მთავარი,სიახლეები

„ოკუპანტებს დავხვდეთ ცოცხალი ჯაჭვით“ – ბათუმის ნავსადგურში ხვალ დილითაც შეიკრიბებიან

30.07.2023 • 3471
„ოკუპანტებს დავხვდეთ ცოცხალი ჯაჭვით“ – ბათუმის ნავსადგურში ხვალ დილითაც შეიკრიბებიან

„რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის“ – აცხადებენ სტუდენტურ მოძრაობაში „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“. სტუდენტები ცოცხალი ჯაჭვით აპირებენ დახვდნენ საკრუიზო გემს, რომელიც რუსეთიდან გამოვიდა და ხვალ, 31 ივლისს დილით უნდა შემოვიდეს ბათუმის ნავსადგურში.

საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ მორიგი ტურის ფარგლებში სოჭის პორტიდან დაიწყო და ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია გემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 28 ივლისს განაცხადეს, რომ საკრუიზო გემ „Astoria Grande“-ს ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შემოსვლასთან დაკავშირებით სააგენტოში 28 ივლისის საღამოს 9 საათამდე მომართვა არ მიუღიათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს, 30 ივლისს, ამ დრომდე ვერ მივიღეთ ინფორმაცია: საკრუიზო გემმა გაიარა თუ არა ნავსადგურში შემოსვლისთვის საჭირო პროცედურები.

გემთმფლობელს შეუძლია გემის ბათუმში შემოსვლაზე, სააგენტოს რამდენიმე საათით ადრეც მიმართოს.

„სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. 9-დან 10 საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის,“ – აღნიშნულია მოძრაობის „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეებს ხვალ დილით ბათუმის ნავსადგურში მისვლისკენ მოუწოდებს პარტია „ლელო“.

„ხვალ, დილის 6 საათზე ბათუმის პორტში ისევ შემოდის საკრუიზო გემი “ასტორია გრანდე”. ამ გემის მგზავრების განწყობაზე იზრუნებენ პუტინის პროპაგანდისტები და უკრაინის ომის მხარდამჭერი არტისტები, გარდა ამისა, ვნახეთ, რომ გემის მგზავრები არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ. ბათუმს და სრულიად საქართველოს მოვუწოდებ, რომ დილიდანვე საკადრისი პასუხი გავცეთ ოკუპანტებს, შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავმოყვარეობა. გელოდებით ბათუმის ნავსადგურში,“ – აღნიშნულია „ლელოს“ მიერ დღეს, 30 ივლის გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო აქტივისტები და ენმ დღეს, ღამის 12 საათიდან აპირებენ ბათუმის ნავსადგურში შეკრებას და საპროტესტო აქციის დაწყებას.

————-

„ASTORIA GRANDE“ ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს დილითაც შემოვიდა და ბათუმი იმავე დღეს, საღამოს, საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.

27 ივლისს ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერით – „ASTORIA GRANDE“ ჩამოსული ერთ-ერთი მგზავრი ამბობდა, რომ ნამყოფია აფხაზეთში, ანუ შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქაჯობად“  შეაფასა მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, რომელიც 27 ივლისს ბათუმში, რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი, ბათუმის აქციას ტვიტერზე გამოეხმაურა: „ვამაყობ ჩვენი ხალხით“.

„ASTORIA GRANDE“-ს ვებგვერდის მიხედვით, მორიგი ტური დაგეგმილია შემდეგი მარშრუტით: სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

 

გადაბეჭდვის წესი