ეტყვის თუ არა რუსულ გემს უარს ბათუმში შემოსვლაზე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო არ პასუხობს კითხვას

მას შემდეგ, რაც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის გამო რუსულმა გემმა ბათუმის სანაპირო 3 წლის წინ დატოვა და ბათუმი მარშრუტიდან ამოიღო, იგივე რუსულმა საკრუიზო გემის Astoria Grande-ს მიხედვით, გემი ბათუმში ისევ შემოვა – ამჯერად 28 მაისს.

რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს ბათუმში შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს, 18 მაისს, უარყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.

თუმცა, ეს უწყება გავრცელებულ განცხადებაში არ ამბობს, რომ რუსულ გემს ბათუმში შემოსვლაზე ნებართვას არ მისცემს. როგორ იმოქმედებს „ოცნების“ მთავრობა, თუ რუსული საკრუიზო გემი დარჩენილ ვადაში განაცხადით მიმართავს? არსებობს რუსულ გემზე უარის თქმის საფუძველი? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უპასუხოდ დატოვეს.

საინტერესო ამ ამბავში კიდევ ისაა, რომ 3 წლის წინაც, როცა ბათუმში რუსული გემი შემოვიდა, იგივე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფდა რუსული გემის შემოსვლის შესახებ წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციას. მაშინ გემი 31 ივლისს შემოვიდა, ხოლო „ბათუმელების“ მიერ 30 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში წაიკითხავდით ამას:

„2023 წლის 28 ივლისს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ საკრუიზო გემ Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში 28 ივლისის საღამოს 9 საათამდე მომართვა არ მიუღიათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2023 წლის 30 ივლისსაც ვერ მივიღეთ ინფორმაცია: საკრუიზო გემმა გაიარა თუ არა ნავსადგურში შემოსვლისთვის საჭირო პროცედურები?

2023 წლის 31 ივლისს რუსული გემის შემოსვლის გამო ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ აქციაზე 23 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. აქციაზე დაკავებულები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

2023 წელს გემმა ვადაზე ადრე დატოვა ბათუმის პორტი და მას შემდეგ მის მარშრუტში საქართველოს აღარ ეწერა. წელს კი ისევ გამოჩნდა მის მარშრუტში ბათუმი.

  • ახლაც, როცა რუსული საკრუიზო კომპანია Astoria Grande აქვეყნებს მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-სოჭის შესახებ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება „არ შეესაბამება სინამდვილეს“ და „ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად.“

კიდევ ერთი დეტალი: 3 წლის წინ რუსული გემიდან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. 

ირაკლი კობახიძე იმ პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო და „ქაჯობად“ შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

ამავე თემაზე:

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

ვინ და რას აშენებს ბაგრატიონის ქუჩაზე ბათუმში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება

ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“.

მშენებლობას მომიჯნავედ, ნაგრატიონის #129-ში, მაღასართულიან კორპუსში მცხოვრებლები აპროტესტებენ, ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოები მათ კორპუსთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს, არ არის დაცული მიჯნის ზონა და „კომპანია მათ კორპუსს საძირკველს უთხრის“. 

ბაგრატიონის #131-ში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი 3196 კვ. მეტრია. დოკუმენტების მიხედვით მშენებლობის დამკვეთი თავიდან „ბაგრატიონ რეზიდენსი თაუერი“ იყო, შემდეგ კომპანიას სახელი შეუცვალეს.

მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ 2026 წლის მარტში, 2024 წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე გასცა, თუმცა მოქმედ მერს ეს პასუხისმგებლობას არ უხსნის, თუ ამ მშენებლობის გამო გვერდითა კორპუსების მდგრადობა ეჭქვეშ დადგება. იმ შემთხვაშიც კი, თუ კომპანია სანებართვო პირობებს გასცდა, პასუხისმგებლობა კომპანიასთან ერთად მერიას მაინც ეკისრება, რადგან სწორედ ამისთვის არსებობს მუნიციპალური ინსპექცია, რომ გადაცდომა აკონტროლოს.

ბაგრატიონის #131- ში სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 2024 წელს დაამტკიცა. საკრებულომ მერიის ინიციატივით კომპანიას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი გაუზარდა და შედეგად უფრო მაღალ შენობას ააშენებს, ვიდრე ეს კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

საკრებულოს განკარგულება

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით აქ კომპანია გეგმავს 130 მეტრი სიმაღლის კორპუსის მშენებლობას.

ამონარიდი პროექტის პარამეტრებზე გდგ დოკუმენტიდან

 

პროექტის რენდერი გდგ – დან

დოკუმენტის მიხედვით, გეგმარებითი დავალების შესაბამისად მომიჯნავე ტერიტორიაზე მოსახლეობა გამოკითხეს და მათი დამოკიდებულება ახალი მშენებლობის მიმართ გდგ-ში დააფიქსირეს.

კვლევის თანახმად მოსახლეობის რეკომენდაციები და სურვილები ასეთი იყო:

„ყურადღება მიექცეს მშენებლობის ვადებში დასრულებას, აქტიურ სამშენებლო სამუშაოებში ჩართული იყოს და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შედარებით ხელმისაწვდომი ფასები იყოს ბინებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

სქრინი გდგ – დან – მოსახლეობის გამოკითხვა

კომპანია განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერს ასევე, რომ გეგმის დამუშავების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათი აზრიც მოისმინა განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების პროცესში მოხდა სამუშაო შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელზეც შეჯერდა საჯარო და კერძო ინტერესები.

„ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას სუსტი ინფრასტრუქტურის და შეუსაბამო ფუნქციის მქონე შენობებისაგან ტერიტორიების გამოთავისუფლება განვითარება. მათი პირობებია: დაცული იქნას ქალაქმშენებლობითი ნორმები, პროექტის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იქნას ურბანული პოლიტიკა, გამწვანების და ინფრასტრუქტურის საკითხი, ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სთხოვეს ინვესტორს გაითვალისწინონ ბათუმის მოსახლეობის მოსაზრებები“.

 სამი დღეა მოქალაქეები ამ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ, თუმცა ადგილზე არც საკრებულოდან და არც მერიიდან არცერთი პასუხისმგებელი პირი მისულა. მოსახლეობის თქმით ადგილზე მივიდა მუნიციპალური ინსპექცია გამოძახების შემდეგ, თუმცა კომპანიას მშენებლობა არ შეუჩერებია. 

დოკუმენტების მიხედვით, გეგმარებითი დავალების შესახებ ბრძანება 2024 წელს მაშინდელმა ვიცე-მერმა, ლევან დავითაძემ გასცა, ახლა ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.  პროექტის არქიტექტორია ბათუმის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მეტრეველი.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

„ვინაიდან, საპროექტო ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მრავალსართულიანი შენობები, აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე მრავალბინიანი მრავალსართულიანი სახლის განთავსება არ გამოიწვევს ურბანულ ქსოვილში დისონანსის შეტანას, ჩამოყალიბდება მდგრადი გეგმარებითი ერთეული, რაც ურბანული თვალსაზრისით გამართლებული და მიზანშეწონილია“.

გდგ-ში დიდი ადგილი არ ეთმობა გეოლოგიურ კვლევას და მომიჯნავე ტერიტორიების მდგრადობის საკითხს.

ფოტოზე ორსართულიანი შენობა, რომელიც კომპანიამ ახალი მშენებლობის დასაწყებად დაანგრია

ბათუმის მერიის განმარტებით, ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კომპანია სამშენებლო სამუშაოებს მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.

„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება. მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს“ – მოგვწერეს მერიიდან. 

მოქალაქეების ინფორმაციით, კი რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ, ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს, თუმცა მათი  საცხოვრებელი კორპუსების ბზარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა ადგილზე ამ დრომდე არ დაუწყიათ.

ამავე თემაზე: 

„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

 

საკრუიზო კომპანია რუსული გემის ბათუმში შემოსვლას აანონსებს – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს

რუსული გემი, რომელსაც 3 წლის წინ პროტესტის ნიშნად დაატოვებინეს ბათუმის სანაპირო, ბათუმში ისევ შემოდის. რუსული გემი Astoria Grande 28 მაისს, დილის 10 საათზე შემოვა.

საკრუიზო კომპანიის Astoria Grande-ის ოფიციალური გვერდის მონაცემებით, რუსული გემი სოჭიდან 26 მაისს გამოვა, ჯერ ტრაბზონში ჩავა, ხოლო 28 მაისს ბათუმში შემოვა. რუსული გემი ბათუმში ერთი ღამით გაჩერდება. საკრუიზო პროგრამის მიხედვით, რუსული გემი ბათუმს 29 მაისს, საღამოს 7 საათზე დატოვებს.

2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მწვავე პროტესტის გამო რუსულმა გემმა მალევე დატოვა ბათუმის სანაპირო. მაშინ ლაინერმა მარშრუტებიდან საქართველოს მიმართულება საერთოდ ამოიღო.

წელს საქართველო რუსული გემის მარშრუტში დაბრუნდა.

„ბათუმელები“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

განახლებული ინფორმაცია:

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში რუსული საკრუიზო გემის Astoria Grande-ს შემოსვლის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება,“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელსაც, როცა რუსული საკრუიზო გემი ავრცელებდა ინფორმაციას ბათუმში შემოსვლის შესახებ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებდნენ, რომ „საკრუიზო გემ Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში 28 ივლისის საღამოს 9 საათამდე მომართვა არ მიუღიათ“. 

  • რა ხდება?

საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE-ს ბათუმში შემოსვლას 2023 წლის ივლისში საპროტესტო აქცია მოჰყვა, სადაც 23 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. აქციაზე დაკავებულები 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.

მაშინ რუსული გემიდან ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ. 

ირაკლი კობახიძე იმ პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო და „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაზიდვები იწყებოდა, 2023 წლის იანვარში გავრცელდა რუსულ მედიაში. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ქართულმა მხარემ უარყო.

ამავე თემაზე:

ვინ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე – ჯარიმები პროტესტისთვის

 

 

„ოცნებას“ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით“ – რას ამბობენ ბათუმში „კვადროციკლების აქციაზე“

„ესაა გულდასაწყვეტი, რომ ხმას „ოცნებას“ ვაძლევდით და მხარს ვუჭერდით, დღეს იმის ღირსი არ ვართ, რომ მხარი დაგვიჭირონ? მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით „ოცნებას“, ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა დავითაძემ. ის კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციის მონაწილეა.

კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციამ დღეს, 18 მაისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გადაინაცვლა.

კვადროციკლების მფლობელმა საპროტესტო აქციების გამართვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მას შემდეგ დაიწყეს, როცა დაახლოებით 2 თვის წინ ბათუმის ბულვარში კვადროციკლების გაქირავება აიკრძალა. საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ მოქალაქეებს კონკრეტული ადგილი შესთავაზა – აკვაპარკიდან ახალი ბულვარის ბოლომდე.

თუმცა ეს პირობა კვადროციკლების მფლობელებისთვის მიუღებელია.

„ბანკი ვალები აქვს ყველას… საშინელ დღეში ვართ, თვითდასაქმებული ვართ და არ გვამუშავებენ, ბულვარში ხალხი დასასვენებლად დადის, ჩვენ სამუშაოდ,“ – ამბობენ კვადროციკლის მფლობელები. მათ დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა: „გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით“, – უთხრა აქციაზე შეკრებილებს აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეებს ეჭვი აქვთ, რომ ბულვარზე „ვიღაც მილიარდერს აქვს თვალი დადგმული“.

„ალბათ ვიღაცას თვალი აქვს დადგმული [ბათუმის ბულვარზე], მილიარდერები გვყავს საქართველოში…. ეს არის მილიონერების ქვეყანა, მათ ყველაფრის უფლება აქვთ,“ – ამბობს ვაჟა დავითაძე და ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ აქციაზე გამოსული ადამიანების დიდი ნაწილი მისი ჩათვლით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია:

„ხალხზე არ ფიქრობენ, აი, ესაა სამწუხარო.

აქ ვინც არის მოსული, ყველა „ოცნებას“ აძლევდა ხმას, მეც პირადად და სულ ყველა…. განვიხილავთ თქვენს საკითხსო, რას განიხილავენ? გამოგვიყვეს ადგილი 200-300-მა კაცმა უნდა ვიმუშაოთ 700-800 მეტრზე… მინიმუმ წინასწარ უნდა გააფრთხილო ხალხი, ყველას ბანკში აქვს სახლი ჩადებული. ყველა ემზადება სეზონისთვის. აბა, საწარმო და ფაბრიკა ჩვენ არ გვაქვს, რომ სადმე იმუშაო,“ – გვითხრა ვაჟა დავითაძემ.

კვადროციკლების გამქირავებელთა აქციაზე ვესაუბრეთ მაყვალა გოგრაჭაძესაც. იგი 20 წელი იყო ემიგრაციაში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, ბულვარში მოპედების გაქირავებით დასაქმებულიყო:

„დილის აქეთ აქ ვდგავარ წვიმაში და პასუხიც კი არ გაგვცეს…

20 წელი ვიყავი ემიგრაციაში, ვალაგებდი, ბებია-ბაბუებს ვუვლიდი, ახლა 53 წლის ვარ, დავიღალე… ასე კომუნისტებიც არ იქცეოდნენ: უმუშევარი რომ ყოფილიყავი, დაგიჭერდნენ,“ – გვითხრა მაყვალა გოგრაჭაძე.

„ჩვენი ხმა იმიტომ არ ესმის „ოცნებას“, რომ არ გვთვლიან ადამიანებად, არ გვთვლიან არაფრად… მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ახლა კარგს ვერაფერს ვხედავთ,“- ამბობს გიორგი ჩხაიძე.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ბოლო დღეებია რამდენიმე აქცია იმართება ერთდროულად. დღეს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ბულვარში წვენებით მოვაჭრეებიც შეიკრიბნენ. ასევე დილით გამართეს აქცია სუვენირებით მოვაჭრეებმა.

ამ თემაზე:

„შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის“ – სუვენირებით მოვაჭრეების აქცია ბათუმში

 

ქედაში მაგისტრალის შესაკეთებლად 3,6 მილიონი ლარი იხარჯება – როდის დასრულდება სამუშაოები

ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. გზების დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაოები „უახლოეს დღეებში დასრულდება“.

გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ქედის სოფლების – დოლოგნისა და მახუნცეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

„ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და მხოლოდ მცირედი დეტალებია დარჩენილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ დღეს, 18 მაისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

გზის ამ მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დეპარტამენტმა დღეს ინფორმაციაც გაავრცელა სადაც აღნიშნულია:

„სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ქვედა და ზედა საყრდენი კედლები, კიუვეტები და წყალგამტარი მილი. მდინარე აჭარისწყალზე ეწყობა ნაპირსამაგრი ქვედა საყრდენი კედელი.

ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა შესაბამისი საგზაო ნიშნები, ლითონის თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 626 414 ლარს შეადგენს.

ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე აჭარისწყალის კალაპოტში / საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტოები

მთავარ ფოტოზე: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ქედის მუნიციპალიტეტში / გზების დეპარტამენტის ფოტო

„მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს“ – სუვენირებით მოვაჭრეები პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეები დღეს, 18 მაისის დილას, ზურაბ პატარაძეს აჭარის მთავრობის სახლის შესავლელთან დახვდნენ.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც სამსახურში მისულმა ზურაბ პატარაძემ ისინი დაინახა, მანქანიდან არ ჩამოვიდა და მეორე შესასვლელიდან სცადა მთავრობის სახლში შესვლა.

„ოთხი თვეა გვემალებიან, ვერ ვხვდებით პირველ პირებს. გვახვედრებენ მეორე, მესამე პირებს. ჩვენ გვინდა პირველი პირი, ვინც გადაწყვეტს საკითხს.

მთავრობის სახლს აქვს ორი შესასვლელი. დღეს დილით მოვიდა ზურაბ პატარაძე, მანქანა გააჩერა, დაგვინახა რომ ჩვენ ვიყავით, არ ჩამოვიდა. წავიდა მანქანა მეორე მხარეს.

რადგან ვიცოდით, რომ მეორე შესასვლელიდან შეიძლება შესულიყო, ამიტომ დახვდნენ იქაც. რომ დაინახა იქაც ხალხი იყო, არ ჩამოვიდა მანქანიდან, მერე გადასვეს ეტყობა სხვა მანქანაში, რადგან მალევე სხვა მანქანა მოვიდა ჩაბურული მინებით და შევიდა პარკინგზე. სავარაუდოდ იმ მანქანაში ზურაბ პატარაძე იყო.

ასე მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ლომთაძემ, აქციის მონაწილემ.

სუვენირებით მოვაჭრე მზია ხიმშიაშვილი გვიხსნის, რატომ გადაწყვიტეს 18 მაისის დილას დახვედროდნენ სამსახურში მიმავალ ზურაბ პატარაძეს.

„გუშინ 17 მაისის მსვლელობა რომ იყო, მსვლელობის დროს მივედით პატარაძესთან. სხვათა შორის, არ გაგვჭირვებია მისვლა. მოგვისმინა და გვითხრა თქვენს გვერდით ვარო. დღეს ვიფიქრეთ, გუშინ რომ არ გაგვიჭირდა კომუნიკაცია, ალბათ დღესაც მიგვიღებს-თქო. ამიტომ მოვედით ადრე. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ვიყვიროთ, ვიჩხუბოთ.

უბრალოდ 4 თვით განმავლობაში უკიდურეს მდგომარეობამდე მივედით ყველა,” – ამბობს მზია ხიმშიაშვილი “ბათუმელებთან”.

სუვენირებით მოვაჭრეებმა ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა ვიდეოზე თავად გადაიღეს.

„ამ თემას ვადევნებ თვალყურს და ჩემი ამოცანაა, რომ რაღაცა კომპრომისი გამოიძებნოს და მოვნახოთ გამოსავალი. მუშა პროცესია, ოღონდ უნდა გამოვნახოთ კომპრომისი. ჩვენ მოვდივართ საუბარზე. თვითმმართველობა სრულად ჩართულია, მთავრობაც, რათა გამოინახოს კომპრომისი. თქვენც უნდა წამოგვყვეთ,” – უთხრა ზურაბ პატარაძემ სუვენირებით მოვაჭრეებს.

მზია ხიმშიაშვილის თქმით, სწორედ გუშინდელმა შეხვედრამ გაეჩინათ იმედი, რომ ვინმე მათ გასაჭირს მოისმენდა და შეხვდებოდა. ამიტომ დახვდნენ სამსახურში მისულ პატარაძეს, თუმცა ის მანქანიდან არ ჩამოვიდა.

"მთავრობა ასე ხალხს არ უნდა ემალებოდეს" - სუვენირებით მოვაჭრე

ზურაბ ლომთაძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, ვისაც ბათუმის მერიამ ბათუმის ბულვარში სუვენირების გაყიდვა აუკრძალა და ჯიხურები წაართვა.

ბათუმში სუვენირებით და ხილით მოვაჭრე ათობით ადამიანი უმუშევარი 2026 წლის თებერვლიდან დარჩა – ბათუმის მერიამ სავაჭრო ჯიხურები გოგებაშვილის ქუჩიდან, ასევე ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან აიღო.

თებერვლის შემდეგ მოვაჭრეებმა არაერთი აქცია გამართეს.

მათ შორის აქცია გამართეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შეკვეთილში.

თავდაპირველად მოვაჭრეები ფიქრობდნენ, რომ „ივანიშვილმა არ იცოდა მათი გასაჭირის შესახებ“, თუმცა ორი აქციის შემდეგ ფიქრობენ, რომ „მთავრობას ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ ხალხის მიმართ“.

ქართული სუვენირებით და ხილით მოვაჭრეებმა არაერთი აქცია გამართეს ბათუმის მერიასთანაც. შეხვდნენ მერის წარმომადგენელს, თუმცა ის, რაც მათ მერიამ შესთავაზა, მიუღებელი აღმოჩნდა.

ზურაბ ლომთაძის თქმით, სავაჭრო ჯიხურების აღების შემდეგ უმუშევარი დარჩა დაახლოებით 30 ადამიანი. მისი თქმით, მერია მოვაჭრეებს მხოლოდ ათი ადგილის გამოყოფას ჰპირდება, ისიც ახალ ბულვარში.

„გვითხრეს, რომ სავაჭრო ჯიხური უნდა გავაკეთოთ თავად, რაც ჯდება 30 ათასი ლარი. ამასთან შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის.

ჯერ ხომ დაგვაქციე იმით, რომ 4 თვის წინ ჯიხურები აიღეს, ახლა ამხელა ხარჯი უნდა გაწიოო, გვეუბნებიან,“ – ამბობს ზურაბ ლომთაძე.

კიდევ ერთი სუვენირებით მოვაჭრე მზია ხიმშიაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ადგილი, რომელსაც მერია სთავაზობს, მხოლოდ 2 თვე შეიძლება იყოს შედარებით დატვირთული.

„ვვაჭრობდით გოგებაშვილზე, მერიის მიერ შეთანხმებულ ჯიხურებში, ზამთარ-ზაფხულ გვქონდა მუშაობა. ახლა გვთავაზობენ ისეთ ადგილს, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ ორი თვე იყოს დატვირთული.

ასევე, ახალი ბულვარის ბოლო იცით როგორიცაა, წვიმასა და ქარში იქ მუშაობა გაჭირდება. ვითხოვთ პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას, რომ მუშაობის საშუალება მოგვეცეს,“ – ამბობს მზია ხიმშიაშვილი.

რატომ არ შეხვდა სამსახურში მისული ზურაბ პატარაძე სუვენირებით მოვაჭრეებს? – ვკითხეთ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს.

„აღნიშნულ პირებს მთავრობის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა და მოისმინა მათი მოთხოვნები. სუვენირებით მოვაჭრეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან.

ამავე თემაზე:

„შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის“ – სუვენირებით მოვაჭრეების აქცია ბათუმში

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

თიბისი კონცეპტი აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალ სიცოცხლეს სძენს, უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას და თანამედროვე ფორმით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

27 მაისს, თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის – ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ კონცერტს, რომლის შემოქმედებაც დღემდე ინარჩუნებს ემოციურ სიღრმესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას.

სხვადასხვა თაობის მუსიკოსები, რომელთა რეპერტუარში ინოლას შემოქმედება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, საღამოზე ინოლას სიმღერებს გააჟღერებენ: ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი
ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნოდარიკო ხუციშვილი, სოფო ბათილაშვილი
მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე, რეზო კიკნაძე, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ინოლა გურგულიას ოჯახთან ერთად, ინოლას უნიკალური 100 საარქივო აუდიოჩანაწერი, ლიმიტირებული რაოდენობის ვინილების ნაკრებად გაერთიანდა. აუდიო ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო აუდიტორიისთვის. კოლექციის საფუძველი ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ჩანაწერები აღმოჩნდა, სადაც ინოლა გურგულია საკუთარ სიმღერებს ასრულებს. სწორედ აღნიშნული ალბომებიდან მოისმენენ სტუმრები სიმღერებს ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტზე.

კონცერტი გაიმართება 27 მაისს, 20:00 საათზე.
მისამართი: კონსტიტუციის 6/52

თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები, ბილეთის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

*კონცერტის სტუმრებისთვის, ვინილების ნაკრების შეძენა ადგილზე შესაძლებელი იქნება 15%-იანი ფასდაკლებით თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას.

„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმში, ბაგრატიონის 129 ა-ში მცხოვრები მოქალაქეები მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს 33-სართულიანი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოქალაქეების თქმით, მშენებლობის პროცესში არ არის დაცული განაშენიანების ნორმები და უსაფრთხოება.

„გვითხრიან საძირკველს, დაბზარულია აივნები, კედლები“- ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს, 18 მაისს, სამშენებლო ობიექტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

მოქალაქეების თქმით, მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს კიდევ ერთმა მშენებლობამ გამოიწვია მათი კორპუსის დაზიანება.

მოქალაქეები ცდილობენ პასუხი მიიღონ როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე მერიისგან. მათ გადაკეტეს გზა და არ აძლევენ კომპანიის მანქანებს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას, რამაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია კომპანიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის. 

„ხალხს ფული გვაქვს გადახდილი ამ ბინებში და ვცხოვრობთ, ზიანდება ჩვენი ბინები“ – ამბობს აქ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.

„ჩვენ მშვენიერი ხედით შევიძინეთ ბინები, ახლა კი ნახეთ რა მდგომარეობაა. შიშის ქვეშ ვიძინებთ“- გვითხრა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

„შეიძლება ასე ახლოს ბინები? ბინა ბინაზეა მიმდგარი, არ უნდა გავაღო ფანჯარა? მეზობლის ფანჯარა იქნება მომდგარი. აქ თავის დროზე იყო პირობა გაცემული, რომ ამ ადგილზე სხვა კორპუსი არ უნდა აშენებულიყო, მაგრამ ეს პირობა დაარღვიეს“ – ამბობს მოქალაქე.

„ხანძარი, რომ გაჩნდეს, საიდან უნდა შევიდეს ეზოში სახანძრო“, „იმის ნაცვლად რომ მოვიდნენ და აგვიხსნან, ვართ თუ არა საფრთხეში, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ. ჩვენ ვართ მუდმივი მაცხოვრებლები, შვილები გვყავს და უნდა ვიცოდეთ ხომ არ გვემუქრება საფრთხე“, „განათლების, ხედის, ჰაერის პრობლემას რომ თავი დავანებოთ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. 

„მოვიდნენ და გაიგონ რატომ ვდგავართ და რატომ ვაპროტესტებთ. ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული?“- ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამავე ტერიტორიაზე იმყოფება.

„მე თვითონ ვნახე, დავათვალიერე და ბინები დაბზარულია, მუნიციპალური ინსპექცია არ მოდის, პატრული გამოვიძახეთ და არ მოვიდა. მოქალაქეების უფლებები ხომ უნდა იყოს დაცული?

მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომ გავიგოთ რა საფრთხის წინაშე დგანან ამ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა, რადგან ის საფრთხეს უქმნის მომიჯნავე კორპუსებსაც და ასევე ახშობს სივრცეს.

აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ ახალი მშენებლობის დაწყებამდე მათ სახლებში ბზარები არ იყო და ახლა გაჩნდა.

ამ დროისთვის [ 12:00 სთ] მოქალაქეებს სამშენებლო მოედანი გადაკეტილი აქვთ და ტექნიკას არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას.

მათი თქმით, მათ სასამართლოშიც უჩივლეს კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებს ბაგრატიონის 129 ნომერში, თუმცა ჯერ-ჯერობით საქმის განხილვა არ დაწყებულა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ბზარები მათი სახლის კედლებში მშენებლობის დაწყების შემდეგ გაჩნდა

ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“.

„ბათუმელების“ მერიას დაუკავშირდა კომენტარისთვის. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კომპანია სამშენებლო სამუშაოებს მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.

„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება.

მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 350 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 939 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 583 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 42 262 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 792 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 386 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 297 057 ერთეული [+1 603]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 415 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 97 338 ერთეული [+220]
  • სპეცტექნიკა – 4 200 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 628 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პუტინი ჩინეთში მიდის სი ძინპინთან შესახვედრად

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 44 წლამდე ასაკის ქალები არიან

2026 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, საქართველოში ოჯახში ძალადობაზე 2025 შემაკავებელი ორდერი გამოიცა 3774 პირზე – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.

1641 ქალი შს სამინისტროს სტატისტიკაში იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათგან 41 პირი 13 წლამდე გოგო იყო.

წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან [აღრიცხულია 847 რეგისტრირებული შემთხვევა].

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 282 კაცი გახდა 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ოთხი მათგანი 17 წლამდე მოზარდი იყო.

ოჯახში ძალადობის ფორმების სტატისტიკური ანალიზი კი ასე გამოიყურება:

  • ფსიქოლოგიური – 1897
  • ფიზიკური – 488
  • ეკონომიკური – 29
  • სექსუალური – 14
  • იძულება – 12
  • უგულებელყოფა – 19

2026 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული თბილისში [936], ქვემო ქართლში [231], კახეთსა [205] და აჭარაში [167].

ამავე პერიოდში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმში [1], მცხეთა-მთიანეთში [12] და გურიაში [22].

„ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ“ – თბილისი პრაიდის განცხადება

ლგბტქ+ მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ქმნიან სივრცეებს, სადაც სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია.

„სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ.

ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. ამიტომ ვიცით, როგორ გადავრჩეთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ შევინარჩუნოთ ადამიანურობა ყველაზე რთულ პირობებშიც.

2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო.

ჩვენს სხეულებზე იწვრთნებოდა ის ავტორიტარიზმი, რომელიც დღეს უკვე მთელი საზოგადოებისთვისაა ხილული.

ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ. გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე.

ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია.

ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ.

ზოგჯერ გადარჩენაც ბრძოლის ფორმაა. ჩვენი წინააღმდეგობა მხოლოდ უფლებებისთვის ბრძოლა არაა – ის სიყვარულიცაა, სიხარულიც და თავისუფლების სურვილიც“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 17 მაისი აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, თუმცა საქართველოში 2014 წელს დაარსებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ დააარსა საპატრიარქომ.

„ოჯახის სიწმინდის დღის“ დაარსებას წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია, სადაც ლგბტქი+ თემის წევრები და მათი უფლებების მხარდამჭერები იღებდნენ მონაწილეობას. ეს აქცია ძალადობის სამიზნე გახდა – მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.

2014 წელს კი 17 მაისი, საპატრიარქომ, პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით, „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა. მას შემდეგ თბილისსა და ბათუმში, საპატრიარქოსა და მთავრობის ჩართულობით და ორგანიზებით, ადამიანები იკრიბებიან და „ოჯახის სიწმინდეს“ ქუჩაში მსვლელობით აღნიშნავენ.  მათი დიდი ნაწილი, ტრადიციულად, საჯარო მოხელეები და მუნიციპალური ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

„ოცნება“ ამ დღეს, ფაქტობრივად, განიხილავს, როგორც თავისი მხარდამჭერების მსვლელობას ქალაქის ქუჩებში.

 

ოზურგეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში დააკავეს სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

შსს-ს ცნობით, თურქეთის მოქალაქე მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

უწყების ცნობით, დაკავებული, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

პოლიციამ ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

საიას განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც, წინა წლების მსგავსად, ლგბტქი ადამიანების უფლებების უგულებელყოფის, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის წაქეზების, დისკრიმინაციული კანონმდებლობის და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება.

ლგბტქი თემი სახელისუფლებო პროპაგანდის განსაკუთრებული სამიზნე 2024 წლიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ლგბტქი ადამიანებს სისტემური უთანასწორობის, დისკრიმინაციის გარემოში უწევდათ ცხოვრება, რასაც სახელმწიფოც უწყობდა ხელს, 2024 წლიდან ხელისუფლებამ პროაქტიულად დაიწყო ლგბტქი თემისაგან მტრის ხატის შექმნა დისკრიმინაციული კანონპროექტებით და კანონებით და სიძულვილის შემცველი რიტორიკით.

კვლავ ძალაშია 2024 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს მრავალ ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით და სამეცნიერო სივრცეებში, კრძალავს ტრანს-სპეციფიკურ ჯანდაცვას, რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას.

ეს კანონები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთანაც, რის გამოც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მათი გაუქმებისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ კანონებს ოჯახების და ბავშვების უფლებების დაცვის მოტივით ხსნის. სინამდვილეში, ეს კანონმდებლობა აზიანებს, მათ შორის ბავშვებსაც, რომელთაც ბულინგის, სიძულვილის, ძალადობის მიმართ უფრო დაუცველსა და მოწყვლადს ტოვებს.

ბავშვებზე მათი მავნე გავლენის დადასტურებაა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის 2024 წლის დასკვნითი შეფასებებიც, რომელმაც საქართველოს მოუწოდა, უარი ეთქვა მაშინ ინიციირებულ ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ საკონსტიტუციო კანონის პროექტზე, რომელიც შინაარსობრივად მოგვიანებით, 2024 წლის სექტემბერში მიღებული კანონის იდენტური იყო.

ანტიგენდერული რიტორიკა, რომლის შედეგიც არის კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ გაქრობა, ასევე უარყოფითად მოქმედებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, იწვევს ისეთი გენდერული როლების დამკვიდრებას, რომლებიც ძალადობის მიმღებლობას ზრდის, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს.

შემთხვევითი არ არის, რომ ლგბტქი თემზე გაძლიერებული თავდასხმა სწორედ ავტორიტარიზმისკენ სწრაფ შემობრუნებას და სხვა რეპრესიული კანონების აგრესიულ მიღებას დაემთხვა. გარდა იმისა, რომ ჰომოფობიის და ტრანსფობიის გაძლიერება ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებების სამართალს და საფრთხეში აყენებს ლგბტქი ადამიანებს, იგი ასევე წარმოადგენს სხვა მძიმე უფლებადარღვევების გამო ქართული ოცნების კრიტიკისაგან ყურადღების გადატანის იარაღს, ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და შედეგად თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ გამოხატვისა, უფრო დაუცველს ტოვებს რეჟიმის წინაშე“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

___________

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

„ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას“ – მზექალა შანიძის კომენტარი 17 მაისს

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, „ნეტგაზეთს“ ამ დღესთან დაკავშირებით თავის კომენტარს უზიარებს.

„ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას და თავისუფლებას უზღუდავს მთელ საზოგადოებას“ – ასეთია ენათმეცნიერის კომენტარი. 

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 17 მაისი აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, თუმცა საქართველოში 2014 წელს დაარსებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საპირწონედ დააარსა საპატრიარქომ.

„ოჯახის სიწმინდის დღის“ დაარსებას წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია, სადაც ლგბტქი+ თემის წევრები და მათი უფლებების მხარდამჭერები იღებდნენ მონაწილეობას. ეს აქცია ძალადობის სამიზნე გახდა – მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.

2014 წელს კი 17 მაისი, საპატრიარქომ, პატრიარქ ილია II-ის ინიციატივით, „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა. მას შემდეგ თბილისსა და ბათუმში, საპატრიარქოსა და მთავრობის ჩართულობით და ორგანიზებით, ადამიანები იკრიბებიან და „ოჯახის სიწმინდეს“ ქუჩაში მსვლელობით აღნიშნავენ.  შეკრებილების დიდი ნაწილი, ტრადიციულად, საჯარო მოხელეები და მუნიციპალური ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.

„ოცნება“ ამ დღეს, ფაქტობრივად, განიხილავს, როგორც თავისი მხარდამჭერების მსვლელობას ქალაქის ქუჩებში.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 13  – 18 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19 მაისს აჭარაში მოსალოდნელია კვლავ წვიმა, 20 მაისს კი გამოიდარებს.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 348 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 938 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 578 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 42 215 ერთეული [+82]
  • MLRS – 1 790 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 384 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 295 454 ერთეული [+2 131]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 410 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 97 118 ერთეული [+325]
  • სპეცტექნიკა – 4 196 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 628 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

პუტინი ჩინეთში მიდის სი ძინპინთან შესახვედრად

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

იაპონელი მოგზაური წერს, რომ ველოსიპედი, რომელიც ქობულეთში მოჰპარეს, ნაპოვნია

იაპონელი მოგზაური, ნაოია ტაბიბიტო, რომელსაც 11 მაისს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, ინსტაგრამზე წერს, რომ მისი ველოსიპედი ნაპოვნია.

იგი წერს, რომ მისი ველოსიპედი ქობულეთიდან 120 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

„პოლიციამ ის იპოვა!

ასევე მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის გავრცელებას“ – წერს მოგზაური.

ველოსიპედი თვითნაკეთია და მისი საშუალებით იაპონელმა მოგზაურმა არაერთი ქვეყანა მოიარა. მას ველოსიპედი ქობულეთში მოჰპარეს.

„დილით რომ გავიღვიძე, ველოსიპედი, რომელიც კარვის გვერდით მეგულებოდა, აღარ დამხვდა“ – ამბობდა მოგზაური.

შუახევში ახალგაზრდა კაცი, მაშველი დაიღუპა – იგი ხრამში იპოვეს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოსთან, ხრამში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცი სამაშველო სამსახურში მუშაობდა. იგი დაახლოებით 35 წლის იყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა სუფრა 15 მაისს, გვიან საღამოს, რომელზეც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხრამში დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

რომელ ოჯახებს შეუწყდებათ სოცდახმარება – კობახიძის ახალი დადგენილება

„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამოიღებენ ოჯახს, რომლის წევრის შემოსავალი 1250 ლარია ერთი თვის განმავლობაში.

დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარის, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე“ – ვკითხულობთ დადგენილებაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“.

სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული, ამ დროისთვის 180 ათასს აღემატება. ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა კი 700 000-ზე მეტია.

„ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება წელს დაიწყო, პროცესის დაწყებამდე კი დააანონსა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა უნდა შემცირდეს.

ამავე თემაზე: 

როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

 

თურქეთში, ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა

თურქული მედიის ცნობით, დღეს, 16 მაისს, ქალაქ სამსუნში, ქუჩაში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

ინციდენტი დაახლოებით  დილის 06:30 საათზე, ქაზიმ კარაბექირის უბანში მოხდა.

დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ორი შენობის სახურავი და ფანჯრები.

მედიის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვისი წარმოებისაა დრონი და რა მიზნით იქნა გაშვებული.

არსებული ინფორმაციით, დრონი დაახლოებით 25 კილოგრამს იწონის და მისი ფრთების შლილი დაახლოებით 1 მეტრია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

______________

ფოტო: haberler.com

 

„მერსედესმა“ შესაძლოა სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს

ცნობილმა  გერმანულმა ავტოკონცერნმა, „მერსედესმა“, შესაძლოა, სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ Mercedes-Benz Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა ისაუბრა ამერიკულ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

„მსოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა და, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას, მზად ვიქნებით ეს გავაკეთოთ“ – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ კონცერნის შესვლა იარაღის წარმოების სფეროში შესაძლებელია, თუ ეს ეკონომიკურად მიზანშეწონილი იქნება.

მან ასევე თქვა, რომ თავდაცვითი ბიზნესი კონცერნის საერთო პორტფელის მხოლოდ მცირე წილი იქნება, თუმცა სწორედ ეს სფერო შეიძლება გახდეს მზარდი ნიშა.

მედიის ცნობით, იარაღის წარმოება შესაძლოა დაიწყოს გერმანულმა „ფოლკსვაგენმაც“.

2025 წლის აპრილში „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Volkswagen-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის თავდაცვის კომპანიასთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. გამოცემის ცნობით, მხარეები გეგმავენ Volkswagen-ის ოსნაბრიუკის ქარხნის ხელახალ აღჭურვას ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „რკინის გუმბათის“ (Iron Dome) კომპონენტების საწარმოებლად.

მაშინ კომპანიის წარმომადგენელმა „დოიჩე ველეს“ უთხრა, რომ „ფოლკსვაგენის“ მიერ იარაღის წარმოება გამორიცხულია, თუმცა, მისი თქმით, ვინაიდან აღნიშნულ ქარხანაში წარმოების დასრულება 2027 წელს იგეგმება, Volkswagen-ი „აგრძელებს პერსპექტიული ვარიანტების შესწავლას“ და მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბაზრის სხვადასხვა მონაწილესთან“.

___________

მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით. 

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/RONALD WITTEK

პუტინი ჩინეთში მიდის სი ძინპინთან შესახვედრად

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19-20 მაისს ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩინეთში.

კრემლის ცნობით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევის შემდეგ დაიგეგმა და განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, თავად ვიზიტი კი ეძღვნება „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ 25 წლისთავს.

კრემლის ცნობით, საუბარი შეეხება მოსკოვსა და პეკინს შორის ეკონომიკისა და სავაჭრო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას.

პუტინის ვიზიტი ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტიდან მოკლე ხანში დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში 13 მაისს ჩავიდა, დღეს კი, 16 მაისს, კრემლმა პუტინის ჩინეთში ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინი ჩინეთში რამდენჯერმე ჩავიდა.

მედიის ცნობით, შესაძლოა, ჩინეთში ჩავიდეს უკრაინის დელეგაციაც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ჩინური მხარისგან მიწვევა აქვთ და ამჟამად თარიღი ზუსტდება.

83 ათასი ლარის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

შემთხვევა თბილისში მოხდა. უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თითქოსდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვების და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულისგან ეტაპობრივად მიიღო 83 000 ლარი, თუმცა შეთანხმებული სამუშაოები არ შეასრულა და დიდი ოდენობით თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა ღირს საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა ბათუმში

ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვის გასეირნება მშობელს სულ მცირე 20 ლარი მაინც უჯდება.

პარკში ერთ ადგილას უფასო საბავშვო მოედანიცაა მოწყობილი, მაგრამ გასართობი ატრაქციონების უმეტესობა 5 ლარი ღირს, ბავშვებს კი ხშირად ატრაქციონით ერთხელ სარგებლობა არ აკმაყოფილებთ და რამდენჯერმე ითხოვენ ხოლმე გასეირნებას ან ახალ ატრაქციონზე გადასვლას.

ყველაზე ძვირი მანქანებით გასეირნება ღირს –  3 წუთი 10 ლარი.

თვითმფრინავების ატრაქციონით სარგებლობა – 3 წუთი 5 ლარი.

თევზაობა – 10 წუთი 5 ლარი.

ზღვის ცხოველების ატრაქციონის ფასი 3 წუთით სარგებლობის შემთხვევაში 5 ლარია.

კარუსელი –  3 წუთი 5 ლარი.

ყველაზე იაფი 5 წლამდე პატარებისთვის განკუთვნილი ავტომობილებია – 3 წუთი 1 ლარი.

რა ღირს საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა ბათუმში

ტურისტულ სეზონს ბათუმი სხვადასხვა ატრაქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით ხვდება.

გაძვირდა ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი, საბაგირო გზით სარგებლობა, დელფინარიუმში შესვლა და გემით გასეირნება.

ამავე თემაზე: 

ეშმაკის ბორბალზე ფასი გასამმაგდა – რა ღირს ბათუმში გართობა ამ სეზონზე

არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა – რას ამბობს გარემოს დაცვა

15 მაისს ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას  გარემოს დაცვის სამსახური ადასტურებს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ ბათუმში, არდაგანის ტბაზე, სადაც დაფიქსირდა თევზების დახოცვის ფაქტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყების მიერ დაწყებულია მოკვლევა.

თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა“ – აცნობეს „ბათუმელებს“ უწყებიდან.

ეს არ არის არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის პირველი ფაქტი. მსგავსი შემთხვევა ბათუმში წინა წლებშიც დაფიქსირდა, არაერთხელ იყო ტბის დაჭაობების შემთხვევაც.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 347 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 937 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 574 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 42 133 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 788 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 381 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 293 323 ერთეული [+1 865]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 397 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 96 793 ერთეული [+253]
  • სპეცტექნიკა – 4 191 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 626 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„მე ამდენი ფული არ მაქვს“ – ერმაკს პატიმრობა შეუფარდა უკრაინის სასამართლომ

„დიდი ლაქა უახლოვდება პუტინის ბუნკერს გელენჯიკში, სადაც ის იმალება“ – ინტერვიუ გენერალთან

 

YouTube video player

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ახალ კორპუსებში მყიდველის 80% უცხოელია“ – რა ხდება ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ისევ მზარდია. ქალაქის ცენტრში და სანაპიროზე ქონებას ძირითადად სარეალიზაციოდ ყიდულობენ, მეორად ზოლში კი,  ე.წ. ჭაობის დასახლებასა და სხვა გარეუბნებში – ძირითადად საცხოვრებლად, თუმცა ფასი ამ ზოლშიც გაზრდილია.

საინვესტიციო ფართობების ფასი ზღვის ზოლში 2000 – 3500 დოლარია. აქ ფასი კორპუსის სიმაღლის მიხედვით იზრდება. საცხოვრებელი ბინების ფასი კი მეორად ბაზარზე, ანუ აშენებულ ბინებში, ქალაქის გარეუბნებში 1000 დოლარიდან იწყება. ისევე როგორც ცენტრალურ ნაწილში, გარეუბანშიც ბევრად ძვირია კომერციული ფართობების ფასიც.

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, საინვესტიციო ბინების მყიდველი ძირითადად უცხოელია, საცხოვრებლად კი ბინებს გარეუბნებში ადგილობრივები ყიდულობენ.

გარდა ამისა გამოიკვეთა ტენდენცია, როცა მცირე ზომის მიწის ნაკვეთების შეძენით ინტერესების ზრდამ ბათუმთან ახლოს მდებარე გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფასიც მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი გაიზარდა 1.კვ.მეტრი მიწის ნაკვეთების ფასი ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლებშიც.

მიწის ნაკვეთების ფასი ბათუმის გარეუბნებში 350 დოლარიდან იწყება, ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლებში კი 60-150 დოლარია. 

აეროპორტის უბანში, სადაც სიმაღლის ბარიერი შეუზღუდავია, დეველოპერები ძვირადღირებულ ვილებს ყიდიან. აქ დეველოპერი მომხმარებელს სთავაზობს სახლს საკუთარი პარკინგით და მცირე ზომის ეზოთი ზღვის სანაპიროდან 10-15 წუთის სავალზე. იგივე ტენდენცია შეინიშნება გონიო-კვარიათის დასახლებაში არა სანაპიროზე, უფრო მომაღლო ტერიტორიაზე გამწვანებულ ზოლში, თუმცა ზღვისა და მთის ხედებით.

 ვილების ფასი [შავი კარკასი] 160 000 დოლარიდან იწყება და 600 000 დოლარამდე ადის.

უძრავი ქონების სააგენტოების დაკვირვებით, ზრდის ტენდენციასთან ერთად ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს. ახლაც შეიძლება რამდენიმე მომენტზე  ყურადღების გამახვილება, რაც მოთხოვნის თავისებურებებს გვაჩვენებს.

„პირველად ბაზარზე გაცილებით მაღალფასიანი პროექტებია, ვიდრე მეორად ბაზარზე.

პირველად ბაზარს ვუწოდებთ, როცა დეველოპერები ყიდიან 1  კვ.მეტრს მაღალ ფასად ახალ პროექტებში. ფასის ზრდის მიზეზად ისინი მეტწილად გართულებულ რეგულაციებს, მიწის და მასალების გაძვირებას ასახელებენ. თუმცა მაინც ყიდიან, იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ კარგი პირობები. შიდა უპროცენტო განვადება 10-15-წლიანი, დასრულების შემდეგ იპოთეკით დატვირთვა…

ამ ბაზარზე მყიდველების 80%  უცხოელია – თავიანთი კონტაქტებით, გაყიდვების მენეჯერებით, თუ სხვა მარკეტინგული პროგრამებით დეველოპერები ბინებს ძირითადად უცხოელებზე ყიდიან.“

რაც შეეხება მეორად ბაზარს, ამაში იგულისხმება უკვე დიდი ხნის აშენებული კორპუსები. ასეთებიც იყიდება საკმაოდ ძვირად, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც დეველოპერები ყიდიან. აქ ფასები მერყეობს იმის მიხედვით, რამდენად დიდი ხნის აშენებულია კორპუსი, ბინაში ცხოვრობდნენ თუ არა, კორპუსი როგორია, ჩაბარებულია თუ არა.

ჩაუბარებელი კორპუსი საკმაოდ ბევრი გვაქვს ბათუმში, რაც აისახება ფასზეც, რადგან ამას მნიშვნელობას ანიჭებს ბანკი შეფასებისას. ასეთ ბინებს ბანკები დაბალ ფასად აფასებენ, გამყიდველები კი  ცდილობენ მაღალ ფასში გაყიდონ, თუმცა უწევთ დაკლება. დაკლება არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე იაფია ეს ქონება. უკვე რამდენი თვეა ვაკვირდებით და ზრდის ტენდენცია არ ჩერდება.

თუ შარშან იყიდებოდა, მაგალითად, 50 კვადრატული მეტრი ბინა 70 000 დოლარში, დღეს იგივე ქონება 90 000 დოლარი ღირს“, – გვიხსნის იამზე მალაყმაძე. ის Home ia reality-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია და ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

უძრავი ქონების სააგენტოების დაკვირვებით, ბოლო დროს, ქონების შეძენით დაინტერესებული პირი, რომელიც ქონებას მეორად ბაზარზე ყიდულობს, ანუ უკვე აშენებულ კორპუსში, ინტერესდება ჩაიბარა თუ არა ეს კორპუსი მერიამ და ამ მხრივ ინტერესი უცხოელმა მყიდველმა გაზარდა:

იამზე მალაყმაძის ინფორმაციით, მომატებულია მოთხოვნა ჩაბარებულ კორპუსებზე:

„არ ვიცი კანონში კარგად ჩაიხედეს, თუ ეს მოთხოვნა უცხოელებმა გაზარდეს და ქართველმა მომხმარებელმაც აიტაცა. ინტერესდებიან, რას ნიშნავს ჩაბარებული და ჩაუბარებელი კორპუსი და რატომ აფასებს ბანკი ჩაბარებულ კორპუსს შედარებით მაღალ ფასად. 

თუმცა, ბაზარზე იმდენად დაბალია ჩაბარებული კორპუსების რაოდენობა, ალბათ სულ ხელზე ჩამოსათვლელი იქნება. მაქსიმუმ 10 ჩაბარებულ კორპუსთან მქონია შეხება. დანარჩენი, სხვათა შორის, მაღალი დონის კორპუსებიც კი, ხანგრძლივი ვადით ჩაუბარებელია. მშენებლები ამბობენ: ახლა ჩავაბარებთ, ახლა ჩავაბარებთო, მაგრამ ვერ აბარებენ.

რეალურად არჩაბარება არ ნიშნავს, რომ ვერ გაიყიდება ქონება, საკუთრების უფლებას ხელს არ უშლის ეს. თუმცა ჩაუბარებლობა მაინც ნიშნავს იმას, რომ კორპუსს რეალურად პატრონი არ ჰყავს. რამე რომ მოხდეს, ხშირად მშენებელი  ან გაკოტრებულია უკვე, ან დახურული აქვს ის კომპანია და სხვა სახელით ოპერირებს. მერიაც თავისთავად არ იღებს პასუხისმგებლობას“.

იამზე მალაყმაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაზრდილია მცირე ზომის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოდგება ინდივიდუალური სახლის ასაშენებლად. ძირითადად 300-500 კვ. მეტრ ნაკვეთებზე მოდის ასეთი ინტერესი.

„ზღვისპირას 1 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ყველაზე დაბალი ფასი 300 დოლარია, ცოტა მოშორებით – 200.  ხელვაჩაურში 60 დოლარიდან იწყება, ახალშენის ტერიტორიაზე სხვა ფასია. ფერიაში, მაგალითად, 150, ზევით 60-50 დოლარში ნახავ, სადღაც 40 დოლარშიც. ფასს განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის რელიეფი და სხვა ფაქტორებიც. თუ რამე იაფად დაიდო, ეგრევე იყიდება.“

უძრავი ქონების სააგენტო „დისქავერის“ წარმომადგენელი, თამთა წურწუმია „ბათუმელებთან“  ბაზარზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს მსხვილ პროექტებს და რეკლამას საერთაშორისო ბაზარზე:

„რა თქმა უნდა ფასები იმატებს. შესაძლებელი იყო, რომ აღარ ყოფილიყო მოთხოვნა ტურისტების ოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ფასები მომატებულია. სანაპიროზე კუნძული შენდება და ამ კუნძულმა კიდევ უფრო გაზარდა ფასები. ყოველი ინვესტიცია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ანუ როცა უცხოელი ინვესტორი აბანდებს ქვეყანაში თანხას, ეს უფრო მეტად ზრდის მიწებზე ფასებს, როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე ტურისტულ სეგმენტზეც. შესაბამისად, ფასები გაზრდილია“.

მიწის ნაკვეთების ფასების ზრდასთან დაკავშირებით, თამთა გვეუბნება, რომ ფასები გაიზარდა ისეთ ადგილებშიც, რომლებზეც მოთხოვნა მაღალი არასდროს ყოფილა და არც ახლაა:

„აი, თუნდაც ავიღოთ ურეხი, რომელიც არ არის მოთხოვნადი და არც პრესტიჟულია ამ ეტაპზე – იქ უკვე 150 დოლარიდან იწყება ფასები. თუ გადმოვინაცვლებთ ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე – ლერმონტოვი, ბაგრატიონი, ჯავახიშვილი, 1 კვ.მეტრის ფასი 1000 დოლარიდან იწყება. გააჩნია პროექტსაც. ბათუმში თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც არ აშენებენ და ათვისებული არ არის მიწა. რაც უფრო მეტი მშენებარე კორპუსია, ფასებიც უფრო მატულობს.

გასაქირავებლად ძირითადი მოთხოვნა მაინც არის „ორბის“ ბინებზე, კორპუსებზე და ზღვის პირველ ზოლზე. ებრაელებისთვის, რომლებიც აქტიურად შემოდიან ბათუმში, რატომღაც პრიორიტეტი არის „ორბი“.

„ორბს“ დიდი რეკლამა აქვს საზღვარგარეთ და სანდოობის მომენტიც უფრო დიდია. თუმცა სხვა სამშენებლო კომპანიებსაც იდეალურად აქვთ აშენებული ზღვის ზოლში კორპუსები, მაგრამ თუ უშუალოდ არ ჩაერთო უძრავი ქონების ოფისი ან სააგენტო, ისე არ ხდება მათი რეალიზაცია“.

„დაუხნავი დაგვრჩა ყანები“ – რას ჰყვებიან გლეხები, რომლებსაც „ოცნებამ“ ხვნა-თესვა აღარ დაუფინანსა

„დაუხნავი დარჩა ყანები, არავინ თესავს ყანას, გლეხს აღარ უღირს… ეს პრობლემა მხოლოდ სოფელს არ დაატყდება, ეს დაასუსტებს ქალაქსაც,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები დიმა მიქელაძე. მას და კიდევ რამდენიმე მეყანეს ხვნა-თესვაზე ვესაუბრეთ, ვისაც 2026 წელს – არასაარჩევნო წელს – „ოცნების“ მთავრობა აღარ აფინანსებს.

საყანე ფართობები მაისში იხვნება და ითესება. ქობულეთში გვითხრეს, რომ წელს მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი დახნეს საკუთარი სახსრებით და ძვირი დაუჯდათ – საწვავის გაძვირების გამო 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დახვნა 90 ლარი. ხვნა-თესვის სამუშაო, წესით, თვის ბოლომდე გრძელდება და ჯერ რთულია იმის თქმა, რა საყანე ფართობი დარჩა დაუხნავი.

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამების ნაწილი, რომელიც სოფლის გაძლიერებასა და გლეხების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული, გაჩერდა, მათ შორის, თხილის სუბსიდია და საყანე ფართობების ხვნა-თესვა. ფერმერებს არავინ განუმარტა, რატომ გაჩერდა მხარდაჭერის პროგრამები.

მეყანეებს გასული 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით უხნავდნენ საყანე ფართობებს. იმის მიუხედავად, რომ სოფლების დაცლის ტენდენცია გრძელდება, ხოლო ადამიანები ემიგრაციაში მიდიან, ან სეზონურად თურქეთში არჩევენ თხილის კრეფას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყანების ხვნა-თესვის დაფინანსებაც გააუქმა.

„მიმდინარე წელს ნიადაგის უფასო დახვნის ცალკე პროგრამის სახით გაგრძელების მიზანშეწონილობა არ არსებობს,“ – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, როცა ხვნა-თესვის დაფინანსების გაუქმებაზე შეკითხვა დავსვით: ხომ არ უკავშირდება დაფინანსების გაჩერება იმას, რომ წელს „ოცნებას“ არჩევნები არ ელოდება?

ქობულეთელი მეყანეები უკმაყოფილონი არიან დაფინანსების გაუქმებით, თუმცა მიუთითებენ იმასაც, რომ როცა წინა წლებში ბიუჯეტის დაფინანსებით საყანე ფართობები იხვნებოდა, დახნული ფართობების თითქმის ნახევარი აუთვისებელი რჩებოდა.

„თოხის ხელში დაჭერა ვინმეს აღარ უნდა, ყველას ეზარება მუშაობა, მთავრობის რა ბრალია?“ – გვითხრა რამდენიმე მეყანემ. თუმცა რთული არაა იპოვო მეყანე, ვინც გეტყვის, რომ სინამდვილეში პრობლემას თავად ადგილობრივი მთავრობა ქმნიდა: თუ ქობულეთის მერიის წარმომადგენლები სოფლებში ერთმანეთთან შეთანხმებით იმუშავებდნენ და სათანადო ინფორმაციას შეაგროვებდნენ, ზუსტად იმდენი დაიხვნებოდა, რამდენიც საჭირო იყო.

მეყანეები რასაც ჰყვებიან, ეს აჩვენებს იმასაც, რომ არასწორი მენეჯმენტის გამო, პრაქტიკულად, ტყუილად იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული – იხვნებოდა საყანე ფართობები იმ მასშტაბით, რის მოთხოვნაც არ არსებობდა.

„როცა გვესმის, რომ თურმე მეყანეებს მუშაობა ეზარებათ, ეს, რა თქმა უნდა, არაა სწორი. ეს იყო გამგეობის თემა – ინფორმაცია უნდა შეჯერებულიყო და ყველაფერი რიგზე იქნებოდა… დახვნის შემდეგ ყანაში კიდევ ბევრი ხარჯია, მაგალითად, საყანე ფართობის შეღობვა, მეველე, გამარგვლის ხარჯები, სასუქი, ყველას არ უღირს ეს, ან არ აქვს საშუალება…

არ ვიცი, რატომ გააუქმეს დაფინანსება, მაგრამ ფაქტია, რომ ამით კიდევ უფრო გაუჭირდება სოფელს. ჩემს ოჯახს სულ ჰქონდა ყანა. წელს პირველად ხდება, როცა არ გვექნება ყანა,“ – გვიყვება დიმა მიქელაძე. მას, მაგალითად, „ტოგონის“ სახელით ცნობილ საყანე ფართობში ჰქონდა მიწის ნაკვეთი. მისივე თქმით, „ტოგონი“ წელს სავარაუდოდ სრულიად დაუხნავი დარჩება.

„როგორც ყველა დილას საუზმე უნდა ნებისმიერ ადამიანს, ისე მინდა მეც ყანა დავთესო, მაგრამ წელს დავრჩი, მგონი, უყანოდ,“ – ამბობს ახმედ მიქელაძე „ბათუმელებთან“. – „საყანე ფართობები თითქმის ცარიელია და მარტო 10 კაცისთვის ხომ არ დაითესება ყანა? დათესვას 1000 მეტრზე სულ ცოტა 80 ლარი მაინც უნდა… “

ახმედ მიქელაძე აღნიშნავს, რომ როცა დაუფინანსებლობის გამო მეყანეების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, საერთო ხარჯი უფრო იზრდება, მაგალითად, შეღობვის, მეველის…

„დაგვიანებულია უკვე, მაგრამ 15 დღე კიდევ მაქვს ხელში. 80 კაცი რომ შევიკრიბოთ, იქნებ სადმე დავთესოთ ყანა,“ – ასრულებს თხრობას ახმედ მიქელაძე.

„სახელმწიფო ხნავდა, ფარცხავდა და ხალხი მაინც არ მუშაობდა, გაზარმაცებულია ხალხი… დაიხვნებოდა 30 ჰექტარი და ნახევარს არ იყენებდა ხალხი,“ – „ოცნების“ მთავრობის გაკრიტიკებას გლეხების პასუხისმგებლობის გააქტიურებას ამჯობინებს ომარ რომანაძე. ის ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში ცხოვრობს.

ომარ რომანაძეს კიდევ ერთ მეყანესთან ერთად დაუხნავს ჯამში 1 ჰექტარი. იგი ამბობს, რომ აჭყვისთავიდან – სადაც 330-მდე ოჯახი ცხოვრობს – დაახლოებით 10-12 ოჯახს ექნება წელს ყანა.

„ეს დაგვიჯდა 900 ლარი. მე თვითონ უნდა გავმარგლო ყანა, მუშას ფიზიკურად ვეღარც კი ნახავ, ყანაში კი არა, თხილის და მანდარინის საკრეფად ვეღარ ვპოულობთ მუშას. ადამიანებს ურჩევნიათ სხვაგან წასვლა, სხვაგან მუშაობა…

ამით რა მოგება მექნება? – არაფერი. ნატურალური, ჩემი ხელით მოყვანილი პროდუქტი მექნება და ესაა. ჩემი ხელის შრომას გამოვრჩები და ესაა. ოჯახისთვის გვინდა ძირითადად, ასევე საქონლისთვის,“ – ამბობს ომარ რომანაძე.

სწორია, როცა დაფინანსება შეგიწყვიტეს არგუმენტით, რომ დახნული ფართობების ნაწილი მთავრობის დაუგეგმავი მუშაობით აუთვისებელი დარჩა? – ვკითხეთ საუბრის ბოლოს მეყანეს.

„ალბათ, ვერ ქნა, არ ქნა, მთავრობამ. არ ვიცი,“ – მოკლე პასუხი არჩია ომარ რომანაძემ.

ამ თემაზე:

თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

 

 

 

„ლიბერთიდან“ სესხი 266 ათასზე მეტ პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს აქვს აღებული

საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი.

სესხების მოცულობა ჯამურად 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია.

ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის მიერ“ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით გახდა ცნობილი.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის ამღებთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საპენსიო სესხით 286 877 პენსიონერი და სოციალური შემწეობის მიმღები სარგებლობდა, თუმცა მათზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 432 მილიონ 691 ათას 925 ლარი იყო.

2026 წლის მონაცემებით, შემცირებულია სესხის მიმღებთა ოდენობა, ხოლო გაზრდილია საკრედიტო პორტფელის მოცულობა.

„ლიბერთი ბანკის“ მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს საკრედიტო ბარათებით გაცემულ სესხებს – 32.13 %, შემდეგ კი მოდის პენსიონერებსა და სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე გაცემული სესხები.

კვარტალის შიგნით გაცემულ საპენსიო სესხებზე საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი –  25.79 %-ია.

ცნობისათვის, პენსიონერები და სოციალური შემწეობის მიმღებები სესხში ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიან.

2023 წლამდე პენსიონერები სესხში 30 %-ზე მეტს იხდიდნენ. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად საპენსიო სესხებზე დაწესდა ზედა ზღვარი – 26%.

ამავე თემაზე:

პენსიონერები სესხში ისევ მაღალ პროცენტს იხდიან – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

111 წლის ნაქიფე დავითაძე აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს – ასეთია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.

აჭარაში მცხოვრები ყველაზე უხუცესი მოქალაქე 111 წლის ნაქიფე დავითაძეა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორექეთიდან. 

მასზე მასალა „ბათუმელებმა“ 2022 წელს მოამზადა. დედაჩემმა 120 წელი იცოცხლაო – გვითხრა მაშინ ნაქიფე დავითაძემ.

„მუხლები მაწუხებს და ვერ ვიარები, თორემ რომ ვიარებოდე, საქმეს გავაკეთებდი, ცოტ-ცოტას. ახალგაზრდობაში ფერადი ტანსაცმელი მინდოდა, ახლა აღარ მინდა, დედაბერი ვარ. რომ დავბერდი, აღარ ვიცვამ ფერადებს. ათას რამეს ვაკეთებდი, ახლა ვზივარ და ვუყურებ ქვეყანას“ – უთხრა ნაქიფემ „ბათუმელებს“ 2022 წელს. მაშინ იგი 108 წლის იყო.

ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილები ჰყავს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამა აქვს აჭარაში მცხოვრები, 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის. ერთჯერადი დახმარების ფარგლებში მოქალაქეს, რომელიც ასი და მეტი წლისაა, ყოველწლიურად 5 000 ლარი გადაეცემა.

სტატისტიკა აჭარის მაგალითზეც აჩვენებს, რომ 100 წელს გადაცილებულებს შორის უმრავლესობა ქალია.

ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. შენობების ნაწილი რამდენიმე ქუჩაზე ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. როგორც ადგილზე გვითხრეს, სამუშაოები შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს: „აივნები დაგვემატა, სადაც წყალი ჩადიოდა.“ პროექტის მენეჯერი კი დასრულებას სექტემბრის ბოლოს ვარაუდობს.

180 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, ხელშეკრულება 200 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დიზაინ-ბილდინგის მეთოდით მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის სრულდება 12 -სართულიანი კორპუსების მიმდებარედ არსებული ფასადების შეფუთვა ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ. სამუშაოები მიდის ფარნავაზის ქუჩაზეც, ზოგან შენობები შეფუთულია, თუმცა ადგილზე არავინ დაგხვდა.

ძველი ბათუმის რეაბილიტაცია
ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

კომპანიას რიგ ტერიტორიებზე კონტეინერები ჩაუდგამს, სადაც სასადილო და დასასვენებელი ოთახები მოუწყვია, რიგ ადგილებზე ე.წ. კარავი აქვს გაშლილი, სადაც სამშენებლო მასალებია დალაგებული.

ძველ ბათუმში, რიგ ქუჩებზე დაუსრულებელია ტროტუარებიც. ტროტუარების ნაწილზე კი ნაგვის ურნებია განთავსებული ისე, რომ გავლაში ხელს შეგიშლით.

მიმდინარე სამუშაოები

 

ადგილზე სამუშაოებს პროექტის მენეჯერი გიორგი უმფრიანი ხელმძღვანელობს, მან გვითხრა, რომ სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს, იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ვალდებულებები არ გაჩნდება:

„დასკვნით ეტაპზეა პროექტი, სამუშაოები, რომელიც ახლა დაწყებულია, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. თუ რაიმე დამატებითი შენობები გაჩნდება, ანუ დამატებითი სამუშაოები, არის მაგალითად, მისამართები, რომლებზეც რესტორნების მეპატრონეებმა ითხოვეს ვადის გადაწევა, რომ სეზონი არ ჩავარდეს. ჩვენი მხრიდან ამასთან დაკავშირებით მზაობა არის, ასევე მზაობა არის დამკვეთისგან. არ გვინდა, რომ ხელი შეეშალოთ“.

მან გვიპასუხა ასევე აივნებთან დაკავშირებით, საიდანაც „წალი ჩავიდა“ და როგორც ხელოსნებმა გვითხრეს, ამან დამატებითი სამუშაო გააჩინა.

„აივნებზე იზოლაცია არ იყო გაკეთებული, ეს არ იყო საპროექტო დავალება. საჭირო იქნება იზოლაციის გაკეთება, რომ შემდგომში აღმოიფხვრას ეს პრობლემები – ზოგს კერამოგრანიტი დაგებული აქვს, ზოგს არა აქვს და ეს იწვევს წყლის ჩაჟონვას“.

მიმდინარე სამუშაოები

მიმდინარე სამუშაოები

ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა.

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელს აწერს დავით ტაბიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. 2025 წლის ოქტომბერში ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.

გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.

გახმაურებული დაკავებების შემდეგ „ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემული 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. თუმცა, არავის დაუზუსტებია ამ პრობლემურ პროექტებში ხომ არ არის ისტორიული ბათუმის რეაბილიტაციის ან ბათუმში, გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი.

პროექტის ჩაბარებიდან მეორე წელს, რა მდგომარეობაშია გმირთა ხეივნის ინფრასტრუქტურა, ნახეთ აქ:

გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა

ხელშეკრულების მიხედვით 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეისყიდა ძველ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება.

პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ. პროექტს ზედამხედველობას უწევს შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია“.

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

თიბისის მობაილბანკის აპრილის განახლებებში საჭირო, საინტერესო და სასარგებლო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც შენს ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს.

სიახლეა ბარათის გაცემის პროცესში. ისედაც ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი ახლა მეტად პერსონალიზებული გახდა – თუ ფიზიკური ბარათის საჭიროება არ გაქვს, შეკვეთის დროს უკვე შეგიძლია მხოლოდ ციფრული ბარათი აიღო, მაგრამ თუ მომავალში ფიზიკური ბარათიც დაგჭირდება, არც ეგ იქნება პრობლემა – მობაილბანკიდანვე მოითხოვ რომ ციფრულის ანალოგი დაგიმზადონ.

თუ ინვესტიციებით ხართ დაინტერესებული, მომდევნო სიახლე ნამდვილად შენთვისაა. რადგან ინვესტიციების მიმართ ინტერესი ყოველდღე იზრდება, თიბისის მობაილბანკის გუნდი ზრუნავს, რომ ერთ პლატფორმაზე იყოს თავმოყრილი ყველაფერი – შეფასება, რჩევები და უშუალო ყიდვა-გაყიდვაც – მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვისთვის.

აპრილის განახლებაში, ინვესტიციების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა:

  • ახალი ანალიტიკური ხელსაწყოები ინვესტიციების პლატფორმაზე – მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს ბაზრის დინამიკას, ნახოს კომპანიების ფინანსური შედეგები, გაეცნოს ანალიტიკოსების შეფასებებს და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში – მობაილბანკში.
  • დღის ტრენდები – სადაც მომხმარებელი ხედავს, დღის ჭრილში რომელი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, რომლების შემცირდა და რომელი აქციები ივაჭრებოდა ყველაზე მეტად;
  • კომპანიების კვარტალური შედეგებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ნახვაც მობაილბანკშია შესაძლებელი;
  • უოლ სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებები, რეკომენდაციები და სამიზნე ფასები – რომელი აქციების ყიდვა-გაყიდვას გვირჩევენ დარგის წამყვანი ექსპერტები.

* გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი შენთან ერთად ქმნის საუკეთესო ციფრულ გამოცდილებას, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს.

დაელოდე მაისის განახლებებს, სადაც კიდევ არაერთი სიახლე და საჭირო ინფორმაცია გელოდება. მანამდე კი, გამოსცადე თიბისის მობაილბანკის შესაძლებლობები: https://app.tbcbank.ge/YiId/31kbj20v

„დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით გთხოვთ“ – უსახლკარო დედა-შვილი აცხადებს, რომ მშივრები არიან

„აქ არავინ გვიცნობს. გთხოვთ, დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით, გთხოვთ“, – ამ შინაარსის შეტყობინებებს ამიდი დღეში რამდენჯერმე აგზავნის „ბათუმელების“ რედაქციაში. ის 43 წლის კაცია, რომელსაც არც მოქალაქეობა აქვს, არც დოკუმენტები და არც სამუშაო. ის ავადმყოფი დედის და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის.

ამიდი ფოტოებს გვიგზავნის, რითაც გვიზიარებს დედის დიაგნოზს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო არც მას შეუძლია მუშაობა. თავი მოწყალე ადამიანების მხარდაჭერით გააქვთ.

„დედას 4 სხვადასხვა ოპერაცია სჭირდება. ყოველ დღე წნევა აქვს 250-მდე. მეც თავში ძლიერი სპაზმი მაქვს, ყველა ძვალი – მენჯი, ხერხემალი, სახსრები, მუხლები მტკივა. სუსტად ვარ. გამუდმებით სასწრაფოს ვიძახებ. ჯერჯერობით, ექიმები გვშველიან.

მე წარმოშობით უზბეკეთიდან ვარ, დედაჩემი აზერბაიჯანის მოქალაქეა, მაგრამ ჩვენ საბუთები წაგვართვეს. დედას სახელმწიფო პენსიას არ აძლევს, არ გვეხმარებიან. მე ამიდ მამედოვი ვარ, 43 წლის. დედაჩემი, ქალბატონი სევილ მამედოვა კი 64 წლის არის“, – ეს სხვა შეტყობინებაა, რაც ასევე ამიდისგან მივიღეთ.

ამიდი ფიქრობს, რომ თუ მათ შესახებ სტატიას გამოვაქვეყნებთ „ბათუმელებზე“, მოქალაქეები დაეხმარებიან. ეს მათთვის იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხნით მაინც აღარ იქნებიან მშივრები და გადაიხდიან ოთახის მესაკუთრის ვალს, რომელიც ახლა უკვე 1300-მდე ლარია.

გასულ წელს დედა-შვილი თბილისში ცხოვრობდა, სადაც ბინას დღიურად ქირაობდნენ. როგორც ამიდი ამბობს, ბინის  ქირას ვერ იხდიდნენ, 2800 ლარი დაუგროვდათ, ამის გამო ბინის მესაკუთრემ სახლიდან გამოაძევა, ხოლო მათი პირადი ნივთები და საბუთები, დაიტოვა. ამიდი ამბობს, რომ პოლიციასაც მიმართა, თუმცა ამაოდ.

სივილ მამედოვას თქმით, გადაუხდელი ქირის გამო, ბინის მეპატრონემ, ვისგანაც თბილისში ბინას ქირაობდა, დაიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი, საბუთები და 300-მდე ლარი თანხაც.

ახლა დედა-შვილი ბათუმში დღიურად ქირაობს ბინას და ყოველ დღე ერთი და იგივე საწუხარი და პრობლემა აქვთ – როგორ გადაიხადონ ბინის ფული და როგორ იშოვონ საკვებისთვის საჭირო თანხა? 

„2008 წლიდან სახლის გარეშე დავრჩით აზერბაიჯანში, მოატყუეს დედა, 3 000 დოლარად გაყიდა ბინა და ქუჩაში დავრჩით. ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან სუსტი, შერყეული ჯანმრთელობა მაქვს, მიჭირს ფიზიკურად შრომა.

8 წლის წინ საქართველოში ჩამოვედით. ევროპაში, მესამე ქვეყანაში გვინდა წასვლა, არ გვინდა აქ დავრჩეთ და ქუჩაში მოვკვდეთ“, – გვითხრა ამიდმა.

ბათუმში ამიდ და სივილ მამედოვები ისე ჩამოვიდნენ, რომ არანაირი პირადი ნივთი არ ჰქონდათ თან. აუცილებელი, პირველადი ტანსაცმლის შეგროვება შეძლეს, თუმცა ამიდი ამბობს, რომ პრობლემები ამით არ სრულდება.

„ყოველ დღე ქუჩაში ადამიანებს ვუყვები ჩემს ამბავს და დახმარებას ვთხოვ. არაერთმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ჩამწერა, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი გულგრილია, არ აინტერესებთ.

ამიდ და სევილ მამედოვების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე: 

თიბისი ბანკი:

GE93TB7748645064300027

მიმღები: ამიდ მამედოვი 

შუახევში სახლში დათვის ბელი შეიპარა – ოჯახმა 112-ში დარეკა

შუახევში, ერთ-ერთ სოფელში დათვის ბელი სახლში შეიპარა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოჯახმა 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა:

“ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს”.

რას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა სხვადასხვა მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან, თუმცა წლებია მათი საცხოვრებელი პირობებით, შემოსავლებით ან მოთხოვნის რეალურობით „ოცნების“ მთავრობა არ დაინტერესებულა.

აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა  მზევინარ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა, სოფელში საცხოვრებელი სახლი და კარ-მიდამო ბანკმა წაართვა და ამის გამო დარჩა უსახლკაროდ:

„მე გულის პრობლემები მაქვს, ამის გამო გამოვიტანე ბანკიდან სესხი, რომ მემკურნალა, მაგრამ სესხი ვეღარ გადავიხადე და სახლი დავკარგე.

ახლა ქალაქში ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ქირას ვეღარ ვიხდი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ის ბინები, რომლებიც სახელმწიფომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს ააშენებინა, სახელმწიფომ ჩვენ გადმოგვცეს.

15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში
15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში

მოქალაქეები მთავრობის სახლის წინ რამდენიმე წუთით გაჩერდნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით და შეჩერდნენ იმ სამშენებლო ობიექტთან, რომლის მესაკუთრეც არის ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი.

უსახლკაროების აქციაზე მყოფი მოქალაქეთაგან რამდენიმე ქობულეთიდანაა. ისინი აცხადებენ, რომ ის მიწები, რომლებიც ქობულეთში გიორგი რამიშვილმა შეისყიდა, მათი მამაპაპისეული მიწებია, მათ ამ საკითხზე არ აქვთ სასამართლო დავა, თუმცა ბიზნესმენს სთხოვენ, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„ჩვენს წინაპრებს ჩვენი წონა ოქრო აქვთ ამ მიწებში გადახდილი. გვაქვს იმის დოკუმენტი, რომ ეს მიწები, რომელიც რამიშვილმა იყიდა სახელმწიფოსგან, ჩვენი საკუთრებაა.

ჯერ არ ვაპირებთ სასამართლოში დავას, ვცდილობთ მოლაპარაკებით მოვაგვაროთ ეს საკითხი“-ამბობს დარეჯან ანანიძე.

საპროტესტო აქციაში ეკომიგრანტების ჯგუფიც მონაწილეობდა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილოს საცხოვრისით.

„ეკომიგრანტი ვარ, „ოცნების“ ქალაქში ვცხოვრობდი ქოხში და შემდეგ ქირით გადამიყვანეს. მყავს შვილები და 6 შვილიშვილი. სამი თვეა ქირის თანხაც არ ჩამოურიცხავთ, ამიტომ გამოვედი“- ამბობს გუგული ხოზრევანიძე.

„ბათუმელები“ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გაესაუბრა.

„აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ უსახლკარო ვარ, მარტოხელა დედა, ობოლი ბავშვები მყავს, ქირას ვიხდი 800 ლარს და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება დაგვეხმარება ბინით.

ბათუმში ჩამოსვლამდე ქედაში ვცხოვრობდი, ქმარი რომ დამეღუპა, მერე გადმოვედი ქალაქში, 16 წლის ბავშვს უწევს მუშაობა ბაზარში, რომ ქირის ფული გადავიხადოთ“- გვითხრა აქციაში მონაწილე ქალმა.

აქციაზე იმყოფებოდა ნანული ხოზრევანიძეც, ქალი, რომელიც ამბიობს, რომ ძალადობის მსხვერპლია ოჯახის წევრის მხრიდან. „მეუღლე ავად მყავს, გერმა კი სახლიდან ამომწერა, არც სახლში ცხოვრების უფლებას მაძლევს.

მემუქრებიან, მაგრამ ადვოკატის აყვანის საშუალება არ მაქვს და ვერ მივდივარ სასამართლოში. ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ და არ შემიძლია სასამართლოებში სიარული“- გვითხრა მან.

ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს ნუნუ კომახიძეც. „6 წელია აქციებზე დავდივარ და ვითხოვ საცხოვრისს. ავად ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვეღარ ვვაჭრობ. მეუღლე აღარ მყავს, არც საკუთრება გამაჩნია“- გვითხრა მან.

აქციის მონაწილე პირები საუბრობენ მძიმე სოციალურ პირობებზე, უბინაობაზე, უმუშევრობასა და შემოსავლების სიმწირეზე, რომელიც არ სწვდება ოჯახების საჭიროებებს.

ზოგიერთი მოქალაქე  უსახლკაროდ დარჩენის მიზეზად ასევე ასახელებს ჯანმრთელობის პრობლემებსაც.

აქციაზე იმყოფებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უსახლკარობის გამო თავშესაფარში მოხვდნენ.

„ხულოში ვცხოვრობდი, მეუღლე მყავდა ავად და ამის გამო გამოვიტანე ბანკიდან ფული. ვერ გადავიხადე ვალი და  დავკარგე საცხოვრებელი. დავრჩი მარტო და ახლა ვარ თავშესაფარში. მინდა, რომ სახელმწიფომ დამაკმაყოფილოს ბინით, რადგან თავშესაფარშიც არ გვაძლევენ დიდხანს გაჩერების უფლებას“- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე გამოვიდნენ ეკომიგრანტებიც. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა სთავაზობს, 50 ათას ლარად შეარჩიონ სადმე საცხოვრებელი და ეს თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან:

„სად უნდა მენახა ბინა ამ ფასად?“ – კითხულობს ეკომიგრანტი აკაკი მიქელაძე. ის ამბობს, რომ გეოლოგების დასკვნა აქვს, რომლის მიხედვითაც მის სახლში ცხოვრება საშიშია. აკაკი მიქელაძე შუახევიდანაა.

„ჩემს სახლთან მეწყერი შარშან ჩამოწვა… დასკვნა ისეთი მოგვცეს, რომ იქ საერთოდ არ იცხოვრება. ხელიც მოგვაწერინეს, რომ არ შეიძლება ჩემს სახლში ცხოვრება. გაგვიყვანეს ქირით. დედაჩემიც ბათუმში ჩამოვიყვანე, რადგან ექიმი სჭირდება, მასაჟები, ინსულტი აქვს გადატანილი… ქირას 500 ლარს მე თვითონ ვიხდიდი, 500 ლარს შუახევის მერია მიხდიდა, მაგრამ წელს აპრილის თანხა აღარ ჩაურიცხავთ… არ ვიცი, ალბათ ზაფხული მოვიდა და ადით ისევ სოფელშიო.

სოფელში დავბრუნდით. 4 მცირეწლოვანი შვილით ახლა ისევ ვცხოვრობ სახლში, სადაც ცხოვრება საშიშია… დედაჩემიც ვერ დამყავს ექიმთან. ესეც დიდი პრობლემაა,“ – გვითხრა აკაკი მიქელაძემ.

15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან: 

„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ – შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი  განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე, საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრივატიზების პროცესი ეხება მიწის იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, შავი ზღვის აკვატორიაში. დღეისათვის, „ამბასადორი აილენდის“ საპროექტო არეალში უკვე შექმნილი და ექსპლუატაციაში მიღებულია 48 ჰექტარი მიწის ტერიტორია, საიდანაც 28 ჰექტარი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა.  აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პროექტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტიან თანამშრომლობას მასშტაბური საინვესტიციო პროექტების აღსრულების მიმართულებით.

პროექტის განვითარების სწრაფი დინამიკა საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის მობილიზების ყველაზე მასშტაბურ ლოკაციას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, ოთხი ქართული კომპანიის მიერ სხვადასხვა პროექტებში ხორციელდება 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. კუნძულის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოები.

„ტერიტორიაზე, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, საკუთრების უფლების მინიჭება პროექტის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აძლიერებს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ საქართველო მზად არის მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების პროექტების რეალიზებისთვის,“ – განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა

პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ფისკალურ და საინვესტიციო ეფექტს შექმნის. შეფასებების მიხედვით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარის საგადასახადო შემოსავლების გენერირებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კვლევების თანახმად დასაქმდება 20 000- მდე მოქალაქე.

Exit mobile version