„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახები გაეროს მიმართავენ: არ დაუშვათ ფსევდოტრიბუნალი

„აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახები წითელი ჯვრის კომიტეტსა და გაეროს მიმართავენ და სთხოვენ, შეაჩერონ „აზოვის“ მებრძოლების საჩვენებელი ტრიბუნალი, რომელსაც რუსები მარიუპოლში გეგმავენ.

ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ოჯახები აღნიშნავენ, რომ საჩვენებელი სასამართლო „სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის საერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგება“.

„საერთაშორისო ტრიბუნალი შეუძლებელია „რესპუბლიკაში“, რომელიც მხოლოდ ისეთმა ფსევდოსახელმწიფოებმა აღიარეს, როგორებიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. მზადდება პროპაგანდისტული შოუ და სადაც გინდა გაიმართოს ის – დონეცკში თუ მარიუპოლში, მას მსოფლიოში არავინ აღიარებს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს ასრულებდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, არ შეიძლება სხვა სახელმწიფომ გაასამართლოს, მით უმეტეს, თვითაღიარებულმა ფსევდოსახელმწიფომ. ასეთ „ტრიბუნალს“ ვერანაირი ძალა ვერ ექნება უკრაინის სამართლებრივ სივრცეში“, – ნათქვამია „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაცია მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ კი, „აზოვსტალის“ დამცველების გარანტებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, გაეროს და სთხოვს, ხელი შეუშალონ ყალბი ტრიბუნალის გამართვას.

მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, 6 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები სექტემბერში უკრაინის დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვას აპირებენ. მისი თქმით, ამისთვის რუსი ოკუპანტები მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიებს აწყობენ.

ფოტოები ვადიმ ბოიჩენკოს ტელეგრამ არხიდან

მოგვიანებით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა დაადასტურა, რომ მარიუპოლში „აზოველთა“ საჩვენებელი სასამართლო იგეგმება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეების ტრიბუნალი საზოგადოების დაშინებისკენაა მიმართული და მას ვერანაირი სამართლებრივი ძალა ვერ ექნება.

რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 2 500 უკრაინელი სამხედრო ტყვეა, რომლებმაც მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანა 82-დღიანი ბრძოლის შემდეგ დატოვეს და რუსეთს ჩაბარდნენ.

აჭარაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია უკვე 110 000 ლარით ფინანსდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 10 000 ლარით გაზარდა და ახლა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება სამინისტროს მიერ 80 000 ლარით უფინანსდებათ, დამატებით 30 000 ლარს მათთვის ბათუმის მერია გამოყოფს, ხოლო აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის 110 000 ლარს მთლიანად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

შესაბამისად, აჭარაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ღირებულების 88 პროცენტს ბიუჯეტი ფარავს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წლიდან აფინანსებს. მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება დღემდე სამინისტროს დაფინანსებით 34 პაციენტს ჩაუტარდა, გამოყოფილი თანხა 2 150 000 ლარს შეადგენს.

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ევექსის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კლინიკის ხელმძღვანელებთან და ტრანსპლანტოლოგიის გუნდთან ერთად იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ღვიძლი აჭარაში გადაინერგეს. შეხვედრას დონორებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა პაციენტი, რომელმაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია აჭარაში პირველმა, 2014 წელს ჩაიტარა.

„ტრანსპლანტაციიდან 9 წელი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე, დღეს თითქმის აღარაფერი მახსოვს, ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ და პერიოდულად გეგმურ კვლევებს ვიტარებ,“- განაცხადა ტატიანა მეგრელიშვილმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამით უკვე ორმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ამავე თემაზე:

პაციენტი და დონორი და-ძმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ

ბათუმში ღვიძლის გადანერგვა დაიწყება

დაიღუპა ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ დამცველი – რუსული მედია

დონეცკის იზოლატორში „აზოვსტალის“ მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას კრემლის გამოცემა ТАСС-ი ავრცელებს. რუსული სააგენტოს ცნობით, სიკვდილის მიზეზი „ქრონიკული დაავადებები და ნარკოტიკები გახდა“.

„დივერსიული დაჯგუფების „მედვედი SS-ის“ ერთ-ერთი წევრი ტყვეობამდე, ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ მიეძალა ნარკოტიკებს, რამაც ჯერ ქრონიკული დაავადებების პროვოცირება, შემდეგ კი სიკვდილი გამოიწვია“, – წერს  ТАСС-ი და დასძენს, რომ დაჯგუფებას ასობით ადამიანი ჰყავს მოკლული.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაღუპული მებრძოლის საქმე დაიხურება, თუმცა მის ჩვენებებს სასამართლო გაითვალისწინებს.

დაღუპული „აზოვსტალელის“ ვინაობას რუსული მედია არ ასახელებს. უკრაინული მედია კი შენიშნავს, რომ რუსებმა მოტოქვეითი ბატალიონის „მედვედის“ სახელს ინფორმაციაში SS დაუმატეს, რათა მკითხველმა ის მეორე მსოფლიო ომის გერმანიას დაუკავშიროს და შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ბატალიონი ნაცისტურია.

29 ივლისს დონეცკში, ელენოვკაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 130 დაიჭრა, მათ შორის, პოლკ „აზოვის“ მებრძოლები. ეს თავდასხმა უკრაინამ ტერაქტად შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას მისი გამოძიება სთხოვა.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დონეცკში დაიღუპა ბრიტანეთის მოქალაქე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოხალისე, 45 წლის პოლ ური, რომელიც რუსებმა 25 აპრილს ზაპოროჟიესთან, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან, დილან ჰილისთან ერთად დააკავეს.

მისი სიკვდილის მიზეზად სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფლებამ „ქრონიკული დაავადებები და სტრესი“ დაასახელა.

I ადგილზე უკრაინა, II ადგილზე საქართველო – ჭადრაკის ოლიმპიადის ქალთა გუნდების შედეგები

ინდოეთში, ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი და ოლიმპიური ოქრო უკრაინის ქალთა ნაკრებმა მიიღო.

შედეგების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ უცნობი იყო, ვინ გავიდოდა პირველ ადგილას, საქართველოს თუ უკრაინის ქალთა ნაკრები, რადგან ორივე ნაკრებმა დღეს მატჩები მოიგო ანგარიშით – 3:1. დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ ანგარიშით დაამარცხა აზერბაიჯანის ნაკრები, ხოლო უკრაინის ნაკრებმა ამავე ანგარიშით სძლია პოლონეთის ნაკრებს.

საბოლოოდ, დამატებითი მაჩვენებლების შეჯამების შემდეგ, ოლიმპიური ოქრო უკრაინის ნაკრებმა მიიღო.

გამოცემა chess-news-ი ფეისბუქზე წერს, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოსა და უკრაინის ქალთა ნაკრებებმა ერთნაირი ქულები დააგროვეს საჭადრაკო ოლიმპიადაზე. ასე მოხდა 2008 წელს დრეზდენში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე. მაშინ პირველ ადგილზე საქართველოს ქალთა ნაკრები გავიდა.

თურქები დანისპირზე დადიან – არესტოვიჩი თურქეთის რუსეთთან თანამშრომლობაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი თურქეთის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოფიციალური სტამბოლი, რუსეთთან თანამშრომლობით, NATO-ს მთლიანობას არღვევს. მისი თქმით, თურქეთის პოლიტიკით უკმაყოფილოა დასავლეთიც.

„მთავარი ბრალდება ისაა, რომ თურქეთი NATO-ს მთლიანობას არღვევს თავისი განსაკუთრებული ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ალიანსის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ სახელდება. ეს უკიდურესად არალოიალური ქცევაა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

პრეზიდენტის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ ახლა თურქეთის ხელისუფლება „დანისპირზე დადის“, რადგან ბევრი ქვეყანა უკვე ზომების მიღების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

„საკითხი ასე დგას, შეუძლია თუ არა NATO-ს ეს უპასუხოდ დატოვოს. ვერ დატოვებენ, თუკი ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია მათთვის ალიანსის ერთიანობა და ავტორიტეტი,“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებს წინ რუსეთისა და თურქეთის მოლაპარაკებები უძღოდა.

5 აგვისტოს სოჭში შედგა რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, მეორე დღეს კი თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა რუსული გაზის საფასური ნაწილობრივ რუბლში გადაიხადოს.

თურქეთმა თავის ტერიტორიაზე „მირის“ რუსული საბანკო ბარათებიც დაუშვა.

____

მთავარი ფოტო: 5 აგვისტო. რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოჭში

ზელენსკი აგვისტოს ომზე – საქართველოსთვის მაპზე უარმა გაათავხედა რუსეთი

უკრაინის პრეზიდენტმა თავის უახლეს ვიდეომიმართვაში 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა. ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოში აჩვენა, რომ უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავა.

„ამ დღეებში ხშირად იხსენებენ 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს ლაპარაკობენ ამ ომის წინაპირობებზეც და შედეგებზეც. იმაზე, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ რუსეთის ხელისუფლების თავხედობა გაზარდა. და მაინც, მაშინდელი ომი არ გამხდარა ისტორია, ის წარსულში არ გადასულა. უნდა ვილაპარაკოთ არამხოლოდ იმაზე, რაც იყო, არამედ იმაზეც, რის გაკეთება შეიძლება,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, გამოწვევები, რომლებიც მაშინ არსებობდა, ახლაც აქტუალურია, რადგან კავკასიის ამ ნაწილში, რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კვლავაც რჩება.

„მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო იმის გაცნობიერება, რატომაა აუცილებელი ნებისმიერი აგრესორის დასჯა და რეალური ინსტრუმენტების შექმნა, რათა აღარ დაუშვას ასეთი აგრესია. 2008, 2014, 2022 -ამ წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ ერთი არსი: უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა ვერ იმუშავა.

სწორედ ამიტომაც საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელია პრევენციის პრინციპის შექმნა, რაზეც ჩვენ 24 თებერვლამდე დიდი ხნით ადრე ვლაპარაკობდით. როდესაც უკვე ცხადია, რომ რომელიმე სახელმწიფო აგრესიას გეგმავს – უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ამ მზადებაზე უნდა იყოს ისეთი, როგორც უკვე მომხდარ აგრესიაზე. არ უნდა ველოდოთ დარტყმებსა და მსხვერპლს, არამედ ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ომი არ დავუშვათ,“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში აღარც აქტიური და არც გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს.

ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით დაიპყრო, ხოლო აგრესორი სახელმწიფო დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს.

მხოლოდ აგრესორის აშკარა დამარცხება, დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება და საერთაშორისო-სამართლებრივი პასუხისმგებლობაა ის, რაც მომავალში ნებისმიერ სხვა ომს თავიდან აგვაცილებს“.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებსა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომელიც „ჰაიმარსის“ რაკეტებს, არტილერიის საბრძოლო მასალებს და სხვა შეიარაღებას მოიცავს.

ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, ჩაკეტონ საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პასუხად შეუზღუდონ რუსეთის მოქალაქეებს დასავლურ ქვეყნებში შესვლა.

ამის შესახებ ზელენსკიმ Washington Post-თან განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი სანქცია საზღვრების დაკეტვაა, რადგან „რუსები იტაცებენ სხვის მიწას“.

„მაშინ ისინი მიხვდებიან. ისინი იტყვიან: „ამას [ომს] ჩვენთან კავშირი არა აქვს. მთელი მოსახლეობა არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს, არა?!“ შეიძლება. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და არ ებრძვის მას, არ ეჩხუბება, არ უყვირის,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ არსებული სანქციები სუსტია. იგი მიიჩნევს, რომ უფრო ძლიერი შეზღუდვა იქნებოდა საზღვრების დაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთი წლით და რუსულ ენერგომატარებლების შეძენაზე სრული ემბარგო.

მისი თქმით, რუსებმა უნდა „იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, სანამ არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას“.

უკრაინის დანაკარგები ივნისთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ივნისთან შედარებით დაახლოებით სამჯერ შემცირდა.

როგორც BBC Украина-სთან ინტერვიუში პოდოლიაკი ამბობს, ფრონტზე დღეში დაახლოებით 30-50 სამხედრო კვდება.

„ჩვენი მხრიდან ამაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს არაკორექტულია. ეს რიცხვები გენერალური შტაბის საქმეა,“ – დასძენს მიხაილო პოდოლიაკი.

მისი თქმით, ივნისში შედარებით დიდი დანაკარგები გამოწვეული იყო ომის მეორე ეტაპზე გადასვლით, როდესაც არტილერიის ომი დაიწყო და მტერმა უკრაინელთა პოზიციებს „დააყარა“.

„დღეისთვის დანაკარგების რაოდენობა შემცირებულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთის ლოგისტიკურ ცენტრებთან დაკავშირებით ძალიან ეფექტიანად მუშაობს ჩვენი ზალპური ცეცხლის სისტემები. მეორეც, ფრონტის მთელ ხაზზე რუსეთის არმიის გადაჯგუფება მიდის და მესამე – ჩვენებმა უკვე ისწავლეს რუსული არმიის ტაქტიკა და უფრო მოქნილად და ეფექტიანად იცავენ თავს,“ – განმარტავს პოდოლიაკი.

მიხიალო პოდოლიაკი ივნისში აცხადებდა, რომ დონბასში უკრაინა ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ჯარისკაცს კარგავდა. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დღეში დაახლოებით 500 სამხედრო იჭრებოდა, ხოლო 60-დან 100-მდე იღუპებოდა.

უფრო ადრე, ჯერ კიდევ აპრილში, პრეზიდენტმა მედიას უთხრა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, 2 500-3 000 უკრაინელი სამხედრო იყო დაღუპული, 10 000 კი – დაჭრილი.

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთთან ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უკრაინის გენშტაბი დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების, ასევე, განადგურებული ტექნიკის რაოდენობას არ აქვეყნებს.

მთავარი ფოტო: Strana.ua

ბუჩაში რუსმა სამხედროებმა მინიმუმ 419 მოქალაქე მოკლეს – ახალი ცნობები

ბუჩაში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული 458 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ბუჩის რადას ცნობით, მათგან 419 ადამიანი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მიერაა მოკლული. მოკლულებს შორის 12 ბავშვია.

ამის შესახებ გუშინ, 8 აგვისტოს, განაცხადა პრესკონფერენციაზე ბუჩას მერის მოადგილემ, მიხაილინა სკორიკ-შკაროვსკაიამ.

მისი თქმით, დაღუპულთაგან 366 კაცია, 86 – ქალი, 5 ადამიანის სქესი ამოუცნობია, რადგან ცხედრები დამწვარია. ასევე, ნაპოვნია 1 ჩანთა სხეულის ნაწილებით, რომლის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

მერის მოადგილემ განაცხადა, რომ 116 ცხედარი ეკლესიასთან ახლოს, საერთო სამარხში იპოვეს, 50-ზე მეტი ცხედარი კი არ იყო დაკრძალული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღუპულთა უმეტესობას ქალაქიდან ევაკუაციის დროს ესროლეს.

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის სისასტიკის მაგალითია – იქ, რუსეთის არმიის სხვა დანაყოფებთან ერთად, 35-ე საერთო საჯარისო არმიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა იდგა. ბუჩას დეოკუპაციის შემდეგ სწრაფად გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულს.

დაღუპულთაგან ზოგიერთს ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული და ტყვია თავში ნასროლი.

_____________

ფოტოზე: ბუჩა დეოკუპაციისას, ცხედები ქალაქის ქუჩაში.

ახალი ნაგავსაყრელები ყველა დასახლებულ პუნქტში – 2022-2026 წლის ეროვნული გეგმა

2026 წლისთვის საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელები და გადამტვირთი სადგურები უნდა მოეწყოს, ამავე დროისთვის უნდა დაიხუროს ყველა ძველი ნაგავსაყრელი. ამის შესახებ ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში წერია, რომელიც გუშინ, 8 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ 2026 წლამდე ქვეყანაში დაინერგოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ახალი სერვისი ყველა დასახლებულ პუნქტში და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

მთავრობის სხდომაზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში. ამ  ცვლილებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ 9 მიზანს ემატება 4 ახალი სტრატეგიული მიზანი:

სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; ამის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ახალი ამოცანები.

ნარჩენების მართვის კანონმდებლობისა და სისტემის სრულყოფა, საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გაწერილია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა:

  • კანონმდებლობის სრულყოფა და მისი სრული ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციებთან;
  • მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისის სრული მიწოდება ყველა დასახლებული პუნქტისთვის;
  • მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა;
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ძველი ნაგავსაყრელების დახურვა;
  • სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა;
  • სახიფათო ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება;
  • პლასტიკის ნარჩენების პრევენციისა და დამუშავების ღონისძიებების ხელშეწყობა;
  • ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა;
  • „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
  • ნარჩენების რეციკლირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ცნობიერების ამაღლებისა და ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება.

ამავე თემაზე:

რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ

ბათუმში 5 საბავშვო ბაღის რემონტისთვის 5 მილიონია გამოყოფილი – უცნობია, რა უნდა გაკეთდეს

ბათუმის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი 5 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის. თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი ისე გამოაცხადა,  დაკონკრეტებული არ არის თითოეული ბაღის შენობაზე რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სატენდერო თანხა 4 998 031 ლარია.

ტენდერის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება ბათუმის N13, 14, 22, 31 და 33 საბავშვო ბაღების შენობებში.

სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს დანართი, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოების მხოლოდ ზოგადი ჩამონათვალი და რაოდენობა.

ამასთან, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ:

  • „მიმწოდებელს წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და წინასაპროექტო დოკუმენტაცია [ასეთის არსებობის შემთხვევაში] ან/და შენობის ავარიულობის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა;
  • მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია;
  • შემსყიდველისგან საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებით დასკვნასთან ერთად;
  • ამასთან, საპროექტო ხარჯები და გაწეული სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურდება სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში“.

ტენდერში – „ქ. ბათუმში, საბავშვო ბაღების შენობების კეთილმოწყობა [დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია]“ – წინადადებების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს „ეტაპობრივად, მერიის სამმართველოს წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.“

გოგოების ერთადერთი საფეხბურთო გუნდი მარნეულიდან – საუკეთესოები ჩემპიონატზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით 6 აგვისტოს 15 წლამდე გოგოების საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო „კაჭრეთის ამბასადორში“.

2022 წლის სეზონზე ტურნირში გოგოების 40-ზე მეტი გუნდი იღებს მონაწილეობას.

15 წლამდე გოგოების მარნეულის საფეხბურთო გუნდი „ალგეთი“ შეჯიბრზე წელს პირველად მოხვდა და მეორე ადგილი მოიპოვა.

15 წლამდე გოგოების საფეხბურთო გუნდი „ალგეთი” მარნეულიდან

„ალგეთი“ მარნეულში გოგოების ერთადერთი საფეხბურთო გუნდია. გუნდში 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის ოცი გოგო თამაშობს – ეთნიკურად აზერბაიჯანელები, სომხები და ქართველები.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვა, „ალგეთის“ ერთ-ერთი მწვრთნელი, არამ აკოპიანი მიიჩნევს, რომ გუნდისთვის ეს დიდი წარმატებაა იმის გათვალისწინებით, რომ გოგოები მხოლოდ 1 წელია, რაც ვარჯიშობენ და არც სათანადო პირობები აქვთ სოფელ წერეთელში.

„ეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთადერთი ქალთა საფეხბურთო გუნდია. მეორე ადგილმა ძალიან გაგვახარა. ეს გოგოები ძალიან ცუდ პირობებში ახერხებენ ძალიან კარგად თამაშს და სრულად იტვირთებიან ვარჯიშისას.

ინფრასტრუქტურა საერთოდ არ გვაქვს სოფელ „წერეთელში“. არის მხოლოდ მოედანი. არ არის გამოსაცვლელიც კი და საშხაპეებზე საუბარიც ზედმეტია. არც საპირფარეშოა მოედანთან ახლოს.

მარნეულში სხვა დროს გოგოების საფეხბურთო გუნდი არასდროს ყოფილა და „ალგეთის“ ფეხბურთელი გოგოები სხვებს მაგალითს აძლევენ, რომ თუ ვინმეს სურს ფეხბურთის თამაში და ეს სპორტი უყვარს, ყველას შეუძლია თამაში.

ორმაგად დასაფასებელია ჩემი გუნდის მეორე ადგილი, მათ პირობების არარსებობის მიუხედავად, უყვართ სპორტი და ყველაფერს აკეთებენ, კარგი თამაში რომ აჩვენონ“, – ამბობს არამ აკოპიანი.

ერთი წლის წინ გუნდ „ალგეთის“ გოგოები უბრალოდ კარგი მეგობრები იყვნენ და  ფეხბურთის თამაში მათთვის ყოველდღიური გართობა იყო. თუმცა მერე ყველა ერთად მიხვდა, რომ ბურთი და მოედანი აღარ იყო მხოლოდ გართობა და ასე იქცა ერთი დიდი სამეგობრო საფეხბურთო გუნდად.

15 წლამდე გოგოების საფეხბურთო გუნდი „ალგეთი“ მარნეულიდან

არამ აკოპიანი იხსენებს, რომ ერთი წლის წინ, სანამ გუნდად შეიკვრებოდნენ, გოგოებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ სტერეოტიპების გამო, რომლის მიხედვითაც „ფეხბურთი გოგოს საქმე არ არის“.

„ალგეთის“ გოგოებს ტურნირში გამარჯვების მიუხედავად ისევ შიშველ მოედანზე მოუწევთ თამაში სოფელ წერეთელში წელიწადის სხვადასხვა დროს, საშხაპეების, საპირფარეშოსა და გასახდელების გარეშე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 9 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 1 817 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 4 076 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 964 ერთეული [+4]
  • MLRS – 261 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 193 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 757 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 185 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 998 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 87 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 264 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 711 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 363 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 278 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 794 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 284 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 785 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის ერთადერთი წარმატება ბოლო 30 დღეში 10 კმ-ით წინსვლაა – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ერთადერთი წარმატება ბოლო 30 დღეში 10 კმ-ით წინსვლაა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბოლო 30 დღის განმავლობაში რუსეთის ყველაზე წარმატებული მიმართულება დონბასში ბახმუტი იყო, სადაც რუსეთის არმიამ 10 კილომეტრით წინსვლა მოახერხა.

უწყების ცნობით, დონბასის დანარჩენ სექტორებზე, სადაც რუსეთი გარღვევის მიღწევას ცდილობდა, ამ პერიოდში მისმა ძალებმა მხოლოდ 3 კილომეტრით წაიწიეს წინ, რაც, დიდი ალბათობით, დაგეგმილზე ბევრად ნაკლებია.

„იმის მიუხედავად, რომ ამ ზონებში ინტენსიურად იყენებდა საარტილერიო ცეცხლს, რუსეთმა მაინც ვერ შეძლო საკმარისი რაოდეობით შეექმნა ქვეითთა ბრძოლისუნარიანი დანაყოფები, რათა უფრო მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 9 აგვისტოს რელიზში.

უწყება აღნიშნავს, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში რუსეთი კვლავაც ფოკუსირებული იყო თავისი თავდაცვის გაძლიერებაზე სამხრეთ უკრაინაში, თუმცა მაინც განაგრძობდა შეტევებს უკრაინელთა პოზიციებზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ რუსეთი დონბასში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს ამონტაჟებს და დიდი ალბათობით, აკრძალულ „პეპელა ნაღმებს“ იყენებს.

ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად ნაპირდამცავ ნაგებობას ააშენებენ – ნებართვის პროცედურა 

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროს გასწვრივ, „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 12,5 ჰექტარ ფართობზე ზღვას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ხელოვნური ნაგებობა კი, მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მშენებლობას შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აპირებს, რომელიც აქ ხელოვნური კუნძულის მოწყობასაც გეგმავს.

სამშენებლო ფართობი, ანუ ტერიტორია ბარცხანის სანაპიროსთან, რომელსაც ქვებით ამოავსებენ / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

კომპანიამ „ჯებირის“ ასაშენებლად ნებართვის მიღების პროცედურა უკვე დაიწყო და სკრინინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

სააგენტომ უნდა მიიღოს სკრინინგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს თუ არა გზშ-ს [გარემოზე ზემოქმედების შეფასების] მომზადებას.

„დამცავი ნაგებობა“ შემდგომში იქნება თუ არა იმ საინვესტიციო პროექტის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხელოვნური კუნძული უნდა აშენდეს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ „ამბასადორi ბათუმი აილენდს“.

კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ მთლიანობაში ეს ნაგებობა „კუნძულის პროექტის“ შემადგენელ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ: „ეს არის ნაპირდაცვითი სამუშაოები, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოებს, ვინაიდან, ჯერ ნაპირდაცვის საკითხი უნდა მოგვარდეს, რასაც შემდეგ მოჰყვება ინფრასტრუქტურული ნაწილი“.

„საკანონმდებლო თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ეს არის ნაპირდამცავი სამუშაოების ნებართვის მიღება, ხოლო საინვესტიციო მიმართულებით, ეს არის საინვესტიციო პროექტის დაწყების დაანონსება“, – გვითხრა გოჩა კამკიამ, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტმა.

რაც შეეხება საინვესტიციო პროექტს [რომელიც უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობას გულისხმობს], გოჩა კამკიას თქმით, „დეტალურ პროექტირებაზე მუშაობა ამჟამად თურქეთსა და საფრანგეთში მიმდინარეობს. მთლიანი პროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და კანონმდებლობის სრული დაცვით, შემდეგ ისევ მივმართავთ სახელმწიფო ორგანოებს, უკვე მთლიან პროექტზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით“.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ სკრინინგის ანგარიშის მიხედვით: „ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა დაგეგმილია, სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარების პრევენციის მიზნით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარება და, შესაბამისად, არსებული ნაპირდამცავი კედლის და საავტომობილო გზის დაზიანების რისკები. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, შეიქმნება დაახლოებით 12.5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.“

ამ მისასვლელი გზით შეიტანენ ზღვაში ლოდებს და ინერტულ მასალას / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

კომპანიას ვკითხეთ, თუ რატომ გაჩნდა საჭირო ცალკე ნაპირდაცვის სამუშაოები იმ ზოლში, სადაც ეროზიული პროცესები შედარებით ნაკლებად შეიმჩნევა.

გოჩა კამკია ამას არ ეთანხმება და ამბობს, რომ „ეს არის ერთ-ერთი ზონა, სადაც ნაპირი საჭიროებს გამაგრებას. ზოგადად, შავი ზღვის მთელი აკვატორია კატასტროფულ დღეშია და ბათუმში ყველგან არის საჭირო ნაპირის დაცვა. ნაპირდაცვის კომპონენტს ჩვენს ნაწილში, ვიღებთ ჩვენს თავზე და ამ მხრივ ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტს მინიმუმ 20 მილიონს ვუზოგავთ. ამიტომ, ამჟამად მხოლოდ ნაპირდაცვით სამუშაოებზე გვაქვს მიმართული… ხელოვნურ კუნძულს რაც შეეხება, ეს არის ჩვენი საინვესტიციო ვალდებულება და შემდგომში კანონის მოთხოვნათა დაცვით ვიმოქმედებთ“.

„შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები“, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში შეიტანა. ასეთი ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებს კი, ცალკე კანონი განსაზღვრავს.

„ახალშექმნილი ტერიტორია“ მთლიანად შთანთქავს ბარცხანის პლაჟს. გოჩა კამკიას განცხადებით კი, „საინვესტიციო პროექტი კუნძულთან ერთად გულისხმობს ხელოვნური პლაჟის შექმნასაც, რომელიც საჯარო სივრცე იქნება“.

რამდენიმე დეტალი სკრინინგის ანგარიშიდან:
  • „ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობა დაგეგმილია მდინარე ბარცხანის და მდინარე კუბასწყლის შესართავებს შორის მოქცეული სანაპირო ზოლის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში;
  • საპროექტო ტერიტორიის პერიმეტრზე დაგეგმილია დამცავი კედლის მოწყობა, ხოლო კედლის შიგნით მოქცეული ტერიტორია შეივსება ინერტული მასალით;
  • დამცავი კედლის საძირკვლის მოსაწყობად, წყალქვეშა ფერდის ექსკავაციის სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი არ არის, რაც მნიშვნელოვანია საპროექტო აკვატორიის წყალქვეშა ფერდის ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ისტორიული დაბინძურებიდან გამომდინარე, რადგან ექსკავაციის შემთხვევაში ადგილი ექნებოდა დაბინძურებული ფსკერული ნალექების გავრცელებას;
  • დამცავი კედლის ჯავშნის და ფილტრის მოსაწყობად გამოყენებული იქნება 2-4 ტონა ქვები;
  • კედლების მშენებლობისათვის საჭირო ქვების შემოტანა დაგეგმილია ლიცენზირებული კარიერებიდან, კერძოდ: ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან. კარიერებიდან მასალის ტრანსპორტირება განხორციელდება თვითმცლელი ავტომანქანების საშუალებით;
  • საჭირო ქვების და ინერტული მასალების საერთო მოცემულობა იქნება 350 000 კუბური მეტრი. მათ შორის, დამცავი კედლისთვის საჭირო ქვების მოცულობა 20 000 კუბური მეტრი;
  • პროექტის მიხედვით, ნაპირდამცავი კედლის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენს 14 თვეს, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ვადა იქნება 1 თვე…“

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გაგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].


ხელისუფლებამ 1 ლარად გადასცა 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულის აშენებას გეგმავს. რა ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე? – ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რა (არ)ვიცით ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე

 

 

რამდენი იარაღი დარჩა რუსეთს და როდის გაუთავდება – სპეციალისტების გათვლები

უცხოეთის დაზვერვის სამსახურებიცა და საერთაშორისო ექსპერტებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსეთს პირადი შემადგენლობის დეფიციტთან ერთად, უკრაინასთან თითქმის ექვსთვიანი ომის შემდეგ, მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტებისა და თანამედროვე არტილერიის ნაკლებობა აქვს.

რამდენი იარაღი დარჩა რუსეთს და რატომ არაა რეალისტური სცენარი, რომ რუსეთს შეიარაღება გამოელიოს? სანდო წყაროების მიერ რუსეთის შეიარაღების შესახებ გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ექსპერტთა შეფასებებს თავი Hromadske-მ მოუყარა.

შესაძლებელია თუ არა იმის ცოდნა, რამდენი შეიარაღება აქვს რუსეთს?

მიახლოებითი მონაცემები შეიარაღებაზე, რომელიც რუსეთის არმიას 2022 წლის დასაწყისისთვის ბალანსზე ჰქონდა, The Military Balance-ის კრებულშია შეტანილი. ეს არის მსოფლიოს 171 არმიის შესახებ შედარებით სრულყოფილი კვლევა, რომელიც 1959 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი სწავლობს ღია წყაროებს შესყიდვების შესახებ და თავად იმ ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

რუსეთის დანაკარგებს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ყოველდღიურად აქვეყნებს უკრაინის გენშტაბი.

გარდა ამისა, პორტალი Oryx-ი სწავლობს ღია მონაცემებს და აქვეყნებს ინფორმაციას, რა რაოდენობის მძიმე შეიარაღება, ტექნიკა, არტილერია თუ ავიაცია „დატოვა“ რუსეთმა უკრაინაში.

შესაბამისად, მიახლოებით შესაძლებელია იმის გამოთვლა, რა შეიარაღება აქვს რუსეთს დარჩენილი. თუმცა განსაკუთრებულ სირთულეს ექსპერტები საბჭოთა შეიარაღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებისას აწყდებიან.

„რუსეთმა ომის 5 თვის განმავლობაში დაკარგა დიდი ოდენობით მოდერნიზებული და თანამედროვე ტექნიკა და ახლა ამ დანაკარგების ძველით კომპენსირებას ცდილობს, თუმცა ძველი ტექნიკიდანაც ყველაფერი არ გამოდგება,“ – ამბობს სამხედრო და უფლებრივი კვლევების ცენტრის დირექტორი ალექსანდრ მუსიენკო.

რაკეტები

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 3 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისის შუა რიცხვებში.

ომის დასაწყისში რუსეთი, ძირითადად, მაღალი სიზუსტის რაკეტებს იყენებდა, თუმცა ივნისში კრემენჩუგსა და ოდესაში რუსეთის არმიამ ძველი Kh-22 და Kh-32 ტიპის, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენა.

საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტები ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ რუსეთს თანამედროვე იარაღის მარაგები ეწურება.

უკრაინულმა სამხედრო ჟურნალმა, Defense Express -მა მაისში გამოთვალა, რომ ომამდე კრემლს დაახლოებით 900 „ისკანდერი“ და 500 „კალიბრი“ ჰქონდა. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა თავისი მაღალი სიზუსტის რაკეტების, „ისკანდერებისა“ და „კალიბრების“, ასევე Kh-101 და Kh-555 ფრთოსანი რაკეტების 55-60%.

მართალია, მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი რუსეთს მნიშვნელოვნად შეუმცირდა, თუმცა საწყობებში რჩება ათასობით ძველი, საბჭოთა ეპოქის რაკეტები Kh -22, Kh -29, Kh -31, Kh -55, რომელთა გამოყენებაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შეუძლია.

„ამ რაკეტების უმრავლესობა საბჭოთა წარმოებისაა, ისინი არაზუსტია და მოგვაგონებს ტერორისტულ რაკეტებს, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე, ურბანულ დასახლებებზე თავდასხმისთვის იყენებს, უკრაინის მოქალაქეების დასახოცად და ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად“, – ამბობს New Geopolitics Research Network-ის დირექტორი, მიხაილ სამუსი.

ტანკები და არტილერია

რუსეთს ჯერჯერობით ტანკებიც ჰყოფნის და არტილერიაც.

The Military Balance-ის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში რუსეთს შეიარაღებაში ჰქონდა 13 617 ტანკი. 10 200 – რეზერვში, 2 927 – ქვეითი ჯარის შეიარაღებაში, კიდევ 330 – სამხედრო საზღვაო ფლოტის სასაზღვრო ჯარების კუთვნილებაში და 160 – საჰაერო-სადესანტო ძალებს.

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ 1 789 რუსული ტანკი გაანადგურა. მართალია, უკრაინამ გაანადგურა შედარებით თანამედროვე ტანკები, თუმცა რუსეთს კიდევ ძალიან ბევრი ტანკი რჩება.

საიტი Oryx-ი განადგურებული ტანკების რაოდენობას ღია წყაროების მიხედვით ითვლის. ეს მონაცემები ასახავს განადგურებული ტანკების ტიპებსაც და აჩვენებს, რომ რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმოებული ტექნიკის ნაწილი – ახალი მოდელები.

„ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, გასული თვის ბოლოს უკრაინელ სამხედროებს განადგურებული ჰქონდათ რუსეთის თანამედროვე ტანკების 30 %“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ ვოლოშინი. მისი თქმით, იგივე ტენდენციაა სახვა შეიარაღებასთან დაკავშირებითაც.

„უახლესი ტექნიკის დიდი რაოდენობა რუსეთმა უკვე დაკარგა. რუსეთი მარაგებიდან იღებს ძველ ტექნიკას, მაგალითად, 1950-1960 წლის ტანკებს, „გრადის“ სისტემებს, რომლებიც 1970-იან წლებშია გამოშვებული და ასევე, ძველ „პიონებს,“ – განმარტავს ალექსანდრ მუსიენკო.

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მათ უკვე გაანადგურეს დაახლოებით ათასამდე საარტილერიო დანადგარი და 260 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

The Military Balance-ის გათვლებით, რუსული არმიის შეიარაღებაში დაახლოებით 6 000 საარტილერიო დანადგარია (მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები), თუმცა რუსეთს საწყობებში საარტილერიო დანადგარების დიდი მარაგი აქვს – დაახლოებით 22 ათასი ერთეული.

„არტილერიის რაოდენობა შთამბეჭდავია, თუმცა მათ უკვე ბევრი დაკარგეს უკრაინაში. საწყობებიდან გამოაქვთ ისეთი საარტილერიო სისტემები, როგორებიცაა: ძველი ეპოქის „პიონი“ და „აკაცია,“ – ამბობს ალექსანდ მუსიენკო.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არტილერიისა და საბრძოლო მასალების მარაგი თითქმის ამოუწურავია, ექსპერტების აზრით, უკრაინას შეუძლია მათ დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე სისტემები დაუპირისპიროს.

„მათ ათასობით საარტილერიო სისტემა აქვთ, ჩვენ კი გვაქვს „ჰაიმარსები“. რამდენიმე „ჰაიმარსსაც“ კი შეუძლია ბრძოლაში სურათის შეცვლა.

მაგალითად, რუსებს ახლა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონისა და კრივოი როგის მიმართულებაზე, 15 ათასი სამხედრო, ასობით ერთეული ჯავშანტექნიკა და არტილერია აქვთ განლაგებული, მაგრამ სულ რამდენიმე „ჰაიმარსი“ აზიანებს ხიდებს და მთელი ეს ჯარი და შეიარაღება, ფაქტობრივად, ალყაში ხვდება,“ – გვიხსნის მიხაილ სამუსი.

შეწყვეტს თუ არა რუსეთი იარაღის წარმოებას?

სანქციების გამო რუსეთს სერიოზული პრობლემები ექმნება, რადგან მისი სამხედრო წარმოება მთლიანად იყო დამოკიდებული უცხოურ იმპორტზე.

სამხედრო ექსპერტის, ვლადისლავ ვოლოშინის თქმით, რუსეთს ახლა ძველი სისტემების, მაგალითად, „გრადების“, უმარტივესი არტილერიისა და ზოგიერთი ტიპის ტანკის წარმოება შეუძლია, თუმცა ვეღარ შეძლებს სამხედრო წარმოების მთელი ძალით ამუშავებას და მაღალი სიზუსტის შეიარაღების იმ რაოდენობით შექმნას, როგორც ადრე.

ჯერ კიდევ 2019 წელს, უცხოეთიდან შეტანილი ელექტროკომპონენტების წილი რუსულ წარმოებაში 80 % იყო.

„დარწმუნებული ვარ, „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ რაკეტებშიც დასავლური კომპონენტებია. ავიაცია, სახომალდო ტექნიკა, ასევე ჯავშანტექნიკა და ყველა ტექნოლოგია მათ ფრანგული მატრიცებით ჰქონდათ აწყობილი. სამწუხაროდ, ევროპა, თავის დროზე, რუსეთს ძალიან ბევრ ტექნოლოგიას აწვდიდა,“ – ჰყვება სამუსი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა სამხედრო ტექნიკისთვის აუცილებელი ნაწილების სხვა ბაზარზე შესყიდვა სცადოს, მაგალითად, ჩინეთში ან ინდოეთში, თუმცა სკეპტიკურად აფასებენ რუსეთის შანსს, 2021 წლის წარმოების მოცულობასა და ტემპებს მიაღწიოს.

„ეს ასე უცებ ვერ მოხდება. დრო უნდა იმ რაოდენობის ჩიპების შესყიდვაზე შეთანხმების მიღწევას, რაც რუსეთს სჭირდება. თანაც, ჩიპებისთვის ახლა მსოფლიოში რიგია და არამხოლოდ თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებისგან,“ – განმარტავს ალექსანდრ მუსიენკო და დასძენს, რომ მწარმოებელთა უმრავლესობა დასავლურ სამყაროსთანაა სხვადასხვა გზით დაკავშირებული, ამიტომ ისინი რუსეთთან თანამშრომლობას, სავარაუდოდ, არც გარისკავენ.

როდის გაუთავდება რუსეთს იარაღი?

იმის იმედი, რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო რუსეთი უკრაინიდან გავა, არ უნდა გვქონდეს – მიიჩნევენ ექსპერტები.

„თუ თქვენ იმის გამოთვლას ცდილობთ, როდის გაუთავდებათ ყველაფერი, ამას აზრი არ აქვს. ჩვენ ჩვენი ძალების გაძლიერება გვჭირდება,“ – ამბობს მიხაილ სამუსი.

ალექსანდრ მუსიენკოს გათვლებით კი, რუსეთს, თავისი რესურსების გათვალისწინებით, ომის აქტიური ფაზის გაგრძელება კიდევ რამდენიმე თვე შეეძლება, თუმცა შეიარაღება აქ მისი მთავარი პრობლემა არ არის.

„ხალხიც არ ჰყოფნით. ამავე დროს, უკვე საბრძოლო მასალების მიწოდებისა და ლოგისტიკის პრობლემებია. ტექნიკის რემონტსაც ვერ ასწრებენ. თუკი მათ საწყობებზე თავდასხმები გაგრძელდება, კვლავაც დაიწვება მათი საბრძოლო მასალები, ისინი შეტევებს თვე ან თვე-ნახევარზე მეტ ხანს უკვე ვეღარ გააგრძელებენ და გარკვეული პაუზის აღებას ეცდებიან,“ – მიიჩნევს მუსიენკო.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის თითქმის ამოუწურავ სამხედრო რესურსებს უკრაინამ დასავლეთისგან მიღებული თანამედროვე შეიარაღება უნდა დაუპირისპიროს და საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა გააძლიეროს.

PHR: ბავშვებს შიათ და სტკივათ – სასამართლომ 9-10 წლის უკრაინელი ბავშვების საჩივარი არ დააკმაყოფილა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ქართულმა სასამართლომ ორი მცირეწლოვანი უკრაინელი ლტოლვილი ბავშვის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ბავშვებს ამ დროისთვის არ აქვთ საკვები, თავშესაფარი და აქვთ ფიზიკური ტკივილი, რისთვისაც ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას. ბავშვების უფლებებს სასამართლოში აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა.

„ორგანიზაციაში ათი იურისტი ვართ და ათივეს გვიჭირს იმის გაგება, რატომ თქვა სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი, იმდენად ბუნდოვანია სასამართლოს დასაბუთება. სასამართლო გვეუბნება, რომ არ მოეწონა გარკვეული იურიდიული ფორმულირება. დაახლოებით მეათასეხარისხოვან საკითხებზე აქვს სასამართლოს საუბარი.

მე სასამართლოს ვეუბნებოდი, რომ ბავშვებს დღეს შიათ, არ აქვთ თავშესაფარი, არიან ქუჩაში, არ აქვთ ჰიგიენის ნივთები, აქვთ სამედიცინო საჭიროება, რომელიც არ უკმაყოფილდებათ და ბავშვებს აქვთ ტკივილის განცდა. ვერ დავასახელებ რისი, რადგან პერსონალური ინფორმაციაა. აი ამ ფონზე,  სასამართლო გვედავება ფრაზების სწორად ჩამოყალიბებაზე. გვეუბნება, რომ მოპასუხე მხარედ არ უნდა გვყავდეს საქართველოს მთავრობა, არამედ სხვა უწყებები, რომლებიც მთავრობის განკარგულებაშია ნახსენებიო. ჩვენ მთავრობის განკარგულებას ვასაჩივრებთ და სხვა როგორ გვეყოლება მოპასუხედ?“ – გვითხრა არგანაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ტექნიკური, იურიდიული საკითხი, რომელსაც ამ შემთხვევაში არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

„ამ ბავშვებს ის მიზერული თანხაც კი არ მიუღიათ, რომელიც მთავრობის განკარგულებით არის დადგენილი. ეს იმ პირობებში, როდესაც 9 და 10 წლის ბავშვებს არ აქვთ საკვები, თავშესაფარი, აქვთ ფიზიკური ტკივილი, ეს არ არის რელევანტური სასამართლოსთვის. ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სასამართლოსთვის ბავშვთა უფლებები მეათეხარისხოვანია.

ერთი თვის წინ მოვიგეთ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში საქმე და ნამდვილად არ უთქვამს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს, რომ რაღაც ფრაზა არ მოსწონს და ამის გამო არ განიხილავს ბავშვის უფლებების დარღვევას. სტრასბურგში მოვიგეთ დროებითი განჩინება და არც იქ უთქვამს სასამართლოს მსგავსი რამ, ეს არის საქართველოს სასამართლოს ხედვა ბავშვთა უფლებებზე“, – ამბობს ანა.

მისი თქმით, სასამართლოს საჩივრით ბავშვებმა მიმართეს და მათ უფლებებს იცავდა PHR- ი. ორგანიზაცია სასამართლოს ზეპირ მოსმენას სთხოვდა, რაზეც სასამართლომ უარი თქვა იმ მოტივით, რომ ვერ ხედავდა ბავშვების მოსმენის საჭიროებას.

„ბავშვის აზრის მოსმენის და სათანადოდ გათვალისწინების აუცილებლობა სახეზე არ არის“, – გვითხრა სასამართლომ. ვერ ხედავს აზრს, რომ მოუსმინოს ბავშვს, ვერ ხედავს აზრს იურიდიული ფორმალობების მიღმა დაინახოს, რომ ბავშვს შია და დახმარება სჭირდება. ხედავს იმის აზრს, რომ ჩვენ გვეკამათოს, როგორი იურიდიული ტექნიკა გამოვიყენოთ.

ეს რომ ვუთხარი ბავშვების დედას, რომელიც ბავშვებს ვერ აჭმევს, ხმა ჩაუწყდა. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ პირობებში მუშაობა, როდესაც ვიცი, რომ ბავშვებს შიათ, სტკივათ და ჩემს გასაჩივრებაზეა დამოკიდებული, რამე შეიცვლება თუ არა. ეს არის არაეთიკური, როდესაც ამ მდგომარეობაში ვართ მთელი საზოგადოება, მოსახლეობა, რადგან ფაქტობრივად საზოგადოების შემოწირულებებით არსებობენ ეს ბავშვები“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს და ნაკლებად ტექნიკურ ნაწილს. „როცა არ გინდა სარჩელის დაკმაყოფილება, მაშინ უამრავ მიზეზს იპოვი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ გადაწყვეტილებაში“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

უკრაინელი ბავშვების საქმეს მოსამართლე ნინა ბუაჩიძე განიხილავდა.

__________________________

მსგავს თემაზე:

 

„300 ლარით სად ვიქირაოთ ბინა?“ – უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან

 

 

აივ ინფექცია საქართველოში – სტიგმისა და სიკვდილის შიშით გადადებული მკურნალობა

საქართველოში აივ ინფექცია ამჟამად დადასტურებული აქვს 7 354 ადამიანს, მათგან ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე (არვ) იმყოფება – 5 785. მიუხედავად იმისა, რომ არვ მკურნალობა საქართველოში უფასოა, აივ დადებითი ბევრი ადამიანი, სტიგმის შიშითა და დიაგნოზთან შეუგუებლობის გამო, აგვიანებს მკურნალობის დაწყებას ან სულაც უარს ამბობს. ასეთ შემთხვევაში კი, დაავადების გვიან ეტაპზე დგება სიმპტომური შიდსის სტადია, აქედან დაახლოებით ორ წელში კი ადამიანი იღუპება. საქართველოში სულ რეგისტრირებული 9 349 აივ-ით ინფიცირების შემთხვევიდან დაახლოებით ნახევარს – 4 645 პაციენტს შიდსი განუვითარდა, 1 989 კი – გარდაიცვალა.

„იდენტობა იუსი“ ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც „გლობალური ფონდის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციასა და გამოვლენაზე რისკ-ჯგუფებთან მუშაობს. ორგანიზაციის თანამშრომელი ბელა შანავა ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანებს იმდენად უჭირთ აივზე დადებითი პასუხის/სტატუსის მიღება, რომ თვეობით და წლობით უარყოფენ პრობლემას: – „ზოგიერთ ადამიანს ძალიან უჭირს შეგუება თავის დიაგნოზთან,  ირიდებს ამ თემას, ყველა სერვისზე უარს ამბობს, დიდად არც დრო აქვს, არც ემოციური რესურსი“.

  • პრობლემის უარყოფა

ბელა შანავა

„იდენტობა იუსის“ თანამშრომლები ტესტავენ მსმ კატეგორიას (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან), ტრანსგენდერ ქალებს, სექსმუშაკებსა და მათ პარტნიორებს. მუშაობენ როგორც ადგილზე, ისე „აუთრიჩის“ გზით, რაც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარების მოძიებას გულისხმობს. 

„გვყოლია ბენეფიციარები, რომელთაც ძალიან დაბალი დამყოლობა ჰქონიათ შიდსის ცენტრში მისვლასა და მკურნალობის დაწყებაზე, კონფლიქტშიც შემოსულან, გავულანძღივართ. მათ მხარდაჭერა სჭირდებათ ამ დროს, განსაკუთრებით ჩვენი – აუთრიჩერის, სოცმუშაკის, მედპერსონალის მხრიდან, რადგან იმ რისკჯგუფებს, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ოჯახებისა და სანათესავოს მხარდაჭერა ძირითადად არ აქვთ. გვყავს ასეთი ბენეფიციარები, რომლებთანაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძლივს მივიყვანეთ შიდსის ცენტრში, ლამის ძალით ავაღებინეთ მედიკამენტები, მაგრამ ახლა მკურნალობენ და კარგი შედეგებიც აქვთ,“ – ამბობს ბელა.

გასულ წელს გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენთან მოვიდა სხვა რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდა კაცი. მანამდე ის გაიტესტა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საზღვარგარეთაც და, მისივე თქმით, ყველგან ნეგატიური პასუხები ჰქონდა, მაგრამ ჩვენთან და შიდსის ცენტრში აივზე დადებითი პასუხი დაუდგინდა. ვერაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დადებითი ყოფილიყო. ჩვენი სერვისების აქტიური მომხმარებელი არ იყო, მაგრამ ბევრს ვესაუბრებოდით, კლინიკის მთელი მედპერსონალი არწმუნებდა, რომ მკურნალობა უნდა დაეწყო. ბოლოს საერთოდ გაქრა – ვურეკავდით და პასუხს არ გვცემდა. არც ისე დიდი ხნის შემდეგ მისი ახლობელი გამოვიდა ჩვენთან კონტაქტზე და გვითხრა, რომ ის კლინიკაში მოხვდა, შიდსი დაუდასტურდა, აქედან დაახლოებით ორ თვეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, აივზე დადებითი პასუხის მიღების დროს უკვე გადასული ჰქონდა დაავადება შიდსის სტადიაში, დამყოლობაზე მუშაობამაც ვერ გამოიღო შედეგი, – ჰყვება ბელა.

  • აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ აივ-ის მიმდინარეობა მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ, მართვად დაავადებად გადაიქცეს.

ზურა ჯაბნიძე 18 წლის იყო, როცა სისხლის ბანკიდან დაურეკეს და შემთხვევით გაიგო, რომ აივ დადებითია. ამბობს, რომ ცოდნა იყო ერთადერთი, რამაც იმ კონკრეტულ მომენტში გადაარჩინა, ცოდნა იმის შესახებ, რომ აივ-ი სასიკვდილო განაჩენს არ ნიშნავს და რომ საქართველოში აივ-ის მკურნალობა ხელმისაწვდომია. მას შემდეგ 4 წელი გავიდა, ახლა ზურა თავად მუშაობს „იდენტობა იუსში“, როგორც VCT სამედიცინო კონსულტანტი, მაღალი რისკის მქონე ჯგუფებთან აივ-ის გამოვლენა-პრევენციაზე.

„იმ წელს, როცა დამიდგინდა, ყოველ სამ თვეში ერთხელ ვიტესტებოდი და ყოველთვის უარყოფითი პასუხი მქონდა. ერთხელაც სისხლის დონაციისთვის მივედი, იქ კითხვარიც შევავსე, ტატუს გაკეთებიდანაც სათანადო დრო იყო გასული, თუმცა როგორც გამოთვლით ვვარაუდობთ, სწორედ ეს გახდა ჩემი ინფიცირების წყარო. დაახლოებით ერთ თვეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მე აივ დადებითი ვიყავი და რომ მკურნალობა უნდა დამეწყო. იმ მომენტში ცხოვრება თავზე რომ არ ჩამომენგრა, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე მქონდა ცოდნა, რომ აივ ინფექციის მკურნალობა საქართველოში ხელმისაწვდომია. ვიცოდი, არ მოვკვდებოდი, თუ მკურნალობას დავიწყებდი და თავს სათანადოდ მოვუვლიდი“, – ჰყვება ის.

„სამწუხაროდ, მეც მომიწია რამდენჯერმე ადამიანისთვის მეთქვა ეს პასუხი, რომ ის აივ დადებითია. ზოგადად, გატესტვამდე ვსაუბრობთ ამ დაავადების შესახებ, რა გზებით გადადის, როგორია პრევენცია, მკურნალობის რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში… 10-15 წუთში ტესტზე პასუხი ჩნდება – ორი ხაზი ნიშნავს, რომ აივ დადებითია, ერთი ხაზი – უარყოფითი. უმეტესობას ძალიან ეშინია იმისა, თუ რა პასუხს აჩვენებს ტესტი. ამ დროს ხვდები, რომ ბევრი სარისკო ქცევა აქვთ. როგორც წესი, ერთად ვუყურებთ ხოლმე და სანამ დადგება ის მომენტი, როცა უნდა ვუთხრა დადებითობა, ვეუბნები, რომ ეს პასუხი აუცილებლად საჭიროებს გადამოწმებას და რომ აივ დადებითი – საბოლოო განაჩენი არ არის“, – ჰყვება ზურა.

  • კონფიდენციალურობის დარღვევისა და სტიგმის შიში

ზურა ჯაბნიძე

ზურა ამბობს, რომ სტიგმა და სტერეოტიპები აივ დადებითი ადამიანების მიმართ კვლავაც ძალიან ძლიერია საზოგადოებაში: „მქონია ბევრი შემთხვევა, როცა იგებდნენ ჩემი აივ დადებითი სტატუსის შესახებ, პირდაპირ მბლოკავდნენ სოციალურ ქსელებში. ჯერ კიდევ სჯერათ ადამიანებს, რომ მე შეიძლება ვიღაცას ჩახუტებით გადავდო აივი. მახსოვს, უხეში შენიშვნაც მეზობლისგან – „ასე პატარა ბიჭმა სად დაიმართე მაგი?“, მახსოვს ერთ-ერთი ექიმის კომენტარიც – „ეს შიდსიანი ხალხი ყელშია უკვე“. ბევრი სხვა, თუნდაც უსიამოვნო მზერა მედპერსონალისგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ გაიგებენ, რომ პაციენტს ჰომოსექსუალური კავშირები აქვს“.

აივის გადადების გზები. წყარო: aidscenter.ge

ზურა ჯაბნიძემ თავისი აივ დადებითი სტატუსი მშობლებს მალევე შეატყობინა, დედამ ექიმთან ვიზიტი დააგეგმვინა, თუმცა ასეთი შემთხვევა იშვიათია. „ბევრი კითხვა დედაჩემს არ დაუსვამს, მითხრა, რომ საავადმყოფოში უნდა წავსულიყავით, რაც შეიძლება მალე. ვუთხარი, რომ მკურნალობა არსებობდა და არ მოვკვდებოდი. თუმცა შემიძლია გავიხსენო შემთხვევები, როცა ბენეფიციარებს იმის შიშით არ გამოჰქონდათ სამკურნალო წამლები, რომ სახლში უპოვიდნენ და ძალიან ცუდი ამბავი მოჰყვებოდა ამას. ჩვენი ბენეფიციარების, მეგობრების უმეტესობას ძალიან უჭირთ თავიანთი სტატუსის გაცხადება ოჯახში და მის გარეთაც. ცდილობენ, ძალიან უსიამო კომენტარები აირიდონ და ასე ერთმანეთში საუბრებით დაძლიონ შფოთვები; ჩემთვისაც უთქვამთ, რომ მე ვარ მოსიარულე სიკვდილი ხალხისთვის“, – იხსენებს ზურა.

სტიგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია, რაც მკურნალობაზე დამყოლობას ართულებს აივ-დადებით პაციენტებში. „სამედიცინო დაწესებულებაში კონფიდენციალურობის დარღვევის შიშის გამო ბენეფიციარები დიდ ხანს იკავებენ თავს აივზე საეჭვოდ დადებითი სტატუსის გადამოწმებისა და მკურნალობის დაწყებისგან. გვქონია შემთხვევა, როცა გასატესტად მისული ბენეფიციარის დედას დაურეკა შიდსის ცენტრის თანამშრომელმა და ჰკითხა შენი ბიჭი იყო მოსული კლინიკაში და შიდსი ხომ არ აქვსო? – ჰყვება ბელა.

ბელა ამბობს, რომ აივ დადებითი პაციენტებს მასტიგმატიზებელი გარემოს გამო ყველაზე მეტად სჭირდებათ ანონიმურობის გარანტიები, თუმცა ეს სამედიცინო დაწესებულებებში სათანადოდ ვერ ხერხდება, თავად სივრცე ისეთია, რომ „ბენეფიციარები მიმღებშიც შეხვედრიან ერთმანეთს, გაუგონიათ, როგორ ესაუბრება ექიმი სხვა აივ დადებით პაციენტს ღია კარში, უწევთ ბევრ მედმუშაკთან/პერსონალთან კომუნიკაცია…”

აივ ინფექციის პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს გამოვლინდა. მას შემდეგ ყოველწლიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი სტაბილურად მზარდია. გასულ წელს საქართველოში აივ ინფექცია შიდსის 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წელს, ბოლო მონაცემებით, 187 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ მონაცემებით საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10 500-ია, რაც საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის საკმაოდ ბევრია. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, პაციენტთა უმრავლესობა 29-40 წლისაა.

საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით

 საინფორმაციო კამპანიები იმის შესახებ, თუ რა გზებით გადადის და არ გადადის აივ ინფექცია, პერიოდულად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით დღემდე ეწყობა. თუმცა როგორც ზურა ჯაბნიძე ამბობს, ეს საკითხები [სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაცია] საფუძვლიანად უნდა იყოს ინტეგრირებული განათლების პროგრამაში. „სათანადო ცოდნის არარსებობის გამო, ადამიანებს ბევრი რამ „ჰგონიათ“. ეს ვარაუდები და სტერეოტიპები კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ღუპავს ადამიანებს და ხელს უშლის მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაში“.

რუსები მზად არიან ზაპოროჟიეს ატომური სადგური ააფეთქონ – ენერგოატომი

რუსები ღიად იმუქრებიან ბირთვული ტერორიზმით და აცხადებენ, რომ თუ უკან დახევა მოუწევთ, მზად არიან ზაპოროჟიეს დანაღმული ელექტროსადგური ააფეთქონ – ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს.

თავის ტელეგრამარხზე კომპანია რუსეთის რადიოაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ ვალერი ვასილიევის სიტყვებს აქვეყნებს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარნიზონს ახლა სწორედ ვასილიევი ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, „აქ იქნება ან რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო“.

„როგორც იცით, ჩვენ დავნაღმეთ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მნიშვნელოვანი ობიექტები. ამას არც ვმალავთ. ჩვენ მტერი გავაფრთხილეთ. მტერმა იცის, რომ ეს სადგური ან რუსეთის იქნება, ან არავისი. ჩვენ ამ ნაბიჯის შედეგებისთვისაც მზად ვართ და უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. თუ იქნება ყველაზე სასტიკი ბრძანება – ჩვენ მას ღირსეულად შევასრულებთ!“ – ვასილიევის ამ ციტატას აქვეყნებს „ენერგოატომი.“

მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსებმა ატომური ობიექტი დანაღმეს.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ, რადგან იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სადგურზე იერიშს ვერ მიიტანენ.

რამდენიმე დღის წინ „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსებმა სადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.

მთავარი ფოტო: „ენერგოატომის“ ტელეგრამარხიდან

არ ვიცით, პუტინი რა დროს რას მოიმოქმედებს – შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის დედა

11 აგვისტოს 14 წელი შესრულდება აგვისტოს ომის ყველაზე  სისხლიანი, შინდისის ბრძოლიდან. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის იყო 20 წლის კაპრალი რომან ზოიძე.

„ბათუმელები“ რომან ზოიძის დედას, მარო ზოიძეს ესაუბრა.

შინდისის გმირის დედა იხსენებს მისი შვილის გადაწყვეტილებას სამხედრო სამსახურში წასვლაზე.

„ეკომიგრანტები ვართ 1992 წლიდან. ჩემმა შვილმა, მარნეულში, სოფელ შულავერში დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი სახლში იყო, მერე გაიწვიეს ჯარში. მოხვდა სენაკში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა.

სახლში რომ დაბრუნდა, მშობლების თანხმობა უნდოდა საკონტრაქტო სამსახურის გაგრძელებაზე. ჩვენ უარი ვუთხარით, იურიდიულზე მინდოდა ჩაებარებინა და ესწავლა. კარგი მოსწავლე იყო. მაგრამ არა დედაო, მე ჩემს ბიჭებს ვერ ვუღალატებ ახლაო. ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერ ხელსო და მერე ვნახოთო, თან დაუსწრებლად ვისწავლიო.

ერთი წლის დაწყებული ჰქონდა საკონტრაქტო სამსახური, როდესაც აგრესორი შემოიჭრა. დაიწყო ომი. ჩემი შვილი უკან არ დაიხევდა, ისეთი ამაყი იყო. პირდაპირ გავიდა ბრძოლის ხაზზე.

11 აგვისტოს დილას დამირეკა – სახლში მოვდივარ და ჩემი ბიჭებიც მომყვებიანო. მთელი დღე ვემზადებოდით, მიხაროდა ცოცხალი გადამირჩა შვილი-მეთქი.

მაგრამ ბედისწერა ასე ყოფილა. შინდისის რკინიგზასთან ყოფილან ჩასაფრებული რუსები.

გამართულა ბრძოლა – დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, ისეთი ამბავი იყოო. ალეკო ონიანთან, თავის ნათლიასთან ერთად იყო. ჩემს შვილს არტერია ჰქონდა გადახსნილი, სისხლისგან იცლებოდა და თავის ნათლიას ეხვეწებოდა თურმე, ალეკო წადი სახლში, ჩემს მშობლებს გააგებინე, რომ ვკვდებიო. წადი, შენ მაინც გადარჩიო. მაგრამ ალეკო ონიანმა არაფრით არ დატოვა ჩემი შვილი.

აგრესორებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული, ალეკო ტყვედ უნდოდათ აეყვანათ. ერთი ხელყუმბარა ჰქონიათ დარჩენილი, მამაო ჩვენო წაიკითხა და ააფეთქეს. ერთად გადავიდა ორივე იმიერ საქართველოში. აგრესორიც ძალიან ბევრი დაშავდა და დაიღუპა.

20 წლის იყო. შეყვარებული ჰყავდა. სახლის ყიდვას აპირებდა და სექტემბერში დაქორწინებას, მაგრამ უფალმა არ აცალა ჩემს შვილს,“ – იხსენებს მარო ზოიძე.

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში

მარო ზოიძე ქმართან და შვილიშვილთან ერთად ახლა ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ოჯახი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ავარია შეემთხვა, რის შედეგადაც ოჯახმა ყველაფერი დაკარგა, მათ შორის საცხოვრებელი ბინაც.

„დეკემბრამდე ბათუმის მერია გვიხდის ქირის ფულს. მერე რა იქნება, არ ვიცი. ყველგან მაქვს განცხადება დაწერილი. თორნიკე რიჟვაძეც იყო გასულ წელს დედის დღეზე მოსული და იმასაც ვუთხარი ჩემი მდგომარეობა. ერთი ის მინდა, რომ საკუთარი ჭერი მქონდეს და წყნარად და მშვიდად ვიცხოვრო ის პერიოდი, რაც დარჩენილი მაქვს. ეს არის ჩემი პრობლემა და მეტი არაფერი. დანარჩენი ყველასგან მადლობელი ვარ, მაფასებენ. ყოველთვის იხსენებენ ჩვენს გმირებს,“ – ამბობს მარო ზოიძე.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ომმა ძველი ჭრილობები გაუხსნა.

„14 წელი გავიდა და ყოველთვის იმის შიში მაქვს, რომ კი, ჩვენი შვილები დაიღუპნენ, გმირები არიან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს მშვიდობიანად ეცხოვრა, მაგრამ ახლა ისევ იმის სიფრთხილე გვჭირდება, რომ 21-ე საუკუნეში ომი აღარ განმეორდეს, დიალოგით და მოლაპარაკებით რომ  მოგვარდეს ყველაფერი.

მაგის შიში და სიფრთხილე ყოველთვის გვაქვს, რომ არ ვიცით, პუტინი რა დროს რას მოიმოქმედებს.

ვუსამძიმრებ მთელს უკრაინას, ომი გამიახლდა. 14 წელი გავიდა და ჭრილობა თავიდან გამეხსნა.  უფალს ვთხოვ, რომ ეს ომი მალე დამთავრდეს და საქართველოც გადარჩეს ამ აგრესიას,“ – ამბობს მარო ზოიძე.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. შინდისის ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა.

შინდისის ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

რუსეთის დაზვერვა რეზნიკოვისა და ბუდანოვის მოკვლას გეგმავდა – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვისა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.

უშიშროების პრესსამსახურის ცნობით, მრავალეტაპიანი სპეცოპერაციის ფარგლებში გააუვნებელყვეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის დივერსიული ჯგუფი, რომელიც უკრაინაში შეკვეთილი მკვლელობების სერიას გეგმავდა.

„ბოროტმოქმედები ემზადებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის. ასევე, მათ გეგმებში შედიოდა ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი აქტივისტის მკვლელობაც,“ – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსი „კურატორები“ თითოეულ მკვლელობაში 100-150 ათას დოლარს იხდიდნენ. დივერსიული ჯგუფი კი სპეციალურად ამ ოპერაციისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვამ შექმნა.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა დროებით ოკუპირებული ლუგანსკის მცხოვრები, რომელიც ამავე დროს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო ფორმირების წევრია და აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.

უშიშროების მტკიცებით, მოსკოველი კოორდინატორის დავალებით, სწორედ დაჯგუფების ლუგანსკელი წევრი ეძებდა და არჩევდა „ქილერებს“ შეკვეთილი მკვლელობების შესასრულებლად.

მის „წინადადებას“ დათანხმდა კიევის მცხოვრები, რომელსაც დაევალა, რომ 5 ათასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ უკრაინელი სამხედრო მოეკლა და ამით დაედასტურებინა, რომ შეეძლო შეესრულებინა უფრო რთული ამოცანაც, რომლის მიზანიც „უმაღლეს სამხედრო პირებზე თავდასხმა“ იყო.

უშიშროებამ ორივე მათგანი დააკავა და მათ მკვლელობის ორგანიზებისა და საომარ მდგომარეობაში სახელმწიფო ღალატის ბრალდება წაუყენა.

უკრაინის უშიშროების სპეცოპერაცია/ფოტო: უკრაინის უშიშროების სამსახური

ზელენსკის სთხოვენ, მომდევნო 50 წელი რუსებს უკრაინაში შესვლა აეკრძალოთ – პეტიცია

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულმა პეტიციამ, რომლითაც მომდევნო 50 წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის დაწესებას ითხოვენ, 26 224 ხმა მოაგროვა. იმისთვის, რომ პეტიცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილოს, მას 25 000 ხმა სჭირდება. პრეზიდენტის საიტზე, დოკუმენტის სტატუსში მითითებულია, რომ ის „განხილვას ელოდება“.

„უკრაინა უკვე 8 წელია იტანჯება ომით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთმა გააჩაღა. სამწუხაროდ, ამ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის დაცვა დივერსანტებისა და აგენტებისგან, რომლებიც რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო თავისუფლად შემოდიოდნენ უკრაინაში. ჩვენ ამის საფასური ათასობით სიცოცხლით გადავიხადეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, შევუზღუდოთ უკრაინაში შემოსვლა ყველა რუსს მომდევნო 50 წლის განმავლობაში და ასევე, არ მივცეთ ცხოვრების უფლება იმათ გარდა, ვინც უკრაინის მხარეს იბრძოდა რუსეთ-უკრაინის ომში,“ – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც 23 მაისს შეიქმნა, ხმის მიცემა კი 7 აგვისტოს დასრულდა.

რუსეთთან სავიზო რეჟიმი უკრაინამ პირველი ივლისიდან დააწესა. მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 17 ივნისს მიიღო.

3 აგვისტოს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება მოითხოვეს საქართველოშიც. Manifest.ge-ზე გამოქვეყნებული პეტიციის მოთხოვნაა, „დაწესდეს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში ისინი 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას“.

პეტიციამ უკვე მოაგროვა 10 000 ხმა. მისი ადრესატები საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი არიან.

საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს ცალმხრივად გააუქმა.

ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმს გეგმავენ

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ოკუპირებული ზაპოროჟიეს პრორუსულმა ხელისუფლებამ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარების განკარგულება გამოსცა.

ოლქის მეთაურმა ევგენი ბალიცკიმ დოკუმენტს მელიტოპოლში საზოგადოებრივი მოძრაობის – „ჩვენ რუსეთთან ვართ“, ფორუმზე მოაწერა ხელი.

„ვეყრდნობით თავისუფალი არჩევანის პრინციპს, ვითვალისწინებთ ჩვენი რეგიონის თითოეული მცხოვრების აზრს და ვაცხადებთ რეფერენდუმს ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სრულფასოვანი სუბიექტის სტატუსით შესვლის შესახებ. ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთად ვიქნებით,“ – ნათქვამია განკარგულებაში.

გუშინ, საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებს ჩაატარებს, ამით უკრაინასთან მოლაპარაკების ყველანაირ შესაძლებლობას მოსპობს.

„ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია კვალავაც იგივეა, რაც მანამდე: ჩვენ არაფერს ჩვენსას არ დავთმობთ. თუ ოკუპანტები მაინც წავლენ ამ ფსევდორეფერენდუმების გზით, თვითონვე მოსპობენ უკრაინასთან და თავისუფალ სამყაროსთანმოლაპარაკების ყველანაირ შესაძლებლობას, რაც რუსეთს ადრე თუ გვიან აუცილებლად დასჭირდება,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ზაფხულში უფრო და უფრო მეტი ცნობა გაჩნდა იმის შესახებ, რომ რუსები უკრაინის სამხრეთში რეფერენდუმების გამართვას აპირებენ.

ზაპოროჟიეს პრორუსული ხელისუფლების მტკიცებით, საარჩევნო კომისია მზადებას უკვე დაიწყებს, თუმცა უცნობია, როდის ჩატარდება რეფერენდუმი. ცნობილია, რომ რეფერენდუმს იმავე მოთხოვნით ხერსონში 11 სექტემბერს გეგმავენ.

რუსეთი ოკუპირებული აქვს ხერსონის თითქმის მთლიანი ოლქი, მისი ადმინისტრაციული ცენტრით და აკონტროლებს ზაპოროჟიეს ოლქის დაახლოებით 60 %-ს, თუმცა ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინელთა კონტროლქვეშ რჩება.

რუსეთში მოხალისეთა 40 დანაყოფი შექმნეს, „ვაგნერმა“ ციხეებიდან 1 500 პატიმარი გამოიყვანა

უკრაინასთან ომისთვის რუსეთის 20 რეგიონში უკვე „მოხალისეთა“ 40 ქვედანაყოფი შექმნეს. მსურველთა მიღება რაზმებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზაფხულიდან დაიწყო.

„ინფორმაცია ამ ქვედანაყოფების შესახებ ქვეყნდება მედიაში, ხელისუფლების ორგანოების სოციალური მედიის გვერდებზე. თითოეულ რაზმს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, თავისი სახელი აქვს. როგორც წესი, ამ ქვედანაყოფებში შედიან უშუალოდ იმ რეგიონის მცხოვრებლები, სადაც ეს დანაყოფი იქნება. ახალწვეულები ერთად გადიან წვრთნებს, შემდეგ კი მათ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რთავენ,“ – წერს გამოცემა „კომერსანტი,“ რომელიც რუსეთის რეგიონებში „მოხალისეთა“ ბატალიონების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში ერთი დანაყოფი იქნება, ზოგიერთში კი – ორი, სამი ან მეტი.

„მოხალისეებს“ რუსეთის თავდაცვის უწყება უფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც სამსახურის მინიმალურ ვადად რამდენიმე თვეა მითითებული. კონტრაქტში ასევე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია მისი გაგრძელებაც.

როგორც „კომერსანტს“ ფედერალური ჩინოვნიკი უყვება, საკონტრაქტო დანაყოფები ტერიტორიული ნიშნით იქმნება, რადგან „მოხალისეებთან“ მუშაობა ასე უფრო მოსახერხებელია.

დაპირებული ხელფასი ომში მონაწილეობისთვის კონკრეტულ რეგიონზეა დამოკიდებული და დაახლოებით 130-დან 300 ათას რუბლამდე მერყეობს ( 2000 – 5 000 დოლარი). რეგიონული ხელისუფლებები, თავის მხრივ, ამ ხელფასს ერთჯერად თანხასაც ამატებენ.

„კომერსანტის“ ცნობით, „მოხალისეთა“ რაზმში მსურველების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო სანქტ-პეტერბურგში, მანამდე კი მსგავსი დანაყოფები შეიქმნა იაკუტიაში, პრიმორიეს მხარეში, თათრეთში, ბაშკირეთსა და რუსეთის თითქმის ყველა ოლქში.

დანაყოფებში „მოხალისეთა“ რაოდენობა განსხვავებულია, მაგალითად, პერმის მხარეში შექმნილ მოტომსროლელთა ასეულში 90 კაცია, სატანკო ბატალიონში კი – 160. 400-500 ადამიანისგან შედგება ამურის ოლქის ბატალიონი, ჩელიაბინსკის დანაყოფში 261 ახალწვეულია, ხოლო „იუჟნი ურალში“ – 253.

„კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ სახელობითი დანაყოფები ადგილობრივებისგან ჯერ კიდევ უკრაინის მოვლენებამდე შეიქმნა ჩეჩნეთში და ისინი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობენ მისი დაწყების პირველი დღიდან – „ახმადი“, „იუგი“ და ახმად-ხაჯი კადიროვის სახელობის 141-ე მოტორიზებული პოლკი. ივნისის ბოლოს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა კიდევ ოთხი ახალი ბატალიონის შექმნის შესახებ გამოაცხადა: „სევერ-ახმადი“ „იუგ-ახმადი“ „ზაპად-ახმადი“ და „ვოსტოკ-ახმადი“. კადიროვის თქმით, ისინიც უკრაინასთან ომში ჩაებმებიან.

გამოცემა Verstka-media-ს ცნობით, რუსეთის 17 რეგიონის კოლონიებიდან „ვაგნერმა“ უკრაინასთან ომში გასაგზავნად სულ მცირე 1 500 პატიმარი გამოიყვანა. მათ, ვინც ომში წასვლაზე უარს ამბობს, გამოცემის ინფორმაციით, დასასჯელად იზოლატორში უშვებენ.

ჟურნალისტების ცნობით, როსტოვის ერთ-ერთ დაწესებულებაში „ვაგნერის“ ახალწვეულები 20 საათის განმავლობაში გადიან მომზადებას. პატიმრებს, რომლებიც უკრაინასთან ომში მონაწილეობას თანხმდებიან, დაახლოებით 200 ათას რუბლს (3 300 დოლარი) ჰპირდებიან. მათ ასევე ჰპირდებიან 300 ათასი რუბლის (5 000 დოლარამდე) გადახდას დაჭრის შემთხვევაში და „სიკვდილის კომპენსაციას“ 5 მილიონი რუბლის (8 200 დოლარი) ოდენობით.

Verstka-media წერს, რომ „ვაგნერი“ პატიმრების გადმოსაბირებლად, ძირითადად, ტულის, იაროსლავსკის, ლენინგრადის, რიაზანის, ნოვგოროდის, სანქტ-პეტერბურგის, არხანგელსკის, კომის რესპუბლიკისა და კარელიის კოლონიებს იყენებდა. საპატიმროებში კი პირადად დადიოდა რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, პატიმართა პირველი ჯგუფი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, 20 ივლისს გაგზავნეს. მათგან უკვე სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 12 კი ლუგანსკის ჰოსპიტალში მოხვდა.

აგვისტოს ომში დაღუპული მაიორის შვილი: ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა

18 წლის ლუკა დოლიძე აგვისტოს ომის გმირის, მაიორ შალვა დოლიძის შვილია. ლუკა აპირებს, რომ მამის მსგავსად თვითონაც სამხედრო საქმეს გაჰყვეს და სწორედ ასე იზრუნოს მისი სამშობლოს უსაფრთხოებაზე.

როცა 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველო დაბომბა და ომი დაიწყო, ლუკა მხოლოდ 4 წლის იყო. მაშინ არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ერთ დღესაც მამის საქმეებით და მისი სახელით იამაყებდა.

„ვფიქრობ, ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს და არც დამთავრებულა. თუ გვინდა მშვიდობა, უნდა ვემზადოთ ომისთვის და ამისთვის მარტო ჯარი კი არ უნდა ემზადოს, მთელი მოსახლეობა, მთელი ერი უნდა მოემზადოს“, – ამბობს ლუკა დოლიძე „ბათუმელებთან“.

ლუკა ამბობს, რომ ომზე მათ სახლში არავინ საუბრობს. დედაც თავს არიდებს ხოლმე იმ დღეების გახსენებას.

„კი, რთულია ამაზე საუბარი და ბავშვებს, მით უმეტეს, არავინ უყვება ამაზე. შალვას შესახებ ახლა უფრო მეტი გავიგე, როცა გავიზარდე, მე თვითონ დავიწყე მის შესახებ ამბების მოკვლევა. ვისაც არ შევხვდი, ოფიცერი იყო თუ რიგითი ჯარისკაცი, ყველას რაღაც ჰქონდა გასახსენებელი მასზე. ღია და უბრალო იყო ურთიერთობებში და ეს ყველას მოსწონდა.

ზოგს ეთაკილება ხოლმე მის დაქვემდებარებულებთან მისვლა და ურთიერთობა, მაგრამ შალვა ასეთი არ იყო. მითხრეს, რომ როცა შალვა ქვედანაყოფის უფროსად დაინიშნა, პირველი რაც გააკეთა, ჯარისკაცებს გაეცნო, როგორც რიგითი ჯარისკაცი. არკვევდა, ვის რა უჭირდა, ვის რა ულხინდა. რადგან ჯარისკაცი ბატალიონის მეთაურს გულს არ გადაუშლის, ამიტომ არჩია მათ როგორც ჯარისკაცი, ისე გასცნობოდა. მომწონს მისი ეს თვისება, მისი ცხოვრებით ბევრი რამ ვისწავლე და სამაგალითოა ის ჩემთვის“, – გვეუბნება ლუკა.

ლუკა ამბობს, რომ სიტყვა „გმირი“ დღეს ძალიან გაუფასურებულია, თუმცა მამას დღეს როგორც გმირს და მაგალითს, ისე აფასებს.

„ბევრი ფილმებში ან წიგნებში ეძებს გმირობის მაგალითებს, მე კი ასეთი ადამიანის ოჯახში გავიზარდე. ბუნებრივია, ეს ჩემთვის საამაყოა. საამაყოა ისიც, როცა იმ დღეს, როცა დაიღუპა, გადაწყვიტა, რომ წინ წასულიყო. ის იქცეოდა ისე, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე ოფიცერი და მეთაური მოიქცეოდა.

როცა ომში მიდიოდნენ, ასეთი რამ უთქვამს, თუ ერთი ჯარისკაცი მაინც დამეღუპება, მეც იქ მოვკვდებიო“, – ამბობს ლუკა.

ლუკა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს, თუმცა ოფიცერთა მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ სწავლის გაგრძელებას თავდაცვის აკადემიაში აპირებს.

„ვფიქრობ, ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს და არც დამთავრებულა. თუ გვინდა მშვიდობა, უნდა ვემზადოთ ომისთვის და ამისთვის მარტო ჯარი კი არ უნდა ემზადოს, მთელი მოსახლეობა, მთელი ერი უნდა მოემზადოს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს შეუვარდეთ, არა, მაგრამ ზოგადად სამყაროში ყველაფერი იზომება ძალით, ძლიერი ჩაგრავს სუსტს და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ის თაობა, რომელზეც ვინმე იფიქრებს, რომ ადვილად დაჩაგრავს, შემოვარდება და მარტივად აიღებს ამას, იმას. ისეთები უნდა ვიყოთ, რომ ვერავინ გაბედოს, ვერავინ მოინდომოს ჩვენთან ომი და თავდასხმა.

მე მაინც ვემხრობი ძალის მაქსიმალიზაციას, მაგრამ მარტო იარაღი არაფერს წყვეტს. მთავარია მოტივაცია, ამით იზომება ცხოვრებაში ყველაფერი. ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ“, – გვეუბნება ლუკა.

მისი აზრით, უბრძოლველად არაფერი მოდის ცხოვრებაში, ამიტომ საქართველოს ბრძოლა ევროინტეგრაციისთვის ასევე უნდა იყოს უწყვეტი, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.

„რუსებს ძალის გარდა სხვა ენა არ ესმით, ამიტომ მათ საერთაშორისო ენით უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ, რა კურსიც გვაქვს, არ უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვინდა დასავლეთი და ეს არც რუსეთის და არც სხვა ვინმეს გადასაწყვეტი საკითხი არ არის. შეიძლება ამ გზაზე იყოს შეფერხებები, შეიძლება უკრაინაში რაც ხდება, ჩვენც გადავიტანოთ იგივე, მაგრამ ვფიქრობ, ვერც ეს შეგვიშლის ხელს ევროინტეგრაციაში“, – ამბობს ლუკა.

უკრაინაში ინტერვენციისა და საქართველოს ოკუპაციის ფონზე, ლუკამ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაზეც ისაუბრა. ლუკას აზრით, „რუსების შემოსვლა-გასვლა ძალიან უკონტროლო გახდა და რისკები არსებობს, რადგან ჩვენ არ ვართ 150-მილიონიანი ქვეყანა, ცოტანი ვართ და ნახევარი მილიონი რუსის შემოსვლა უკვე პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის“.

ლუკა ფიქრობს, რომ სამშობლოს სამსახური ბევრი რამით შეიძლება: „ზოგი ჯარში იმსახურებს, ზოგი შეიძლება მხატვარი იყოს, ზოგიც სხვა საქმეს აკეთებდეს, მაგრამ ამ ყველა საქმეში მთავარია სამშობლოს სიყვარული და მისთვის მსახურება.“

ლუკა ფიქრობს, რომ ალბათ მამასაც მოეწონებოდა მისი არჩევანი, რადგან ბავშვობიდან ხელს მიწყობდა ამაში, ყოველთვის სათამაშო იარაღები მოჰქონდაო.

შალვა დოლიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიღუპა – მისი ბატალიონი ცხინვალში იყო შესული, რათა მიმდებარე ქართული სოფლებიდან მოსახლეობა გამოეყვანა.

შალვა დოლიძეს მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები: მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის და III ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის. იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი.

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას და სკვერს შალვა დოლიძის სახელი ეწოდა.

___

მთავარი ფოტო: ლუკა და შალვა დოლიძეები

კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინს.  

მინისტრის თქმით, ესტონეთი მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ამ საკითხზე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევაში. სწორედ ამ მიზნით შეხვდა რამდენიმე დღის წინ რეინსალუ უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

„ეს მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფოებს შორის და საერთაშორისო შეთანხმებას. უკრაინამ უკვე მოამზადა ამ შეთანხმების რამდენიმე პროექტი, რომლებსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ,“ – ამბობს რეინსალუ.

მინისტრის აზრით, მეორე და მთავარი კითხვა ისაა, შესაძლებელი იქნება თუ არა ამგვარი პასუხისმგებლობა დაეკისროს, მაგალითად, პუტინს: „თუმცა ცხადია, რომ დიპლომატიური ხელშეუხებლობა, რომლითაც სახელმწიფოს მეთაური სარგებლობს, არ ვრცელდება გენოციდის ჩამდენებზე. კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება“.

რეინსალუ ხაზს უსვამს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობების ძველ, ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება სურთ, უნდა გააცნობიერონ, რომ ეს შეუძლებელია.

„ეს არის გენოციდი და ურთიერთობა ძველებურ, უმაღლეს დონეზე, გენოციდის ჩამდენ პოლიტიკოსებთან არ შეიძლება გახდეს ახალი ნორმა. ამიტომ საჭიროა სამართლებრივი პასუხისმგებლობის კონცეფცია – მან უნდა შექმნას წესები, რომელთა მიხედვითაც გვექნება ურთიერთობა რუსეთთან ან საერთოდ არ გვექნება,“ – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ უსაფრთხოება ესტონეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, თუმცა სხვა ქვეყნებთან ამ საკითხზე უკრაინასაც და ესტონეთსაც ბევრი მუშაობა მოუწევთ.   

მთავარი ფოტო: ურმას რეინსალუს შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან/ფოტო: president.gov.ua

„ომი ვინ დაიწყო?“ – რიჟვაძეს მიაჩნია, რომ ამ კონტექსტით კითხვის დასმა სამარცხვინოა

საქართველოს მთავრობა და სხვა სამთავრობო სტრუქტურები აგვისტოს ომის 14 წლისთავს დღეს, 8 აგვისტოს, აღნიშნავენ.

აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ბათუმშიც, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის თანამშრომლებმა.

რატომ აღნიშნავს მთავრობა 8 აგვისტოს ომის დაწყებას? – ჰკითხეს დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მისულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა.

„პატივს მივაგებთ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა, აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას,“ –  თქვა პასუხად თორნიკე რიჟვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს,  თორნიკე რიჟვაძემ კითხვითვე უპასუხა – „მეტი აქტუალური საკითხი არ არის დარჩენილი ქვეყანაში თქვენი აზრით?“

„ომი ვინ დაიწყო? რუსეთი ოკუპანტია?“ – რამდენჯერმე გაუმეორეს ჟურნალისტებმა კითხვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ და დატოვა გმირთა მემორიალი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს არ უხსენებია სიტყვა რუსეთი.

7 აგვისტოს 14 წელი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. რუსეთ-საქართველოს ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

პოდოლიაკი აგვისტოს ომს ტვიტერზე ქართულად გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, აგვისტოს ომს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. მან პოსტი ქართულად დაწერა:

„დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ  შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით. 

შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“

2008 წლის 8 აგვისტოს  რუსული არმია საქართველოში შემოიჭრა და მისი ჯარის ნაწილები დღემდე საქართველოშია.

2014 წელს რუსული არმია ყირიმში შეიჭრა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და კიევის აღება სცადა, თუმცა კიევის მისადგომებთან დამარცხდა. ომი უკრაინაში უკვე მეექვსე თვეა გრძელდება.

საოჯახო სასტუმრო „სხალთა”- პატარა სამოთხე ხულოში

იზოლდა სურმანიძე სხალთაში ხიმშიაშვილების მუზეუმის დირექტორია, პარალელურად მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახს“ ხელმძღვანელობს და სოფლის საკუთარ სახლში უკვე ხუთი წელია საოჯახო სასტუმრო „სხალთას” ამუშავებს.

სახლი ხისაა. ეზოში შესვლისთანავე ხის სასიამოვნო სუნს იგრძნობთ. აქვეა ძველი ნალია, რომლის ქვეშაც უკვე დაჩეხილი და ზამთრისთვის მომარაგებული შეშაა გაფენილი.

სახლში საძინებლები, სამზარეულო, მისაღები ოთახი – ყველაფერი ხისაა, დიასახლისს არ შეუღებავს კედლები, ისე დატოვა, როგორც იყო, ბუნებრივად, რადგან აქ მოსულმა სტუმრებმა ბუნებასთან სიახლოვე სახლში ფეხის შედგმისთანავე უნდა იგრძნონ.

იზოლდა სურმანიძე

სანამ სახლში შეხვალთ, უზარმაზარი, ნაყოფით დახუნძლული, ალუბლის, თეთრი თუთისა და მსხლის ხეების ქვეშ უნდა გაიაროთ. იქვეა ხის მრგვალი ფანჩატური, სადაც დიდი, ხის მრგვალი მაგიდა თითქმის ყოველდღე ივსება ათასგვარი კერძით სტუმრებისთვის.

ფანჩატური იზოლდა სურმანიძის საოჯახო სასტუმრო „სხალთაში”
ხულოს კარტოფილი

იზოლდა სურმანიძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში საოჯახო სასტუმრო 2017 წელს გახსნა. სივრცე თავიდან მხოლოდ 8 სტუმრისთვის იყო გათვლილი, ახლა კი საოჯახო სასტუმრო „სხალთას“ უკვე 17 ვიზიტორის მიღება შეუძლია.

საოჯახო სასტუმროს განვითარებაში მას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“  სოციალური პროექტების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება დაეხმარა.

სასტუმროს მეპატრონე საკუთარ ცხოვრებაზე, საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

„ყოველთვის საზოგადოებრივი საქმით ვიყავი დაკავებული, ვყოფილვარ სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარე, მერის წარმომადგენელი, ახლა მუზეუმის დირექტორი და ქალთა ოთახის ხელმძღვანელი ვარ.

ხალხზე ზრუნვის და პასუხისმგებლობის გრძნობა ამ ვალდებულებებით ჩამომიყალიბდა, ამის შემდეგ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში საინტერესო იდეები, ეკონომიკური გაძლიერების სურვილი და საკუთარი ბიზნესის დაწყებაც ასე გადავწყვიტე.

მინდა ჩემი აქტიურობით სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მაგალითი მივცე და ვაჩვენო, რომ აქაც შეიძლება ცხოვრება და საქმის კეთება, თუკი საკუთარ ცხოვრებას და ხვალინდელ დღეს კარგად დაგეგმავ“ – ამბობს იზოლდა სურმანიძე.

იზოლდა სურმანიძე

პირველი გრანტი საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად მან 2016 წელს მიიღო პროექტიდან – „აწარმოე საქართველოში“. იზოლდა ამბობს, რომ მის სახლში მუდმივად ხალხმრავლობა და სტუმრების მიმოსვლა იყო. სტუმარმასპინძლობის ეს ტრადიცია იზოლდამ საოჯახო ბიზნესის საფუძვლად აქცია.

იზოლდა სურმანიძე საოჯახო სასტუმროს ამოქმედებისთანავე მიხვდა, რომ სწორი ბიზნესსტრატეგია შეიმუშავა და სტუმრებიც არასდროს მოაკლდებოდა სხალთაში მის საოჯახო სასტუმროს:

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაფინანსებით ბევრი რამ შევმატე საოჯახო სასტუმროს. კიდევ ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, ეზოში მინდა მოვაწყო საკონფერენციო სივრცე. ჩემთან ხშირად მოდიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხვდებიან სხვადასხვა ჯგუფებს, ამ პრაქტიკამ მიბიძგა საკონფერენციო სივრცეზე ფიქრისკენ.

თაგოდანაც ხშირად ჩამოდიან ტურისტები და სადილს მიკვეთენ. ჩემი ვიზიტორების 50% უცხოელია. ამ დიდ სახლში მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ. ჩვენი სამი შვილი ბათუმშია“ – ამბობს საოჯახო სასტუმრო „სხალთას“ მეპატრონე.

იზოლდა სურმანიძე დაუჯერებელი სისწრაფით ამზადებს ათასნაირ კერძს თუ ტრადიციულ ტკბილეულს, იცინის, ხუმრობს, შიგადაშიგ ამა თუ იმ აჭარული კერძის კვალიფიციურ რეცეპტს გასცემს და დაუღალავად ფუსფუსებს ყვავილებით მოფენილ ეზოში.

ეზო

„არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა, უნდა ვმოქმედებდე. ჩემთვის ცუდი დღე ნიშნავს დღეს, როცა ჭიშკარს სტუმარი არ აღებს, როცა ეზო ცარიელია. პანდემიის დროს ბევრი სტუმარი მყავდა, უცხოეთში რომ ვერ მიდიოდა ხალხი, მოდიოდნენ ჩემთან.

მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთხელ მაინც ნახოს მთიანი აჭარა, გაეცნოს სხალთა-ხიხანის ისტორიას, ნახოს ხიმშიაშვილების საცხოვრებელი სახლი და იცოდეს მათი გმირობის ამბავი. ჩვენი ხეობის მარგალიტი მეთორმეტე საუკუნის დასასრულს აგებული სხალთის ტაძარია“ – ამბობს იზოლდა სურმანიძე.

დღის განმავლობაში იზოლდა ხულოში მცხოვრებ ქალებს ხვდება „ქალთა ოთახის“ ფარგლებში პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ, სამუშაო დროს მუზეუმში ატარებს და საოჯახო სასტუმროს ვიზიტორთა მასპინძლობასაც ასწრებს.

მას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტისას ქალების როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ისევ არ აქვთ ქალებს გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციებში საკმარისი ადგილი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“  მომავალშიც გეგმავს ქალების, და არამხოლოდ ქალების ბიზნესიდეების დაფინანსებას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში. კომპანიისთვის ქალების ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტული მიმართულებაა.

„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ 2020-21 წლებში სხალთის თემში 9 ბიზნესპროექტი დააფინანსა. წლევანდელი, 2022 წლის კონკურსისთვის ახალი განცხადებების მიღება ახლაც მიმდინარეობს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლის, ჯანგულ შაინიძის თქმით, იზოლდა სურმანიძის საოჯახო სასტუმრო „სხალთა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია კომპანიის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის.

„ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საოჯახო სასტუმრომ მოლოდინს გადააჭარბა და ეს სრულად მეპატრონის დაუღალავი შრომის და საქმის სიყვარულის შედეგია“ – ამბობს ჯანგულ შაინიძე.

ჯანგულ შაინიძე – კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენელი

მისივე თქმით, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ სამომავლოდაც არაერთი პროეტის დაფინანსებას გეგმავს, რომლის მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში.

რუსეთი უკრაინაში, სავარაუდოდ, „პეპელა ნაღმებს“ იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დონბასში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს ამონტაჟებს. უწყების ვარაუდით, რუსეთის არმია ცდილობს, თავდაცვის ზოლის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლება შეინარჩუნოს.

„ამ ნაღმებმა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას,“ – წერს უწყება 8 აგვისტოს რელიზში.

დაზვერვის ცნობით, რუსეთი მანამდე დონეცკსა და კრამატორსკში ცდილობდა PFM 1 და PFM 1S კასეტური ტიპის ნაღმების გამოყენებას. მათ „პეპელა ნაღმებს“ უწოდებენ და ძალიან საკამათო და არაპროგნოზირებად იარაღად მიიჩნევა.

„PFM 1s-ებს გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდა ავღანეთში საბჭოთა კავშირის ომში. უამრავი ბავშვი დაიღუპა ან დასახიჩრდა, რადგან მათ ნაღმები სათამაშოები ეგონათ“.

უწყების ვარაუდით, საბჭოთა ეპოქის მარაგები, რომლებსაც ახლა რუსეთი უკრაინაში იყენებს, კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იქნება, რამაც შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს ადგილობრივ მოსახლეობას და შექმნას საფრთხე განაღმვითი ოპერაციების დროს.

PFM 1 საბჭოთა და რუსული წარმოების ნაღმია, რომელიც დაახლოებით 12 სანტიმეტრი სიგრძისა და 6 სანტიმეტრი სიგანისაა. ის ძირითადად მუქი მწვანეა, ამიტომ ხშირად ამ ნაღმს „მწვანე თუთიყუშსაც“ უწოდებენ. PFM 1-ის გარჩევა და ცნობა ძალიან რთულია.

„პეპელა ნაღმების“ გამოყენება 1977 წლიდან 164-მა ქვეყანამ აკრძალა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა რუსეთი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 42 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140]
  • ტანკი – 1 811 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 4 070 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 960 ერთეული [+2]
  • MLRS – 261 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 132 ერთეული [+05]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 192 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 754 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 182 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 993 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 86 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 263 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 708 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 363 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 269 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 791 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 276 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 774 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი ცარიელ აეროდრომებს ბომბავდა – როგორ გადამალა უკრაინამ თავისი თვითმფრინავები

რუსეთი ცარიელ აეროდრომებს ბომბავდა – როგორ გადამალა უკრაინამ თავისი თვითმფრინავები

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში რუსები თავს ესხმოდნენ უკრაინის ცარიელ აეროდრომებს, რადგან უკრაინამ თავისი სამხედრო თვითმფრინავების გადამალვა მოახერხა.

რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების დროს უკრაინის გენშტაბმა გააანალიზა დასავლური დაზვერვის ყველა მონაცემი და მიიღო ზომები ჩვენი თვითმფრინავების გადასარჩენად. შედეგად, ომის დაწყების პირველ დღეებში ოკუპანტებმა დაბომბეს ცარიელი აეროდრომები – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი სამხედრო ექსპერტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„24 თებერვლის ღამეს, როცა უკრაინას მასიურად ურტყამდნენ რაკეტებით, ჩვენი ყველა აეროდრომი ცარიელი იყო, ჩვენი ავიაცია იქ არ იყო. სწორედ ამიტომ ჩვენი ავიაცია სრულად გადარჩა და შემდეგ ჩაერთო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხვათა შორის, ომის პირველ კვირებში რუსეთის მხრიდან დაშვებულმა სიტუაციურმა შეცდომებმა თუ მოწინააღმდეგის შეფასებამ დიდი დახმარება გაგვიწია“, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი.

არადა, ომის პირველ დღეებში რუსეთის ფედერაცია თავის პროპაგანდისტულ მედიაში  აცხადებდა, რომ მან უკრაინის საჰაერო ძალები სრულად გაანადგურა.

„ასე, რომ მათ (რუსულმა ჯარს – UNIAN) პრაქტიკულად არაფერი გაუნადგურებია. დიახ, მათ დააზიანეს ინფრასტრუქტურა, ზოგიერთი აეროდრომი მწყობრიდან გამოიყვანეს, მაგრამ საჰაერო ძალები სრულად გადარჩა, რადგან გენერალურმა შტაბმა მიიღო დროული ზომები ჩვენი თვითმფრინავის გადასარჩენად და ამან იმუშავა“, – განაცხადა ექსპერტმა.

უკრაინის საჰაერო ძალები დღემდე აქტიურად იბრძვიან ოკუპაციის წინააღმდეგ.

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ – მშენებელს დამატებით 494 ათასი ლარი გამოუყვეს

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები, ისევ გაურკვეველია. გაურკვეველია ისიც, თუ როდის დასრულდება მათთვის განკუთვნილი სოციალური სახლების მშენებლობა. ამ დრომდე სამინისტროში არც მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების პროექტი აქვთ, რომელიც 2 თვის წინ უნდა ყოფილიყო მზად.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობასა და ტერიტორიის განაშენიანების გეგმა-პროექტისთვის ამ ეტაპზე აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 40,1 მილიონი ლარი იხარჯება.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს საახალწლოდ, ანუ 2022 წლისთვის, ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდნენ. მოგვიანებით კი, „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა; რაც შეეხება ბინების გადაცემას, „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე“ იყო და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბინების გადაცემაც.

2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს, ანუ აპრილში, არათუ მშენებლობა, აჭარის მთავრობას კრიტერიუმებზე მუშაობაც არ ჰქონდა დასრულებული. ეს კრიტერიუმები მთავრობამ მაისის ბოლოს განსაზღვრა. მაშინ სოციალური სამართლიანობის ცენტრში განაცხადეს, რომ „დადგენილი კრიტერიუმების შინაარსი უამრავ კითხვას იწვევდა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხების გაცემა ან/და პროცესის მოდიფიცირება იყო საჭირო.“

ივნისში კრიტერიუმები მთავრობამ დააზუსტა, თუმცა უპასუხოდ დარჩა მთავარი კითხვა – როდის გადასცემდნენ ოჯახებს ბინებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს დაწყებული „დასკვნითი ეტაპი“ ჯერ არ სრულდება.

„დღეისათვის დასკვნით ეტაპზეა 582 ბინის მშენებლობა, რაც წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა მოხდება“, – მოგვწერეს სამინისტროდან ორი დღის წინ, 2022 წლის 5 აგვისტოს.

ასე გამოიყურება მშენებარე კორპუსი „ოცნების ქალაქში“, სადაც ბინების მშენებლობა, სამინისტროს ინფორმაციით, „დასკვნით ეტაპზეა“ / ფოტო: „ბათუმელები“ / 5.08.2022

სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, შესყიდვების პორტალზე ატვირთული ბოლო დოკუმენტების მიხედვით კი, „სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2022 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.“

ეს ვადა განსაზღვრულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეთანხმებით, რომელიც 2022 წლის აპრილში დაიდო.

ამ შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებაც იზრდება: „ხელშეკრულების საერთო ღირებულება იზრდება 494 177,32 ლარით და შეადგენს 39 115 033,58 ლარს [„დაგსა“ და სამინისტროს შორის ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში გაფორმდა 38 745 999 ლარით].

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2022 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადახდილია 26 928 828 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 69%].

მშენებარე კორპუსები „ოცნების ქალაქში“ / ფოტო: „ბათუმელები“ / 5.08.2022

„პარალელურად დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპი. ტენდერით შერჩეულია კომპანია და მიმდინარეობს ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის პროექტირება“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა რომელ კომპანიაზეა საუბარი, არ დაგვიკონკრეტეს.

ე.წ. „მეორე ეტაპზე“ სამინისტროს კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული [დასახლება მეჯინისწყალში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე].

ამ კონკურსის შედეგად სამინისტრომ ხელშეკრულება კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთთან“ 2021 წლის 17 სექტემბერს გააფორმა [991 200 ლარზე]. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა „არაუგვიანეს 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით“ პერიოდში უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა პროექტი სამინისტროს დღემდე ჩაბარებული არ აქვს.

ფოტომონტაჟი „ნიუ სითი დეველოფმენთის“ ესკიზური წინადადებიდან / წყარო: შესყიდვების პორტალი

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ნიუ სითი დეველოფმენთს“ პირგასამტეხლოც აქვს გადახდილი, თუმცა რაიმე დოკუმენტი, პროექტის მომზადების საბოლოო ვადის ცვლილებაზე, პორტალზე ამ დროისთვის ატვირთული არ არის.

„ნიუ სითი დეველოფმენთს“ აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გადაურიცხეს 495 560 ლარი [რაც შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხის 50%-ია].


კრიტერიუმები, თუ ვინ მიიღებს საწყის ეტაპზე ბინას „ოცნების ქალაქში“, ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

რუსი დეპუტატის მუქარა გერმანელებს: „მოვალთ და ყველას დაგხოცავთ“

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ალექსეი ჟურავლევი გერმანელ ჟურნალისტს და, ზოგადად, გერმანელებს პირდაპირ ეთერში დახოცვით დაემუქრა. მან ამის შესახებ პროპაგანდისტულ არხ Russia 1-ის გადაცემის „60 წუთის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ალექსეი ჟურავლევმა, რომელიც რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს სახელმწიფო დუმაში, განაცხადა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა.

ჟურავლევის მუქარის შემცველი ჩანაწერი პირდაპირ ეთერში გადაიცა, შემდეგ კი გადაცემის ვებგვერდზე განათავსეს.

დეპუტატის განცხადება მოჰყვა ერთ-ერთ გერმანულ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს, სადაც იმაზე იყო საუბარი, რომ გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა Panzerhaubitze 2000 (აჩვენეს, როგორ მუშაობს ეს იარაღი).

ჰაუბიცებისა და იმის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, თუ რა სახის მხარდაჭერას უწევს გერმანია კიევს, რუსმა დეპუტატმა გერმანელ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსებს უწოდა „გებელსის ნაშიერები“, „უღირსი არიელები“, „სტუდიის ვირთხები“ და განაცხადა, რომ ისინი დაკავებულნი არიან „პროპაგანდით“, „ომის წაქეზებით“ და „მუშაობენ მეთოდურად“.

ჟურავლევმა სიუჟეტის ავტორ გერმანელ ჟურნალისტს ასევე უწოდა „ნაციკი“და დაემუქრა, რომ რუსეთი „მივა იქ და ყველას მოკლავს“. მეტიც, მან პირობა დადო, რომ პირადად წავიდოდა ჟურნალისტის მოსაკლავად.

„მინდა, ამ ნაცისტს ვუთხრა: ჩვენ ყველანი მოვალთ და მოგკლავთ ყველას“, – განაცხადა დეპუტატმა.

გადაცემის წამყვანმა ევგენი პოპოვმა დეპუტატს მიუთითა, რომ „ასე არ შეიძლება“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჟურნალისტი პროპაგანდისტია, „მტერია“, მაგრამ ასე არ შეიძლება.

„არ მაინტერესებს. მე იქ წავალ და თუ მას იქ დავინახავ… კი, ვემუქრები, მერე რა? ისინი არ გვემუქრებიან – იქ ჰაუბიცები ჩააყენეს?!“ – განაცხადა აღშფოთებულმა დეპუტატმა. – „ამ ნაბიჭვრებს იქ შეჰყავთ ჰაუბიცები, რომლებიც ჩემს თანამებრძოლებს კლავენ!“

უკრაინის ომში მინიმუმ 10 რუსი გენერალი მოკლეს – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 10 რუსი გენერალია ლიკვიდირებული. გარდა ამისა, ოკუპანტები იძულებულები გახდნენ მინიმუმ 6 სამხედრო მეთაური გამოეცვალათ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 7 აგვისტოს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცუდად შესრულებული ოპერაცია ძვირი დაუჯდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას.

კერძოდ, რუსეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში, სავარაუდოდ, დაკარგეს სარდლობა. გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩაიკა მაისში გაათავისუფლეს. ის აღმოსავლეთ ოლქს მეთაურობდა.

კიდევ ერთი რუსი გენერალი, ალექსანდრე ჟურავლევი, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს 2018 წლიდან მეთაურობდა, 31 ივლისს, რუსეთის საზღვაო ძალების დღეს, არ იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგში. დიდი ალბათობით ის გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ კოჩეტკოვით ჩაანაცვლეს.

გარდა ამისა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა სამხრეთის ჯგუფის მეთაურობა გადაიბარა გენერალ გენადი ჟიდკოსგან.

გათავისუფლებულებს შორისაა ალექსანდრ დვორნიკოვი, რომელიც უკრაინის ოპერაციის საერთო მეთაური იყო.

ბრიტანული დაზვერვა დასძენს, რომ ამ სიას ემატება უკრაინაში ბრძოლის ველზე დაღუპული მინიმუმ 10 რუსი გენერალი, რაც უკრაინასთან ომში რუსეთს ტაქტიკურ და ოპერატიულ პრობლემებს უქმნის.

უკრაინის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დაღუპულია 42 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარაში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 8 პირი, 1 პირი კი აღნიშნულ დანაშაულშია მხილებული.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ბერეტას“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ, წარსულში ნასამართლევ, 1974 წელს დაბადებულ რ.დ.-საც. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა.

 

[toggle title=”სხვა დაკავებულების შესახებ უფრო ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ს.ც. თბილისში დააკავეს. პოლიციამ მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ვაზნები.
სამეგრელოს პოლიციამ 1978 წელს დაბადებული ზ.ს. მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ერთლულიანი შაშხანა, ერთლულიანი გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა კალიბრის 6 ვაზნა.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. დუშეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს „პარაბელუმის“ ტიპის პისტოლეტი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.ყ. დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული ზ.ი., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორში დააკავეს, 1963 წელს დაბადებული გ.ჩ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნა, ასევე, მჭიდები.

[/toggle]

 

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

Exit mobile version