ნეტგაზეთი • RU

მეწყერი ხულოში – უჩხოდან ოცზე მეტ ოჯახს ქირით გაიყვანენ

ხულოს სოფელ უჩხოში განვითარებული მეწყრული პროცესები 20-ზე მეტ ოჯახს უქმნის საფრთხეს.

27 მაისით დათარიღებულ, აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ უჩხოში 2 ოჯახს, რომლებიც მეწყრულ პროცესებთან ახლოს ცხოვრობენ, ადგილმონაცვლეობა სჭირდებათ, ხოლო დაახლოებით 20 ოჯახი საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც უხვი ნალექის დროს მეწყრის გააქტიურებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ხულოს მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ჯამბულატ მელაძემ უთხრა.

ჯამბულატ მელაძის თქმით, ხულოს მერია უჩხოში მცხოვრებ ამ ოჯახებს დროებით ქირით გაიყვანს სხვა ადგილას საცხოვრებლად. მან გვითხრა, რომ მერია უჩხოდან ოჯახების გაყვანაში ხვალ, პირველ ივნისს ჩაერთვება აქტიურად.

ჯამბულატ მელაძე ამბობს, რომ ხულოს მერიაში ოჯახების დროებით საცხოვრებლებში გადასაყვანად 200-დან 250 ლარამდეა განსაზღვრული, თითო ოჯახზე.

მისი თქმით, აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, „მთლიანად არეალის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის საჭიროა განხორციელდეს დეტალური საინჟინრო კვლევა“.

„ბათუმელები“ სოფელ უჩხოს ერთ-ერთ მკვიდრს, ბეჟან დეკანაძესაც ესაუბრა.  მისი თქმით, სოფლის მკვიდრები დაახლოებით ერთი კვირის წინ იყვნენ მერიაში იმის გასარკვევად, თუ რა ელით.

როგორც ბეჟანი ამბობს, ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ ბერიძეს შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გაიგეს, რომ უჩხოში მცხოვრებ ბევრ ოჯახს მოუწევს საცხოვრებელი სახლის დაცლა უსაფრთხოების მიზნით და ამ  ოჯახებს შორის მისი 5-სულიანი ოჯახიცაა.

„გავიგეთ, რომ პირველ ივნისს მერიიდან უნდა მოვიდნენ ჩვენთან. დანამდვილებით არ ვიცი როგორ იქნება და სად გადავალთ. 250 ლარს ჩაგირიცხავთ ჩვენ და იქირავეთ ბინა მუნიციპალიტეტის ცენტრში ან რომელიმე სხვა სოფელშიო გვითხრეს, როცა მერიაში ვიყავით მისულები. მერის თქმით, ქირით მხოლოდ 2-3 თვე ვიცხოვრებთ.

უკვე 3-4 ადგილზე მოვიკითხე და ვერსად ვერ ვნახე ბინა. ნათესავები შორს ცხოვრობენ, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. თავისუფალი ბინები არის ხულოში, მაგრამ ვერ შეგიშვებთ 250 ლარადო. ზოგმა გამქირავებელმა 400 ლარი მოგვთხოვა ბინაში“, – ამბობს ბეჟანი.

მისი თქმით, უჩხოში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს პირუტყვი, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ დროებით საცხოვრებლებში ქირით გადასვლას. იგი საკუთარ მაგალითზე გვიყვება, რომ საქონელს რამდენიმე დღეში წაიყვანს იალაღებზე, მაგრამ იქამდე არ იცის, როგორ მოიქცევა.

ხულოში, სოფელ უჩხოში, მეწყრული პროცესები აპრილის ბოლოს განვითარდა, აქ მიწაზე ბზარები გაჩნდა და გაღრმავდა.

______________________

ფოტოზე: მეწყრული პროცესი სოფელ უჩხოში. ფოტო: ნადიმ დეკანაძე/Facebook.

ამავე თემაზე:

ხულოში, უჩხოში, მიწაზე ბზარები გაჩნდა – სოფელში გეოლოგებს ელიან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი