ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

18.05.2026
„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმში, ბაგრატიონის 129 ა-ში მცხოვრები მოქალაქეები მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს 33-სართულიანი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოქალაქეების თქმით, მშენებლობის პროცესში არ არის დაცული განაშენიანების ნორმები და უსაფრთხოება.

„გვითხრიან საძირკველს, დაბზარულია აივნები, კედლები“- ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს, 18 მაისს, სამშენებლო ობიექტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

მოქალაქეების თქმით, მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს კიდევ ერთმა მშენებლობამ გამოიწვია მათი კორპუსის დაზიანება.

მოქალაქეები ცდილობენ პასუხი მიიღონ როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე მერიისგან. მათ გადაკეტეს გზა და არ აძლევენ კომპანიის მანქანებს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას, რამაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია კომპანიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის. 

„ხალხს ფული გვაქვს გადახდილი ამ ბინებში და ვცხოვრობთ, ზიანდება ჩვენი ბინები“ – ამბობს აქ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.

„ჩვენ მშვენიერი ხედით შევიძინეთ ბინები, ახლა კი ნახეთ რა მდგომარეობაა. შიშის ქვეშ ვიძინებთ“- გვითხრა კიდევ ერთმა მოქალაქემ.

„შეიძლება ასე ახლოს ბინები? ბინა ბინაზეა მიმდგარი, არ უნდა გავაღო ფანჯარა? მეზობლის ფანჯარა იქნება მომდგარი. აქ თავის დროზე იყო პირობა გაცემული, რომ ამ ადგილზე სხვა კორპუსი არ უნდა აშენებულიყო, მაგრამ ეს პირობა დაარღვიეს“ – ამბობს მოქალაქე.

„ხანძარი, რომ გაჩნდეს, საიდან უნდა შევიდეს ეზოში სახანძრო“, „იმის ნაცვლად რომ მოვიდნენ და აგვიხსნან, ვართ თუ არა საფრთხეში, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ. ჩვენ ვართ მუდმივი მაცხოვრებლები, შვილები გვყავს და უნდა ვიცოდეთ ხომ არ გვემუქრება საფრთხე“, „განათლების, ხედის, ჰაერის პრობლემას რომ თავი დავანებოთ, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. 

„მოვიდნენ და გაიგონ რატომ ვდგავართ და რატომ ვაპროტესტებთ. ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული?“- ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამავე ტერიტორიაზე იმყოფება.

„მე თვითონ ვნახე, დავათვალიერე და ბინები დაბზარულია, მუნიციპალური ინსპექცია არ მოდის, პატრული გამოვიძახეთ და არ მოვიდა. მოქალაქეების უფლებები ხომ უნდა იყოს დაცული?

მივმართეთ მერიას და მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომ გავიგოთ რა საფრთხის წინაშე დგანან ამ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ადგილი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა, რადგან ის საფრთხეს უქმნის მომიჯნავე კორპუსებსაც და ასევე ახშობს სივრცეს.

აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ ახალი მშენებლობის დაწყებამდე მათ სახლებში ბზარები არ იყო და ახლა გაჩნდა.

ამ დროისთვის [ 12:00 სთ] მოქალაქეებს სამშენებლო მოედანი გადაკეტილი აქვთ და ტექნიკას არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას.

მათი თქმით, მათ სასამართლოშიც უჩივლეს კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებს ბაგრატიონის 129 ნომერში, თუმცა ჯერ-ჯერობით საქმის განხილვა არ დაწყებულა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ბზარები მათი სახლის კედლებში მშენებლობის დაწყების შემდეგ გაჩნდა

ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“.

„ბათუმელების“ მერიას დაუკავშირდა კომენტარისთვის. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კომპანია სამშენებლო სამუშაოებს მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს.

„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, აღნიშნული საკითხის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება.

მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს“ – აცხადებს ბათუმის მერია.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა აქციიდან:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: