ბათუმის გმირთა ხეივანში ხარაჩოები და სხვა სამუშაო ინსტრუმენტები ისევ დაგხვდებათ.
აღდგენის სამუშაოები დაუწყიათ, თუმცა როდის დასრულდება, არ ვიცით და არც ის ვიცით, ეს სამუშაოები ხარვეზების სრულ განახლებას ითვალისწინებს, თუ მხოლოდ იმ ადგილებს შეაკეთებენ, საიდანაც კომერციულ ობიექტებში წყალი ჩადის.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, განახლებისთვის შეწუხებას არავინ აპირებდა, საფეხმავლო ხიდების ქვეშ განთავსებული კომერციული ობიექტების მოიჯარეებს ამ ფართობებში წყლის ჩასვლა რომ არ გაეპროტესტებინათ.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბათუმის მერიამ მოახერხა და ხეივანში მოწყობილი ფართობები საიჯარო წესით გაასხვისა. ზოგ შემთხვევაში მაღალ ფასადაც. სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ კი, მოიჯარეები გამოწვევის წინაშე დადგნენ – წვიმის დროს წყალი ჩავიდა და ყველაფერი გააფუჭა.

გმირთა ხეივანი

გმირთა ხეივანი
გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიწყო და 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ დასრულდა. დაიხარჯა 25 მილიონი ლარი. პროექტის პომპეზურად გახსნიდან მალევე, 2025 წლის ზაფხულში, ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა. ხარვეზის გამოსწორებაზე ამ დრომდე არავის უზრუნია.
ადგილზე თითქმის იგივე ვითარება დაგვხვდა, რაც 2025 წელს იყო, უარესიც – წყლის გაჟონვის გამო კედლები ისეა დაზიანებული, რთული დასაჯერებელია, რომ პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდა. ამის შესახებ დეტალურად ნახეთ „ბათუმელების“ გასული წლის მასალა:
გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია
ისევ დაკეტილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები და ბათუმში არავინ იცის საერთოდ იყო თუ არა ეს ლიფტები ჩართული სარგებლობისთვის. ამის შესახებ ვკითხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ბათუმში შშმ პირების უფლებების დაცვაზე ზრუნავენ. მათი თქმით, ამ ლიფტებით არასდროს უსარგებლიათ: „არც კი დაგვიტესტავს“.

შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტები გმირთა ხეივანში ისევ არ მუშაობს – გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონი დაიხარჯა
საინტერესოა, რომ ხეივნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული კადრები არაერთხელ გაავრცელეს, ისევე როგორც მისი პომპეზურად გახსნის კადრები. ლიფტების თუნდაც სატესტო რეჟიმში ჩართვა არც ამ კადრებში ფიქსირდება.
საპირფარეშოები ჩაკეტილია, კედლებზე რიგ შემთხვევაში ხავსია მოდებული, კომერციულ ფართობებში კი წყლის გუბეები დგას.

კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან

კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან

კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან

კომერციული ფართობი გმირთა ხეივანში, ფოტო გადაღებულია შუშიდან
ამ დროისთვის აღდგენილია მხოლოდ ერთ-ერთი ხიდის დაზიანებული ნაწილი, ჩართულია შადრევანიც.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შემსყიდველ უწყებაში – მუნიციპალური განვითარების ფონდში კითხვებს არ უპასუხეს: „მოგვწერეთ, გამოითხოვეთ ინფორმაცია.“
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მუნიციპალური განვითარების ფონდში კითხვებს არ უპასუხეს, ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვნის შემთხვევაში კი მაქსიმალურ ვადას იყენებენ და მაინც არასრულ პასუხებს აგზავნიან.
ეს ის უწყებაა, რომლის ყოფილი უფროსი, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. ისიც ახლდა ირაკლი კობახიძეს გმირთა ხეივნის გახსნის ცერემონიალზე 2024 წლის არჩევნებამდე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს.
ამ პრეზენტაციას ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ქარსელაძეც.
გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ირაკლი ქარსელაძის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.
გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს დაკავებული კობა გაბუნიას, ირაკლი ქარსელაძისა და სხვა პირების სახლები – 20 სხვადასხვა ობიექტზე.
ირაკლი ქარსელაძის შემცვლელის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემურია, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ მან გასულ წელს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
გმირთა ხეივანში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „საგარანტიო პერიოდში ხარვეზებს და ვანდალიზმის შედეგად მიყენებულ ზიანს ასწორებს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორი კომპანია.“
გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობის პროექტის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წელს შეისყიდა.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 7 მილიონ 315 132 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი ხელშეკრულება 16,5 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ეს თანხა 18 096 153 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა პროექტის საბოლოო ღირებულებაც და საბოლოდ 25,4 მილიონ ლარს მიაღწია.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „საბა კონსტრაქშენმა“ შეასრულა.
სამუშაოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამთავრობო პროგრამის – „განვითარებული რეგიონები“ ფარგლებში.
„ოცნების“ მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, შადრევნები, ველოსადგომები, დამონტაჟდა სხვადასხვა სახის დეკორატიული სანათები.
ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ხიდებზე განთავსდა ლიფტები.






