მთავარი,სიახლეები

საიას განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

17.05.2026
საიას განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც, წინა წლების მსგავსად, ლგბტქი ადამიანების უფლებების უგულებელყოფის, ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის წაქეზების, დისკრიმინაციული კანონმდებლობის და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება.

ლგბტქი თემი სახელისუფლებო პროპაგანდის განსაკუთრებული სამიზნე 2024 წლიდან გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ლგბტქი ადამიანებს სისტემური უთანასწორობის, დისკრიმინაციის გარემოში უწევდათ ცხოვრება, რასაც სახელმწიფოც უწყობდა ხელს, 2024 წლიდან ხელისუფლებამ პროაქტიულად დაიწყო ლგბტქი თემისაგან მტრის ხატის შექმნა დისკრიმინაციული კანონპროექტებით და კანონებით და სიძულვილის შემცველი რიტორიკით.

კვლავ ძალაშია 2024 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს მრავალ ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას როგორც აქტივისტურ, ისე შემოქმედებით და სამეცნიერო სივრცეებში, კრძალავს ტრანს-სპეციფიკურ ჯანდაცვას, რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებას.

ეს კანონები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთანაც, რის გამოც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მათი გაუქმებისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ კანონებს ოჯახების და ბავშვების უფლებების დაცვის მოტივით ხსნის. სინამდვილეში, ეს კანონმდებლობა აზიანებს, მათ შორის ბავშვებსაც, რომელთაც ბულინგის, სიძულვილის, ძალადობის მიმართ უფრო დაუცველსა და მოწყვლადს ტოვებს.

ბავშვებზე მათი მავნე გავლენის დადასტურებაა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის 2024 წლის დასკვნითი შეფასებებიც, რომელმაც საქართველოს მოუწოდა, უარი ეთქვა მაშინ ინიციირებულ ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ საკონსტიტუციო კანონის პროექტზე, რომელიც შინაარსობრივად მოგვიანებით, 2024 წლის სექტემბერში მიღებული კანონის იდენტური იყო.

ანტიგენდერული რიტორიკა, რომლის შედეგიც არის კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ გაქრობა, ასევე უარყოფითად მოქმედებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, იწვევს ისეთი გენდერული როლების დამკვიდრებას, რომლებიც ძალადობის მიმღებლობას ზრდის, ქმნის საფუძველს ძალადობის თუ უთანასწორობის გენდერული პერსპექტივის გაუთვალისწინებლობის, სოციალური და კულტურული ფაქტორების უგულებელყოფისთვის, რაც პრობლემებთან სისტემურ და საფუძვლიან ბრძოლას მნიშვნელოვნად ართულებს.

შემთხვევითი არ არის, რომ ლგბტქი თემზე გაძლიერებული თავდასხმა სწორედ ავტორიტარიზმისკენ სწრაფ შემობრუნებას და სხვა რეპრესიული კანონების აგრესიულ მიღებას დაემთხვა. გარდა იმისა, რომ ჰომოფობიის და ტრანსფობიის გაძლიერება ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებების სამართალს და საფრთხეში აყენებს ლგბტქი ადამიანებს, იგი ასევე წარმოადგენს სხვა მძიმე უფლებადარღვევების გამო ქართული ოცნების კრიტიკისაგან ყურადღების გადატანის იარაღს, ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და შედეგად თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ გამოხატვისა, უფრო დაუცველს ტოვებს რეჟიმის წინაშე“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

___________

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: