მთავარი,სიახლეები

„ომი ვინ დაიწყო?“ – რიჟვაძეს მიაჩნია, რომ ამ კონტექსტით კითხვის დასმა სამარცხვინოა

08.08.2022 • 1262
„ომი ვინ დაიწყო?“ – რიჟვაძეს მიაჩნია, რომ ამ კონტექსტით კითხვის დასმა სამარცხვინოა

საქართველოს მთავრობა და სხვა სამთავრობო სტრუქტურები აგვისტოს ომის 14 წლისთავს დღეს, 8 აგვისტოს, აღნიშნავენ.

აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ბათუმშიც, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის თანამშრომლებმა.

რატომ აღნიშნავს მთავრობა 8 აგვისტოს ომის დაწყებას? – ჰკითხეს დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მისულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა.

„პატივს მივაგებთ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა, აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას,“ –  თქვა პასუხად თორნიკე რიჟვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს,  თორნიკე რიჟვაძემ კითხვითვე უპასუხა – „მეტი აქტუალური საკითხი არ არის დარჩენილი ქვეყანაში თქვენი აზრით?“

„ომი ვინ დაიწყო? რუსეთი ოკუპანტია?“ – რამდენჯერმე გაუმეორეს ჟურნალისტებმა კითხვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

„დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ და დატოვა გმირთა მემორიალი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს არ უხსენებია სიტყვა რუსეთი.

7 აგვისტოს 14 წელი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელიც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. რუსეთ-საქართველოს ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

გადაბეჭდვის წესი