ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.
კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“.
მშენებლობას მომიჯნავედ, ნაგრატიონის #129-ში, მაღასართულიან კორპუსში მცხოვრებლები აპროტესტებენ, ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოები მათ კორპუსთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს, არ არის დაცული მიჯნის ზონა და „კომპანია მათ კორპუსს საძირკველს უთხრის“.
ბაგრატიონის #131-ში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი 3196 კვ. მეტრია. დოკუმენტების მიხედვით მშენებლობის დამკვეთი თავიდან „ბაგრატიონ რეზიდენსი თაუერი“ იყო, შემდეგ კომპანიას სახელი შეუცვალეს.
მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ 2026 წლის მარტში, 2024 წელს დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე გასცა, თუმცა მოქმედ მერს ეს პასუხისმგებლობას არ უხსნის, თუ ამ მშენებლობის გამო გვერდითა კორპუსების მდგრადობა ეჭქვეშ დადგება. იმ შემთხვაშიც კი, თუ კომპანია სანებართვო პირობებს გასცდა, პასუხისმგებლობა კომპანიასთან ერთად მერიას მაინც ეკისრება, რადგან სწორედ ამისთვის არსებობს მუნიციპალური ინსპექცია, რომ გადაცდომა აკონტროლოს.
ბაგრატიონის #131- ში სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 2024 წელს დაამტკიცა. საკრებულომ მერიის ინიციატივით კომპანიას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი გაუზარდა და შედეგად უფრო მაღალ შენობას ააშენებს, ვიდრე ეს კონკრეტულ ზონაშია დაშვებული.

საკრებულოს განკარგულება
განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით აქ კომპანია გეგმავს 130 მეტრი სიმაღლის კორპუსის მშენებლობას.

ამონარიდი პროექტის პარამეტრებზე გდგ დოკუმენტიდან

პროექტის რენდერი გდგ – დან
დოკუმენტის მიხედვით, გეგმარებითი დავალების შესაბამისად მომიჯნავე ტერიტორიაზე მოსახლეობა გამოკითხეს და მათი დამოკიდებულება ახალი მშენებლობის მიმართ გდგ-ში დააფიქსირეს.
კვლევის თანახმად მოსახლეობის რეკომენდაციები და სურვილები ასეთი იყო:
„ყურადღება მიექცეს მშენებლობის ვადებში დასრულებას, აქტიურ სამშენებლო სამუშაოებში ჩართული იყოს და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შედარებით ხელმისაწვდომი ფასები იყოს ბინებზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

სქრინი გდგ – დან – მოსახლეობის გამოკითხვა
კომპანია განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერს ასევე, რომ გეგმის დამუშავების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათი აზრიც მოისმინა განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების პროცესში მოხდა სამუშაო შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომელზეც შეჯერდა საჯარო და კერძო ინტერესები.
„ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას სუსტი ინფრასტრუქტურის და შეუსაბამო ფუნქციის მქონე შენობებისაგან ტერიტორიების გამოთავისუფლება განვითარება. მათი პირობებია: დაცული იქნას ქალაქმშენებლობითი ნორმები, პროექტის დაგეგმარებისას გათვალისწინებული იქნას ურბანული პოლიტიკა, გამწვანების და ინფრასტრუქტურის საკითხი, ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სთხოვეს ინვესტორს გაითვალისწინონ ბათუმის მოსახლეობის მოსაზრებები“.
სამი დღეა მოქალაქეები ამ პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ, თუმცა ადგილზე არც საკრებულოდან და არც მერიიდან არცერთი პასუხისმგებელი პირი მისულა. მოსახლეობის თქმით ადგილზე მივიდა მუნიციპალური ინსპექცია გამოძახების შემდეგ, თუმცა კომპანიას მშენებლობა არ შეუჩერებია.
დოკუმენტების მიხედვით, გეგმარებითი დავალების შესახებ ბრძანება 2024 წელს მაშინდელმა ვიცე-მერმა, ლევან დავითაძემ გასცა, ახლა ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. პროექტის არქიტექტორია ბათუმის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მეტრეველი.
განაშენიანების დეტალურ გეგმაში მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებთან დაკავშირებით ვკითხულობთ:
„ვინაიდან, საპროექტო ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მრავალსართულიანი შენობები, აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე მრავალბინიანი მრავალსართულიანი სახლის განთავსება არ გამოიწვევს ურბანულ ქსოვილში დისონანსის შეტანას, ჩამოყალიბდება მდგრადი გეგმარებითი ერთეული, რაც ურბანული თვალსაზრისით გამართლებული და მიზანშეწონილია“.
გდგ-ში დიდი ადგილი არ ეთმობა გეოლოგიურ კვლევას და მომიჯნავე ტერიტორიების მდგრადობის საკითხს.

ფოტოზე ორსართულიანი შენობა, რომელიც კომპანიამ ახალი მშენებლობის დასაწყებად დაანგრია
ბათუმის მერიის განმარტებით, ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კომპანია სამშენებლო სამუშაოებს მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.
„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება. მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს“ – მოგვწერეს მერიიდან.
მოქალაქეების ინფორმაციით, კი რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ, ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს, თუმცა მათი საცხოვრებელი კორპუსების ბზარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა ადგილზე ამ დრომდე არ დაუწყიათ.
ამავე თემაზე:
„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე






