნება – ტრანსპორტირების ხარჯით და ვალუტის გაცვლითი კურსით.

„ტრანსპორტირების ფასი არის გაზრდილი, რადგან საწვავის ფასები გაიზარდა მსოფლიოში. ფასთა სხვაობა შეიძლება იყოს ტრანსპორტირებით გამოწვეული, ასევე სავაჭრო ტარიფებითა და გადასახადებით. ჩვენთვის იმპორტზე და მათთვის ექსპორტზე გადასახადით.

იმისათვის, რომ თურქეთიდან პროდუქტი საქართველოში აღმოჩნდეს, უნდა შემოვიდეს ჯერ ქვეყანაში. ტრანსპორტირება სჭირდება პროდუქტს, შემდეგ სჭირდება განბაჟება, მთელი რიგი საბაჟო პროცედურებია. სხვადასხვა ტიპის გადასახადები და ტარიფები. შემდეგ ნაწილდება ადგილობრივ იმპორტიორებზე, მერე დისტრიბუცია და საბოლოოდ მიდის მომხმარებლამდე. ეს ყველაფერი კი უძვირებს მომხმარებელს პროდუქტს,“ – ამბობს სალომე დეისაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: