ნეტგაზეთი • RU

რამდენი იარაღი დარჩა რუსეთს და როდის გაუთავდება – სპეციალისტების გათვლები

უცხოეთის დაზვერვის სამსახურებიცა და საერთაშორისო ექსპერტებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ რუსეთს პირადი შემადგენლობის დეფიციტთან ერთად, უკრაინასთან თითქმის ექვსთვიანი ომის შემდეგ, მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტებისა და თანამედროვე არტილერიის ნაკლებობა აქვს.

რამდენი იარაღი დარჩა რუსეთს და რატომ არაა რეალისტური სცენარი, რომ რუსეთს შეიარაღება გამოელიოს? სანდო წყაროების მიერ რუსეთის შეიარაღების შესახებ გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ექსპერტთა შეფასებებს თავი Hromadske-მ მოუყარა.

შესაძლებელია თუ არა იმის ცოდნა, რამდენი შეიარაღება აქვს რუსეთს?

მიახლოებითი მონაცემები შეიარაღებაზე, რომელიც რუსეთის არმიას 2022 წლის დასაწყისისთვის ბალანსზე ჰქონდა, The Military Balance-ის კრებულშია შეტანილი. ეს არის მსოფლიოს 171 არმიის შესახებ შედარებით სრულყოფილი კვლევა, რომელიც 1959 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი სწავლობს ღია წყაროებს შესყიდვების შესახებ და თავად იმ ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

რუსეთის დანაკარგებს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ყოველდღიურად აქვეყნებს უკრაინის გენშტაბი.

გარდა ამისა, პორტალი Oryx-ი სწავლობს ღია მონაცემებს და აქვეყნებს ინფორმაციას, რა რაოდენობის მძიმე შეიარაღება, ტექნიკა, არტილერია თუ ავიაცია „დატოვა“ რუსეთმა უკრაინაში.

შესაბამისად, მიახლოებით შესაძლებელია იმის გამოთვლა, რა შეიარაღება აქვს რუსეთს დარჩენილი. თუმცა განსაკუთრებულ სირთულეს ექსპერტები საბჭოთა შეიარაღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებისას აწყდებიან.

„რუსეთმა ომის 5 თვის განმავლობაში დაკარგა დიდი ოდენობით მოდერნიზებული და თანამედროვე ტექნიკა და ახლა ამ დანაკარგების ძველით კომპენსირებას ცდილობს, თუმცა ძველი ტექნიკიდანაც ყველაფერი არ გამოდგება,“ – ამბობს სამხედრო და უფლებრივი კვლევების ცენტრის დირექტორი ალექსანდრ მუსიენკო.

რაკეტები

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 3 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისის შუა რიცხვებში.

ომის დასაწყისში რუსეთი, ძირითადად, მაღალი სიზუსტის რაკეტებს იყენებდა, თუმცა ივნისში კრემენჩუგსა და ოდესაში რუსეთის არმიამ ძველი Kh-22 და Kh-32 ტიპის, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გამოიყენა.

საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტები ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ რუსეთს თანამედროვე იარაღის მარაგები ეწურება.

უკრაინულმა სამხედრო ჟურნალმა, Defense Express -მა მაისში გამოთვალა, რომ ომამდე კრემლს დაახლოებით 900 „ისკანდერი“ და 500 „კალიბრი“ ჰქონდა. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა თავისი მაღალი სიზუსტის რაკეტების, „ისკანდერებისა“ და „კალიბრების“, ასევე Kh-101 და Kh-555 ფრთოსანი რაკეტების 55-60%.

მართალია, მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი რუსეთს მნიშვნელოვნად შეუმცირდა, თუმცა საწყობებში რჩება ათასობით ძველი, საბჭოთა ეპოქის რაკეტები Kh -22, Kh -29, Kh -31, Kh -55, რომელთა გამოყენებაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შეუძლია.

„ამ რაკეტების უმრავლესობა საბჭოთა წარმოებისაა, ისინი არაზუსტია და მოგვაგონებს ტერორისტულ რაკეტებს, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე, ურბანულ დასახლებებზე თავდასხმისთვის იყენებს, უკრაინის მოქალაქეების დასახოცად და ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად“, – ამბობს New Geopolitics Research Network-ის დირექტორი, მიხაილ სამუსი.

ტანკები და არტილერია

რუსეთს ჯერჯერობით ტანკებიც ჰყოფნის და არტილერიაც.

The Military Balance-ის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში რუსეთს შეიარაღებაში ჰქონდა 13 617 ტანკი. 10 200 – რეზერვში, 2 927 – ქვეითი ჯარის შეიარაღებაში, კიდევ 330 – სამხედრო საზღვაო ფლოტის სასაზღვრო ჯარების კუთვნილებაში და 160 – საჰაერო-სადესანტო ძალებს.

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ 1 789 რუსული ტანკი გაანადგურა. მართალია, უკრაინამ გაანადგურა შედარებით თანამედროვე ტანკები, თუმცა რუსეთს კიდევ ძალიან ბევრი ტანკი რჩება.

საიტი Oryx-ი განადგურებული ტანკების რაოდენობას ღია წყაროების მიხედვით ითვლის. ეს მონაცემები ასახავს განადგურებული ტანკების ტიპებსაც და აჩვენებს, რომ რუსეთმა უკრაინაში უკვე დაკარგა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმოებული ტექნიკის ნაწილი – ახალი მოდელები.

„ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, გასული თვის ბოლოს უკრაინელ სამხედროებს განადგურებული ჰქონდათ რუსეთის თანამედროვე ტანკების 30 %“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ ვოლოშინი. მისი თქმით, იგივე ტენდენციაა სახვა შეიარაღებასთან დაკავშირებითაც.

„უახლესი ტექნიკის დიდი რაოდენობა რუსეთმა უკვე დაკარგა. რუსეთი მარაგებიდან იღებს ძველ ტექნიკას, მაგალითად, 1950-1960 წლის ტანკებს, „გრადის“ სისტემებს, რომლებიც 1970-იან წლებშია გამოშვებული და ასევე, ძველ „პიონებს,“ – განმარტავს ალექსანდრ მუსიენკო.

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მათ უკვე გაანადგურეს დაახლოებით ათასამდე საარტილერიო დანადგარი და 260 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

The Military Balance-ის გათვლებით, რუსული არმიის შეიარაღებაში დაახლოებით 6 000 საარტილერიო დანადგარია (მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები), თუმცა რუსეთს საწყობებში საარტილერიო დანადგარების დიდი მარაგი აქვს – დაახლოებით 22 ათასი ერთეული.

„არტილერიის რაოდენობა შთამბეჭდავია, თუმცა მათ უკვე ბევრი დაკარგეს უკრაინაში. საწყობებიდან გამოაქვთ ისეთი საარტილერიო სისტემები, როგორებიცაა: ძველი ეპოქის „პიონი“ და „აკაცია,“ – ამბობს ალექსანდ მუსიენკო.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არტილერიისა და საბრძოლო მასალების მარაგი თითქმის ამოუწურავია, ექსპერტების აზრით, უკრაინას შეუძლია მათ დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე სისტემები დაუპირისპიროს.

„მათ ათასობით საარტილერიო სისტემა აქვთ, ჩვენ კი გვაქვს „ჰაიმარსები“. რამდენიმე „ჰაიმარსსაც“ კი შეუძლია ბრძოლაში სურათის შეცვლა.

მაგალითად, რუსებს ახლა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონისა და კრივოი როგის მიმართულებაზე, 15 ათასი სამხედრო, ასობით ერთეული ჯავშანტექნიკა და არტილერია აქვთ განლაგებული, მაგრამ სულ რამდენიმე „ჰაიმარსი“ აზიანებს ხიდებს და მთელი ეს ჯარი და შეიარაღება, ფაქტობრივად, ალყაში ხვდება,“ – გვიხსნის მიხაილ სამუსი.

შეწყვეტს თუ არა რუსეთი იარაღის წარმოებას?

სანქციების გამო რუსეთს სერიოზული პრობლემები ექმნება, რადგან მისი სამხედრო წარმოება მთლიანად იყო დამოკიდებული უცხოურ იმპორტზე.

სამხედრო ექსპერტის, ვლადისლავ ვოლოშინის თქმით, რუსეთს ახლა ძველი სისტემების, მაგალითად, „გრადების“, უმარტივესი არტილერიისა და ზოგიერთი ტიპის ტანკის წარმოება შეუძლია, თუმცა ვეღარ შეძლებს სამხედრო წარმოების მთელი ძალით ამუშავებას და მაღალი სიზუსტის შეიარაღების იმ რაოდენობით შექმნას, როგორც ადრე.

ჯერ კიდევ 2019 წელს, უცხოეთიდან შეტანილი ელექტროკომპონენტების წილი რუსულ წარმოებაში 80 % იყო.

„დარწმუნებული ვარ, „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ რაკეტებშიც დასავლური კომპონენტებია. ავიაცია, სახომალდო ტექნიკა, ასევე ჯავშანტექნიკა და ყველა ტექნოლოგია მათ ფრანგული მატრიცებით ჰქონდათ აწყობილი. სამწუხაროდ, ევროპა, თავის დროზე, რუსეთს ძალიან ბევრ ტექნოლოგიას აწვდიდა,“ – ჰყვება სამუსი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა სამხედრო ტექნიკისთვის აუცილებელი ნაწილების სხვა ბაზარზე შესყიდვა სცადოს, მაგალითად, ჩინეთში ან ინდოეთში, თუმცა სკეპტიკურად აფასებენ რუსეთის შანსს, 2021 წლის წარმოების მოცულობასა და ტემპებს მიაღწიოს.

„ეს ასე უცებ ვერ მოხდება. დრო უნდა იმ რაოდენობის ჩიპების შესყიდვაზე შეთანხმების მიღწევას, რაც რუსეთს სჭირდება. თანაც, ჩიპებისთვის ახლა მსოფლიოში რიგია და არამხოლოდ თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებისგან,“ – განმარტავს ალექსანდრ მუსიენკო და დასძენს, რომ მწარმოებელთა უმრავლესობა დასავლურ სამყაროსთანაა სხვადასხვა გზით დაკავშირებული, ამიტომ ისინი რუსეთთან თანამშრომლობას, სავარაუდოდ, არც გარისკავენ.

როდის გაუთავდება რუსეთს იარაღი?

იმის იმედი, რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო რუსეთი უკრაინიდან გავა, არ უნდა გვქონდეს – მიიჩნევენ ექსპერტები.

„თუ თქვენ იმის გამოთვლას ცდილობთ, როდის გაუთავდებათ ყველაფერი, ამას აზრი არ აქვს. ჩვენ ჩვენი ძალების გაძლიერება გვჭირდება,“ – ამბობს მიხაილ სამუსი.

ალექსანდრ მუსიენკოს გათვლებით კი, რუსეთს, თავისი რესურსების გათვალისწინებით, ომის აქტიური ფაზის გაგრძელება კიდევ რამდენიმე თვე შეეძლება, თუმცა შეიარაღება აქ მისი მთავარი პრობლემა არ არის.

„ხალხიც არ ჰყოფნით. ამავე დროს, უკვე საბრძოლო მასალების მიწოდებისა და ლოგისტიკის პრობლემებია. ტექნიკის რემონტსაც ვერ ასწრებენ. თუკი მათ საწყობებზე თავდასხმები გაგრძელდება, კვლავაც დაიწვება მათი საბრძოლო მასალები, ისინი შეტევებს თვე ან თვე-ნახევარზე მეტ ხანს უკვე ვეღარ გააგრძელებენ და გარკვეული პაუზის აღებას ეცდებიან,“ – მიიჩნევს მუსიენკო.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის თითქმის ამოუწურავ სამხედრო რესურსებს უკრაინამ დასავლეთისგან მიღებული თანამედროვე შეიარაღება უნდა დაუპირისპიროს და საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა გააძლიეროს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.