საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, ხანძრის შედეგად განათების და ელექტრომომარაგების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა, 2022 წლის 3 ივნისს 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.“
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ქობულეთის გავლით.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს ბრძოლები ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც ბოლო ერთი კვირაა ინტენსიურად იბრძვიან? „ბათუმელები“ გუშინ, პირველ ივნისს, ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს ისევ ესაუბრა, რომელიც სევეროდონეცკთან იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელებს უკან დახევა მოუხდათ, ვანო ნადირაძე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, ეს სტრატეგიული დახევაა და „ჩემი აზრით, ცოტა უფრო ადრეც უნდა დაგვეხია, რადგან უკან დახევით უკრაინის ჯარი პოზიციებს გაამაგრებდა მდინარე სევეროდონეცკზეო“.
ვანო ნადირაძის თქმით, უკრაინის გენერალური შტაბი მოქმედებს სწორად და ძალიან მალე ხერსონის პოზიციებზე უკრაინა წარმატებას მიაღწევს.
„იმ ტემპით, როგორიც გვაქვს, სადღაც ორ კვირაში ხერსონამდეც მივალთ და პატარა-პატარა ალყებშიც მოექცევიან რუსები ამ მიმართულებაზე.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 12-კილომეტრიანი ზოლი გავათავისუფლეთ მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს კიდევ 4 სოფელია გათავისუფლებული. ეს ძალიან სერიოზული ბრძოლის შედეგადაა მიღწეული“.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მოსკოვი კონცენტრირებულია, დაიკავოს სევეროდონეცკი და დონბასი მთლიანად, რაც დაუცველს ხდის მას სასიცოცხლო მნიშვნელობის ხერსონის ოლქში, სადაც უკრაინელების კონტრშეტევა გრძელდება.
„დასავლეთმა სიტყვა შეასრულა და გრაფიკით განსაზღვრული შეიარაღება მივიღეთ. ეს საკმარისია იმ ფრონტის ხაზებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს, საკმარისია იმისთვის, რომ რუსების ლოჯისტიკა გავანადგუროთ.
მარიუპოლის დროს რომ გვქონოდა თავიდანვე ასეთი ტექნიკა, შესაძლოა აღარ მოქცეულიყო მარიუპოლი ალყაში“, – ამბობს ნადირაძე.
რის ხარჯზე მიაღწიეს რუსებმა წარმატებას ბოლო კვირაში სევეროდონეცკში? – ვკითხეთ მას. ვანო ნადირაძის თქმით, ეს არის ცოცხალი ძალა და სარაკეტო თავდასხმები.
„რომ გგონია გაანადგურე რაღაც ბატალიონი, უცებ ტარაკნებივით ამოძვრებიან საიდანღაც. ძალიან ბევრნი არიან. იზიუმის და სლავიანსკის მიმართულებით 60-კილომეტრიან მონაკვეთზე 150 ათას კაცზე მეტია თავისი ტექნიკით.
ამის მიუხედავად, იზიუმის მიმართულებაზე მაინც ვერ ახერხებენ ძვრას, რადგან მაგრად უტევენ უკრაინელები. ლიმანი კი აიღეს, მაგრამ ლიმანიდან სლოვიანსკამდე რომ მივიდნენ, შუაშია პატარა ქალაქი რაიგარადოკია და ამ პატარა ქალაქშიც კი ვერ შედიან. ისევ და ისევ მდინარე ყოფს შუაზე, ხიდი აფეთქებულია და მდინარის მეორე მხარეს ჭაობებია, ტექნიკა ვერ იმოძრავებს“, – ამბობს ვანო ნადირაძე.
მისი თქმით, რუსებს წინა კვირაში გეგმაში ჰქონდათ ბახმუტის გზის კონტროლის ქვეშ მოქცევა, თუმცა ვერც ეს შეძლეს.
ბახმუტი-ლისიჩანსკის მაგისტრალი
„სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულება ავიღოთ, ამასაც ყოფს მდინარე სევეროდენცკი და თუ დააკვირდებით, მთელ გაყოლებაზე ვერსად ვერ გადმოლახეს ეს მდინარე.
ბელოგოროვკთან რომ იყო შეტაკება, იცით ალბათ ძალიან დიდი ტექნიკა დაკარგეს გადმოსვლისთვის, მაგრამ ვერ მოახერხეს… ჩემთვის რომ ეკითხათ, სევეროდონეცკს უფრო ადრეც დავტოვებდი, ტაქტიკურ უკან დახევას დავარქმევდი ამას და უფრო გავამყარებდი მაგალითად ლისიჩანსკის პოზიციებს, რადგან ლისიჩანსკი საგრძნობ სიმაღლეზეა, აქედან ლისიჩანსკამდე 15 კილომეტრია და სიმაღლიდან გადაჰყურებს სევეროდონეცკსაც და რუბეჟნოესაც. უფრო გავამყარებდი ამ პოზიციებს. ახლა კი სამწუხაროდ, 15-20- კილომეტრიან მონაკვეთებზე 10-12 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავთ და ტარაკნებივით მოძვრებიან“, – ამბობს ვანო ნადირაძე.
რა ვითარებაა ლუგანსკში, ზოგადად? – ვანო ნადირაძის თქმით, რუსები პოზიციებს ბოლომდე ვერც აქ ინარჩუნებენ. „ბახმუტის გზატკეცილიც ლუგანსკის ოლქშია, მაგრამ არ არის რუსების კონტროლს ქვეშ. ამ კვირაში იყვნენ გამოსული სადესანტო მოიერიშე ჯგუფები, მაგრამ ვერ გამაგრდნენ და ისევ უკან დაახევინეს უკრაინელებმა. ბახმუტის გზა მთავარ გზად ითვლება ლისიჩანსკის მიმართულებაზე, ეს გზა ორ მონაკვეთზე ინტენსიურად იბომბება ახლაც. სხვა მონაკვეთებზე კარგი კონტრშეტევა ჩაატარეს უკრაინელებმა და გადაისროლეს რუსები“, – ამბობს ნადირაძე.
კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებენ რუსები ოკუპირებული ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმის გასწვრივ ბრძოლის ხაზის მოსწორებას, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ამ ხაზის გასწორებას რუსები ომის დაწყების დღიდან ცდილობენ და ვერ შეძლეს.
„ფრონტის ხაზი 800 კილომეტრზე მეტია და ამ რესურსით, რითაც ახლა რუსები იბრძვიან, ფრონტის ხაზი ვერ გასწორდება. ამ ეტაპზე მათი უპირატესობა ცოცხალი ძალის სიმრავლეშია, თუმცა ფრთოსანი და კალიბრიანი რაკეტების მიმართულებით გაუჭირდათ ამ კვირაში.
ის პროგნოზი, რასაც ამბობდნენ დასავლელი ექსპერტები, თუ სადაზვერვო სამსახურები, რომ უკრაინა ზაფხულში შეტევაზე გადავა, გამართლდება და 15 ივისამდე ჩვენ სხვა შედეგებს დავინახავთ. მარტო ხერსონი კი არა, სხვა ტერიტორიებიც გათავისუფლდება, დამიჯერეთ“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლაში თითქმის ყოველდღე 60-100 ჯარისკაცი იღუპება. ვანო ნადირაძე კი ამბობს, რომ რუსეთის არმიაში გაცილებით მეტია ცოცხალი ძალის მსხვერპლი. „მსხვერპლს ძირითადად იწვევს დაბომბვები“, – გვიხსნის ნადირაძე.
„მე მაინც მგონია, რომ როგორც კიევის გარშემო იდგნენ და წინსვლას ვერ მიაღწიეს, პატარა მდინარე ირპენიც კი ვერ გადმოლახეს და დემორალიზება დაიწყო ჯარში, იგივე მოხდება ახლაც. ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცის თუ ოფიცრის ტელეფონი ისმინება და ვიცით, რომ უკვე დაიწყო ხრწნა რუსის ჯარში.
ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯი ამ კვირაში იყო ხერსონის მიმართულება, იზიუმის აღმოსავლეთიდან არ მოასვენებს უკრაინული ჯარი, რომ სლოვიანსკის მიმართულებით არ განაგრძონ გადაადგილება.
როცა ხერსონის მიმართულებაზე ვაგნერის ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმი გაანადგურეს უკრაინელებმა, დიდი დემორალიზება გამოიწვია ამან რუსებში – 20 კილომეტრის მოშორებით რომ იდგა ჯარი, ისინიც კი უკან გარბოდნენ.
მე, პირადად, იმედიანად ვარ განწყობილი, საშინელი ოპტიმისტი ვარ და მართლდება ხოლმე ჩემი ოპტიმიზმი“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.
მისი თქმით, უკრაინას სწორი ტაქტიკა აქვს აღებული, მთლიანი შეიარაღებული ძალები ჯერ არ ჩაურთავს ბრძოლაში და როცა ჩაერთვება, „ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხერსონიც დაბრუნდეს და სხვა ტერიტორიებიც“.
კუჭის დაპატარავების და სხვა ოპერაციები, რომლებიც ერთობლივად ცნობილია, როგორც ბარიატრიული ქირურგია, გულისხმობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცვლილებების შეტანას ჭარბი წონის დასაკლებად.
ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ მაშინ, როდესაც დიეტა და ვარჯიში არ მუშაობს ან როდესაც ჭარბი წონის გამო ადამიანს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები ექმნება. ამ თემაზე „ბათუმელები“ კლინიკა „ავერსის“ ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის სამსახურის კოორდინატორს, კახაბერ ხაჭაპურიძეს ესაუბრა.
ბატონო კახა, რა არის ბარიატრია და რა დროს ხდება ის საჭირო?
ბარიატრია არის ჭარბი წონის ქირურგია, ის მოიცავს არა მარტო კუჭის დაპატარავების, არამედ სხვადასხვა ტიპის ბარიატრიულ ოპერაციას.
ბარიატრიული ოპერაციების ჩვენებაა, როდესაც პაციენტს აქვს მორბიდული ანუ ავადმყოფური სიმსუქნე. მორბიდულ სიმსუქნედ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის 40-ზე მეტი. ასეთი დიდი წონიდან თავისი ძალებით და დიეტებით ძალიან უჭირს ადამიანს ნორმალურ წონაზე დაბრუნება.
სმი-ს ნორმა არის 19-დან 25-მდე, ჭარბწონიანობა არის 25-დან 30-მდე, პირველი ხარისხის სიმსუქნე: 30-დან 35-მდე, მეორე ხარისხის სიმსუქნე: 35-დან 40-მდე, 40-ზე მეტი კი არის უკვე მორბიდული, ანუ პათოლოგიური სიმსუქნე.
საქმე ის არის, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
თუ პაციენტს აქვს თანმხლები დაავადებები, აქვს ჭარბ წონასთან ასოცირებული სხვადასხვა ენდოკრინული თუ მეტაბოლური პრობლემა, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან/და გულსისხლძარღვთა პრობლემა, ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპერაცია გაკეთდეს მაშინაც, თუ სხეულის მასის ინდექსია 35 და ნაკლები.
სიმსუქნის გამო განვითარებული თანმხლები დაავადებები შეიძლება თუ არა აღმოჩნდეს ბარიატრიულ ქირურგიაზე უარის თქმის საფუძველი?
ბარიატრიული ოპერაციები არ უტარდება მეტ-ნაკლებად ჯანმრთელ ადამიანს. მორბიდული სიმსუქნე ყოველთვის ასოცირებულია სხვადასხვა რთულ, თანმხლებ პათოლოგიასთან, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამ საფრთხის შესამცირებლად ტარდება ეს ოპერაციები. ანუ პაციენტებს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა პრობლემა და რისკჯგუფის პაციენტები არიან, მორბიდული სიმსუქნის გამო რომ არ დაემართოთ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები, ამიტომ კეთდება ოპერაცია.
თუმცა უკუჩვენება მაინც არსებობს და ეს შეიძლება იყოს ზუსტად იგივე, რაც შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი ტიპის ოპერაციის დროს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ისეთი უკმარისობა, რომ შეუძლებელი იყოს ოპერაციის წარმოება და ამ ტიპის პრობლემები.
როცა მორბიდულ სიმსუქნეში გადადის პაციენტი, იმ დონის დარღვევა აქვს უკვე, რომ დიეტებით ფონს ვერ გავა. ასეთ დროს პაციენტმა დიეტა რომ დაიცვას, შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს იმ შედეგის მისაღწევად, რასაც ოპერაციით გაცილებით მოკლე დროში მიაღწევს. თან ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია და ასიდან სულ 7-8 ადამიანი ახერხებს დიეტის დაცვას.
რას მოიცავს ბარიატრიული ქირურგია პროცედურულად?
ბარიატრიულ ქირურგიაში კეთდება რესტრიქციული და მალაბსორბციული ტიპის ოპერაციები. კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (sleeve) რეზექცია, იგივე კუჭის დაპატარავების ოპერაცია, მიეკუთვნება რესტრიქციული ტიპის ოპერაციას, კუჭის შუნტირება – კომბინირებულს (რესტრიქციული და მალაბსორბციული).
რეზექციის დროს ვაპატარავებთ კუჭს. კერძოდ, იჭრება კუჭის 80-85% და კუჭს ეძლევა მილის ფორმა. შედეგად პაციენტი იღებს ცოტა საკვებს, ნაყრდება მალე და ამ პრინციპით მიიღწევა შედეგი.
ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტი 1 წლის განმავლობაში იკლებს ჭარბი წონის საშუალოდ 70%-ს. პირველი დარტყმითი ეფექტი წონის კლების მხრივ არის ოპერაციიდან I-II თვე, შემდეგ ეტაპობრივად უფრო და უფრო ნაკლებს იკლებენ.
კუჭის დაპატარავების ოპერაცია ტარდება ლაპარასკოპიული მეთოდით და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 40-50 წუთია. ოპერაციიდან მე-3 მე-4 დღეს პაციენტი ეწერება ბინაზე. პირველი ორი კვირა იღებს ნახევრად თხიერ საკვებს, შემდეგ ორი კვირა რაციონში ემატება ნახევრად მყარი საკვები, ოპერაციიდან მე-4 კვირის შემდეგ პაციენტი გადადის მყარ საკვებზე.
ფიზიკური აქტივობა, დატვირთვა შეზღუდულია ოპერაციის შემდეგ პირველი ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია თავისუფლად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. აქტიურად ვარჯიშის დაწყება შესაძლებელია ოპერაციიდან დაახლოებით 1.5 -2 თვეში
ყველა ასეთ პაციენტს ჰყავს ოპერაციამდე ექიმი ენდოკრინოლოგ-მეტაბოლოგი, რომელიც არის პაციენტის მკურნალი ექიმი. ის აკონტროლებს პაციენტის კვებას, აფართოებს მის რაციონს, უნიშნავს საჭიროებისამებრ პრეპარატსა თუ ვიტამინს.
„მინი გასტრიკ ბაიპასი“, იგივე გასტროშუნტირება – ეს ოქროს სტანდარტია ბარიატრიულ ქირურგიაში. აქაც კეთდება პატარა კუჭი, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპერაცია ტარდება არა კუჭის დიდი ნაწილის ამოჭრით, არამედ ორგანოების ერთმანეთისგან განცალკევებით. ანუ იქმნება კუჭის ახალი რეზერვუარი და ამავდროულად მოკლდება წვრილი ნაწლავი, ანუ თავსდება მოკლე შუნტი კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის. თუ წვრილი ნაწლავის სიგრძე არის 5 მეტრი, აქედან 2 მეტრი გაითიშება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან.
შედეგად ადამიანი იღებს ცოტა რაოდენობის საკვებს (რესტრიქცია), რომელიც გაივლის 3 მეტრ ნაწლავს და არა მთლიან წვრილ ნაწლავს, რის შედეგად მცირდება ორგანიზმის მიერ ზედმეტი კალორიების ათვისება (მალაბსორბცია) და პაციენტი იკლებს წონაში. ეს კომბინირებული ოპერაციაა, ორგანოს დაპატარავებაც მოვახდინეთ და მალაბსორბციაც, ანუ შევზღუდეთ საკვების ათვისება.
ასეთი ოპერაციის ხანგრძლივობა 2-3 საათია, პაციენტები ოპერაციიდან 4-5 დღის შემდეგ ეწერებიან ბინაზე.
ოპერაციას მაღალი შედეგი აქვს, იკლებენ ჭარბი წონის დაახლოებით 80%-ს, კლება გრძელდება წელიწად-ნახევარი – ორი წლის განმავლობაში.
დაკლებული წონის შენარჩუნების მხრივ როგორია ამ ოპერაციების ეფექტურობა?
კუჭის დაპატარავება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ოპერაციაა მსოფლიოში, მაგრამ არის ერთი მონაცემი – ადამიანების დაახლოებით 30%, ვინც ამ ოპერაციას იკეთებს, მესამე წლიდან ნელ-ნელა იწყებს წონაში მატებას. ანუ ხდება კუჭის გადაჭიმვა, ნელ-ნელა ზომაში ზრდა და ეს პაციენტები დაკარგული წონის საშუალოდ 20-50%-ს იბრუნებენ უკან. მართალია, ოპერაციის შემდეგ კუჭი ძველ ფორმას ვერ უბრუნდება, მაგრამ საკმარისია კუჭის ზომა 2-3 სანტიმეტრით გაიზარდოს, რომ პაციენტი იწყებს წონაში მატებას.
ამ ოპერაციით პაციენტს ეძლევა შანსი, რომ დაიკლოს იმაზე მეტი, ვიდრე დაუკლია ოდესმე დიეტით, შეინარჩუნოს წონა ყველაზე ხანგრძლივად ვიდრე აქამდე, მაგრამ ეს ოპერაცია არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენ წონაში არ მოიმატებთ. საქმე ის არის, რომ წონის შენარჩუნება პაციენტის პასუხისმგებლობაა. ოპერაციით, როგორც წესი, შედეგს ყველა იღებს, წონაში იკლებენ, მაგრამ პაციენტმა უნდა იზრუნოს წონის შენარჩუნებაზე.
რეაბილიტაციის მხრივ რომელი უფრო მარტივია?
წინასწარი გამოკვლევები, ოპერაციის შემდგომი გამოკვლევები, სახლში გაწერის პერიოდი და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია პირველი ერთი წელი ორივე ოპერაციის დროს ერთნაირია.
მაგრამ გასტროშუნტირების ოპერაციასთან ერთი მნიშვნელოვანი დეტალია საყურადღებო – თუ პაციენტმა ყურადღება არ მიაქცია რეკომენდაციებს და დაუბრუნდა არასწორი კვების და ცხოვრების რეჟიმს, წინა ოპერაციისგან განსხვავებით, სადაც ეს წონის ხელახალ მატებას იწვევს, აქ შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულება.
ეს იმიტომ ხდება, რომ შედარებით მოკლე ნაწლავის გამო ზედმეტი კალორიების ათვისების შეფერხებასთან ერთად ფერხდება საკვებიდან ორგანიზმისთვის საჭირო მინერალების ათვისებაც, რის გამოც პაციენტმა წელიწადში ორჯერ უნდა ჩააბაროს ანალიზები და დანაკლისის მიხედვით მიიღოს შესაბამისი ვიტამინები.
შესაძლოა თუ არა ამ ოპერაციების განმეორებით ჩატარება?
ჩვენ ამ ოპერაციებს ვაკეთებთ 2011 წლიდან და ბუნებრივია, ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა პაციენტებს დაეწყოთ წონის მატება. ეს არა მარტო საქართველოში, გლობალურად ასეა.
როცა პაციენტი კუჭის დაპატარავების შემდეგ წონაში იმატებს, ეს ნიშნავს, რომ ოპერაცია არაეფექტურია, ამიტომ განმეორებით იგივე აღარ ტარდება, თუმცა ასეთ დროს პაციენტი უნდა გადავიყვანოთ „მინი ბაი პასში“, ანუ კუჭის დაპატარავებას ემატება მეორე კომპონენტი – ნაწლავის დაპატარავება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 363 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 3 354 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 661 ერთეული [+2]
MLRS – 207 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 210 ერთეული [+2]
ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 521 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 325 ერთეული [+35]
სპეცტექნიკა – 51 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
186 თვითმფრინავი
129 ვერტმფრენი
1 084 უპილოტო საფრენი აპარატი
327 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 373 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
460 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 752 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 350 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 24 – 29 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 4-5 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
საქართველოს მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც გუშინწინ, 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით დააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. გალიფ ოზთურქი საქართველოში არაერთ კომპანიას ფლობს „მეტრო ჰოლდინგის“ ქოლგის ქვეშ.
ოზთურქის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის თქმით, ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას“.
პროკურატურის მიერ დღეს, 2 ივნისს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. „სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით [განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა] წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გუშინ, ღამის თორმეტზე, დაახლოებით პირველზე წარუდგინეს ბრალი. ბრალის დეტალებზე ჯერ ვერ დაგელაპარაკებით, რადგან მასთან შეთანხმებული არ ვარ პოზიციებზე, მაგრამ სხვა მუხლებით ბრალი წარდგენილი ნამდვილად არ არის,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 31 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „…მოქალაქე გ.ო.-ს მიერ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.“
საგამოძიებო სამსახური ნარკოდანაშაულთან დაკავშირებითაც აღნიშნავდა შემდეგს:
„გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე, აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რას ნიშნავს, როცა საგამოძიებო ორგანო დაკავების დროს ინფორმაციას ავრცელებს „დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე“, ხოლო ბრალი ბიზნესმენს მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს? – ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ გალიფ ოზთურქს ბრალი სხვა მუხლებითაც წარუდგინონ, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
ადვოკატმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ჩხრეკის და დაკავების პროცედურების სამართლებრივი შეფასებისგან.
გალიფ ოზთურქის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 ივნისს გაიმართება.
რას საქმიანობს და ვინ არიან „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიები? – ვრცლად ნახეთ აქ.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებით, რუსეთმა სევეროდონეცკის დიდი ნაწილი დაიკავა და არტილერიის ძლიერი კონცენტრაციის წყალობით, განაგრძობს ლოკალური წარმატებების მიღწევას.
ტვიტერზე, 2 ივნისს გამოქვეყნებულ განახლებაში უწყება აღნიშნავს, რომ ეს წარმატებები მოსკოვს ძალიან ძვირი უჯდება, რუსეთის სამხედრო ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებისთვის ახლა მთავარი მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვაა, ბუნებრივი ბარიერის, რომლის დაძლევაც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ისინი ცდილობენ გაიმაგრონ ლუგანსკში დაკავებული პოზიციები და დონეცკზე გადავიდნენ“,
დაზვერვა მდინარის გადალახვის ორ შესაძლო ადგილს ასახელებს:
„სევეროდნეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ახლახან დაკავებულ ლიმანთან ახლოს. ორივე მონაკვეთზე მდინარის ზოლს სავარაუდოდ, კვლავაც აკონტროლებენ უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც ხიდები გაანადგურეს“.
უწყება ვარაუდობს, რომ „დიდი ალბათობით, რუსეთს მცირე ტაქტიკური პაუზა დასჭირდება, რათა მდინარის გადალახვისთვის ძალები გადააჯგუფოს და მოემზადოს შეტევისთვის დონეცკის სიღრმეში, სადაც უკრაინის ძალებს თავდაცვითი პოზიციები აქვთ გამაგრებული. ეს პაუზა შესაძლოა, რუსეთისთვის შეტევის იმ ტემპის დაკარგვას ნიშნავდეს, რომელსაც ბოლო კვირის განმავლობაში მიაღწია“.
სევეროდონეცკს ეხებოდა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის გუშინდელი განახლებაც. უწყება აღნიშნავდა, რომ ქალაქის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს და რომ რუსეთის ძირითადი სახმელეთო ოპერაციები და მთელი ძალა კვლავაც მიმართულია ლუგანსკის მცირე სექტორზე.
მთავარი ფოტო: რუსეთის ძალების წარუმატებელი მცდელობა გადაელახათ მდინარე სევერსკი დონეცი 12 მაისს/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზისათვის ახალი ინვენტარის [საკონფერენციო მაგიდები, სავარძლები) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 28 880 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.
მერია ამჯერად 22 სავარძელს და 12 ცალ საკონფერენციო მაგიდას იყიდის. მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის განაცხადით უკვე მიმართა.
მერიის განმარტებით, ინვენტარის შეძენის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ინვენტარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა, ამასთან, გაზრდილია საკრებულოს წევრთა და თანამდებობის პირთა რაოდენობა.
მერიის განაცხადის მიხედვით:
„ძლიერი წვიმის გამო სახურავიდან გამოჟონილი წყლის შედეგად საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჭერიდან ჩამოინგრა ბათქაში, ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა საკრებულოს სხდომათა დარბაზში არსებული ინვენტარის დიდი ნაწილი [ასევე სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმი], რომელიც შეკეთებას არ ექვემდებარება [ფოტომასალა წერილს თან ერთვის].
საკრებულოს სხდომათა დარბაზი ბათქაშის ჩამოვარდნის შემდეგ / ბათუმის მერიის ფოტოები შესყიდვების პორტალიდან
„საკრებულოში გაიზარდა საკრებულოს წევრთა რაოდენობა 10 წევრით და განისაზღვრა 35 დეპუტატით, ასევე გაიზარდა თანამდებობის პირების რაოდენობა (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციები თავისი მოადგილეებით). შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრებისათვის და ასევე თანამდებობის პირებისათვის უკვე არსებული ტექნიკური პარამეტრებისა და ვიზუალურად მაღალი სიზუსტით მსგავსი 22 ახალი საოფისე სავარძლის შესყიდვა, ღირებულებით – 8 280 ლარი.“
„საკრებულოს წევრთა რაოდენობის ზრდისა და არსებული მაგიდების ახალ მოცემულობასთან შეუსაბამობის გამო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 12 ცალი საკონფერენციო მაგიდის შესყიდვა ღირებულებით – 20 600 ლარი.“
ახალი განლაგება საკრებულოს დარბაზში
მერიის ინფორმაციით, „ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს საკრებულოს დარბაზის ჭერის აღდგენა-შეკეთების სამუშაოები, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში კი [სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან კონსულტაციის შედეგად] გამოიკვეთა სხდომათა დარბაზის ახალი განლაგების დიზაინის შექმნის საჭიროება, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული“.
სხდომათა დარბაზის შეკეთებასა და სხვა სამუშაოებზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“-სთან 154 ათას 194 ლარზე აქვს გაფორმებული.
მერიას ადმინისტრაციული შენობების სახურავებისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზის შეკეთებაზე ტენდერი ზუსტად იმავე თანხით ჰქონდა გამოცხადებული:
ეს სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 2022 წლის 2 აგვისტომდე უნდა დასრულდეს [შენობა, ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რომელშიც საკრებულოს სხდომათა დარბაზია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია].
„ბათუმის საკრებულოს სხდომების სხვადასხვა ლოკაციაზე გამართვის გამო, ვერ ხერხდება სრულფასოვნად სხდომების წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საკრებულოს სხდომების წარმართვის ხარისხს“, – აღნიშნულია მერიის განაცხადში. თუმცა, გასული წლის ბოლოს არჩეული საკრებულო მთელი 5 თვის განმავლობაში არც კი შეკრებილა, მმართველი პარტიისგან არჩეული წევრების ბოიკოტის გამო.
46 წლის მზევინარ [მზეო] სურმანიძე ხულოს სოფელ ტუნაძეებიდანაა, თუმცა ის ახლა წალკაში, სოფელ არწივანში ცხოვრობს.
მზევინარი მკერავია და უკვე მესამე წელია, რაც საკუთარი სახელოსნოც აქვს. მან სახელოსნოს გახსნამდე დიდი გზა გაიარა, თავიდან საერთოდ არ ფიქრობდა, რომ კერვა შემოსავლის წყაროდ შეიძლებოდა ექცია.
მზევინარი იხსენებს, რომ ჭრა-კერვა 7-8 წლის ასაკში დაიწყო. დედა და ბებია ყოველთვის კერავდნენ, ქარგავდნენ და ქსოვდნენ. გვიყვება, რომ შედარებით უფრო რთული თარგის ტანსაცმლის შეკერვა 20 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ სულ კერავდა საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, მეზობლებისა თუ უბრალო ნაცნობებისთვის.
საკერავი ხელის მანქანა მამამ აჩუქა. „ჩემთვის ეს საკერავი მანქანა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთია, რაც გამაჩნიაო“ – ამბობს მზევინარი.
იგი მხოლოდ 42 წლის ასაკში დაფიქრდა იმაზე, რომ ამ საქმეს შეიძლებოდა მნიშვნელოვანი შემოსავალი მოეტანა მისთვის.
„4 წლის წინ წალკაში მკერავს კაბა შევუკვეთე, მაგრამ დროის სიმცირის გამო ფაქტობრივად ერთად მოგვიწია კაბის შეკერვა. ამის შემდეგ სამკერვალოს მეპატრონემ მასთან მუშაობა შემომთავაზა“, – გვიყვება მზევინარი.
მზევინარ სურმანიძე
მზევინარმა შემოთავაზება მიიღო, თუმცა მხოლოდ ერთი თვე შეძლო მუშაობა, რადგან მისი სოფელი წალკიდან მოშორებით მდებარეობს და შორი მანძილის გამო სამსახურში სიარული გაუჭირდა, ვეღარ უვლიდა საქონელს და სახლის სხვა საქმეებსაც მოსწყდა.
თუმცა ეს ერთი თვე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მზევინარ სურმანიძემ საკუთარი სახელოსნოს გახსნა გადაწყვიტა.
მზევინარმა „რეგიონული განვითარების ასოციაციის” პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და 3500 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა. მკერავისთვის ეს პირველი კონკურსი იყო, რომელშიც მონაწილეობდა და მაშინ პროექტის წერაც არ იცოდა კარგად. „ამ თანხით თანამედროვე საკერავი მანქანა, „ოვერლოკი“ და ორთქლის უთო შევიძინე“ – გვიყვება ის.
ქალმა სამკერვალოდ სახლის ეზოში მდებარე, კარტოფილის პატარა საწყობი გადააკეთა, რომელსაც იატაკი საერთოდ არ ჰქონდა.
სამკერვალოს შენობის გარემონტებისთვის საჭირო ფულის შეგროვება გაუჭირდა და მზევინარს სოფელში მეზობლები დაეხმარენენ.
„ვისაც რისი გაკეთებაც შეეძლო იმას აკეთებდა. ზოგმა კედლები შელესა, ზოგმა შეათეთრა, შეაფერადა“ – ამბობს ის.
მზევინარ სურმანიძის სამკერვალოს რემონტის პროცესი
„მზეს სამკერვალო“ 2019 წელს გაიხსნა.
თანამშრომელი არასდროს ჰყოლია. ამბობს, რომ არსებული შემოსავლით ვერ შეძლებს თანამშრომლისთვის ღირსეული ხელფასის გადახდას. „მე არ ვიმუშავებდი მთელი თვე 300 ლარად, ამიტომ ამ ფასს ვერავის შევთავაზებ ჩემთან მუშაობისთვის“ – ამბობს მზევინარი.
პირველი შეკვეთა სამკერვალოში ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა სამკერვალოს მოწყობა ბოლომდე არ იყო დასრულებული, რადგან სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს ძალიან უნდოდა „მზეოს სამკერვალოს“ პირველი მომხმარებელი ყოფილიყო.
მზევინარ სურმანიძის თმით, წალკაში რამდენიმე სამკერვალოა, ხოლო მის და მეზობელ სოფლებში „მზეოს სამკერვალო“ ერთადერთია, ამიტომაც მას შეკვეთების დიდი ნაწილი ახლომდებარე სოფლებიდან აქვს, სადაც ბევრი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
„ხანდახან არის შემთხვევები, როცა დღის განმავლობაში არავინ მოდის სახელოსნოში, ხანდახან კი იმდენი ხალხი შეიძლება მოვიდეს და იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ ერთი კვირაც არ გეყოს ამ საქმის გასაკეთებლად. ყველაზე ხშირად ჩემი მომხმარებლები ეთნიკურად სომხები არიან“ – გვიყვება ის.
მზევინარმა სახელოსნოს გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მალევე გაიარა თბილისში 3-თვიანი სამკერვალო კურსი ხელსაქმის კიდევ უფრო დასახვეწად. მისი თქმით, ყველაზე რთულია მკერავისთვის, როცა რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ არ იცის როგორ გააკეთოს.
„უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სულს, გულს უნდა უნდოდეს, რომ კერო. რაღაც სირთულეებს რომ ვხვდები, ვამბობ, რომ ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და საბოლოოდ კმაყოფილი ვრჩები“ – ამბობს მზეო.
ის იხსენებს, რომ ბევრჯერ გაუტარებია მთელი ღამე სახელოსნოში, კერვისას. იგი ყველაფერს კერავს პიჯაკების გარდა. მისი თქმით, პიჯაკის შეკერვასა და დამუშავებას ძალიან დიდი დრო სჭირდება და არც უკვეთენ.
როგორც მკერავი ამბობს, ყველაზე დიდ დროს შიფონის ქსოვილზე მუშაობას ანდომებს, რადგან რთული ქსოვილია და დიდი სიფრთხილით მუშაობა სჭირდება.
მზევინარი ფიქრობს, რომ მკერავის მთავარი საზრუნავი მაღალი ხარისხის შენარჩუნება უნდა იყოს. „ქსოვილთან ურთიერთობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხანდახან ქსოვილების მაღაზიაში რომ შევდივარ, დროის განსაზღვრა მიჭირს, ვიკარგები“.
მან მასწავლებლობაც შეითავსა და ცოტა ხნით კერვას სკოლის მოსწავლეებს ასწავლიდა. მზევინარი ფიქრობს, რომ ეს საქმე დღესაც ძალიან ბევრს აინტერესებს.
მზევინარ სურმანიძე მოსწავლეებთან ერთად
მზევინარ სურმანიძე სამომავლოდ სახელოსნოს გაფართოებას და საბნების კერვის დაწყებას გეგმავს.
„საბნების საკერავი მანქანისა და საქარგავი მანქანის შეძენა მინდა, მაგრამ ჩემი ძალებით ვერ შევძლებ, ამიტომ, თუ კიდევ გამოცხადდება რაიმე საგრანტო კონკურსი, ყველგან ვაპირებ, რომ ბედი მოვსინჯო“ – გვითხრა მან.
მზევინარი სოფელში ქმართან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მთავარი საქმე ახლა კერვაა, თუმცა, ამავე დროს, უვლის პირუტყვს და ამუშავებს მიწასაც.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ ომი, სულ მცირე, ზამთრამდე მაინც გაგრძელდება, რადგან უკან დახევა არცერთ მხარეს არ შეუძლია.
„ამ წლის შემოდგომამდე, ზამთრამდე ყველაფერი ძალიან პარადოქსულად განვითარდება. რატომ? იმიტომ, რომ გაჩერებას ვერავინ შეძლებს. ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს ახლანდელ მდგომარეობაში გამარჯვების შეგრძნება ვერ ექნება.
უკრაინას გაჩერება ნამდვილად არ შეუძლია. ეს ობიექტური გარემოებებია. სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უკრაინის სცენარით უნდა მიდიოდეს. როგორც კი ჩვენ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბანკოვზე მოგვადგება ათასობით ადამიანი, რომლებმაც ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები, ცოლები, ქმრები დაკარგეს და გვკითხავენ: რისთვის დაიხოცა ეს ხალხი? რუსეთს რომ მართლა წესებით ეომა, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა თქმა, რომ კარგი, გავიგეთ – ეს ინფრასტრუქტურული ომია, ანადგურებენ სამხედრო ობიექტებს.
მაგრამ აქ საკითხი ასე არ დადგება. ჩვენ ყოველთვის გვკითხავენ: ეს ხალხი, ეს ბავშვები, ხუთ წლამდე ბავშვები სამი თვე სარდაფებში ისხდნენ და რაც ხელში მოხვდებოდათ და იპოვიდნენ იმას ჭამდნენ, რისთვის? რატომ დაასახიჩრეს და დახოცეს ოკუპანტებმა ეს ადამიანები? და ჩვენ ამ კითხვებს ვერ ვუპასუხებთ თუ დღეს ომს ორი წლით გადავდებთ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას არანაირი დუალიზმი არ არსებობს – უნდა გავაგრძელოთ თუ არა ბრძოლა. ამიტომაც ომი ვერ შეწყდება დემარკაციის ხაზზე. არც ხერსონის, არც ზაპოროჟიეს, არც დონეცკისა და არც ლუგანსკის ოლქებს კატეგორიულად არ სურთ ამ „რუსულს სამყაროში“ ცხოვრება“, – განაცხადა პოდოლიაკმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში.
პოდოლიაკის თქმით, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა სრულად იზიარებს პოლიტიკური ლიდერების გეგმებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის გაყინვა დაუშვებელია და რომ უკრაინის არმიამ უნდა დაიბრუნოს დაპყრობილი ტერიტორიები.
მიხაილო პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება გაცვლის ნებისმიერ პროცედურას დათანხმდება, რათა უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტყვეობიდან გამოიხსნას.
„ჩვენ თანახმა ვიქნებით ნებისმიერი რაოდენობით რუსი სამხედროები გავცვალოთ ჩვენებში. რუსები ჩვენ არ გვჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არც რუსეთს სჭირდება ისინი. რუსეთს ჰყავს ჯარისკაცთა გარკვეული კატეგორია, რომელთა უკან დაბრუნებასაც ისინი ყოველთვის მოინდომებენ. პირველ რიგში ახალწვეულები. ახლა ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ მივიღოთ ინფორმაცია რუსეთში მყოფ ჩვენს ტყვეებზე: როგორ არიან ისინი, იღებენ თუ არა სამედიცინო დახმარებას, კვებას“.
პოდოლიაკი განმარტავს, რომ ამჟამად მოლაპარაკებები შეჩერებულია ყველა დონეზე, ჰუმანიტარულის გარდა, რომელზეც სამხედრო ტყვეთა გაცვლის საკითხები განიხილება. უკრაინული მხარე მუდმივად გზავნის მოთხოვნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა გამოსაყვანად და რუსეთში მყოფი უკრაინელი სამხედროების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ომი, ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება გარკვეული მოლაპარაკებით – ბრძოლის ველზე მიღწეული შედეგები იურიდიულად გაფორმდება. თუმცა უკრაინის მიზანია, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და ისე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
დაანონსებული ქუჩის აქციების და სხვა პოლიტიკური აქტივობის ნაცვლად, უკვე მერამდენე დღეა ოპოზიცია სასამართლო სხდომებს ესწრება. დღეს, პირველ ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: გია აბულაძის, გიორგი კირთაძის და ლევან ანთაძის, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრის ილია ჯინჭარაძის და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – მერაბ ვარშალომიძის საქმე განიხილა.
დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმის სახით დაბარებულმა დავით მაღრაძემ, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა.
საუბარია 6 მაისის აქციაზე, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, აქციის მონაწილეებს კარვები წაართვა და 24 ოპოზიციონერი ერთდროულად დააკავა. შსს-მ ოპოზიციონერები ადმინისტრაციული წესით დააკავა და ედავება წვრილმან ხულიგნობას, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას.
„აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით ათაბეგაშვილმა დაკავების დროს ფეხი ჩამარტყა ფეხზე და შემაგინა. წავიქეცი. ისიც წაიქცა, რადგან მე მაკავებდა… ვეუბნებოდი, მოგყვებით-მეთქი, მაგრამ არ დამანება თავი,” – 6 მაისის აქციაზე კარვების დაშლა და 24 ოპოზიციონერის დაკავება გაიხსენა დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, ლევან ანთაძემ. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია ენმ-დან.
დავით ათაბეგაშვილი კი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. მისი მოწმის სახით გამოკითხვაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა.
„ჯერ ერთი, უნდა მოეცა გონივრული დრო თვითმმართველობის წარმომადგენელს და არა პოლიციას, მაგრამ სად იყო? თქვენ პირდაპირ გადმოდით შეტევაზე. ეს იყო დარბევა და არა ქუჩის გახსნა“, – იმ პოლიციელებს შეხედა ლევან ანთაძემ, შსს-ს რომ წარმოადგენდნენ სასამართლო სხდომაზე და მოსამართლეს 2020 წლის „თავისუფლების კვარტალი“ გაახსენა, როცა კარვებით გადაკეტილი ქუჩა ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულო შენობის წინ 4 თვე არავის დაუშლია.
„მაშინ იქ ღამით 20 ადამიანი რჩებოდა, ახლა 24 დაგვაკავეთ“, – პოლიციელებს მიმართა ლევან ანთაძემ.
„ჯერ რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი, შემდეგ განათლების მინისტრი, ადვოკატი, დეპუტატი, როდის უნდა შემესწავლა გინება?… ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვინმე იტყოდა, დადგა ასე გია აბულაძე ქუჩაში და იგინებოდაო… ოქმში მინიმუმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერა არ გევალებოდათ?“ – ჰკითხა გია აბულაძემ პოლიციელებს. ისიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატია ენმ-დან და მოსამართლეს საკუთარი დაკავების ოქმი აჩვენა:
„იქნებ, თქვენ მაინც გამარკვიოთ, ვინ დამაკავა? მაჩვენეთ ერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ შევიგინე?“ – იკითხა გია აბულაძემ და პოლიციელებს ჩააცივდა – „მაჩვენეთ ერთი ვიდეო კადრი, სადაც მე ვიგინებოდიო“.
პოლიციელებმა მოსამართლეს სხდომაზე რამდენიმე ვიდეოჩანაწერი აჩვენეს. ჩანაწერებში არც გია აბულაძის გინება ისმის და არც რომელი სხვა ოპოზიციონერის, ვინც 6 მაისის ღამით დააკავეს „პოლიციელების გინებისთვის“ და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“.
„გინება რომც ყოფილიყო, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და კანონი ამბობს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი უფლება, ვიდრე გამოხატვის თავისუფლებაო“, – ხმამაღლა და დამარცვლით წაუკითხა კონსტიტუციის ჩანაწერი შსს-ს წარმომადგენლებს მირდატ ქამადაძემ. ის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში და სასამართლო პროცესზე ოპოზიციონერების ინტერესებს იცავს.
„დიახაც, პუტინის დედას შ…“ – ამ სხდომაზეც მოსამართლის თვალწინ შეაგინა პუტინს მირდატ ქამადაძემ. ამჯერად ის მოსამართლემ შეაჩერა.
„კარგით ახლა, ეს სასამართლოს შეურაცხყოფაა“, – თქვა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
„არაა ეს შეურაცხყოფა, მინდოდა გამომეხატა, რომ ვინმეს შესაძლოა გინება არ მოეწონოს, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა. უკანონობაა ის, რასაც ქალბატონი თეა ამბობს [შსს-ს წარმომადგენელი თეა ლაღაძე], რომ თურმე, რადგან 6 მაისი დასრულდა და 7 მაისი დაიწყო, აქციის დაშლის უფლება ჰქონდათ“, – გაცხარდა მირდატ ქამადაძე.
„მე ვიგულისხმე მხოლოდ ქუჩის სავალი ნაწილი“, – დისკუსიაში ჩაერთო თეა ლაღაძე, შსს-ს წარმომადგენელი.
„თუნდაც ასე იყოს, რა მნიშვნელობა აქვს…“ – უპასუხა სამართალდამცველს მირდატ ქამადაძემ და მერე ვიტალი ზოიძეს მიუბრუნდა, პოლიციელს, რომელმაც ვიდეო მტკიცებულებები წარმოუდგინა სასამართლოს.
„სადაა გინება? პირიქით, ამ ვიდეოებიდან ის ჩანს, რომ პოლიციელები ვერშემდგარი ძველი ბიჭები არიან, ისეთი ლექსიკით საუბრობენ“, – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.
„მითითება იყო ყველასთვის, გაეთავისუფლებიათ გზის სავალი ნაწილი… ეს იყო კანონიერი მოთხოვნა“, – დაიწყო პოლიციელმა ვიტალი ზოიძემ.
„რა ადასტურებს ამ ვიდეოებიდან მითითებულ სამართალდარღვევას?“ – კონკრეტიკის მოთხოვნით სიტყვა გააწყვეტინა პოლიციელს მირდატ ქამადაძემ და როცა პასუხი ვერ მიიღო, კიდევ ერთი კითხვა დაუსვა.
„მეობის და კაცობის სადღეგრძელოს ყანწით სვამ ხო?“ – ქამადაძის ეს კითხვა პოლიციელმა აღარ შეიმჩნია.
„რეზო ხარაზი რომ სცემს ილო ჯინჭარაძეს ეს კადრი რატომ ამოჭერით?“ – პოლიციელებს ამჯერად გიორგი კირთაძემ დაუსვა შეკითხვა.
„როგორ, კაცო, რეზო ხარაზის საქმე ხომ უკვე დავასრულეთ?“ – დაბნეულობა დაეტყო მოსამართლეს, რეალურად კი, გიორგი კირთაძე პოლიციელ რეზო ხარაზს გულისხმობდა და არა ბათუმის საკრებულოს წევრ რეზო ხარაზს, რომელიც ასევე 6 მაისს დააკავეს და მისი საქმე უკვე განიხილა მოსამართლემ.
„ორი რეზო ხარაზი გვყავს ამ ქალაქში, ბატონო მოსამართლევ“, – გაღიმება სცადა გიორგი კირთაძემ.
„დაკავების ოქმში არ წერია, რომ ვიგინებოდი, შემდეგ ჩამიწერეთ სამართალდარღვევის ოქმში, რომ შევიგინე, მაგრამ რის საფუძველზე? ვინმე გამოჰკითხეთ?“ – პაექრობის ეტაპზე ისევ პოლიციელ ვიტალი ზოიძეს მიუბრუნდა გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
„კი, გამოვკითხეთ“, – ჩაილაპარაკა ვიტალი ზოიძემ.
„ვინ გამოჰკითხეთ და სადაა მერე ეს მტკიცებულება წარმოდგენილი?“ – თანაგრძნობის მოლოდინით მოსამართლეს გახედა დეპუტატმა.
„არა, აწი ვეღარ წარმოადგენს, ცხადია“, – გია აბულაძის დამშვიდება სცადა მოსამართლემ.
„ვინ დამაკავა, ის მაინც მითხარით, ან კიდევ: ფოტო რატომ გადამიღეთ?“ – კითხვების ჩამონათვალზე პასუხი ვერ მიიღო დეპუტატმა და დასძინა: „თუ არ ხართ საქმის კურსში, თქვით ბატონო“, – თქვა მან.
„ოროსნები ხართ, საქართველოს დღეს პოლიცია აღარ ჰყავს“, – ხმამაღლა გამოუვიდა მიმართვა მირდატ ქამადაძეს შსს-ს მიმართ.
მერე მოწმეთა გამოკითხვა დაიწყო.
„ბორინკას მონებს გვეძახდა. მეო, ბორინკას კანონებს არ დავემორჩილებიო… გვიშლიდა ხელს, რომ არ გაგვეთავისუფლებია ქუჩა,“ – ლევან ანთაძის დაკავება გაიხსენა მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულმა პოლიციელმა, ჭაბუკა აბულაძემ.
„მომისმინეთ ერთი წუთით, თქვენი ჩვენებიდან გამომდინარე აზრი გამიჩნდა, რომ თქვენ ხართ მონა“, – მშვიდად მიმართა მოწმეს მირდატ ქამადაძემ და როცა იგრძნო, რომ პოლიციელი გაშრა, დაუმატა:
„მონა გიწოდეთ მე ახლაც, დამაკავეთ“, – დამარცვლით გაუმეორა ოპოზიციონერმა პოლიციელს.
„პროვოცირებას ცდილობენ“, – მოსამართლეს მიმართა შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ.
„ვინც წამოგაყენათ ზეზე, ის ვიყავი მე“, – დაძაბულობის განმუხტვა სცადა მოწმე პოლიციელმა და დეპუტატ ლევან ანთაძეს შეხედა.
„ვინ წამაქცია, იქნებ ეს გვითხრათ, რომ ვიძახდი, ნუ მარბენიებთ, ვიქცევი-მეთქი“, – თქვა ლევან ანთაძემ.
„წინაღობა იყო სავალ ნაწილზე“, – უკან აღარ დაიხია პოლიციელმა.
პოლიციელ გიორგი მოწყობილსაც ოროსანი უწოდა მირდატ ქამადაძემ მას შემდეგ, რაც დაჟინებით მოითხოვა განემარტა: რა სამართლებრივი საფუძვლით მოითხოვა პოლიციამ 6 მაისს კარვების აღება?ამ პოლიციელისთვის სიტყვით „ბიჭო“ მიმართვის გამო, მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა მირდატ ქამადაძე.
„შეურაცხყოფას ეს პოლიციელები გაყენებენ სასამართლოს, რადგან ხელწერილს დებენ ცრუ ჩვენებაზე, ვიდეოებიდან კი გამოჩნდა, რომ ცრუობენ… მე მაინტერესებს სასამართლო რა რეაგირებას მოახდენს ამაზე“, – მოსამართლეს მიმართა მირდატ ქამადაძემ.
„შევაფასებთ და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – მოკლედ უპასუხა კითხვას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
სამაგიეროდ გიორგი კირთაძე გაახარა მორიგმა პოლიციელმა, რამაზ ბერიძემ: „ის არ იგინებოდა, არც წინააღმდეგობა გაუწევია“, – მოკლე აღმოჩნდა მოწმის სათქმელი, ვინც გიორგი კირთაძე დააკავა.
„აგაშენა ღმერთმა“, – მოწმეს გაუღიმა გიორგი კირთაძემ.
იმ პოლიციელმაც, ვინც გია აბულაძის დაკავებაში მონაწილეობდა, თქვა, რომ დეპუტატი არ იგინებოდა. მეტიც, პოლიციელი გია აკვაზბა ჩვენებით სრულიად დაუპირისპირდა იმ ვერსიას, რაც შსს-მ სასამართლოში წარმოადგინა და პრაქტიკულად ერთი-ერთში დაემთხვა ვერსიას, რასაც მოწმეების დაკითხვამდე გია აბულაძე 6 მაისის აქციის შესახებ მოსამართლეს მოუყვა. მაგალითად, დაკავების ოქმის მიხედვით, გია აბულაძე დააკავა და სამმართველოში გადაიყვანა ერთმა პოლიციელმა, გია აკვაზბამ კი, დაადასტურა, რომ ის მანქანაში საჭესთან იყო, გია აბულაძის გვერდით კი, კიდევ ერთი პოლიციელი იჯდა.
„აი, ასეთი პოლიციელი უნდა იყოთ“, – ამაყად მიუბრუნდა შსს-ს წარმომადგენლებს გია აბულაძე.
სასამართლოს ჩვენება მისცა დავით მაღრაძემ, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა. მან ჩვენებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ დაკავების დროს უკვე 7 მაისი იყო და არა 6 მაისი. პოლიციის უფროსმა, რომელიც კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს, ასევე თქვა, რომ „აქცია დასრულებული იყო“.
დავით მაღრაძის თქმით, მან ისარგებლა „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლით, რაც ითვალისწინებს „სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას“. პოლიციის უფროსის განმარტებით, რადგან აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო საჭიროება ქუჩა ისევ გადაკეტილი ყოფილიყო.
„კი არ დაშალეთ თქვენ აქცია, არამედ დაარბიეთ, ახლა ტყუილში გამოგიჭირეთ: რატომ იყო თქვენი მოთხოვნა კანონიერი?“ – ჰკითხა პოლიციის უფროსს მირდატ ქამადაძემ და იქვე განმარტა, რომ პოლიციის შესახებ კანონი პოლიციელმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე სამართალდარღვევის აღკვეთას ეხება, აქ კი საქმე გვქონდა პოლიტიკურ აქციასთან. იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მიხედვით გადაწყვეტილება უნდა მიეღო მერიას, ან საქართველოს მთავრობას.
„ჩვენ ვიმოქმედეთ პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით,“ – გაიმეორა პოლიციელმა.
„თქვენ კანონი არ იცით, თქვენი დაბალი კომპეტენცია გამოჩნდა,“ – მიუბრუნდა პოლიციის უფროსს მირდატ ქამადაძე.
„თქვენ მე შეურაცხყოფას მაყენებთ, ადამიანობა და ოჯახია პირველი,“ – ოდნავ გაბრაზებაც დაეტყო აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს. ამასობაში კი, დიალოგში გიორგი კირთაძე ჩაერთო:
„შეურაცხყოფა კი არა, სირცხვილია მართლა, პოლიციის უფროსი გამოდიხართ აქ და გამოხატვის თავისუფლებას მართმევ… ვის შევაგინე, მაჩვენეთ. მატყუარა და ცრუპენტელები ხართ. ჩემი შვილის მომავალს თქვენ ვერ განდობთ,“ – მიმართა დავით მაღრაძეს გიორგი კირთაძემ.
„თავისუფალი ხართ“ – გასავლელისკენ მიანიშნა მოსამართლემ პოლიციის მაღალჩინოსანს და ხმაურში გააპარა კიდეც მოწმე, რომ მას სხვა ადვოკატების და შსს-ს მიერ სამართალდამრღვევებად მიჩნეული ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებიც კი არ მოესმინა.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 355 მძღოლი დააჯარიმეს, მათ შორის:
14 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 36 იდგა ტროტუარზე, 10 დაჯარიმდა დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 275 კი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარის დაბინძურების მიზეზის დასადგენად „ბათუმელები“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყების რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩისა და მდინარე ბარცხანის დასახლების მიმდებარედ განთავსებული საწარმოები გადაამოწმეს.
ბარცხანის მდინარე გალილისფრდა
ვინაიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას უკავშირებდა მიმდებარედ განთავსებულ ზეთის საწარმოსა და ფარმაცევტული საწარმოს საქმიანობას, დეპარტამენტმა ეს ორი საწარმო შეამოწმა. ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ მზესუმზირის ზეთის საწარმოს საქმიანობა შეჩერებული აქვს 2021 წლის ნოემბრის თვიდან, ფარმაცევტული საშუალებების საწარმოს კი გარემოსდაცვითმა ზედამხედველობამ დარღვევები ერთდროულად, რამდენიმე მუხლით დაუდგინა.
▶️ ბათუმის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, სწორედ ბარცხანის მიმდებარედ ფიქსირდება, რადგან აქ ჯერ კიდევ რჩება დაბინძურების კერები, თუმცა გარემოს დაცვის სამმართველოს ცნობით, აქ საბანაო წყალი ნორმის ფარგლებშია. ზღვის წყლის ხარისხი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენია შიგნით ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 მაისს, ნონეშვილის N65-ში განთავსებული შპს „ბიოპოლუსი“-ს კუთვნილი ფარმაცევტული საშუალებების საწარმოს ინსპექტირების შედეგად, საწარმოს დაუდგინდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა. ეს გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობას ან მისი უქონლობას.
დარღვევა ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას.
ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, შპს „ბიოპოლუსი“-ს მიმართ ოქმები შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კიდევ ორი – 82(1)-ე მუხლის და 61(1)-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
მდინარე ბარცხანაში ჩამდინარე, ნავთობით დაბინძურებული წყალი
ეს ნიშნავს, რომ საწარმოს დაუდგინდაწყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესების დარღვევა(61), რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე; და ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა (82), რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
2022 წლის 25 მაისს, ასევე ოქმები შედგა ნარჩენების მართვის კოდექსის 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 44-ე მუხლის შესაბამისად.
ეს ნიშნავს: გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობას (42); კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობას ან/და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობას (43); ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობას (44).
ჯამში ამ სამი მუხლის დარღვევისთვის საწარმო 5400 ლარით დააჯარიმეს.
ოქმები განსახილველად გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შეტყობინების შესვლის დღეს, 18 მაისს, უწყების თანამშრომლების ადგილზე მისვლის დროს, მდინარის შეფერილობა არ იყო შეცვლილი. „განხორციელდა მიმდებარე ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერება, დაბინძურების წყაროს დადგენის მიზნით და ლილისფერი შეფერილობის წყლის რომელიმე წერტილიდან ჩაშვების ფაქტი არ გამოვლინდა“, – იუწყება დეპარტამენტი.
შემთხვევის ადგილზე „ბათუმელებმა“ მდინარის ჩამდინარე წყლებით დაბინძურების რამდენიმე ადგილი დავაფიქსირეთ, მათ შორის ნავთობით დაბინძურების შემთხვევაც.
ავტორი: ჯო ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
აგრესია, რომელიც ვლადიმერს პუტინს ეგონა, რომ რამდენიმე დღეს გასტანდა, უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. უკრაინელმა ხალხმა გააოგნა რუსეთი და აღაფრთოვანა მსოფლიო თავისი თავგანწირვით, სიმამაცითა და საბრძოლო წარმატებებით. თავისუფალი სამყარო და ბევრი სხვა ერი, შეერთებული შტატებით სათავეში, უკრაინის მხარეს დადგა და მას უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა.
რადგანაც ომი გრძელდება, მინდა, ძალიან ცხადად განვმარტო ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები.
ამერიკის მიზანი ნათელია: ჩვენ გვსურს ვიხილოთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც შეეძლება შემდგომი აგრესიის შეკავება და მისგან თავის დაცვა.
როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, საბოლოოდ, „ამ ომს მხოლოდ დიპლომატია დაასრულებს“. ყოველ მოლაპარაკებაზე გავლენას ახდენს ის, რაც ველზე ხდება. ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ და უკრაინას მნიშვნელოვანი მოცულობის შეიარაღება და აღჭურვილობა გავუგზავნეთ, რათა მათ შეძლონ პოზიციების გამყარება, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ამიტომაც გადავწყვიტე, უკრაინას მივაწოდოთ მეტი თანამედროვე სარაკეტო სისტემები და საბრძოლო აღჭურვილობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკრაინაში, ბრძოლის ველზე, კიდევ უფრო მეტი სიზუსტით დაარტყან მნიშვნელოვან სამიზნეებს.
ჩვენ კვლავაც ვითანამშრომლებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. ეს არის უმკაცრეს სანქციები, რომლებიც კი როდისმე მსხვილი ეკონომიკისთვის დაუწესებიათ.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების, მათ შორის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, „სტინგერის“ საზენიტო რაკეტების, მძლავრი საარტილერიო და სარაკეტო სისტემების, რადარების, უპილოტო საფრენი აპარატების, მი 17 ვერტმფრენებისა და აღჭურვილობის მიწოდებას. ჩვენ ასევე გავგზავნით მილიარდობით ფინანსურ დახმარებას, როგორც ეს კონგრესმა დაამტკიცა.
ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა დავძლიოთ სურსათის გლობალური კრიზისი, რომელიც რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გაამწვავა. და ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და სხვებსაც, შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ საწვავზე და დავაჩქაროთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიებზე გადასვლის პროცესი.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალებითა და რესურსებით.
და სულ ახლახან, მე მივესალმე ფინეთისა და შვედეთის სურვილს, შეუერთდნენ NATO-ს – ნაბიჯს, რომელიც ორი დემოკრატიული და მაღალი სამხედრო შესაძლებლობის მქონე პარტნიორის შემომატებით, გააძლიერებს შეერთებულ შტატებისა და მთლიანად ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ჩვენ არ გვინდა ომი NATO-სა და რუსეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მის ქმედებებს აღმაშფოთებლად მივიჩნევ, შეერთებული შტატები არ შეეცდება მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ვიდრე შეერთებულ შტატებს ან მისი მოკავშირეებს არ დაესხმიან თავს, ჩვენ პირდაპირ არ ჩავერთვებით ამ კონფლიქტში, არც ამერიკის ჯარს გავუშვებთ უკრაინაში საომრად და არც რუსეთის ძალებზე მივიტანთ იერიშს. ჩვენ არ ვახალისებთ და არც ნებას ვრთავთ უკრაინას, საკუთარი საზღვრების გარეთ განახორციელოს თავდასხმა. ჩვენ არ გვინდა ომის გახანგრძლივება მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთს ტკივილი მივაყენოთ.
ამ კრიზისის განმავლობაში ჩემი პრინციპი ყოველთვის იყო – „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“. მე არ მოვახდენ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე – არც პირადად და არც საჯაროდ – რომ ისინი რაიმე ტერიტორიულ დათმობებზე წავიდნენ. ეს არასწორი და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების საწინააღმდეგო ქმედება იქნება.
უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა არა იმიტომ, რომ უკრაინამ ზურგი აქცია დიპლომატიას, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი განაგრძობს ომს, რათა უკრაინის რაც შეიძლება დიდი ნაწილი დაიკავოს. შეერთებული შტატები კვლავაც იმუშავებს იმისთვის, რომ გააძლიეროს უკრაინა და მხარი დაუჭიროს მის მცდელობას, მოლაპარაკების გზით მიაღწიოს კონფლიქტის დასრულებას.
არაპროვოცირებული აგრესია, სამშობიაროების, კულტურული ცენტრების დაბომბვა და მილიონობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება უკრაინაში მიმდინარე ომს ღრმა მორალურ პრობლემად აქცევს. მე შევხვდი უკრაინელ ლტოლვილებს პოლონეთში – ქალებსა და ბავშვებს, რომლებმაც არ იცოდნენ, როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება, არ იცოდნენ, გადარჩებიან თუ არა მათი საყვარელი ადამიანები, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ. ვერცერთი სინდისიერი ადამიანი ვერ იქნება გულგრილი ამ საშინელებების მიმართ.
უკრაინის გვერდით დგომა ამ ძნელბედობის ჟამს არამხოლოდ სწორი საქციელი, არამედ ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია – უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და სტაბილური ევროპა და ნათლად ვაჩვენოთ, რომ სიმართლე ყოველთვის ძალის მხარეს არ არის.
თუ რუსეთს ძვირად არ დაუჯდება საკუთარი ქმედებები, ეს იქნება გზავნილი სხვა შესაძლო აგრესორებისთვის, რომ მათაც შეუძლიათ ტერიტორიების დაკავება და სხვა ქვეყნების დამორჩილება. ეს საფრთხეს შეუქმნის სხვა მშვიდობიან დემოკრატიებს, წერტილს დაუსვამს კანონის უზენაესობაზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და გაუხსნის გზას აგრესიას ყველგან, მთელი მსოფლიოსთვის დამანგრეველი შედეგებით.
ვიცი, რომ მსოფლიოს გარშემო, უამრავ ადამიანს აშფოთებს ბირთვული იარაღი. დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, თუმცა რუსეთის პერიოდული რიტორიკა და ბირთვული ხმლის ჟღარუნი, თავისთავად საშიში და უზომოდ უპასუხისმგებლოა. ნათლად განვმარტავ: ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის ნებისმიერი მასშტაბით გამოყენება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის და ის საშინელ შედეგებს მოიტანს.
ამერიკელები კვლავაც იდგებიან უკრაინელი ხალხის გვერდით, რადგან ჩვენ გვესმის, რომ თავისუფლებას აქვს ფასი. ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცეოდით, როდესაც კი თავისუფლების მტრები უდანაშაულო ადამიანების დაშინებასა და დაჩაგვრას ცდილობდნენ და ახლაც ასე ვიქცევით. ვლადიმერ პუტინი არ ელოდა ასეთ ერთობას და ასეთ მტკიცე პასუხს. ის შეცდა. თუ ის ელის, რომ ჩვენ უახლოეს თვეებში შევდრკებით ან გავტყდებით, ის კვლავაც ძალიან ცდება.
დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს ბათუმში, თოჯინების თეატრში, ბულვარსა და ბათუმის ცენტრალურ პარკში დიდი ჟრიამული იყო. ატრაქციონები სავსე იყო ბავშვებით. იხატავდნენ ლოყებს, სეირნობდნენ ველოსიპედებით, ასეირნებდნენ ძაღლებს, იღებდნენ ფოტოებს და ერთმანეთის ნახატებს ათვალიერებდნენ.
პირველი ივნისი. ამ დღეს ბათუმის ცენტრალურ პარკში ძალიან ბევრი ბავშვი იყრის თავს მშობლებთან ერთადბიჭს ბამბის ნაყინი უყიდეს, მაგრამ რაღაც მაინც უქეიფოდ გრძნობს თავს…„დედა, სად ხარ დედა”ზორო თევზაობსთევზაობს ვარდისფერშლაპიანი გოგოც„ობობას ქსელი დამახატე”დედა-შვილი ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესმზიანი დღე, ბათუმი, სულ ახლოს ზღვა და მწვანე პარკიგოგოს დროებით ტატუს უკეთებენ. ჯერ არ ჩანს რას იხატავს, მაგრამ აუცილებლად რამე ლამაზი იქნება„ცოტას დავისვენებ, ზედმეტად ხმაურობენ ეს პატარები”ბათუმის ცენტრალურ პარკში პეპი გრძელიწინდაც გამოჩნდა ცხენით„ყაყაჩოების” სადღესასწაულო ცეკვასაბავშვო ნარდი„კატად უკვე გადამღებეს, ახლა ხატვას მივხედოთ”ეს ბიჭი სამეცნიერო კუთხესთან დგას და ექსპერიმენტს ატარებსპარკში წითელქუდაც იყოძალიან სერიოზული ბიჭი
„ჩამომეცალეთ!”თეთრპერანგიანი გოგო თეთრი ბუშტებით„რა ლამაზი ბუშტებია, მოდი რომელიმე მაინც გავხეთქოთ!”ორი ქვეყნის დროშა ახატია ლოყებზე, მაგრამ რაღაც მაინც არ მოსწონს. ფოტო: „ბათუმელები“/მარიკა ბოლქვაძე
განათლების მინისტრის პირველი ივნისის დადგენილებით, 2021-2022 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებმაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30 პროცენტი, შეფასდებიან შემაჯამებელი – კომპლექსური დავალებებით.
აქამდე, ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მიხედვით, მოსწავლეს ექსტერნის გამოცდის ჩაბარება უწევდა იმ შემთხვევაში, თუკი მას კონკრეტულ საგანში სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 პროცენტი ჰქონდა გაცდენილი.
ახალი დადგენილების მიხედვით კი, მოსწავლე შემაჯამებელი/კომპლექსური დავალებით შეფასდება და მას ექსტერნის გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს.
„შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, – ნათქვამია მინისტრის დადგენილებაში.
ამავე დადგენილებით, 2021-2022 სასწავლო წელს იმ მოსწავლეებს, რომელთაც დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს პირველი სემესტრის სემესტრულ გამოცდაზე გასვლა, სკოლა ვალდებულია პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა 2022 წლის 17 ივნისამდე დაუნიშნოს არაუგვიანეს 2 კვირით ადრე.
როგორც რესურსცენტრში განმარტეს, სემესტრული გამოცდა იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუკი მოსწავლეს პრეტენზია ექნება საბოლოო ნიშანზე.
ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეს შეუძლია მოითხოვოს გამოცდის დანიშვნა და ხელმეორედ შეფასება.
2022 წელს, უხვთოვლიანი ზამთრის შემდეგ, თურქეთში 2000-ზე მეტი მეწყერი განვითარდა. თურქი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მიუთითებს გლობალური დათბობით გამოწვეული კატასტროფული მოვლენის მზარდ რისკზე. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (ITÜ) ევრაზიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ტოლგა გორუმი ამბობს, რომ მარტსა და აპრილში ჩამოწოლილი მეწყრები განსაკუთრებით დამანგრეველი იყო შავი ზღვის პროვინციებისთვის – ორდუსთვის, სამსუნისა და ტრაპიზონისთვის.
მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, შავი ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში მეწყრის ჩამოწოლის შემთხვევები 20-ჯერ მეტია. მეწყრის გამომწვევ მიზეზად კლიმატის ცვლილებები და ნალექის მომატებული რაოდენობა სახელდება.
გორუმის თქმით, კლიმატის ცვლილების შედეგები უფრო მეტად იგრძნობა სწორედ შავი ზღვის რეგიონში, სადაც ზღვის წყლის ტემპერატურა გაიზარდა თითქმის 2 გრადუსი ცელსიუსით.
სტამბოლის ევრაზიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წელს მეწყრულმა პროცესებმა თურქეთში 322 რაიონი დააზიანა, მათ შორის – საცხოვრებელი ადგილები.
______________
ფოტოზე: მეწყერი რიზეში, 2021 წელი. ფოტო: dailysabah.com
თურქული სამთავრობო გამოცემის, ანადოლუს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, ჩრდილოეთ სირიაში ახალი ანტიტერორისტული ოპერაცია დააანონსა.
„თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით (სირიაში) იწყება „უსაფრთხოების ზონის“ ფორმირების ახალი ფაზა. ტერორისტებისგან ვწმენდთ ტალ-რიფატს და მუნბიჩს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, შემდეგ თურქეთის სხვა საზღვრისპირა ტერიტორიებს გაწმენდენ მებრძოლებისგან.
„ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება თურქეთის კანონიერ ნაბიჯებს უსაფრთხოების სფეროში. ვინ დაუჭერს მხარს ანკარას?“ – განაცხადა ერდოღანმა.
__
სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე თურქეთმა გასულ თვეში განაცხადა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შეჯამებისას, ბრიფინგზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჩინოვნიკმა ხელი შეუწყო იმ სასწრაფო დახმარების მანქანების კომერციულ გამოყენებას, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით იტალიიდან ჩაიტანეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, მანქანები, რომლებიც იტალიიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩაიტანეს, კონკრეტული საავადმყოფოებისთვის უნდა გადაეცათ, თუმცა ჩერნივეცკის გამგებლის მოადგილემ სასწრაფო დახმარების 5 მანქანის მიმღებად ერთ-ერთი რეგიონული სამედიცინო დაწესებულება დაასახელა.
საავადმყოფოს დირექტორმა, თავის მხრივ, მიღებული მანქანები გადააფორმა საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე, რათა პაციენტებისთვის ფასიანი სატრანსპორტო მომსახურება გაეწია.
„ბოროტმოქმედები ფულს გამოიმუშავებდნენ მანქანებზე, რომლებიც რეალურად განკუთვნილი იყო სახელმწიფოს სახელით უფასო დახმარებისთვის,” – იუწყება უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
ამ დროისთვის გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
სამხრეთ კორეული მუსიკალური ჯგუფი BTS თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.
„ბევრი თქვენგანი შესაძლოა იცნობს BTS-ს, როგორც „გრემის“ პრემიაზე ნომინირებულ საერთაშორისო ვარსკვლავებს, მაგრამ ისინი ასევე ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, როგორც ახალგაზრდობის ელჩები, რომლებიც ხელს უწყობენ პატივისცემისა და პოზიტივის გავრცელებას“ – განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.
BTS-ის ბრიფინგი თეთრ სახლში. ფოტო: EAP/Oliver Contreras
BTS-ის ბაიდენთან შეხვედრის თემა ანტიაზიური სიძულვილის საკითხები იყო.
„ბიბისის“ ცნობით, აზიელების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა აშშ-ში, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის დროს.
„არაფერია ცუდი იმაში, რომ იყო განსხვავებული. შესაძლოა თანასწორობა სწორედ მაშინ იწყება, როცა ვიხსნებით და ვიღებთ ჩვენს განსხვავებულობას,“ – განაცხადა BTS-ის წევრმა სუგამ.
BTS -მა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაიხსენა ჯორჯიას შტატში გასულ წელს მომხდარი ინციდენტი, როცა მასაჟის სალონში აზიელი ქალების დისკრიმინაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ ავიწროებდნენ გარეგნობის გამო.
BTS პირველი სამხრეთ კორეული ჯგუფია, რომლის პოპულარობა დიდი ხანია გასცდა აზიის რეგიონს. 7 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ჰყავს ფანების არმია. სამხრეთ კორეული ჯგუფი 2018 წელს გაეროს კონგრესზეც იყო მიწვეული, მათ კლიპი კი, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში გადაიღეს, გაეროს იუთუბ არხზე ყველაზე პოპულარული ვიდეოა, მას 66 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
„ჩვენ ჯერ კიდევ გაოცებული ვართ, რომ სამხრეთ კორეელი არტისტების მუსიკა მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანამდე აღწევს, სცილდება ენისა და კულტურის ბარიერებს. გვჯერა, რომ მუსიკა ყოველთვის არის ყველაფრის საოცარი და შესანიშნავი გამაერთიანებელი“ – განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯგუფის წევრმა, ჯონგუკმა.
„ეს მნიშვნელოვანი თვეა ამერიკაში. ჩვენი ბევრი აზიელი ამერიკელი მეგობარი გახდა დისკრიმინაციის სამიზნე. სიძულვილი მხოლოდ მაშინ იმალება და იკლებს, როდესაც კარგი ადამიანები საუბრობენ მასზე და ამბობენ, თუ როგორი ცუდია ის. ამიტომ, მადლობა.
ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ ამბობთ. გზავნილი, რომელსაც თქვენ ავრცელებთ, მნიშვნელოვანია“ – უთხრა ჯგუფის წევრებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
____________
მთავარ ფოტოზე: ჯო ბაიდენი BTS-სთან ერთად. ჟესტი, რომელსაც ისინი აჩვენებენ, სამხრეთ კორეულად გულს, სიყვარულს გამოსახავს.
„ყველაზე რთული ვითარება ახლა უკრაინის აღმოსავლეთით და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სამხრეთითაა. სიტუაცია ძალიან რთულია. ყოველდღიურად, ბრძოლაში 60-100 უკრაინელი ჯარისკაცს ვკარგავთ, დაახლოებით 500 კი იჭრება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს პუტინის აგრესიისა და გლობალური ამბიციებისგან სწორედ უკრაინა და უკრაინელები იცავენ.
„ჩვენ „დაცვის პერიმეტრი“ ვართ. ეს არ არის ჩვეულებრივი ან ბუნებრივი რამ. ეს არის ჩვენი ხალხისგან შექმნილი ფიზიკური ბარიერი“.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება: „სხვა ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ზოგიერთი NATO-ს წევრი ქვეყანაც – ისინი უკვე საფრთხის ქვეშ არიან“.
ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე ისაუბრა უფრო სანქციების სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და იმაზეც, რომ მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს პუტინის დაცვა.
„ახლა ის თითქმის იზოლირებულია. მსოფლიო ყოველთვის აძლევს მას შანსს, რადგან სანქციები ბოლომდე ამოქმედებული არაა. ზოგიერთი ლიდერის განცხადების მიხედვით, ისინი კიდევ ტოვებენ შესაძლებლობას, რომ პუტინისთვის გამოსავალი მოიძებნოს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლებას ინფორმაცია ომის დანაკარგების შესახებ მარტის შემდეგ არ გამოუქვეყნებია. 12 მარტს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 16 დღის განმავლობაში 1 300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
___
„30-31 მაისს დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა სევეროდენცკის ქუჩებში, რუსეთის ჯარები ქალაქის ცენტრს უახლოვდებოდნენ. ახლა ქალაქის ნახევარზე მეტს, სავარაუდოდ, რუსეთის არმია აკონტროლებს, მათ შორის ჩეჩენი მებრძოლები“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე, პირველ ივნისის განახლებაში.
3-4 ივნისს ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ უმასპინძლებს ფოტოგამოფენას – „ომის დღიურები“.
ომის დღიურები მულტიმედიური პროექტია, რომელიც casbatumi-სა და War diaries-ის ორგანიზებით ხორციელდება. ფესტივალი აერთიანებს მხატვრებსა და მუსიკოსებს, მსახიობებსა და მწერლებს, რომელთა მიზანია, აჩვენონ მხატვრების ხედვა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე.
3 ივნისს გამოფენა გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები უკრაინიდან: ქინდერ ალბომი, ტარას ბიჩკო, ნიკიტა კადანი, ალევტინა კახიძე, ჟანა კადიროვა, ლესია ხომენკო, ვლადისლავ კრასნოშჩოკი, დანილო მოვჩანი, სტანისლავ ოსტროუსი, ვლადა რალკო, ალექსანდრე შატოხინი.
„პროგრამის თითქმის ყველა მონაწილე უკრაინაში რჩება ომის მიუხედავად, ამიტომ ღონისძიება მიზნად ისახავს დაფინანსების შეგროვებასაც მათ მხარდასაჭერად“, – ამბობენ ორგანიზატორები.
4 ივნისს აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას „შორს მიმავალი შედეგები“, სადაც პოლონელი მხატვრები – ალიჩა კიელანი, ალა სავაშევიჩი, იოზეფ რობანოვსკი, კურატორი პაველ ბაკოვსკი მიიღებენ მონაწილეობას.
„ომის დღიურების“ გამოფენა დაგეგმილია თბილისსა და პოლონეთის 11 გალერეაში, შემდეგ კი – კორეასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ორგანიზატორთა განმარტებით, გამოფენის მიზანია აჩვენონ მსოფლიოს, როგორ შეიცვალა უკრაინელების ცხოვრება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ყოველდღიური რუტინა შეცვალა ომის თემამ. საომარი მოქმედებების განახლებული მონაცემები, საყვარელი ადამიანების უსაფრთხოების შემოწმება, მოხალისეობა და ბრძოლა აქ ახალი რეალობაა.
თავშესაფრები, მეტროსადგურები და სარდაფები სოციალიზაციის ახალი ადგილები აღმოჩნდა. ყოველ დღეს მოაქვს მეტი საშინელება, მეტი ტკივილი და მეტი ბრაზი არაადამიანური სისასტიკით.
მხატვრები, ისევე როგორც ყველა სხვა, ამ ომის მძევლები არიან. თუმცა მათი ხმა სულ უფრო ძლიერდება, მათი ტკივილი მძვინვარებს“, – ვკითხულობთ ფესტივალის აღწერაში.
დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, უკრაინელი 1-4 კლასის მოსწავლეებისთვის „იუნისეფი“ ონლაინგაკვეთილს მართავს, სადაც ბავშვებს ასაფეთქებელი ობიექტების გარჩევას, აღმოჩენილ ნაღმებთან მოქცევასა და უსაფრთხოების სხვა წესებს ასწავლიან.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ბავშვები UNICEF-სგან საჩუქრებსაც მიიღებენ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა ოფიციალური პირები, დღეს კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას ბავშვთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით.
„ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი ბავშვების მომავლისთვის,“ – ასე გამოეხმაურა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რომელმაც სოციალურ ქსელში ომის დროს დაჭრილი და დაზარალებული ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა. მისი თქმით, რუსეთმა მათ ბავშვობა წაართვა.
„სამი თვის წინ ისინი თამაშობდნენ ეზოებში, უყურებდნენ YouTube-ს და გეგმავდნენ, როგორ აღენიშნათ საკუთარი დაბადების დღეები. 24 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. რუსეთმა ჩაიდანა ყველაზე საშინელი დანაშაული – მათი ბავშვობა მოიპარა. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი ბავშვების მომავლისთვის,“ – წერს პოდოლიაკი.
Three months ago they played at yards, watched YouTube and planned how to celebrate their birthday. It all has changed on 02/24. 🇷🇺 has made the most horrible crime – it has stolen their childhood. Our fight today is a fight for our children’s future. #ChildrenDaypic.twitter.com/EpFZggbZZ8
განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ომს ემსხვერპლა 243 ბავშვი, დაიჭრა 446 და მინიმუმ 230 ათასი ბავშვი გადაყვანილია რუსეთში.
„დაახლოებით 7 მილიონ ბავშვს მოუხდა გამოევლო უკრაინაში ომის საშინელება. რუსული არმიის ქმედებების შედეგად მოკლულია 243 და დაშავებულია 446 ბავშვი. მინიმუმ 230 ათასი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული რუსეთში. #შეაჩერე_რუსული_ომი #შეაიარაღე_უკრაინა_ახლა #დადექი_უკრაინის_გვერდით,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
🧸About 7️⃣ million children had to endure the horrors of war in #Ukraine.
243 children were killed, 446 were injured as a result of the actions of the #Russian army.
ამ დღეს გამოეხმაურა ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმიც. მან თავის ტრადიციულ მიმართვაში აღნიშნა, რომ „წელს ბავშვების ცხოვრების 3 თვე ბოროტმა რაშისტებმა მოიპარეს“.
„დღეს ბავშვების დღეა. როგორც წესი, ამ დღეს ვაწყობდით სხვადასხვა ღონისძიებას ბავშვებისთვის, მაგრამ წელს, ბავშვების ცხოვრების სამი თვე ბოროტმა რაშისტებმა მოიპარეს,“ – თქვა ვიტალი კიმმა.
________________
ფოტოზე: ბავშვები კიევში, დამწვარ ტანკზე თამაშობენ. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK
უკრაინაში, რუსეთის ქვეყანაზე თავდასხმიდან დღემდე, ომის შედეგად 243 ბავშვი დაიღუპა.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, პირველი ივნისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 240 ბავშვი დაიღუპა და 446 დაშავდა.
ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1937 სასწავლო დაწესებულება. მათგან 181 მთლიანად განადგურდა.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება, რადგან ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი მზარდია.
„წინა წელთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბე 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რაოდენობამ 235 252-ს მიაღწია.
თუმცა ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“, – ამბობს ომბუდსმენი.
ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს.
„ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის განხორციელება არსებითად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს და დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდზე, ქვეყანაში ასეთი სამი დაწესებულება ფუნქციონირებს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მათი დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა.
ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული ამ და სხვა არაერთი გამოწვევის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მეორე მხრივ, სახელმწიფო უწყებების დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით, უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროების მქონე, მათ შორის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას“.
ომბუდსმენის თქმით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:
ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.
ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს უკრაინაში მიმდინარე ომზე. მის თქმით, არც ერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ომის სავალალო შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა.
„უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება.
შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით.
ეგვიპტეში, კაიროსთან ახლოს, არქეოლოგებმა ასობით ძველი ეგვიპტური სარკოფაგი და ღვთაებათა ბრინჯაოს ქანდაკება აღმოაჩინეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, საქარის სამარხებზე აღმოჩენილია ანუბისის, ამონის, მინის, ოსირისის, ისისის [ისიდა], ნეფერტუმის და სხვა ეგვიპტური ღმერთების ქანდაკებები, აგრეთვე, საკარას პირამიდის არქიტექტორის, იმჰოტეპის ქანდაკება თავის გარეშე.
სამინისტროს განცხადებით, სულ ნაპოვნია: გვიანდელი პერიოდის 250 სარკოფაგი, 150 ბრინჯაოს ქანდაკება, ბრინჯაოს ჭურჭლის კოლექცია, სამკაულები, კოსმეტიკური საშუალებები და მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა ქალღმერთ ისისის თაყვანისცემის რიტუალებში. ნივთები დაახლოებით 2500 წლის სიძველისაა.
მოხატულ ხის სარკოფაგებში აღმოჩენილია მუმიები, ამულეტები და ხის ყუთები. ერთ-ერთ სარკოფაგში იპოვეს პაპირუსი იეროგლიფური დამწერლობით, რომელიც, სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა ლექსი იყოს „მიცვალებულთა წიგნიდან“.
აღმოჩენები გადაგზავნილია კაიროში, ეგვიპტის მუზეუმის ლაბორატორიაში, სარკოფაგებს კი ეგვიპტის დიდ მუზეუმში გადაიტანენ, რომელიც გიზის დიდ პირამიდებთან შენდება და ამ წლის ბოლოს გაიხსნება.
ეგვიპტის ამ ტერიტორიაზე გათხრები 2018 წლიდან დღემდე მიმდინარეობს და აღმოჩენილია მსოფლიო ისტორიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი სიძველე.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძირითადი სახმელეთო ოპერაციები და მთელი ძალა კვლავაც მიმართულია ლუგანსკის მცირე სექტორზე.
„30-31 მაისს დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა სევეროდენცკის ქუჩებში, რუსეთის ჯარები ქალაქის ცენტრს უახლოვდებოდნენ. ახლა ქალაქის ნახევარზე მეტს, სავარაუდოდ, რუსეთის არმია აკონტროლებს, მათ შორის ჩეჩენი მებრძოლები“, – წერს უწყება ტვიტერზე, პირველ ივნისის განახლებაში.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის გარეთ, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე.
„სტრატეგიულ ობიექტად რჩება ხიდი, რომელიც აკავშირებს უკრაინას რუმინეთთან და უკრაინის პორტებთან დუნაიზე. ეს პორტები რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირების შემდეგ, უკრაინული ექსპორტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა“, – აღნიშნავს უწყება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 31 მაისის განახლებაში, უწყება მიუთითებდა, რომ რუსეთის მიზანი ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად დაპყრობაა.
ბათუმის ბულვარის თითქმის ბოლოს, თვითმფრინავების ასაფრენ ბილიკთან ახლოს, ორი წელია დგას ძველი, წითლად გადაღებილი ავტობუსი. შიგ პატარა კაფეა მოწყობილი და საღამოობით დიჯეი უკრავს. ხალხი აქ ძირითადად თვითმფრინავების ფრენას აკვირდება ახლოდან, თან მსუბუქ სასმელს და ხემსს უკვეთენ.
ავტობუსმა ახლა გადაინაცვლა და დროებით სასტუმრო Hotel Palm Batumi-ს წინ დგას, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ძველი ადგილიდან.
„Bus Stop Batumi“- ასე ჰქვია ამ ადგილს, სადაც ახალი ბულვარის ბოლოს ველობილიკით, პრომენადითაც მიხვალთ და სამანქანე გზითაც.
„Bus Stop Batumi-ს იდეა ნუგზარ ჭაღალიძეს მოუვიდა პანდემიაში, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო და არ იცოდა, რა ექნა.
„გუდაურშიც გვაქვს ერთი ასეთი ავტობუსი. ბათუმში მალე მეორეც გვექნება. შარშან, ივლისში, გადავწყვიტეთ ძველ ავტობუსში კაფე გაგვეხსნა. თვითმფრინავების აფრენა-დაფრენის ახლოდან სანახავად აქ ბევრი ხალხი დადიოდა და გადავწყვიტეთ, ბარემ კაფეც გაგვეხსნა.
ეს მინიმალიზმია, არაფრისგან გაკეთებული საქმე, ზოგისთვის ამ ავტობუსის დანახვა ბავშვობასთან ასოცირდება, ვიღაცისთვის – ახალგაზრდობასთან. ხალხს მოსწონს რასაც ვაკეთებთ, ყოველ საღამოს დიჯეი უკრავს. ჩვენ ძალიან მარტივი რამეები გამოვიყენეთ, ეს ადგილი რომ შეგვეყვარებინა მომხმარებლისთვის: ზღვის პეიზაჟი, რომელიც ყოველდღე სხვადასხვანაირია, ახლოს მოფრენილი თვითმფრინავები და ზღვის ტალღების ხმა.
ამ მოცემულობებს დავამატეთ მზის ჩასვლისას შესაბამისი მუსიკა, გემრიელი სენდვიჩები, მსუბუქი სასმელი და ადამიანური ფასები, სულ ესაა ჩვენი საიდუმლო“, – ამბობს Bus Stop Batumi-ს მეპატრონე.
წითელ ავტობუსში თვითმფრინავების ფრენის განრიგიც აქვთ. აქ მოდიან ტურისტები და ელოდებიან როდის ჩამოფრინდებიან მათი ახლობლები სხვადასხვა ქალაქიდან.
კაფეს მეპატრონე ამბობს, რომ მათი მომხმარებლისთვის შეზლონგები ზღვის პირას უფასოა.
წითელი ავტობუსის თანამშრომლებს ხშირად უკავშირდებიან და ეკითხებიან, როდის დაბრუნდებიან ისინი ძველ ადგილზე – ზღვის სანაპიროსთან ახლოს.
Bus Stop Batumi-ს ერთ წითელ ავტობუსს „სოხუმი“ აწერია, მეორეს – „გაგრა“. კაფეს მეპატრონე გვეუბნება, რომ რუსეთის მოქალაქეები ხშირად ეკითხებიან მას, თუ რატომ აწერია ავტობუსებს ასე.
„ეს ხომ დამოუკიდებელი ტერიტორიებია, რას ნიშნავს ეს წარწერებიო, ხშირად მეკითხებიან რუსეთის მოქალაქეები. უახლეს ისტორიაზე ხშირად წარმოდგენა არ აქვთ, რა მოხდა. ბევრმა არც იცის, რომ ეს ტერიტორიები ომით წაგვართვეს რუსებმა და ვუხსნით რა როგორ იყო, ვაწვდით ინფორმაციას.
ვუხსნით ყველას, რომ ჩვენი ურყევი მიზანია დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. მერე კი ჩემს ავტობუსებს იქაც ჩავიყვან და სოხუმელების, გაგრელებისთვისაც დავუკრავ ზღვისპირას-მეთქი, ვუხსნი ყველას.
რა, აფხაზეთი საქართველოაო? – უკვირთ. და ისევ ვიწყებთ ყველაფრის თავიდან ახსნას.
ნუგზარ ჭაღალიძისთვის ეს პირველი საქმეა, რაც მხოლოდ საკუთარი სახსრებით დაიწყო. აქამდე სხვადასხვა ბარში მუშაობდა ბარმენად და დიჯეიდ. ახლა საკუთარი კაფეს სიახლოვეს უკრავს ხოლმე ღია ცის ქვეშ.
„მირჩევნია ჩემი საქმე მქონდეს და ნაკლებს გამოვიმუშავებდე, ვიდრე სხვაგან ვიმუშაო და სამჯერ მეტ ხელფასს მიხდიდნენ. შენი საქმე როცა გაქვს, თავისუფალი ხარ. თუმცა თავს ცუდად არასდროს ვგრძნობდი, როცა სხვაგან ბარმენად ვმუშაობდი და დიჯეიდ. აქაურობამ თავისუფლება მომიტანა და ბევრი სხვადასხვანაირი მეგობარი გამიჩნდა“, – ამბობს Bus Stop Batumi-ს მეპატრონე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივნისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 361 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 3 343 ერთეული [+41]
საარტილერიო სისტემა – 659 ერთეული [+10]
MLRS – 207 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 94 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 208 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 175 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 519 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 290 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 49 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
185 თვითმფრინავი
129 ვერტმფრენი
1 077 უპილოტო საფრენი აპარატი
326 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 744 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 329 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე, აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით,” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეცოპერაცია „მეტრო ჰოლდინგში“ დღის პირველ საათზე დაიწყო და 9 საათს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ეროვნებით თურქი ბიზნესმენის, საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ. დღის განმავლობაში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია არც ერთ სახელმწიფო უწყებას. ბიზნესმენის დაკავებას არ ადასტურებდა არც „მეტრო ჰოლდინგის“ მენეჯმენტი.
„მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორმა რაულ კახაძემ დღეს, 31 მაისის საღამოს, ჰოლდინგის სახელით განცხადება გაავრცელა.
„მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ.
„მეტრო ჰოლდინგის“ მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
რას საქმიანობს და ვინ არიან „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიები? – ვრცლად ნახეთ აქ.
გალიფ ოზთურქი ათობით ბიზნესკომპანიას ფლობს საქართველოში, რომლებიც არიან „მეტრო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში ან მისი პარტნიორები.
ხულოს სოფელ უჩხოში განვითარებული მეწყრული პროცესები 20-ზე მეტ ოჯახს უქმნის საფრთხეს.
27 მაისით დათარიღებულ, აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ უჩხოში 2 ოჯახს, რომლებიც მეწყრულ პროცესებთან ახლოს ცხოვრობენ, ადგილმონაცვლეობა სჭირდებათ, ხოლო დაახლოებით 20 ოჯახი საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც უხვი ნალექის დროს მეწყრის გააქტიურებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ხულოს მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ჯამბულატ მელაძემ უთხრა.
ჯამბულატ მელაძის თქმით, ხულოს მერია უჩხოში მცხოვრებ ამ ოჯახებს დროებით ქირით გაიყვანს სხვა ადგილას საცხოვრებლად. მან გვითხრა, რომ მერია უჩხოდან ოჯახების გაყვანაში ხვალ, პირველ ივნისს ჩაერთვება აქტიურად.
ჯამბულატ მელაძე ამბობს, რომ ხულოს მერიაში ოჯახების დროებით საცხოვრებლებში გადასაყვანად 200-დან 250 ლარამდეა განსაზღვრული, თითო ოჯახზე.
მისი თქმით, აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, „მთლიანად არეალის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის საჭიროა განხორციელდეს დეტალური საინჟინრო კვლევა“.
„ბათუმელები“ სოფელ უჩხოს ერთ-ერთ მკვიდრს, ბეჟან დეკანაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, სოფლის მკვიდრები დაახლოებით ერთი კვირის წინ იყვნენ მერიაში იმის გასარკვევად, თუ რა ელით.
როგორც ბეჟანი ამბობს, ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ ბერიძეს შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გაიგეს, რომ უჩხოში მცხოვრებ ბევრ ოჯახს მოუწევს საცხოვრებელი სახლის დაცლა უსაფრთხოების მიზნით და ამ ოჯახებს შორის მისი 5-სულიანი ოჯახიცაა.
„გავიგეთ, რომ პირველ ივნისს მერიიდან უნდა მოვიდნენ ჩვენთან. დანამდვილებით არ ვიცი როგორ იქნება და სად გადავალთ. 250 ლარს ჩაგირიცხავთ ჩვენ და იქირავეთ ბინა მუნიციპალიტეტის ცენტრში ან რომელიმე სხვა სოფელშიო გვითხრეს, როცა მერიაში ვიყავით მისულები. მერის თქმით, ქირით მხოლოდ 2-3 თვე ვიცხოვრებთ.
უკვე 3-4 ადგილზე მოვიკითხე და ვერსად ვერ ვნახე ბინა. ნათესავები შორს ცხოვრობენ, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. თავისუფალი ბინები არის ხულოში, მაგრამ ვერ შეგიშვებთ 250 ლარადო. ზოგმა გამქირავებელმა 400 ლარი მოგვთხოვა ბინაში“, – ამბობს ბეჟანი.
მისი თქმით, უჩხოში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს პირუტყვი, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ დროებით საცხოვრებლებში ქირით გადასვლას. იგი საკუთარ მაგალითზე გვიყვება, რომ საქონელს რამდენიმე დღეში წაიყვანს იალაღებზე, მაგრამ იქამდე არ იცის, როგორ მოიქცევა.
ხულოში, სოფელ უჩხოში, მეწყრული პროცესები აპრილის ბოლოს განვითარდა, აქ მიწაზე ბზარები გაჩნდა და გაღრმავდა.
______________________
ფოტოზე: მეწყრული პროცესი სოფელ უჩხოში. ფოტო: ნადიმ დეკანაძე/Facebook.
ფილოლოგ, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის კრიტიკას საქართველოში, საზოგადოების ერთი ჯგუფის მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეიქმნა პეტიცია, რომლითაც პეტიციის ავტორებმა მოითხოვეს ბერძენიშვილს „აეკრძალოს სტუდენტებთან კომუნიკაცია“, რადგან, მათი აზრით, ლევან ბერძენიშვილი ერეკლეს მიერ რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის კრიტიკით ეროვნულ გმირს შეურაცხყოფს. 28 მაისს თელავში აქციაც კი გაიმართა ლევან ბერძენიშვილისგან „ერეკლე მეორეს დასაცავად“.
რას ნიშნავს სინამდვილეში ლიტერატორის, პუბლიცისტის დევნა საკუთარი აზრის გამო და რა საფრთხეები შეიძლება დავინახოთ ამ პროცესებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ფილოსოფოსს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.
ბატონო გიორგი, როგორ აღიქმება თქვენი გადმოსახედიდან ის პროცესები, რაც ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის კრიტიკას მოჰყვა და რა ტიპის პრობლემას აჩვენებს ეს?
მე ვიტყოდი, რომ საფრთხე ექმნება არა იმდენად გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ეს აჩვენებს დისკუსიის შეუძლებლობას საქართველოში. ამას ვამბობ როგორც მათზე, ვინც აპროტესტებს, ასევე – ლევან ბერძენიშვილის მხარდამჭერებზე.
რეაქციებს ვაკვირდებოდი სოციალურ ქსელებში და ვხედავდი, როგორ გაიყო საზოგადოება ორ ნაწილად. ერთ მხარეს არიან აღშფოთებულები, დამგმობები, რომლებიც რეპრესიებს მოითხოვენ, – „აეკრძალოს პედაგოგიური საქმიანობა“ და ასე შემდეგ, რისი უფლებაც მათ არანაირად არ აქვთ და რეალურად, არც არანაირი მექანიზმი არსებობს, რომ ადამიანს საკუთარი შეხედულებების გამო აუკრძალოს ვინმემ პედაგოგიური საქმიანობა.
არსებობს, ვთქვათ, უნივერსიტეტის ეთიკური კომისიები, თუმცა არანაირად არ ჯდება ეს იმაში, რომ ავტორის, კერძო პირის ამ თუ იმ პრობლემის თუ ისტორიული პიროვნების მიმართ შეხედულებებზე იმსჯელონ.
მეორე მხრიდან იყო აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ. არა უბრალოდ სოლიდარობა, არამედ რაღაც თაყვანისცემის ჟესტები და გამოხატულებები და სწორედ ამის გამო ვფიქრობ, რომ ასეთ გარემოში დისკუსია არის შეუძლებელი.
ზოგადად, საქართველოში შეუძლებელია დისკუსია, რადგან ერთ მხარეს გვაქვს რაღაც რადიკალური გმობა, წყევლა და შეჩვენება, მეორე მხარეს – თაყვანისცემა და აღზევება. ერთიც და მეორეც არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო თავისუფალი გარემოსი, ისეთი გარემოსი, სადაც დისკუსია შესაძლებელია.
ლევან ბერძენიშვილს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი. ვიღაცები დაეთანხმებიან, ვიღაცები – არა. ეს გასაგებია, მაგრამ ასეთ მოცემულობაში, რასაც დღეს ვხედავთ, ვერც მასთან შეხვალ დისკუსიაში.
რა თქმა უნდა, ფორმულირება, რომ ერეკლე მეორე მოღალატეა, თავისთავად რადიკალურია. მე პირადად ძალიან სკეპტიკურად და ეჭვით ვუყურებ ისტორიული პიროვნებების მიმართ სასამართლო პროცესის ენით ლაპარაკს, ვიღაცის მოღალატედ შერაცხვას, თუმცა ფორმა შეგვიძლია შევარჩიოთ და ამაზეც შეგვიძლია ვიკამათოთ.
წარსულის ცოდნა და შეფასება ხომ იმისთვის გვჭირდება, რომ სამომავლოდ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. რეალურად, საქართველოში სწორედ ამის პრობლემა გვაქვს, რომ არ ხდება წარსულის შეფასება. ასე არ არის?
კი, ამის კრიზისი გვაქვს და ეს ზოგადად უკავშირდება იმას, რომ ისტორიული მეცნიერება, ფაქტობრივად, მოშლის თუ გადაშენების პირასაა, როგორც სხვა სამეცნიერო დისციპლინები საქართველოში და მეორეა ზოგადად დისკუსიის შეუძლებლობა ჩვენს ქვეყანაში.
ისევ და ისევ პოლარიზაცია, ბანაკებად დაყოფა, – „მტერი ხარ“, „მოყვარე ხარ“, „მომხრე ხარ“, „მოწინააღმდეგე ხარ“… ეს ძალიან პრიმიტიული ფორმაა აზროვნების და ურთიერთობის. ასეთ საზოგადოებაში შეუძლებელია საერთოდ სიტყვა „თავისუფლება“ ვიხმაროთ, რადგან „ვეთანხმები – არ ვეთანხმებიზეც“ აღარ არის საუბარი. ეს არის – „თაყვანს ვცემ“ ან „ვგმობ“, ან ღვთაებად მიმაჩნია, ან ურჩხულად.
აი, როცა ამ მოცემულობის წინაშე ვდგებით, აქ საზოგადოებაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს არის რაღაც ტომობრივი ლოგიკა.
ბერძენიშვილის დევნა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხომ არ არის იმის გაგრძელება, რაც ხდება კულტურის სფეროში, ეროვნულ მუზეუმში, სადაც თანამშრომლებს, ფაქტობრივად, უშვებენ სამსახურებიდან. ამ პროცესის ნაწილია ესეც?
ამ ორი ამბის კავშირს მე არ ვხედავ, რადგან მუზეუმში არის სრულიად ამაზრზენი და საშიში პროცესი, რომელსაც კულტურის სამინისტრო და უშუალოდ კულტურის მინისტრი აწარმოებს. დარევა ამ ადამიანებზე, პროფესიონალებზე, მათი გაყრა, ყოველგვარი ეთიკის ფარგლებს მიღმაა, რომ არაფერი ვთქვათ სამართლებრივ ასპექტებზე, დილეტანტების, არაპროფესიონალების ჩანაცვლებაზე. ეს არის ძალიან საშიში პროცესი და ამაზე საზოგადოებას სერიოზული და ადეკვატური რეაქცია ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გამოუხატავს.
მისასალმებელია, რომ პროფკავშირების იდეა გაჩნდა აკადემიურ სფეროში, რასაც მე მაქსიმალურად ვუჭერ მხარს. ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს სამართლებრივ სფეროში და არ უნდა მიეცეს ერთ მინისტრს ამ ადამიანებზე ძალადობის უფლება. „გოგია უიშვილში“ რომ არის, ეგზეკუცია ჩამოტარებით, აი, ამ ეგზეკუციის ტიპური განსახიერებაა ის, რასაც წულუკიანი აკეთებს და მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო ეს, რადგან სწორედ ამ ეგზეკუციური სფეროს წარმომადგენელს ჩააბარეს კულტურა.
ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ ატეხილი დისკუსია უფრო მომხრე – მოწინააღმდეგის თემას უკავშირდება. მე მგონი, პრინციპულად არ არის დასაყენებელი ეს საკითხები ერთად, რადგან ერთი ამბავი ეხება პროფესიონალ ადამიანებს, მკვლევრებს, მეცნიერებს, რომლებსაც უმიზეზოდ აგდებენ სამსახურიდან და მეორე ამბავი უკავშირდება აკადემიური სფეროს წარმომადგენლის თუ სახალხო ინტელექტუალის პირად მოსაზრებას, რომელიც საკმაოდ იდეოლოგიური მგონია.
თუმცა ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და გამოხატოს, აქ არ შეიძლება შეზღუდვა. დასავლური კულტურა, რუსული კულტურაც ეფუძნება საკუთარი ისტორიული სახეების, გმირების, მეფეების დაცინვას, შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებასაც. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ბევრი რამ წავიკითხოთ, ეს ჩვენ გვაქვს რატომღაც ასეთი გართულებული, ავადმყოფური დამოკიდებულება – „იმაზე ეს როგორ თქვა“, „ამაზე ეს როგორ თქვა“.
თუ ეს არის სადისკუსიო თემა, რა თქმა უნდა, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ დისკუსია დღეს შეუძლებელია, როდესაც გვაქვს პოლარიზებული სამყარო, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. იქ, სადაც ან მომხრე უნდა იყო, ან მოწინააღმდეგე, დისკუსია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. შეუძლებელია საღი აზრი არსებობდეს.
როგორ ფიქრობთ,რამ შექმნა ეს რადიკალური ფონი, თქვენ ხედავთ ამაში პოლიტიკის როლს? თუ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ?
საზოგადოების პოლარიზაცია დაიწყო 80-იანი წლების ბოლოდან, როცა თუ არ ეთანხმებოდი ლიდერს ან ბელადს, გეტყოდნენ – „აგენტი ხარ“, შემდეგ „მტერი ხარ“, „მავნებელი ხარ“ და ასე შემდეგ. ეს 1937 წლის ლოგიკაა, რომელიც ძალიან ფართოდ გადმოვიდა ჩვენს ანტისაბჭოთა განწყობაშიც. ყველაზე საშინელი, რაც ახასიათებდა საბჭოთა კავშირს, ის გადმოიღეს და გამოიყენეს შემდგომაც.
რა თქმა უნდა, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციაც ამყაყებულია და ძირითადად ორ ბანაკად არის წარმოდგენილი:
ოპოზიცია, რომლის სახეც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და იმ ინტერვიუშიც ლევან ბერძენიშვილი სწორედ ამ პოზიციას ამყარებდა, რომ მთავარი ოპოზიციური ლიდერი მიხეილ სააკაშვილია და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ უნდა გაერთიანდეს დანარჩენი ოპოზიციაც, რასაც მე პირადად, კატეგორიულად არ ვეთანხმები.
მეორე მხარეა „ქართული ოცნება“, თავისი ასევე სრულიად რადიკალური, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის შეუფერებელი რიტორიკით, სრული დემონიზაციით და შეურაცხყოფით. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის პოლიტიკური ელიტების ნამუშევარი. ის, რასაც მნიშვნელოვან წილად ქმნიდნენ 1988 -1989 წლის პოლიტიკური ელიტები და დღესაც იგივეა.
ყოველგვარ გონიერებას აცდენილია ეს პოლარული აზროვნება და რადიკალიზაცია, რომელიც დისკუსიის შეუძლებლობის ნიმუშია.
რადგან ლევან ბერძენიშვილი საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანებაზე, არ ფიქრობთ, რომ ეს იყო მიზეზი მის წინააღმდეგ დაეწყოთ კამპანია?
კი, შეიძლება იყო ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი, რადგან ბერძენიშვილი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს თავისუფალ, დამოუკიდებელ ინტელექტუალს, ის პირდაპირ ასოცირდება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან და შესაბამისად, როცა აკეთებ განცხადებას ისტორიულ ფიგურაზე, რომელსაც აკრიტიკებ, ამას მოჰყვება გარკვეული რეაქცია და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მასების მობილიზება და ხალხის გამოყვანაც მოჰყვეს.
თუმცა რეალურ პრობლემებს არც ერთი პოლიტიკური მხარე არ ხედავს, რადგან ამ პრობლემებზე ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც კონსენსუსი აქვთ.
რეალური პრობლემაა ის, რომ ლარი მყარდება და ფასები მაინც ასტრონომიულად იზრდება ყოველდღე, რომ საქართველო არის ღატაკი და ძვირი ქვეყანა, რომ ბინის ქირის გადახდა შეუძლებელი ხდება საერთოდ. განუკითხაობაა, ეკონომიკური კატასტროფები რომ გვაქვს ყოველდღიურად, ეს არის რეალური პრობლემა და არა ის, ვიღაც კერძო პირი რას იტყვის ერეკლე მეორეზე, დავით აღმაშენებელზე თუ მირიან მეფეზე. ამ ფონზე ეს ძალიან მეორეხარისხოვანი მგონია.
რეაქცია გვაქვს ხელოვნურ, კომიკურ პრობლემებზე, დაბრმავებული ვართ სიღატაკის, სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის მიმართ, გაურკვეველი საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ამ საზოგადოების დიაგნოზია. მიშა, ბიძინა და პატრიარქი როგორაა, ეს აინტერესებთ მხოლოდ, ამაზეა მთელი დღეები საუბარი.
თქვენ ამბობთ, რომ სადისკუსიო ველი გაქრა, რომ არ გვაქვს ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც, წესით, ყველაზე მეტად უნდა გვაღელვებდეს – ჩვენი კეთილდღეობა, განათლება, უფლებები. რამ მიიყვანა საზოგადოება აქამდე?
„ნაციონალებიც “ და „ქართული ოცნებაც“ არის ზუსტად ამ საზოგადოების მენტალური წყობის გამოვლინება. გარკვეული სიმპტომი იმის, თუ როგორ ქრება აზროვნების კულტურა, მსჯელობის კულტურა, დისკუსიის კულტურა საქართველოდან, როგორ ქრება ინტელექტუალთა ფენა, კულტურული ფენა საქართველოდან. თითქოს ორთქლდება.
ეს პოლიტიკური ძალა არის ანტიკულტურული. „ნაციონალებიც“ და „ოცნებაც“ არიან ბარიგების და სპეკულანტების ინტერესების დამცველი ორგანიზაციები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი ყველანაირი კულტურის მიმართ.
მათ აქციეს კულტურა მანჭვად, ვითომ სახალხო ზეიმებად, პრიმიტიულ დისკუსიებად და ქადაგებებად მათ კარზე მიახლოებული ინტელექტუალების მხრიდან და ორივე მხარეს, პოლიტიკური ძალაუფლების მქონეთ, უზარმაზარი როლი მიუძღვით ამაში.
კულტურული ფენა, რომელიც კიდევ შემორჩა ამ ქვეყანას, მართლა უნდა გადავიდეს სერიოზულ მსჯელობებზე და არა სადღეგრძელოებზე, არა ვიღაცების დაგმობაზე თუ გაღმერთებაზე. სანამ ეს მენტალობა იქნება გაბატონებული ამ ქვეყანაში, ვერანაირი დისკუსია ვერ შედგება.
სკოლიდან, ფაქტობრივად, განდევნილია კრიტიკული აზროვნება, ვერც უნივერსიტეტები გამოირჩევა ამ მხრივ საქართველოში. ბერძენიშვილის მაგალითმაც გვაჩვენა, რამდენად უჭირთ ადამიანებს განსხვავებული აზრის მიღება. როგორ შეიძლება ამისგან თავის დაღწევა?
რთულია ამაზე პასუხი, რადგან ეს არის კვლევის თემა, ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, კულტურისა და განათლების სერიოზული პოლიტიკის შექმნა და შესაბამისი პიროვნებების დასაქმება ამ სფეროებში, თუკი ვინმე გვყავს შემორჩენილი.
და არა ვიღაც ჯალათების, ციხის უფროსების დანიშვნა მუზეუმის თუ კულტურის მინისტრად და არა ძალადობისა და სადამსჯელო რაზმების მოწყობა ამ სფეროებში.
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარედ, ასევე ბათუმის სპორტული ცენტრის, ყინულის მოედანსა და ბულვარში 12:00-დან 19:00 საათამდე შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. თავისუფალ დასწრებას სთავაზობს პატარებს ასევე ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
ბავშვებისთვის პირველ ივნისს მოეწყობა:
ინსტალაციებით მორთული პარკი, საბავშვო თამაშები, კოსტიუმირებული ანიმატორები, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა
საბავშვო ლიტერატურის გამოფენა წიგნის კუთხეში
საბავშვო ნახატების გამოფენა
ზღაპრის გმირები, კოსტიუმირებული მსახიობები – დისნეი, ჯამბაზები, ოჩოფეხები, მეკობრე და სხვა
ხეზე მოწყობილი სპეციალური ვერანდები და ჰამაკები
სამახსოვრო ფოტოების გადაღება სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან
საბავშვო დიზაინით შეფუთული გიფის აპარატი.
14:00-21:00 საათამდე ცენტრალურ პარკში გაიმართება საბავშვო კონცერტი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ცენტრებისა და სტუდიების მონაწილეობით.
11:00 საათზე – ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლეში გაიმართება შოუ პროგრამა ფიგურულ ციგურაობასა და ყინულის ჰოკეიში.
13:00-17:00 – ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბავშვებს უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმის მოზარდ-მაყურებელთა და თოჯინების თეატრის პროგრამა ასეთი იქნება:
13:00 – „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ – რეჟისორი ვახტანგ ქორიძე. დასწრება თავისუფალია, მაგრამ შეზღუდული.
16:00 – საბავშვო კონცერტი ზღაპრის გმირების მონაწილეობით საყვარელი სპექტაკლებიდან. დასწრება თავისუფალია.
19:00 – ანიმაციური ფილმის ჩვენება „დიდი გამყინვარება 6: ბაკ უაილდის თავგადასავალი“. დასწრება თავისუფალია.
21:00 – ფრანების გაშვება თეატრის ეზოდან.
მთელი დღის განმავლობაში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება.
ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ, უკრაინელი მფრინავები, ივან პეპელიაშკო და ალექსეი ჩიჟი, კურსკში, რუსების საგამოძიებო იზოლატორში ისხდნენ. მიწისქვეშა სართულზე – ნესტიან, ჭუჭყიან და თაგვებიან სარდაფში – 13 საკანი იყო. იქ ომის დროს დატყვევებული უკრაინელი მოქალაქეები და სამხედროები ჰყავდათ.
„მიღების“ დღეს იზოლატორის თანამშრომლებმა ტყვეებს ყველა ნივთი ჩამოართვეს, მათ შორის ჯვრებიც.
„აქ ღმერთი არ არის,“ – ამბობდნენ ისინი.
და დაამტკიცეს კიდეც ეს, „დამაჯერებელი მეთოდებით“, რომელთა გამოყენების შემდეგაც ზოგიერთ ტყვეს მხოლოდ ერთ მხარეს შეეძლო ძილი, რადგან მეორე გვერდი საშინლად სტკიოდა.
„თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს – ის კურსკის იზოლატორშია,“ – გვეუბნება პეპელიაშკო. ის კიევის სამხედრო ჰოსპიტალშია, სადაც გათავისუფლების შემდეგ მოხვდა.
„მგონია, რომ ღმერთი ყველგანაა. ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის, მაგრამ არსებობს ადგილები, საიდანაც, ჩვენი ხმა არ აღწევს – იმ მიწისქვეშეთიდან“.
ის ჩუმად და პაუზებით ლაპარაკობს. გვერდით პალატაში მისი მეწყვილე წევს, მეწყვილე ცაში და ტყვეობაში – ჩიჟი. ალექსეის ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთეს, ამიტომაც მათ ამბავს, ორივეს ნაცვლად, პეპელიაშკო გვიყვება.
ქალაქის დასაცავად
ივან პეპელიაშკო უკვე 10 წელია სამხედრო ავიაციაშია: იყო კონგოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო მისიაში; 2014 წლიდან მსახურობდა დონბასში – ციდან ეხმარებოდა სადესანტო-მოიერიშე ჯგუფებს და მათ სამხედრო ოპერაციებს; ალყაშემორტყმული ილოვაისკიდან გამოჰყავდა უკრაინელი მებრძოლები.
2022 წლის 24 თებერვლიდან ჩიჟმა და პეპელიაშკომ კიევის დაცვა დაიწყეს. დილის 4 საათი იქნებოდა ბრძანება რომ მიიღეს – „ბორტზე“ – წამებში გაემზადნენ, ავტომატები აიღეს და მი 8-ით შეუდგნენ სამხედრო დავალების შესრულებას: ჩიჟი – ეკიპაჟის მეთაური იყო, პეპელიაშკო – პილოტი-შტურმანი.
ივან პეპელიაშკო/ფოტო: nv.ua
როგორც ყოველთვის, აფრენამდე, ივანმა ახლაც გაამხნევა ეკიპაჟი. ადრე ბებიამ დიდხანს სიცოცხლე უწინასწარმეტყველა და ეს წინასწარმეტყველება მის თანამებრძოლებსაც აიმედებდა, რომ ტყვია მათ ვერ მისწვდებოდა და საბრძოლო დავალებიდან აუცილებლად დაბრუნდებოდნენ.
თუმცა 8 მარტს ვერ დაბრუნდნენ: ჩერნიგოვის თავზე რუსებმა მათი და კიდევ ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
მხოლოდ პეპელიაშკო და ჩიჟი გადარჩნენ.
„რაღაც დროის განმავლობაში, უგონოდ ვიყავით,“ – იხსენებს ივანი. – „გონზე სიცივემ და ტკივილმა მოგვიყვანა. მივხვდით, რომ მიწაზე ვეყარეთ. შოკი იყო. როგორ? რანაირად? ვერ ვიჯერებდი, რომ ჩამოგვაგდეს“.
იქვე ხედავდა ვერტმფრენის ნაგლეჯებს, ნახევრად უგონო ჩიჟს და უკვე უსიცოცხლო კაპიტან ვლადიმირ სკლიარს – ეკიპაჟის მესამე წევრს, ავიატექნიკოსს.
მფრინავებს მოტეხილობები ჰქონდათ. აფეთქების ტალღამ ისინი ვერტმფრენიდან გადმოისროლა – სასწაულებრივად გადარჩნენ.
„არც კი ვიცი, როგორ ავხსნა“, – ამბობს პეპელიაშკო, ჩაფიქრებული. – „ღვთის სასწაული იყო. უბრალოდ, სხვა ახსნა არ მაქვს. ესე იგი, ბევრი გვაქვს ჯერ გასაკეთებელი“.
მი 8-ის ჩამოვარდნის ადგილს ეგრევე ჯავშანმანქანებმა და სამხედროებმა შემოარტყეს ალყა. უკრაინელმა მფრინავებმა გაიფიქრეს, რომ მალე დახოცავდნენ, თუმცა რუსებმა ორივეს გამაყუჩებელი გაუკეთეს, არტაშანი დაადეს, ჯავშანმანქანაში ჩააწვინეს და წაიყვანეს.
ასე აღმოჩნდნენ პეპელიაშკო და ჩიჟი ტყვეობაში.
რამდენიმე გაჩერება ჯოჯოხეთამდე
ტყვეობის პირველი დღეები ივანს ბუნდოვნად ახსოვს. ეძინებოდა და თითქოს უკვე სულერთი იყო, ცოცხალი იქნებოდა თუ არა. ოკუპანტების ექიმები გადასხმებს უკეთებდნენ.
ეფ-ეს-ბემ ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიაზე დაკითხა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მფრინავები, შემდეგ კი საევაკუაციო კოლონით რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანა..
კოლონას დაჭრილი რუსი სამხედროები მიჰყავდა, ძირითადად ღამით მოძრაობდა და დროდადრო უკრაინელთა ცეცხლის ქვეშ ხვდებოდა.
პეპელიაშკოს უკვირდა, რომ გზაში არავის უცდია მათზე შურისძიება, თუმცა ამისთვის რუსებს ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდათ.
„უბრალოდ მივდიოდით. იმათგან ერთ-ერთმა თქვა: „მორჩა, ბრძოლა დასრულდა, სამართლიანი ბრძოლა იყო, ახლა ფრონტის ხაზზე აღარ ვართ“, – პეპელიაშკო იხსენებს, რომ რუსი სამხედროს ეს ნათქვამი გაუკვირდა.
გაუკვირდა, რომ რუს სამხედროებს დაბნეულებსა და შეშინებულებს ხედავდა. გზაში დანაკარგებს განიხილავდნენ. მაშინ შეიტყო, ოკუპანტების ერთ-ერთი ასეულიდან მხოლოდ შვიდი ადამიანი გადარჩენილიყო.
უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, დატყვევებულ უკრაინელ მფრინავებს ნამდვილი „თავგადასავალი“ მოუწყვეს: ჯერ წაიყვანეს საველე ჰოსპიტალში, სადაც ოპერაცია ჩაუტარეს, შემდეგ – სამოქალაქო კლინიკაში, ქალაქ რილსკში, მერე – ტყვეთა ბანაკში, შემდეგ – კიდევ ერთ საავადმყოფოში და ბოლოს საგამოძიებო იზოლატორში.
რილსკის საავადმყოფოში პეპელიაშკომ სამი კვირა გაატარა. ერთხელ, პალატიდან გაიყვანეს, უთხრეს, რომ უნდა გაეცვალათ.
„კურსკის აეროპორტში უკვე ასაფრენ ბილიკზე ვიყავით. მესმოდა, როგორ ჯდებოდა 76 (სატვირთო თვითმფრინავი ილ-76). ის ისეთი ხმაურიანია,“ – იხსენებს პეპელიაშკო. – „დაჯდა, ჩატვირთვა დაიწყო. უცებ მითხრეს, რომ ჩვენმა მხარემ სიიდან ამომიღო. არ ვიცი, რამდენად მართალი იყო ეს. საწინააღმდეგო მიმართულებით წამიყვანეს“.
ახალი გაჩერება აღმოჩნდა ტყვეთა ბანაკი, მავთულხლართით, რომელიც რამდენიმე ჩვეულებრივი სამხედრო კარვისთვის შემოერტყათ გარს.
პეპელიაშკო ეგრევე ერთ-ერთ მათგანში მოათავსეს – სამედიცინოში, სადაც ჩიჟი დახვდა. ის ოკუპანტებს ერთი კვირის წინ გადმოეყვანათ რილსკის საავადმყოფოდან.
ალექსეი ჩიჟი/ფოტო: nv.ua
ბანაკში ძირითადად იწვნენ და სხვა უკრაინელი სამხედრო ტყვეები უვლიდნენ: აჭმევდნენ, გაჰყავდათ ტუალეტში, ინარჩუნებდნენ ღუმელში ცეცხლს და კარავში წესრიგს.
სამხედრო პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა იქაურობას. მწოლიარეებს ტუალეტში გასვლის ნებას დღეში მხოლოდ ერთხელ აძლევდნენ. იშვიათად უცვლიდნენ სახვევებს.
აი, ბრძანებები კი უშეცდომოდ უნდა შეესრულებინათ, რადგან თითოეული შეცდომა ტკივილს ნიშნავდა.
სამხედროებისთვის ასეთი პირობები მარტივად გასაძლები არ იყო, თუმცა შემდეგ ეტაპთან შედარებით – მაინც ასატანი.
„უკრაინელი კაზაკისთვის ამის ატანა რთული არაა,“ – გვიხსნის პეპელიაშკო. – „პრობლემები უფრო მეტად მოქალაქეებს ჰქონდათ. რუსი სამხედროები დისციპლინას მოითხოვენ. უბრალოდ, ნებართვის გარეშე, რაიმეს თხოვნა, თუნდაც ტუალეტში გასვლის, არ შეიძლება. არსებობს გრაფიკი, არსებობს ვადები. მაგალითად, საკვების მიღების ვადები ასეთი იყო: საუზმე 1-2 წუთი გრძელდებოდა (დამოკიდებული იყო მათ განწყობაზე), სადილი – 2-3 წუთი (შეიძლებოდა კიდევ შეემცირებინათ), ვახშამი – 2 წუთამდე. მოქალაქისთვის დროის ასე კონტროლი ძალიან რთულია“.
ბანაკის ორკვირიანი რეჟიმის შემდეგ ორივე ავიატორი კიდევ ერთ საავადმყოფოში გაგზავნეს, იქიდან კი – კურსკის საგამოძიებო იზოლატორში.
ოფიცრის საკანი
მიწისქვეშა სართულზე მფრინავებს იზოლატორის თითქმის ყველა თანამშრომელი დახვდათ – ასე 30 კაცი. „მიღება“ პირადი ნივთების ჩამორთმევის გარდა, „მასაჟის თანხლებით საუბარსაც“ ითვალისწინებდა. პეპელიაშკო არ აკონკრეტებს, რას ნიშნავს ეს, თუმცა ამბობს, რომ ბუჩის შემდეგ, რუსები სამხედრო ტყვეებს მოჩვენებითად რბილად ექცევიან.
ივანს და ალექსეის პატიმრის შავი ფორმები მისცეს: შარვალი, პერანგი, ქურთუკი. მეტი არაფერი: არც პირსახოცი, არც საცვალი, არც წინდები და არც კბილის ჯაგრისი.
ორივე მოათავსეს მომცრო საკანში, რომელშიც ორიარუსიანი მეტალის საწოლები იდგა. მათთან ერთად იქ 12 უკრაინელი სამხედრო იყო – ყველანი ოფიცრები.
დრო მიწისქვეშეთში გაუსაძლისად ნელა გადიოდა.
„მადლობა ღმერთს, დღე გავიდა. იზოლატორში კვირა ან ორი-სამი დღე კი არ იწელება, არამედ ერთი დღე. დილის ექვსზე უნდა ადგე და მერე, ღამის ათამდე, ვიდრე ბრძანებას არ მიიღებ, საწოლზე მიყრდნობის უფლებაც კი არ გაქვს. ამ დროში, ერთხელ ან ორჯერ (თუ გაგიმართლებს – არც ერთხელ) დაკითხვაზე გიძახებენ. დაკითხვების შემდეგ, როგორც წესი, რომელიმე მხარეს ძილი ძალიან არაკომფორტული ხდება“.
და დღე არ გადიოდა ისე, უკრაინელები რომ არ ეიძულებინათ, რუსული სიმღერები ემღერათ. ყველაზე ხშირად – რუსეთის ჰიმნი, რომელიც აუცილებლად ფეხზე, მწყობრში ჩამდგარებს უნდა შეესრულებინათ. და არავის აინტერესებდა, შეგეძლო ფეხზე დგომა თუა რა.
თუ იზოლატორის თანამშრომელს შენი ნამღერი არ მოეწონებოდა, „აგიხსნიდნენ“, რატომ ვერ იმღერე კარგად. „ახსნა უდავოდ იცოდნენ“, – ამბობს პეპელიაშკო.
თუკი შეამჩნევდნენ, რომ ვინმემ სიტყვები იცოდა ცუდად, აიძულებდნენ, 20-40 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად ემღერა.
ჩიჟსა და პეპელიაშკოს განსაკუთრებით უჭირდათ სამედიცინო დახმარების გარეშე. იზოლატორში ორივე თაბაშირებითა და ყავარჯნებით მიიყვანეს. დღისით დაწოლის უფლებას არ აძლევდნენ, ჯდომა არანაკლებ რთული იყო.
სინესტის გამო, ჭრილობები ყველას უწყლულდებოდა. გადახვევის იმედი არც უნდა გქონოდა.
„დაჭრილები ცდილობდნენ, დაჩირქებული ჭრილობებიდან გამონადენი ტუალეტის ქაღალდით მოეწმინდათ და ქაღალდითვე გადაეხვიათ,“ – იხსენებს პეპელიაშკო. – „იყო ერთი ძალიან ყურადღებიანი ბიჭი, რომელიც ყველას უხვევდა ჭრილობებს, თუმცა ტუალეტის ქაღალდიც ლიმიტირებული იყო – 28 სანტიმეტრი ერთ კაცზე დღე-ღამეში. ვცდილობდით, ნორმისთვის არ გადაგვეჭარბებინა.
ივანი ამბობს, რომ ძალიან რთულია იცხოვრო ისეთ პირობებში, როდესაც არ იცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, იმედი არ დაეკარგათ და მორალურად არ გატეხილიყვნენ.
„იზოლატორის თანამშრომლები ძალიან პროფესიონალურად ახერხებდნენ ადამიანის გატეხას. პირველად მივხვდი, რომ ამბები ტყვეებზე, რომლებიც ყველაფერს უძლებენ, ჩუმად არიან, კბილს კბილზე ჯიუტად აჭერენ, რომ შეკითხვებს არ უპასუხონ – მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშია. ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ასე არ გამოდის. გაძლება შეიძლება, მაგრამ ისინი მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ“.
ყველაზე მძიმე მაინც დაკითხვის ოთახიდან ჩიჟის ხმის გაგონება იყო. პირველად მოისმინა ახლობელი ადამიანის განწირული ყვირილი და ამის გადატანა მარტივი არ აღმოჩნდა.
ჭკუიდან რომ არ გადასულიყვნენ, ოფიცრები საკანში „სახელობანასა“ და „ქალაქობანას“ თამაშობდნენ, ჰყვებოდნენ საკუთარ ოცნებებზე და ერთმანეთის მონათხრობის დახმარებით მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო. საკანში სათვალთვალო კამერა იდგა, ამიტომ ომსა და არმიაზე ლაპარაკი არ შეეძლოთ.
„ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემთან ერთად ისხდნენ ძალიან განათლებული და ინტელექტუალი ოფიცრები,“ – ამბობს პეპელიაშკო. – „მეჩვენებოდა, რომ „რა, სად, როდის“ მოთამაშეების წრეში მოვხვდი – ძალიან ჭკვიანი ბიჭები. უფრო სწორად, პატივსაცემი ბიძები: მაიორები, პოდპოლკოვნიკები, პოლკოვნიკები. მნიშვნელოვანი ხალხი. როდესაც ისინი „სახელობანას“ თამაშს იწყებდნენ, ხან 5-6 საათიც კი გრძელდებოდა“.
ყოველდღე ოფიცრები ლექტორს ნიშნავდნენ. კოსმონავტიკის დღეს, 12 აპრილს, ლექცია პეპელიაშკომ ჩაატარა. ჰყვებოდა კოსმოსზე, პლანეტებზე, ფრენაზე, უკრაინული კოსმონავტიკის დამფუძნებელზე, სერგეი კოროლიოვზე და თანამედროვე გამომგონებელზე – ილონ მასკზე.
„როცა ინტერნეტი არ არის, შენი ცოდნა ისაა, რაც თავში გაქვს და იმის ამარა ხარ. გახსენდება ყველაფერი, რაც კი როდისმე მოგისმენია ავიაციაზე. ბიჭებს ძალიან მოეწონათ: „მოდი ახლა ამაზე მოგვიყევი, ახლა იმაზე“. ვყვებოდი პლანეტებზე, როგორ დაფრინავენ ჩიტები, როგორ არკვევენ, საითაა ჩრდილოეთი და საით სამხრეთი, რატომაა მარსზე გაფრენა შესაძლებელი მხოლოდ კონკრეტულ დროს და რა ძალისხმევა დასჭირდა კოროლიოვს, რომ კოსმოსი გაეხსნა“.
ყოველდღე ახალი ლექტორი ჰყავდათ, ახალი თემით. თავშესაქცევი ამბებით იშორებდნენ მძიმე ფიქრებს და ივიწყებდნენ ტკივილებს.
საკანში სამხედროები ერთმანეთზე ზრუნავდნენ. სხვა ოფიცრები ყოველთვის უთმობდნენ ადგილს ჩიჟსა და პეპელიაშკოს. მოტეხილი ფეხით დიდხანს დგომა ძნელია, მაგრამ პეპელიაშკოსთვის ჯდომაც აუტანელი იყო – ფეხის გარდა კიდევ სამი მალა ჰქონდა გატეხილი.
როცა ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა, ოფიცრები პეპელიაშკოს დროებით იატაკზე აწვენდნენ, ოთახის იმ მონაკვეთში, რომელსაც კამერა ვერ ხედავდა და თვითონ მის გარშემო სხდებოდნენ, რომ მწოლიარე კარის სარკმლიდანაც ვერავის დაენახა.
„პირველად ასე 30 წუთი ვიწექი – უბრალოდ ვიწექი იატაკზე,“ – იხსენებს ივანი. – „გითხრათ, რომ ბედნიერება იყო? ეს იყო სიამოვნების უმაღლესი მწვერვალი“.
ტყვეები მუდმივად იგონებდნენ თარიღებს, როცა მათ გაცვლიდნენ. როდესაც „ვარაუდი“ არ მართლდებოდა, ამას ბედის უკუღმართობას აბრალებდნენ და ახალ თარიღებს ნიშნავდნენ.
13 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე საკანში მორიგე შევიდა – „პეპელიაშკო და ჩიჟი, გამოდით!“
თავი არცერთს არ აუწევია – იზოლატორის წესები ამას კრძალავდა, ამიტომ მხოლოდ დერეფანში გასულები მიხვდნენ, რომ სადღაც გადაჰყავდათ. საკანში ერთ-ერთს უთხრეს, მათი ლეიბები აელაგებინა.
ჩიჟი და პეპელიაშკო ჯერ რუსეთის ფედერაციის დაზვერვის განყოფილებაში მიიყვანეს, შემდეგ კი ჩასვეს ავტობუსში, რომელშიც უკრაინელებს ჟენევის კონვენციას უკითხავდნენ და უხსნიდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. პეპელიაშკოს სკამზე წამოწოლის უფლებაც კი მისცეს. დილით ყავა დაალევინეს და აჭამეს.
დილის ხუთი საათისთვის უკვე ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე იყვნენ. იქიდან ბიჭები დედაქალაქისკენ უკრაინულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.
მთელი გზა ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ნამდვილად გაცვლა იყო. სასწრაფოს მძღოლს ეკითხებოდნენ, ვინაა გამოსახული გრივნის 100 და 200-იან კუპიურებზე. ის კი პასუხობდა, რომ არ იცის, რადგან ნაღდი ფულს არ იყენებს.
ამან მფრინავები შეაშფოთა. იფიქრეს, რომ გაცვლის ინსცენირება იყო და გადაწყვიტეს, ტყვეობაში თავს გადახდენილი ამბები არავისთან ეხსენებინათ.
კიევში, დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მისულებს უკრაინულად მოლაპარაკე ქალი შეხვდათ – სამსახურის უფროსის, კირილო ბუდანოვის ცოლი აღმოჩნდა. მერე კიდევ ერთი ახალგაზრდა – ჰუცულური აქცენტით.
საეჭვო უკვე აღარაფერი იყო.
კირილო ბუდანოვმა მფრინავებს კიევის დაცვის ამბები გამოჰკითხა და ცხელი ბორშჩით გაუმასპინძლდა. საერთო ფოტოც გადაიღეს.
მფრინავები სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსთან, კირილო ბუდანოვთან/ ფოტო: უკრაინის სამხედრო დაზვერვა
იმ დღეს, 14 აპრილს, დაზვერვის უფროსს ხშირად ურეკავდნენ. ერთ-ერთი ზარის შემდეგ, ბუდანოვი მფრინავებს მიუბრუნდა: „ბიჭებო, შესანიშნავი ამბავი მაქვს – „მოსკვა“ ფსკერისკენ მიექანება!“.
რეაბილიტაცია და ოცნება ცაზე
ჩიჟსა და პეპელიაშკოს კიევის ჰოსპიტალში ხელახლა გაუკეთეს ოპერაცია.
ჯერ კიდევ მკურნალობენ. შიშობენ, შეძლებენ კი ისევ ფრენას? იციან, რომ ეს მალე ნამდვილად არ მოხდება: ფეხიდან ტიტანის ფირფიტებს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხსნიან. ამის მერე მფრინავების ბედს სამედიცინო კომისია გადაწყვეტს.
„აკრძალვა – ალბათ, ეს იქნება ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება მოვისმინოთ“, – ნაღვლიანად ამბობს პეპელიაშკო. – „მაინც მაქვს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფრენის უფლებას მოგვცემენ“.
ცა მათი ვნებაა, მათთვის ბედნიერება მოაქვს.
თუმცა ცის გარდა, მფრინავი ახლა საკუთარი თავის წინაშე კიდევ ერთ მისიას ხედავს: სამხედროების მორალურ-ფსიქოლოგიურ დახმარებას. უკრაინელმა პილოტებმა არ იციან, რას ნიშნავს ტყვეობა – ივანი მზადაა თავისი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.
და თითქოს უკვე ლექციას კითხულობსო, ამბობს:
„საერთოდაც, ტყვეობაში ადამიანი მოგონებებით ცხოვრობს. თუ ბევრი კარგი მოგონება გაქვს, ეს გიშველის. ტყვეობაში ყოფნა შედარებით იოლია იმისთვის, ვისაც ბევრი უნახავს, ბევრი წიგნი წაუკითხავს, ბევრის მოყოლა შეუძლია და ამით სხვებსაც ეხმარება – არ აძლევს სასოწარკვეთის საშუალებას.“
ავტორი: ნატალია როპი
თარგმნა: თამარ რუხაძემ
მთავარი ფოტო: ივან პეპელიაშკო და ალექსეი ჩიჟი/ფოტო: nv.ua
დღეს, 31 მაისს, საღამოს, გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად „მეტროსითისთან“ აქცია იმართება.
აქციაზე სასტუმრო „ეუფორიას“ თანამშრომლები არიან გამოსულები და სკანდირებენ: „გალიფ ოზთურქ!“
აქცია „მეტროსითისთან“
„მეტროსითიში“ დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ, თუმცა ოფიციალური უწყებები ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ.
„გალიფ ოზთურქი უწესიერესი კაცია. ყველას ეხმარება, კეთილი საქმეების კეთება უყვარს.
ამის გამკეთებელი… ჩვენ თურქეთში მსგავსი ოპერაციები ბევრჯერ გადავიტანეთ. ეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ოპერაციაა. ამას ივანიშვილთან კავშირი არ აქვს. ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო ოპერაციაა, მაგრამ რას აკეთებენ, არაფერი ვიცით. რას ედავებიან ვერ გავიგეთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ აიჰან დაიოგლუმ, რომელიც გაგვეცნო, როგორც გალიფ ოზთურქის ყოფილი ბიზნესპარტნიორი.
2022 წლის პირველი ივლისიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის გაზი 23 თეთრით ძვირდება.
ამჟამად არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1.15 ლარია, „სოკარის“ ცნობით კი, პირველი ივლისიდან, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი იქნება 1 ლარი და 38 თეთრი, დღგ-ს ჩათვლით.
„ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე“ – აცხადებს „სოკარი“.
გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბოლოს 2021 წლის პირველი დეკემბერს გაიზარდა 20 თეთრით და 1 ლარი და 15 თეთრი გახდა.