მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ

24.07.2020 • 19942
რამდენად საშიშია თუ სახლში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ

საქართველოში პანდემიამდე წელიწადში დაახლოებით 261, 324 ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი იყიდებოდა. პანდემიის პირობებში თერმომეტრის მოხმარების მაჩვენებელი, ცხადია, გაიზარდა. ხელმისაწვდომი ფასის გამო საქართველოში უმეტესად შუშის თერმომეტრს მოიხმარენ, რომელშიც სახიფათო ნივთიერება ვერცხლისწყალია მოთავსებული. ასეთი თერმომეტრები ადვილად იმსხვრევა და ვერცხლისწყალიც ღია სივრცეში იფრქვევა.

ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. რამდენად საშიშია თუ თერმომეტრი გაგიტყდათ, როგორ უნდა შევაგროვოთ უსაფრთხოდ ვერცხლისწყალი და არსებობს თუ არა სახელმწიფოში ასეთი სახიფათო ნარჩენების უტილიზაციის წესი.

ვერცხლისწყალი ჩვეულებრივ პირობებშიც კი, მუდმივად ორთქლდება. სწორედ ეს ორთქლია მომწამვლელი. ორთქლი დღის შუქზე უხილავია. განსაკუთრებით ინტენსიურია აორთქლება, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია. სწორედ ამ ორთქლის შესუნთქვამ შესაძლოა მოწამლოს ადამიანი – დააზიანოს ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმლები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ყველაზე ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

იმის მიუხედავად, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ მინამატას კონვენციას, რომელიც ჯერ რატიფიცირებული არ არის, მოქალაქეებს ვერცხლისწყლის უსაფრთხოდ უტილიზაცია არსად შეუძლიათ. ეს კონვენცია მოითხოვს ვერცხლისწყლის, როგორც პროდუქტის, ასევე ნარჩენის რეგულირებას.

“მინამატას კონვენციის ხელმოწერით საქართველომ დაადასტურა ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის დასანერგად საჭირო ღონისძიებების გატარების სურვილი. თუმცა, ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიცირებამდე, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება”, – ვკითხულობთ გარემოს დაცვის სამინისტროს 2017-2021 წლის პროგრამაში. კონვენციას საქართველო ხელი 2017 წელს მიუერთდა, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული სისტემა, რომლის შედეგადაც მოქალაქეები გატეხილი თერმომეტრებიდან დაღვრილ ვერცხლისწყალს არა უბრალო ნაგავსაყრელზე, არამედ სპეციალურ შემგროვებელ პუნქტში, გარემოსთვის უსაფრთხო წესით მოათავსებენ.

“ვერცხლის წყალი მიეკუთვნება სახიფათო ტოქსიკურ ნარჩენებს. რა თქმა უნდა, მუნიციპალურ დეტონატორზე და ნაგავსაყრელზე მისი განთავსება არის ყოვლად დაუშვებელი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სისტემა არ არის აწყობილი, შეიძლება ვერცხლისწყალი 1100 ლიტრიან მუნიციპალურ კონტეინერში მოხვდეს. ამას ვერავინ გააკონტროლებ”, – ამბობს გარემოსდაცვითი მმართველი კახა გუჩმანიძე.

“მისი ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემდეგ, ის იჟონება ნიადაგში, რაც აბინძურებს გარემოს, ბინძურდება შიდა წყლები. ერთი თერმომეტრით კატასტროფა არ მოხდება, მაგრამ საზიანოა. როცა გროვდება დეტონირებული სხვადასხვა ნარჩენი, შემდეგ მიდის ე.წ. წვის, ანუ ჟანგვის პროცესი, ამ პროცესში გამოიყოფა მეთანი და სხვა მავნე ნაერთები… რა თქმა უნდა, დაბინძურებული ნიადაგი, შიდა წყლები და შემდეგ ჰაერი ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება”.

კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ ასეთი სახიფათო ტიპის ნარჩენების გაუვნებელყოფისთვის, წესით სპეციალური პუნქტები უნდა არსებობდეს, სადაც მოქალაქეები მიიტანენ ნარჩენებს. ეს პასუხისმგებლობა შეუძლია აიღოს სანდასუფთავების სამსახურმაც. “ჩვენთან ასეთი პუნქტები არ არსებობს, მოქალაქეს თუ უნდა, რომ უსაფრთხოდ მოიშოროს ასეთი ნარჩენი, სპეციალურ ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდეს, მაგრამ ასეთი მცირე ნარჩენისთვის, საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს”, – ამბობს ის.

ბათუმის სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება/უტილიზაციას ახორციელებენ, მაგრამ მოსახლეობიდან ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვება მათი ვალდებულება არ არის, პასუხი არც 112-ზე აქვთ. სპეციალისტებმა იმ ორგანიზაციებთან გადაგვამისამართეს, რომლებიც სახიფათო ნარჩენების გატანასა და მათ უსაფრთხო უტილიზაციაზე მუშაობენ.

ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა ეკომედი, სადაც გვითხრეს, რომ მათი კონტრაქტორები ძირითადად არიან ორგანიზაციები, რომელთაც მუშაობის პროცესში ვერცხლისწყლისშემცველი და სხვა სახიფათო ტიპის ნარჩენები წარმოექმნებათ. ეკომედის დირექტორის, კახაბერ ხუბუას თქმით, სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის საწვავი და შემდეგ მათი უტილიზაცია ხარჯებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ერთეულ მოქალაქეებთან მისვლა არ იქნება ხარჯეფექტური. ამ ტიპის ნარჩენების ტრანსპორტირება და უტილიზაცია, ზოგჯერ კილოგრამობით ითვლება, ზოგჯერ ცალობით. მაგალითად, კილოგრამის განადგურების ფასი 15-22 ლარია, ცალობით 1.80-2.20 ლარი. “პირობითად, 10 თერმომეტრი რომ მოგროვდეს, ეს საწვავის ხარჯსაც ვერ დაფარავს”, – ამბობს კახაბერ ხუბუა. მისივე აზრით, საამისოდ საჭიროა ამ ტიპის ნარჩენების შეგროვების უფრო მასშტაბური ორგანიზება, მაგალითად მუნიციპალურ დონეზე.

“2014 წელს საქართველოში სულ 4,200 კგ. Hg/წ ვერცხლისწყალი გამოიყო. ყველაზე მაღალი რაოდენობის ვერცხლისწყალი (1,898 კგ. Hg/წ ყველა გარემოსდაცვით კომპონენტში) ლითონის პირველადი წარმოების შედეგად გამოიყო (ინდუსტრიული ოქროს მოპოვებისა და თუჯის წარმოების ჩათვლით). ვერცხლისწყლის გამოყოფის მთავარი წყაროა ასევე ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების მოხმარება და განკარგვა. მათი საერთო რაოდენობაა 1,165 კგ. Hg/წ, სადაც ყველაზე დიდი ინდივიდუალური წილი ამომრთველებსა და თერმომეტრებზე მოდის“, – მინამატას პირველადი შეფასების ანგარიში [2017].

მინამატას პირველადი შეფასების ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2017 წლის მონაცემებით, წყალში მოხვედრილი ვერცხლისწყლის საერთო რაოდენობა დაახლოებით არის 240 კგ. Hg/წ, რისი მთავარი წყაროც ჩამდინარე წყლის სისტემა/გაწმენდა, ასევე ვერცხლისწყლის შემცველი ისეთი პროდუქტების მოხმარება და განკარგვაა, როგორიცაა თერმომეტრები, ლაბორატორიული, ქიმიური ნივთიერებები და საზომი აპარატები. ვერცხლისწყლის წყალში ჩადინების მნიშვნელოვანი წყაროა სპონტანური ნაგავსაყრელებიც – განსაკუთრებით ციცაბო ფერდობებსა და სოფლებში, სადაც ნარჩენების შეგროვების ოფიციალური სისტემა ან არასრულფასოვანია, ან საერთოდ არ არსებობს.

ვერცხლისწყლის ორთქლით მწვავე მოწამვლა ვლინდება მოწამვლიდან რამდენიმე საათში. მისი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი ყლაპვის დროს, პირღებინება, ფაღარათი, მეტალური გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი. ამასთან ვლინდება სხეულის კანკალი, შესაძლებელია ხველა და ქოშინი. ვერცხლისწყლით მოწამვლის შემთხვევაში დაზარალებული, პირველ რიგში, უნდა გაიყვანონ შენობიდან სუფთა ჰაერზე. ვერცხლისწყლის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი და ხანგრძლივი კუჭის ამორეცხვა.

კატეგორიულად არ შეიძლება: ვერცხლისწყლის ბურთულების შესაგროვებლად მტვერსასრუტისა და ცოცხის გამოყენება; ვერცხლისწყლის საკანალიზაციო მილში ჩაშვება ან სანაგვეში გადაგდება; ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეკომენდაციები, როგორ მოვიქცეთ თუ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გატყდა:

  • ოთახში უნდა გაიღოს ყველა გარეთ გამავალი ფანჯარა და კარი და განიავდეს ოთახი;
  • ოთახიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს ყველა, განსაკუთრებით – ბავშვები;
  • გამოირთოს გათბობისა და კონდიცირების სისტემები

ვერცხლისწყლის წვეთები უნდა მოაგროვოთ და შეინახოთ უსაფრთხოდ. სანამ ვერცხლისწყლის შეგროვებას დაიწყებთ, მოამზადეთ შუშის ქილა ჰერმეტული სახურავით და აავსეთ წყლით. ამ ქილაში უნდა შეგროვდეს ვერცხლისწყალი და თერმომეტრის ნამსხვრევები.

შეგროვებისას სასუნთქი ორგანოები დაიცავით სველი ნიღბით, ხელები – რეინის ხელთათმანებით.

ვერცხლისწყლის ბურთულები უნდა შეაგროვოთ წებოვანი ლენტით, ქაღალდით ან მუყაოთი. დასველებული ბამბის ტამპონით, პატარა ნაწილაკები შეიძლება შევაგროვოთ სამედიცინო შპრიცით ან პიპეტით. მას შემდეგ, რაც ვერცხლისწყალს მთლიანად შეაგროვებთ, ადგილი, სადაც იგი დაიღვარა, უნდა მოიწმინდოს სველი ტილოთი. იატაკი უნდა დამუშავდეს რამდენჯერმე. შეკრებილი ვერცხლისწყალი, ტილოები, ხელთათმანები, დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ჩააწყვეთ პარკში და თავი ჰერმეტულად მოუკარით. ოთახი, სადაც ვერცხლისწყალი დაიღვარა, სულ მცირე 24 საათის განმავლობაშ უნდა განიავდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: