მთავარი,სიახლეები

ეშმაკის ბორბალზე ფასი გასამმაგდა – რა ღირს ბათუმში გართობა ამ სეზონზე

13.05.2026
ეშმაკის ბორბალზე ფასი გასამმაგდა – რა ღირს ბათუმში გართობა ამ სეზონზე

ტურისტულ სეზონს ბათუმი სხვადასხვა ატრაქციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასებით ხვდება.

გაძვირდა ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი, საბაგირო გზით სარგებლობა, დელფინარიუმში შესვლა და გემით გასეირნება.

  • ბათუმის იახტკლუბი

ბათუმის იახტკლუბში ყველაზე მეტი გასართობი სერვისია ერთად თავმოყრილი.

გემით ნახევარსაათიანი გასეირნება 20 ლარი ღირს. იახტით 30 -წუთიანი გასეირნება – 100 ლარი, ხოლო სკუტერით 15-წუთიანი გასეირნება ასევე ასი ლარი.

იახტაზე 8 ადამიანი თავსდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ქირაობს მას, თანხა ნახევარი საათით მაინც ასი ლარია.

150 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე ადის წყლის მანქანით გასეირნების საფასური. მანქანით სარგებლობა ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია.

დიფერენცირებულია ფასი პარაშუტით გასეირნების მსურველთათვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის 100 ლარი ღირს, უცხოელებისთვის  – 150 ლარი.

გასამმაგდა ეშმაკის ბორბალზე ასვლის საფასური.

გასულ წელს 5 ლარი ღირდა, წელს კი 1 ზრდასრული ადამიანისთვის ეშმაკის ბორბალზე ასასვლელი ბილეთი 15 ლარი ღირს.

  • დელფინარიუმი

20 ლარიდან 30 ლარამდე გაძვირდა ბათუმის დელფინარიუმში დელფინების შოუზე დასასწრები ბილეთის ფასი.

შოუს ხანგრძლივობა საშუალოდ 35 წუთია. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დასწრება უფასოა.

დელფინარიუმის კიდევ ერთი სერვისი, დელფინებთან ერთად ცურვა კი 200 ლარი ღირს.

  • საბაგირო არგო

როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე უცხოელებმა 32.90 ლარი უნდა გადაიხადონ საბაგირო გზით სარგებლობისათვის. იმავე თანხას იხდიან 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებიც. ხოლო 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის საბაგირო გზით სარგებლობის საფასური 7 ლარია.

  • ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური უცხოელებისთვის 25 ლარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 10 ლარი.

შეღავათები მოქმედებს სტუდენტებზე – მათთვის ბილეთი 5 ლარი ღირს, 5 ლარი ღირს პენსიონერებისთვისაც, სკოლის მოსწავლეები ბილეთში 2 ლარს გადაიხდიან, ხოლო 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პარკში შესვლა უფასოა.

სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ უფასოდ შეუძლიათ დაათვალიერონ ბაღი შშმ პირებმა, ომის ვეტერანებმა და სოციალურად დაუცველებმა.

  • მუზეუმები

ბათუმში ამჟამად 6 მოქმედი მუზეუმია: აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ძმები ნობელების მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რელიგიის მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი.

კიდევ ორი მუზეუმი – არქეოლოგიური და მემედ აბაშიძის მუზეუმი დაკეტილია რეაბილიტაციის გამო.

მოქმედ მუზეუმებში შესასვლელად სტანდარტული ბილეთის ღირებულება 6 ლარია. თუმცა მოქმედებს დიფერენცირებული ფასები სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, 14 წლამდე ბავშვებისა და პენსიონრებისთვის.

ასევე დიფერენცირებულია ფასები საექსკურსიო პროგრამების დროს.

ბულვარში სეირნობა, ასევე “ალი და ნინოს” ქანდაკების ნახვა უფასოა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: