„ესაა გულდასაწყვეტი, რომ ხმას „ოცნებას“ ვაძლევდით და მხარს ვუჭერდით, დღეს იმის ღირსი არ ვართ, რომ მხარი დაგვიჭირონ? მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით „ოცნებას“, ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა დავითაძემ. ის კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციის მონაწილეა.
კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციამ დღეს, 18 მაისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გადაინაცვლა.
კვადროციკლების მფლობელმა საპროტესტო აქციების გამართვა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მას შემდეგ დაიწყეს, როცა დაახლოებით 2 თვის წინ ბათუმის ბულვარში კვადროციკლების გაქირავება აიკრძალა. საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ მოქალაქეებს კონკრეტული ადგილი შესთავაზა – აკვაპარკიდან ახალი ბულვარის ბოლომდე.
თუმცა ეს პირობა კვადროციკლების მფლობელებისთვის მიუღებელია.
„ბანკი ვალები აქვს ყველას… საშინელ დღეში ვართ, თვითდასაქმებული ვართ და არ გვამუშავებენ, ბულვარში ხალხი დასასვენებლად დადის, ჩვენ სამუშაოდ,“ – ამბობენ კვადროციკლის მფლობელები. მათ დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა: „გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით“, – უთხრა აქციაზე შეკრებილებს აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა.
აქციის მონაწილეებს ეჭვი აქვთ, რომ ბულვარზე „ვიღაც მილიარდერს აქვს თვალი დადგმული“.
„ალბათ ვიღაცას თვალი აქვს დადგმული [ბათუმის ბულვარზე], მილიარდერები გვყავს საქართველოში…. ეს არის მილიონერების ქვეყანა, მათ ყველაფრის უფლება აქვთ,“ – ამბობს ვაჟა დავითაძე და ამავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ აქციაზე გამოსული ადამიანების დიდი ნაწილი მისი ჩათვლით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია:
„ხალხზე არ ფიქრობენ, აი, ესაა სამწუხარო.
აქ ვინც არის მოსული, ყველა „ოცნებას“ აძლევდა ხმას, მეც პირადად და სულ ყველა…. განვიხილავთ თქვენს საკითხსო, რას განიხილავენ? გამოგვიყვეს ადგილი 200-300-მა კაცმა უნდა ვიმუშაოთ 700-800 მეტრზე… მინიმუმ წინასწარ უნდა გააფრთხილო ხალხი, ყველას ბანკში აქვს სახლი ჩადებული. ყველა ემზადება სეზონისთვის. აბა, საწარმო და ფაბრიკა ჩვენ არ გვაქვს, რომ სადმე იმუშაო,“ – გვითხრა ვაჟა დავითაძემ.
კვადროციკლების გამქირავებელთა აქციაზე ვესაუბრეთ მაყვალა გოგრაჭაძესაც. იგი 20 წელი იყო ემიგრაციაში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, ბულვარში მოპედების გაქირავებით დასაქმებულიყო:
„დილის აქეთ აქ ვდგავარ წვიმაში და პასუხიც კი არ გაგვცეს…
20 წელი ვიყავი ემიგრაციაში, ვალაგებდი, ბებია-ბაბუებს ვუვლიდი, ახლა 53 წლის ვარ, დავიღალე… ასე კომუნისტებიც არ იქცეოდნენ: უმუშევარი რომ ყოფილიყავი, დაგიჭერდნენ,“ – გვითხრა მაყვალა გოგრაჭაძე.
„ჩვენი ხმა იმიტომ არ ესმის „ოცნებას“, რომ არ გვთვლიან ადამიანებად, არ გვთვლიან არაფრად… მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ახლა კარგს ვერაფერს ვხედავთ,“- ამბობს გიორგი ჩხაიძე.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ბოლო დღეებია რამდენიმე აქცია იმართება ერთდროულად. დღეს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ბულვარში წვენებით მოვაჭრეებიც შეიკრიბნენ. ასევე დილით გამართეს აქცია სუვენირებით მოვაჭრეებმა.
ამ თემაზე:
„მთავრობა ხალხს არ უნდა ემალებოდეს“ – სუვენირებით მოვაჭრეები პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ






