ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარი იხარჯება. გზების დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს არ აზუსტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სამუშაოები „უახლოეს დღეებში დასრულდება“.
გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ქედის სოფლების – დოლოგნისა და მახუნცეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
„ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და მხოლოდ მცირედი დეტალებია დარჩენილი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ დღეს, 18 მაისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
გზის ამ მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დეპარტამენტმა დღეს ინფორმაციაც გაავრცელა სადაც აღნიშნულია:
„სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ქვედა და ზედა საყრდენი კედლები, კიუვეტები და წყალგამტარი მილი. მდინარე აჭარისწყალზე ეწყობა ნაპირსამაგრი ქვედა საყრდენი კედელი.
ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა შესაბამისი საგზაო ნიშნები, ლითონის თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 626 414 ლარს შეადგენს.

ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე აჭარისწყალის კალაპოტში / საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტოები

მთავარ ფოტოზე: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ქედის მუნიციპალიტეტში / გზების დეპარტამენტის ფოტო






