მთავარი,სიახლეები

ხულოში, უჩხოში, მიწაზე ბზარები გაჩნდა – სოფელში გეოლოგებს ელიან

03.05.2022 • 3658
ხულოში, უჩხოში, მიწაზე ბზარები გაჩნდა – სოფელში გეოლოგებს ელიან

ხულოში, სოფელ უჩხოში, დაახლოებით 700 მეტრ სიგრძეზე მიწა დაიბზარა. სოფელში ამბობენ, რომ პირველი ბზარი 8-9 დღის წინ გაჩნდა 150 მეტრზე და შემდეგ მოიმატა – „წავიდა ეს ზიგზაგი და მთელი მთა მოიარა. მთლიანად მოდის მიწა. სადაც პირველი ბზარი გაჩნდა, იმის ქვემოთ, ყოველ 3-4 მეტრში ბზარები გაღრმავდა“, – გვითხრა მალხაზ აბულაძემ, უჩხოს მკვიდრმა.

მალხაზ აბულაძის თქმით, ამავე ადგილას დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა მიწის მასა დაუმუშავებელ სახნავ-სათეს ნაკვეთებსა და სათიბებში ჩაიტანა.

როგორც მალხაზ აბულაძე ამბობს, მთის კალთა, სადაც ბზარები გაჩნდა, მოძრაობს და მოსახლეობას ღამე შიშით არ  სძინავს. მისივე თქმით, მთიდან მასიური მეწყერი რომ ჩამოწვეს, საფრთხე ერთ უბანში მცხოვრებ 14 ოჯახს შეექმნება.

„არამდგრადი ნიადაგია და მოცოცავს. არავინ იცის, როდის შეიძლება განმეორდეს აქ მეწყერი, მაგრამ ყოველდღიური საშიშროებაა. რადგან ასეთი მდგომარეობაა, ყოველდღე ავდივართ და ვაკვირდებით. ყოველდღიურად მატულობს ნაპრალების სიღრმე. ტერიტორიის გეოლოგების მიერ შესწავლა ჯერ არ მომხდარა. მერიიდან უკვე იყვნენ, დაასურათეს, შეამოწმეს. გეოლოგებს ყოველდღე ველოდებით“, – ამბობს მალხაზ დეკანაძე.

„ორი დღის წინ ვიყავი ადგილზე თავად და მეწყრის შესახებ ყველა შესაბამის ორგანოს მივაწოდე ინფორმაცია. ყველამ იცის უჩხოში მეწყრის შესახებ, მათ შორის მერმა და ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. ინფორმაცია მაქვს, რომ გეოლოგებს უკვე შეატყობინეს და ელოდებიან, რომ შეამოწმონ ადგილი“, – გვითხრა ხულოს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დეკანაშვილების თემიდან, ნადიმ დეკანაძემ.

სოფელი უჩხო. ფოტო: ნადიმ დეკანაძე/Facebook

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ გეოლოგები უჩხოში მალე შეისწავლიან სიტუაციას, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

„მერიის წარმომადგენლები 29 აპრილს იმყოფებოდნენ უჩხოში. მოხდა ადგილის დასურათება, გავაგზავნეთ გეოლოგიურ სამსახურში და უახლოეს პერიოდში შეისწავლიან. გეოლოგების მიერ ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გაიცემა დასკვნა, რის შემდეგაც დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

გეოლოგებს ზუსტი თარიღი, თუ როდის შეისწავლიან აღნიშნულ ადგილს, არ უთქვამთ“, – გვითხრა ხულოს მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯამბულატ მელაძემ.

მისი თქმით, მეწყრული მოვლენების საფრთხე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა ტემპერატურის მატებასა და თოვლის დნობასთან ერთად.

„მოსახლეობასთან გვაქვს კონტაქტი. დასკვნის გარეშე ჩვენ ვერ დავგეგმავთ პრევენციულ ღონისძიებას, სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ რისკი, გავრცელების არეალი და ის, თუ რამდენად საფრთხის შემცველია“, – ამბობს ჯამბულატ მელაძე.

სოფელი უჩხო. ფოტო: ნადიმ დეკანაძე/Facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: