მთავარი,სიახლეები

„300 ლარით სად ვიქირაოთ ბინა?“ – უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან

29.07.2022
„300 ლარით სად ვიქირაოთ ბინა?“ – უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან

„პირველი აგვისტოდან ქუჩაში ვრჩებით. იქნებ სეზონის დასრულებამდე მაინც გაგვაჩერონ სასტუმროში, 300 ლარად სად ვნახოთ ბინა?“ – კითხულობს ტატიანა პოდვინცოვა, ის კიევიდანაა და მარტიდან, შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

უკრაინიდან ომის გამო ლტოლვილები დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პირველი აგვისტოდან უკრაინელი ოჯახები ბინის დასაქირავებლად 300-300 ლარს მიიღებენ და სასტუმროში ვეღარ იცხოვრებენ.

უკრაინელმა ლტოლვილებმა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან უკრაინელებს, დაცვის პოლიციის გარდა, ბათუმის პოლიციის უფროსიც დახვდა.

უკრაინელებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დევნილებს ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე დახვდა

„დღეს 15 უკრაინული ოჯახი შევიკრიბეთ, მცირეწლოვანი ბავშვებით ვართ ადამიანები მარიუპოლიდან, ხერსონიდან… სხვებსაც სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ჩვენ ღია ცის ქვეშ ვრჩებით, ვერც სამსახური ვიპოვეთ, ენა – ბარიერია, ფასები – მაღალი. განსაკუთრებით ახლა ყველაფერი გაძვირდა, ზღვის სეზონზე კიდევ უფრო ძვირდება ბინები.

მოხალისეები დაგვპირდნენ, რომ შემოდგომაზე მოგვაძებნინებენ ბინებს ამ 300 ლარად. ამიტომაც, ჩვენი თხოვნაა, იქნებ შემოდგომამდე მაინც სასტუმროებში გაჩერების საშუალება მოგვცენ,“ – გვითხრა ტატიანა პოდვინცოვამ.

ტატიანა პოდვინცოვა

ამ დროისთვის უკრაინელი ლტოლვილები გონიოსა და ქობულეთში ცხოვრობენ რამდენიმე სასტუმროში.

„მე ოდესიდან ვარ, მეჩნიკოვის უნივერსიტეტში ვსწავლობ, მარტიდან კი ბათუმში ვარ,“ – ამბობს ნასტასია ხრიკურაშენკო. მასაც წასასვლელი არსად აქვს. იგი ოდესიდანაა.

„ეს სამივე პატარა ბავშვი ჩემია, დნიპროდან ვართ, არ ვიცი, სად უნდა წავიდე სამი ბავშვით,“ – გვიყვება ოქსანა გორგილაძე, – „ჩემი მეუღლე ბათუმელია, მაგრამ აქ ბინა არ გვაქვს, ჩემი ქმრის მშობლებსაც უჭირთ, სოციალურ დახმარებას იღებენ, საერთაშორისო პასპორტს ველოდებით, მაგრამ ამას სამი თვე სჭირდება. ვითხოვთ დახმარებას“ , – გვითხრა მან.

განახლება: აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, უკრაინელ ლტოლვილებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თინეიშვილი შეხვდა, თუმცა უცნობია, განიხილავენ თუ არა აჭარის მთავრობაში ლტოლვილების მოთხოვნას, ან უკვე მიიღეს თუ არა რაიმე სახის გადაწყვეტილება.

_____________________

მთავარი ფოტო: ოქსანა გორგილაძე შვილებთან და უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად.

 

„პირველი აგვისტოდენ არ ვიცით, სად შეიძლება წავიდეთ“ – უკრაინელი დევნილების აქცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: