ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ – მშენებელს დამატებით 494 ათასი ლარი გამოუყვეს

07.08.2022 • 2070
როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ – მშენებელს დამატებით 494 ათასი ლარი გამოუყვეს

როდის მიიღებენ ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები, ისევ გაურკვეველია. გაურკვეველია ისიც, თუ როდის დასრულდება მათთვის განკუთვნილი სოციალური სახლების მშენებლობა. ამ დრომდე სამინისტროში არც მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების პროექტი აქვთ, რომელიც 2 თვის წინ უნდა ყოფილიყო მზად.

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობასა და ტერიტორიის განაშენიანების გეგმა-პროექტისთვის ამ ეტაპზე აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 40,1 მილიონი ლარი იხარჯება.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს საახალწლოდ, ანუ 2022 წლისთვის, ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდნენ. მოგვიანებით კი, „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა; რაც შეეხება ბინების გადაცემას, „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე“ იყო და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბინების გადაცემაც.

2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს, ანუ აპრილში, არათუ მშენებლობა, აჭარის მთავრობას კრიტერიუმებზე მუშაობაც არ ჰქონდა დასრულებული. ეს კრიტერიუმები მთავრობამ მაისის ბოლოს განსაზღვრა. მაშინ სოციალური სამართლიანობის ცენტრში განაცხადეს, რომ „დადგენილი კრიტერიუმების შინაარსი უამრავ კითხვას იწვევდა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხების გაცემა ან/და პროცესის მოდიფიცირება იყო საჭირო.“

ივნისში კრიტერიუმები მთავრობამ დააზუსტა, თუმცა უპასუხოდ დარჩა მთავარი კითხვა – როდის გადასცემდნენ ოჯახებს ბინებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს დაწყებული „დასკვნითი ეტაპი“ ჯერ არ სრულდება.

„დღეისათვის დასკვნით ეტაპზეა 582 ბინის მშენებლობა, რაც წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა მოხდება“, – მოგვწერეს სამინისტროდან ორი დღის წინ, 2022 წლის 5 აგვისტოს.

ასე გამოიყურება მშენებარე კორპუსი „ოცნების ქალაქში“, სადაც ბინების მშენებლობა, სამინისტროს ინფორმაციით, „დასკვნით ეტაპზეა“ / ფოტო: „ბათუმელები“ / 5.08.2022

სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, შესყიდვების პორტალზე ატვირთული ბოლო დოკუმენტების მიხედვით კი, „სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2022 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.“

ეს ვადა განსაზღვრულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეთანხმებით, რომელიც 2022 წლის აპრილში დაიდო.

ამ შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებაც იზრდება: „ხელშეკრულების საერთო ღირებულება იზრდება 494 177,32 ლარით და შეადგენს 39 115 033,58 ლარს [„დაგსა“ და სამინისტროს შორის ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში გაფორმდა 38 745 999 ლარით].

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2022 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადახდილია 26 928 828 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 69%].

მშენებარე კორპუსები „ოცნების ქალაქში“ / ფოტო: „ბათუმელები“ / 5.08.2022

„პარალელურად დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპი. ტენდერით შერჩეულია კომპანია და მიმდინარეობს ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის პროექტირება“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, თუმცა რომელ კომპანიაზეა საუბარი, არ დაგვიკონკრეტეს.

ე.წ. „მეორე ეტაპზე“ სამინისტროს კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული [დასახლება მეჯინისწყალში მდებარე მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე].

ამ კონკურსის შედეგად სამინისტრომ ხელშეკრულება კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთთან“ 2021 წლის 17 სექტემბერს გააფორმა [991 200 ლარზე]. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა „არაუგვიანეს 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით“ პერიოდში უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა პროექტი სამინისტროს დღემდე ჩაბარებული არ აქვს.

ფოტომონტაჟი „ნიუ სითი დეველოფმენთის“ ესკიზური წინადადებიდან / წყარო: შესყიდვების პორტალი

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ნიუ სითი დეველოფმენთს“ პირგასამტეხლოც აქვს გადახდილი, თუმცა რაიმე დოკუმენტი, პროექტის მომზადების საბოლოო ვადის ცვლილებაზე, პორტალზე ამ დროისთვის ატვირთული არ არის.

„ნიუ სითი დეველოფმენთს“ აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გადაურიცხეს 495 560 ლარი [რაც შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხის 50%-ია].


კრიტერიუმები, თუ ვინ მიიღებს საწყის ეტაპზე ბინას „ოცნების ქალაქში“, ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: