მთავარი,სიახლეები

არ ვიცით, პუტინი რა დროს რას მოიმოქმედებს – შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის დედა

08.08.2022 • 1065
არ ვიცით, პუტინი რა დროს რას მოიმოქმედებს – შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის დედა

11 აგვისტოს 14 წელი შესრულდება აგვისტოს ომის ყველაზე  სისხლიანი, შინდისის ბრძოლიდან. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის იყო 20 წლის კაპრალი რომან ზოიძე.

„ბათუმელები“ რომან ზოიძის დედას, მარო ზოიძეს ესაუბრა.

შინდისის გმირის დედა იხსენებს მისი შვილის გადაწყვეტილებას სამხედრო სამსახურში წასვლაზე.

„ეკომიგრანტები ვართ 1992 წლიდან. ჩემმა შვილმა, მარნეულში, სოფელ შულავერში დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი სახლში იყო, მერე გაიწვიეს ჯარში. მოხვდა სენაკში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა.

სახლში რომ დაბრუნდა, მშობლების თანხმობა უნდოდა საკონტრაქტო სამსახურის გაგრძელებაზე. ჩვენ უარი ვუთხარით, იურიდიულზე მინდოდა ჩაებარებინა და ესწავლა. კარგი მოსწავლე იყო. მაგრამ არა დედაო, მე ჩემს ბიჭებს ვერ ვუღალატებ ახლაო. ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერ ხელსო და მერე ვნახოთო, თან დაუსწრებლად ვისწავლიო.

ერთი წლის დაწყებული ჰქონდა საკონტრაქტო სამსახური, როდესაც აგრესორი შემოიჭრა. დაიწყო ომი. ჩემი შვილი უკან არ დაიხევდა, ისეთი ამაყი იყო. პირდაპირ გავიდა ბრძოლის ხაზზე.

11 აგვისტოს დილას დამირეკა – სახლში მოვდივარ და ჩემი ბიჭებიც მომყვებიანო. მთელი დღე ვემზადებოდით, მიხაროდა ცოცხალი გადამირჩა შვილი-მეთქი.

მაგრამ ბედისწერა ასე ყოფილა. შინდისის რკინიგზასთან ყოფილან ჩასაფრებული რუსები.

გამართულა ბრძოლა – დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, ისეთი ამბავი იყოო. ალეკო ონიანთან, თავის ნათლიასთან ერთად იყო. ჩემს შვილს არტერია ჰქონდა გადახსნილი, სისხლისგან იცლებოდა და თავის ნათლიას ეხვეწებოდა თურმე, ალეკო წადი სახლში, ჩემს მშობლებს გააგებინე, რომ ვკვდებიო. წადი, შენ მაინც გადარჩიო. მაგრამ ალეკო ონიანმა არაფრით არ დატოვა ჩემი შვილი.

აგრესორებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული, ალეკო ტყვედ უნდოდათ აეყვანათ. ერთი ხელყუმბარა ჰქონიათ დარჩენილი, მამაო ჩვენო წაიკითხა და ააფეთქეს. ერთად გადავიდა ორივე იმიერ საქართველოში. აგრესორიც ძალიან ბევრი დაშავდა და დაიღუპა.

20 წლის იყო. შეყვარებული ჰყავდა. სახლის ყიდვას აპირებდა და სექტემბერში დაქორწინებას, მაგრამ უფალმა არ აცალა ჩემს შვილს,“ – იხსენებს მარო ზოიძე.

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში

მარო ზოიძე ქმართან და შვილიშვილთან ერთად ახლა ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ოჯახი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ავარია შეემთხვა, რის შედეგადაც ოჯახმა ყველაფერი დაკარგა, მათ შორის საცხოვრებელი ბინაც.

„დეკემბრამდე ბათუმის მერია გვიხდის ქირის ფულს. მერე რა იქნება, არ ვიცი. ყველგან მაქვს განცხადება დაწერილი. თორნიკე რიჟვაძეც იყო გასულ წელს დედის დღეზე მოსული და იმასაც ვუთხარი ჩემი მდგომარეობა. ერთი ის მინდა, რომ საკუთარი ჭერი მქონდეს და წყნარად და მშვიდად ვიცხოვრო ის პერიოდი, რაც დარჩენილი მაქვს. ეს არის ჩემი პრობლემა და მეტი არაფერი. დანარჩენი ყველასგან მადლობელი ვარ, მაფასებენ. ყოველთვის იხსენებენ ჩვენს გმირებს,“ – ამბობს მარო ზოიძე.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ომმა ძველი ჭრილობები გაუხსნა.

„14 წელი გავიდა და ყოველთვის იმის შიში მაქვს, რომ კი, ჩვენი შვილები დაიღუპნენ, გმირები არიან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს მშვიდობიანად ეცხოვრა, მაგრამ ახლა ისევ იმის სიფრთხილე გვჭირდება, რომ 21-ე საუკუნეში ომი აღარ განმეორდეს, დიალოგით და მოლაპარაკებით რომ  მოგვარდეს ყველაფერი.

მაგის შიში და სიფრთხილე ყოველთვის გვაქვს, რომ არ ვიცით, პუტინი რა დროს რას მოიმოქმედებს.

ვუსამძიმრებ მთელს უკრაინას, ომი გამიახლდა. 14 წელი გავიდა და ჭრილობა თავიდან გამეხსნა.  უფალს ვთხოვ, რომ ეს ომი მალე დამთავრდეს და საქართველოც გადარჩეს ამ აგრესიას,“ – ამბობს მარო ზოიძე.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. შინდისის ბრძოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა.

შინდისის ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: