„რთული ვითარებაა, მაგრამ ბურთი ფაქტობრივად არის ზელენსკის მხარეს“, – მიიჩნევს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
სამხედრო ანალიტიკოსი იმ „ღრიჭოებზე“ საუბრობს მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს, სადაც უკრაინელებმა დრონით შეტევა შეძლეს.
რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს მოსკოვში?
„არ ვიცი, ევროპელი პარტნიორები ზელენსკის გადაარწმუნებენ თუ ვერა, რომ მოსკოვზე არ მოხდეს შეტევა. სხვათა შორის, ლავროვი დაუკავშირდა ევროპის ქვეყნებს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ და 8-9 მაისს შეწყვეტილიყო ცეცხლი. იმდენი ღრიჭო გამოჩნდა მოსკოვისკენ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გადატანით, არ არის გამორიცხული, მოსკოვის მაგიერ, უკრაინელებმა სხვა მიმართულებებით დაარტყან რუსებს…“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი იქამდე მივიდა უკვე ომით, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი, უკვე ჩვენზეა დამოკიდებულიო. პუტინი წელს აღარ აპირებს 9 მაისის მასშტაბურად აღნიშვნას და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას. რას აჩვენებს 9 მაისის წლევანდელი სამზადისი რუსეთში?
9 მაისი გვაჩვენებს იმას, რაც ზელენსკიმ განაცხადა. ფაქტობრივად, არამარტო ჯავშანტექნიკა, როგორც ვიცი, საჰაერო ძალების აღლუმიც არ ჩატარდება ისე მასშტაბურად, როგორც წინა წლებში, გადაფრენებით და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, რომ ამ 9 მაისისთვის დაახლოებით 280-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა დაემატება მოსკოვს დასაცავად.
გასული საუკუნის 50-იან წლებში შემუშავდა მოსკოვის დაცვის კონცეფცია, საშუალო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერებით. ეს იყო მიმართული ცივი ომის პერიოდში ნატოს წინააღმდეგ, რომელიც მაშინ არ განხორციელდა სხვადასხვა მიზეზის გამო. ახლა რუსები იმავე კონცეფციას დაუბრუნდნენ.
გარდა ამისა, რუსებმა განაახლეს გერმანელების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს შემუშავებული ე.წ. ჰაერსაწინააღმდეგო კოშკები – გერმანული ფლაკტურმები. ეს იყო ბეტონის კოშკი, რომელზეც იდგა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება -ამის მსგავსი რამ გააკეთეს რუსებმა ახლა და საკმაოდ მრავლად განალაგეს არამარტო მოსკოვის გარშემო, არამედ ვალდაის და გელენჯიკის რეზიდენციების გარშემო, სადაც პუტინი ატარებს ძირითად დროს ბუნკერში. ის მოსკოვშიც კი ვერ ჩადის.
დრონი, რომელიც ჩამოვარდა მოსკოვში წითელი მოედნიდან 6 კილომეტრში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან 3 კილომეტრში, ბევრ რამეზე მიუთითებს.
მიუხედავად ასეთი დაცულობისა, არის ღრიჭოები.
- თავდაცვის რამდენიმე შრის არსებობის მიუხედავად, მაინც ახერხებს უკრაინა დრონის ჩამოგდებას მოსკოვში?
დიახ, ოთხი შრეა თავდაცვის, შორეული მისადგომებიდან დაწყებული, უშუალოდ ახლო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით დამთავრებული. ამას დაუმატეთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მობილური ჯგუფები, რომლებიც ტყვიამფრქვევებით დგანან სახურავებზე და კრემლის კოშკურებზე. ეს არის სრული პარანოია, ფაქტობრივად, და ალბათ ლოგიკური შიში – აღმოჩნდა, რომ უკრაინელების მხრიდან მოსკოვზე თავდასხმები სავსებით შესაძლებელია.
არ არის აუცილებელი, რომ მაინცადამაინც მოსკოვს დაარტყან უკრაინელებმა 9 მაისს. არის რეგიონები, რომლებზეც შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ უკრაინელებმა. ამიტომაც, ძალიან ბევრ რეგიონში საერთოდ გააუქმა რუსეთმა 9 მაისის აღლუმის აღნიშვნა.
- თუმცა წითელ მოედანზე იერიშს ალბათ ექნება განსაკუთრებული, სიმბოლური მნიშვნელობა.
რა თქმა უნდა, ამას აქვს მნიშვნელობა. უკრაინელების საფრენმა აპარატმა რომ გადაუფრინოს, ამას ექნება მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, ამ დროს რა ამბავი ატყდება. წელს მოწვეულ სტუმრებში ძირითადად ალბათ მხოლოდ ვეტერანები იქნებიან და დუმის წევრები.
სხვა საკითხია, რამდენად გააკეთებს ამას ზელენსკი: ცნობილია მოსკოვის მუქარა, რომ საპასუხო დარტყმა იქნება კიევზე მასირებულად. ნუ დაგვავიწყდება, რომ, მაგალითად, კამჩატკაზე არის ასეთი პოლიგონი, „კურა“. ადრე ამ პოლიგონს ერქვა, თუ არ ვცდები, „კამა“. ეს საბჭოთა კავშირის პერიოდის პოლიგონია, რომელიც 500 კილომეტრშია პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან. ეს პოლიგონი გააკეთეს გასული საუკუნის 50-იან წლებში და გაკეთებული იყო კონტინენტთაშორისი რაკეტის – P 7-ის გამოცდებისთვის. ამ პოლიგონზე 2005 წელს კონტინენტთაშორისი რაკეტა „ბულავა“იქნა გამოცდილი, რომელიც 2024 წელს მიიღეს შეიარაღებაში.
9 მაისის წინ ამ პოლიგონზე დაწყებულია იმ რაკეტების გამოცდები და გაშვებები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინის გადატანა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დატვირთვით არის ეს ყველაფერი. ძირითადად პრევენციის დემონსტრირებაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მსგავსი რაკეტა, თუნდაც ბირთვული ქობინით არ იყოს, უკვე მნიშვნელოვანი ზარალის მომტანია.
არ ვიცი, ახლა რის გამკეთებელია პუტინი, მაგრამ ამ შეშლილი ბერიკაცისგან უკვე ყველაფერი შესაძლებელია.
რუსებმა დაარღვიეს ზელენსკის მიერ შეთავაზებული 6 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის მთელ რიგ ქალაქებს დაარტყეს. სუმის ოლქში საბავშვო ბაღი დაბომბეს, კიდევ კარგი, ბავშვები არ იყვნენ იმ დროს, ღამე იყო და დარაჯი ქალი დაიღუპა. ზელენსკი დაიმუქრა, რომ სარკისებურად იმოქმედებს.
არ ვიცი, ევროპელი პარტნიორები ზელენსკის გადაარწმუნებენ თუ ვერა, რომ მოსკოვზე არ მოხდეს შეტევა.
სხვათა შორის, ლავროვი დაუკავშირდა ევროპის ქვეყნებს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ და 8-9 მაისს შეწყვეტილიყო ცეცხლი. იმდენი ღრიჭო გამოჩნდა მოსკოვისკენ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გადატანით, რომ არ არის გამორიცხული, მოსკოვის მაგიერ უკრაინელებმა სხვა მიმართულებებით დაარტყან რუსებს.
9 მაისისთვის რომ გამოჩნდეს ახლადაბოლებული ტუაფსე ან ნოვოროსიისკი, არა მგონია, ეს კარგი პიარი იყოს ამ აღლუმისთვის.
რთული ვითარება არის, მაგრამ ბურთი არის ფაქტობრივად ზელენსკის მხარეს – ზელენსკის მოქმედებაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.
- რა მასშტაბისაა უკრაინის წერტილოვანი დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე და რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს ომზე? რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც პეტერბურგის ოლქის ქალაქ კირიშში მდებარეობს, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა.
ფაქტია, რომ ძალიან დიდ ზარალს იღებს რუსეთი. უკრაინელებმა, მაგალითად, გუშინ ღამით ყირიმში გაანადგურეს სამი სადესანტო კატარღა და ერთი თვითმფრინავი B-12. ეს გააკეთა დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფმა, „მოჩვენებებმა“. ასე ჰქვია ამ დანაყოფს.
ასევე, სამმა უპილოტომ დაარტყა „ეფესბეს“ შენობას არმიანსკიში. ეს არის დასახლებული პუნქტი სტავროპოლის მხარეში, ცხრასართულიან შენობაში განთავსებული იყო ოფისები. დარტყმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
როდესაც ტუაფსეზე ვსაუბრობთ, ძლიერი ცეცხლის ჩაქრობას რუსების მხრიდან სჭირდება დიდი ძალისხმევა. ამ დარტყმამ გამოიწვია ის, რომ ნავთობი, რომელიც ჩაიღვარა ზღვაში, ძალიან დიდი ლაქაა და ფაქტობრივად ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა რუსეთის მთელი შავიზღვისპირეთი. ახლა ეს ლაქა მიიწევს ჩრდილოეთისკენ და უახლოვდება გელენჯიკს, სადაც პუტინი არის ბუნკერში დამალული. ისეთი ჭვარტლია, მზე აღარ ჩანს. სოჭიდანაც მოჩანს უკვე ეს დაკვამლიანება.
მნიშვნელოვანია, რომ ჩებოქსარებში უკრაინელებმა დაარტყეს ქარხანას, რომელიც აწარმოებდა მიკროსქემებს რაკეტებისთვის. შედეგებზე რთულია საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო რუსეთმა.
მარტო ერთ თვეში – აპრილში, უკრაინელებმა დაარტყეს და გაანადგურეს 38 სამიზნე . „ბუკი“, „ტორი“, „პანცირი“… ეს იყო ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ასევე 13 რადარი. თანხაში რომ გადავიყვანოთ, ეს არის 1.1 მლრდ დოლარი. მხოლოდ აპრილზეა საუბარი და მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებზე.
- პუტინსა და კრემლს შეთქმულების ან გადატრიალების მცდელობის რისკი აშფოთებთ. ამის შესახებ წერს ლატვიაში რეგისტრირებული რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს, თქვენი აზრით?
როგორც წესი, სადაზვერვო ინფორმაცია ხვდება ღია წყაროებში. არ არის გამორიცხული, აქ თამაში მიდიოდეს, რათა გააძლიერონ ეჭვები პუტინის ახლო გარემოცვაში.
ვერ ვიტყოდი რამდენად რეალურია, მაგრამ ამ ვერსიის რეალურობა იზრდება. ყველა ხედავს, რომ ეს ომი რუსეთს დანგრევისკენ მიაქანებს.
- ფრონტის ხაზზე კონკრეტულად რა იცვლება? ბოლო მონაცემებით, რამდენად წინ მიიწევს უკრაინა?
ბოლო ინფორმაცია იყო დაბრუნებული 400 კვადრატული კილომეტრი უკრაინელების მიერ. აპრილის თვეში იყო დამატებით 180 კვადრატული კილომეტრი. ეს დიდი მანძილი არ არის, თუ ავიღებთ ზოგად ოპერატიულ ფონს 2000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე.
რუსებმა ორი მიმართულებით შეძლეს წინ წაწევა პესჩანოეს და ვროვენსკოეს მიმართულებით. ფაქტია ერთი რამ, რომ შეტაკებების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ არის შემცირებული – დღეში 100 შეტაკებაზე ნაკლები კვლავ არ ხდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსები ვეღარ მიდიან წინ. ადრე მსგავსი შეტაკებების შედეგად წინსვლა ჰქონდათ რუსებს, ახლა კი ვეღარ ახერხებენ წინსვლას.
თუკი ნაკლებს უტევ [მანამდე იყო, 200-მდე, 300-მდე შეტევაც], ნაკლები გეღუპება, ხომ?! ეს საშუალებას გაძლევს გარკვეული რეზერვი შექმნა, მაგრამ ამ რეზერვს ვერ ქმნის რუსეთი.
პარადოქსული ვითარებაა, ნაკლებად უტევენ, მაგრამ ამით რუსეთის დანაკარგი არ მცირდება.
საქმე იმაშია, რომ უკრაინელებმა გააქტიურეს „Middle Strike“, ეს არის საარმიო სიღრმე, სადაც ძირითადად განთავსებულია დანაყოფები, ფრონტისპირა მომარაგება. ზუსტად ამ სივრცეში ხდება მნიშვნელოვანი დარტყმები უკრაინელების მხრიდან და როგორც ადრე ვთქვი, ძირითადი დანაკარგი რუსების არის პოზიციებამდე მისვლაში და არა უშუალოდ პოზიციებზე.
შედეგს ხომ ხედავთ? კონსტანტინოვკას სამი მხრიდან უტევენ რუსები უკვე ერთი წელიწადია და არაფერი არ გამოსდით. კუპიანსკი უკვე ანეკდოტების მასალა გახდა – იმდენჯერ განაცხადეს რუსებმა კონსტანტინოვკის აღება და იმდენი გმირობა მიიღეს რუსმა გენერლებმა. ამ დროს კუპიანსკი ისევ უკრაინელების კონტროლქვეშაა.
- რის ხარჯზე ვეღარ აქვთ ეს წინსვლა რუსებს? უკრაინელები უფრო დაოსტატდნენ, თუ უფრო ეფექტურად იყენებენ დრონებს?
როგორც ადრე მოგახსენეთ, უკრაინელები რუსებთან შედარებით სამჯერ მეტ დრონს იყენებენ ფრონტის ოპერატიულ სიღრმეში, ანუ Front Strike, Middle Strike-ის პირობებში და ეს ძალიან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსებს. მანამდე, როცა ამდენი წარმოება არ ჰქონდათ ჯერ კიდევ აწყობილი უკრაინელებს, 70%-მდე რუსების დანაკარგი მოდიოდა დრონებზე. ახლა ეს დანაკარგი სადღაც 80%-ზე მეტ პროცენტზეა გასული.
უკრაინაში უპილოტო საფრენი სისტემების ხელმძღვანელია მადიარი, მან შეაფასა რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე და თქვა, რომ რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე არის 882 დოლარის ტოლფასი. ამდენი ჯდება ის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც უშვებენ უკრაინელები ჯარისკაცის გასანადგურებლად. ეს არაჰუმანური არითმეტიკაა, მაგრამ სამხედრო არითმეტიკაა.
ამავე დროს, რუსეთში დაახლოებით 130 000-მდე დოლარი ჯდება დაღუპულის კომპენსაცია. დაჭრილის მკურნალობა კიდევ ცალკე დასათვლელია. ელემენტარული არითმეტიკით, ეს დრონი უკრაინელებს უფრო იაფი უჯდებათ რუსი ჯარისკაცის გასანადგურებლად, ვიდრე რუსებს კომპენსაციების გადახდა.
შესაბამისად, უკვე მეხუთე თვეა, რომ დრონებით განადგურებული რუსი სამხედროების რაოდენობა აღემატება ყოველთვიურ გაწვევას. თვიური გაწვევა 25 000-დან 30 000-მდეა.
- ამ მოცემულობაში მოახერხებს რუსეთი საზაფხულო კამპანიის წამოწყებას, თუ ჩანს, რომ ის ეძებს უკვე მიზეზს, რომ შეაჩეროს ცეცხლი?
მე მაინც მიმაჩნია, რომ საზაფხულოდ მაინც შეეცდება რუსეთი კუდის მოქნევას. რუსეთის ხელმძღვანელობაში რა იქნება, როგორ იქნება და რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს რუსეთის მხრიდან, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ისეთი განცდა მაქვს ლოგიკურად, რომ საზაფხულო კამპანიაზე შეიძლება იფიქრონ. ამის გარკვეული მაჩვენებელია გააქტიურება ბელარუსის საზღვარზე.
ერთ-ერთი ვარიანტი რუსებისთვის არის ბელარუსის ჩართვა ამ დაპირისპირებაში, რომ ამით დამატებითი იმპულსი შეიძინოს რუსების მოქმედებამ.
ზელენსკიმაც განაცხადა, რომ საეჭვო აქტივობა ჩანს ბელარუს-უკრაინის საზღვარზე. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ უკრაინელების ხელში ჩავარდა საჰაერო ბუშტი, ანუ ფაქტობრივად, ეს არის მეტეოროლოგიური ზონდი, რომელზეც ეკიდა რეტრანსლიატორი. ეს იყო მოწყობილობა საიმისოდ, რომ სიგნალის მოწოდება ეფექტურად განხორციელებულიყო რუსული საჰაერო საშუალებებისთვის. ბელარუსის მხრიდან აფრინდა ეს ზონდი.
ჯერჯერობით რუსეთი 9 მაისზეა ორიენტირებული. შემდეგ ბევრი რამ შეიძლება გამოჩნდეს.
- ბოლოს ირანზე მინდა გკითხოთ: აშშ დროებით აჩერებს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების თავისუფალი ნავიგაციის აღსადგენად დაწყებულ ოპერაციას, რომელიც დაიწყო 4 მაისს. რა იცვლება ამ მიმართულებით?
სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა. ეს უკვე უფრო მექსიკურ სერიალს ჰგავს, სადაც არაფერი არ არის გარკვეული, სანამ შემდეგი სერია არ დაიწყება.
ვერ გავიგე, რომელ ხელშეკრულებაზეა საუბარი: ირანის ხელისუფლება ერთ რამეს იძახის, „გუშაგთა კორპუსი“ მეორე რაღაცას აკეთებს. ხელისუფლება „გუშაგთა კორპუსს“ ეძახის გიჟებს, „გუშაგთა კორპუსი“ ვიღაცას არ ექვემდებარება და ასე შემდეგ. სჯობს, მოვლენებს დაველოდოთ.
პროექტი „თავისუფლება“, რომელიც გამოაცხადა ტრამპმა, გულისხმობდა გემების გამოყვანას ჰორმუზიდან. რამდენიმე გემი გამოიყვანეს, რომელზეც მოხდა „გუშაგთა კორპუსის“ თავდასხმა. ეს თავდასხმა, ამერიკელების განცხადებით, მოიგერიეს ვერტმფრენებმა „აპაჩიმ“ და „სიჰოუკმა“. ირანელების 7 სწრაფმავალი კატერი ჩაძირეს.
ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 2000 გემია ახლა გაჭედილი. ეს არის 20 ათასი მეზღვაური დაახლოებით. ამათი გამოყვანა როგორ განხორციელდება, რაზე მოილაპარაკეს, ეს ყველაფერი უცნობია.
ფაქტია, რომ ირანი არ თმობს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას, ვინაიდან ამას თვლის თავის ეგზისტენციალურ საფრთხედ. ამ დროს ამერიკის მთავარი მოთხოვნაა არსებული 450 კილოგრამი გამდიდრებული ურანის გატანა. ვნახოთ რა იქნება. ჯობს, უკვე მომხდარი ფაქტების შემდეგ ვისაუბროთ.






