დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა სხვადასხვა მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან, თუმცა წლებია მათი საცხოვრებელი პირობებით, შემოსავლებით ან მოთხოვნის რეალურობით „ოცნების“ მთავრობა არ დაინტერესებულა.
აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მზევინარ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა, სოფელში საცხოვრებელი სახლი და კარ-მიდამო ბანკმა წაართვა და ამის გამო დარჩა უსახლკაროდ:
„მე გულის პრობლემები მაქვს, ამის გამო გამოვიტანე ბანკიდან სესხი, რომ მემკურნალა, მაგრამ სესხი ვეღარ გადავიხადე და სახლი დავკარგე.
ახლა ქალაქში ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ქირას ვეღარ ვიხდი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ის ბინები, რომლებიც სახელმწიფომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს ააშენებინა, სახელმწიფომ ჩვენ გადმოგვცეს.

15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში

15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში
მოქალაქეები მთავრობის სახლის წინ რამდენიმე წუთით გაჩერდნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით და შეჩერდნენ იმ სამშენებლო ობიექტთან, რომლის მესაკუთრეც არის ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი.
უსახლკაროების აქციაზე მყოფი მოქალაქეთაგან რამდენიმე ქობულეთიდანაა. ისინი აცხადებენ, რომ ის მიწები, რომლებიც ქობულეთში გიორგი რამიშვილმა შეისყიდა, მათი მამაპაპისეული მიწებია, მათ ამ საკითხზე არ აქვთ სასამართლო დავა, თუმცა ბიზნესმენს სთხოვენ, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
„ჩვენს წინაპრებს ჩვენი წონა ოქრო აქვთ ამ მიწებში გადახდილი. გვაქვს იმის დოკუმენტი, რომ ეს მიწები, რომელიც რამიშვილმა იყიდა სახელმწიფოსგან, ჩვენი საკუთრებაა.
ჯერ არ ვაპირებთ სასამართლოში დავას, ვცდილობთ მოლაპარაკებით მოვაგვაროთ ეს საკითხი“-ამბობს დარეჯან ანანიძე.
საპროტესტო აქციაში ეკომიგრანტების ჯგუფიც მონაწილეობდა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილოს საცხოვრისით.
„ეკომიგრანტი ვარ, „ოცნების“ ქალაქში ვცხოვრობდი ქოხში და შემდეგ ქირით გადამიყვანეს. მყავს შვილები და 6 შვილიშვილი. სამი თვეა ქირის თანხაც არ ჩამოურიცხავთ, ამიტომ გამოვედი“- ამბობს გუგული ხოზრევანიძე.
„ბათუმელები“ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გაესაუბრა.
„აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ უსახლკარო ვარ, მარტოხელა დედა, ობოლი ბავშვები მყავს, ქირას ვიხდი 800 ლარს და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება დაგვეხმარება ბინით.
ბათუმში ჩამოსვლამდე ქედაში ვცხოვრობდი, ქმარი რომ დამეღუპა, მერე გადმოვედი ქალაქში, 16 წლის ბავშვს უწევს მუშაობა ბაზარში, რომ ქირის ფული გადავიხადოთ“- გვითხრა აქციაში მონაწილე ქალმა.
აქციაზე იმყოფებოდა ნანული ხოზრევანიძეც, ქალი, რომელიც ამბიობს, რომ ძალადობის მსხვერპლია ოჯახის წევრის მხრიდან. „მეუღლე ავად მყავს, გერმა კი სახლიდან ამომწერა, არც სახლში ცხოვრების უფლებას მაძლევს.
მემუქრებიან, მაგრამ ადვოკატის აყვანის საშუალება არ მაქვს და ვერ მივდივარ სასამართლოში. ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ და არ შემიძლია სასამართლოებში სიარული“- გვითხრა მან.
ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს ნუნუ კომახიძეც. „6 წელია აქციებზე დავდივარ და ვითხოვ საცხოვრისს. ავად ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვეღარ ვვაჭრობ. მეუღლე აღარ მყავს, არც საკუთრება გამაჩნია“- გვითხრა მან.
აქციის მონაწილე პირები საუბრობენ მძიმე სოციალურ პირობებზე, უბინაობაზე, უმუშევრობასა და შემოსავლების სიმწირეზე, რომელიც არ სწვდება ოჯახების საჭიროებებს.
ზოგიერთი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩენის მიზეზად ასევე ასახელებს ჯანმრთელობის პრობლემებსაც.
აქციაზე იმყოფებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უსახლკარობის გამო თავშესაფარში მოხვდნენ.
„ხულოში ვცხოვრობდი, მეუღლე მყავდა ავად და ამის გამო გამოვიტანე ბანკიდან ფული. ვერ გადავიხადე ვალი და დავკარგე საცხოვრებელი. დავრჩი მარტო და ახლა ვარ თავშესაფარში. მინდა, რომ სახელმწიფომ დამაკმაყოფილოს ბინით, რადგან თავშესაფარშიც არ გვაძლევენ დიდხანს გაჩერების უფლებას“- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე გამოვიდნენ ეკომიგრანტებიც. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა სთავაზობს, 50 ათას ლარად შეარჩიონ სადმე საცხოვრებელი და ეს თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან:
„სად უნდა მენახა ბინა ამ ფასად?“ – კითხულობს ეკომიგრანტი აკაკი მიქელაძე. ის ამბობს, რომ გეოლოგების დასკვნა აქვს, რომლის მიხედვითაც მის სახლში ცხოვრება საშიშია. აკაკი მიქელაძე შუახევიდანაა.
„ჩემს სახლთან მეწყერი შარშან ჩამოწვა… დასკვნა ისეთი მოგვცეს, რომ იქ საერთოდ არ იცხოვრება. ხელიც მოგვაწერინეს, რომ არ შეიძლება ჩემს სახლში ცხოვრება. გაგვიყვანეს ქირით. დედაჩემიც ბათუმში ჩამოვიყვანე, რადგან ექიმი სჭირდება, მასაჟები, ინსულტი აქვს გადატანილი… ქირას 500 ლარს მე თვითონ ვიხდიდი, 500 ლარს შუახევის მერია მიხდიდა, მაგრამ წელს აპრილის თანხა აღარ ჩაურიცხავთ… არ ვიცი, ალბათ ზაფხული მოვიდა და ადით ისევ სოფელშიო.
სოფელში დავბრუნდით. 4 მცირეწლოვანი შვილით ახლა ისევ ვცხოვრობ სახლში, სადაც ცხოვრება საშიშია… დედაჩემიც ვერ დამყავს ექიმთან. ესეც დიდი პრობლემაა,“ – გვითხრა აკაკი მიქელაძემ.

15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან:





