სიახლეები

ბათუმში ღვიძლის გადანერგვა დაიწყება

16.12.2014 • 4302
ბათუმში ღვიძლის გადანერგვა დაიწყება

 

ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ქსელში არსებული ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ახორციელებს, მედიკოსთა თორმეტკაციანი ჯგუფი, ერთი წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ტექნიკას იმ ქვეყნებში ეუფლებოდა, სადაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის ყველაზე კარგი სკოლაა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრია რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე, რომელიც ამბობს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია საკმაოდ რთული ოპერაცაა და იგი საშუალოდ 14 საათს გრძელდება: „დონორიდან ვიღებთ ჯანმრთელი ღვიძლის ნახევარს და ვნერგავთ პაციენტში. ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა, მის ჩასატარებლად ექვსი ქირურგი, ოთხი ანესთეზიოლოგი და ექვსი საოპერაციო მედდაა საჭირო“, – ამბობს ის.

 

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს ბათუმში ქართველი ქირურგები, საზღვარგარეთიდან მოწვეული ტრანსპლანტოლოგების სუპერვიზიით (პროფესიული კონსულტირება და ანალიზი) განახორციელებენ.

 

კახა ქაშიბაძის თქმით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. სტატისტიკის თანახმად, თირკმლის ტრანსპლანტაციისას 3000-დან ერთი შემთხვევა დონორის გარდაცვალებით სრულდება, ღვიძლის ტრანსპლანტაციისას კი ყოველი 1000 შემთხვევიდან ერთი – „ეს ათასში ერთი თითქოს ძალიან იშვიათობაა, მაგრამ ეს გარდაცვალების სტატისტიკაა, იმ გარდაცვლილი დონორისთვის ეს 100%-ია, ამიტომ ეს არ არის ცოტა“, – ამბობს გია თომაძე.

 

მისივე თქმით, ამ მხრივ ნაკლებ რისკს შეიცავს ღვიძლის გვამური დონაციით გადანერგვა, რომელიც საქართველოში 2000 წლიდან,„ ორგანოთა გადანერგვის შესახებ საქართველოს კანონით“ არის დაშვებული. მიუხედავად ამისა, საქართველოში გვამური დონაციის პრაქტიკა არ არსებობს. საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია თომაძე ამბობს, რომ გვამური დონაციის ამუშავება ქართულ მედიცინაში გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიური ფაქტორია.

 

„გადასანერგად უკეთესია ისეთი ორგანო, რომელიც თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანისგან არის ამოღებული. თავის ტვინის სიკვდილის შემთხვევაში (რომელიც აბსოლუტურად იდენტურია ადამიანის გარდაცვალებისა), ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გულისცემა, ანუ სისხლის მომარაგება ყველა ორგანოში მიმდინარეობს გარდა ტვინისა. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი ორგანო იქნება აღებული, იგი კარგად და დიდ ხანს იფუნქციონირებს, მაგრამ ასეთი პაციენტების ნათესავები არ თანხმდებიან გადანერგვაზე. თუმცა, ორგანოთა დონაციაზე არც გულისცემაგაჩერებული პაციენტის ნათესავები თანხმდებიან. საქართველოს კანონმდებლობით ორივე სახის გვამური გადანერგვა დასაშვები და შესაძლებელია. გაწერილია თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებიც, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახის წევრები არც ერთ შემთხვევაში არ თანხმდებიან დონაციას. ეს წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელიც, ჯერჯერობით, ვერ გადალახა ჩვენმა საზოგადოებამ“, – ამბობს გია თომაძე.

 

 

პროფესორი გია თომაძე ამბობს, რომ ორგანოთაგან ღვიძლს რეგენერაციის (აღდგენის) ყველაზე დიდი უნარი გააჩნია, ამიტომ, როცა მათთან აღრიცხვაზე მყოფი დონორები (რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიტარეს ოპერაცია), ოპერაციიდან 2-3 თვის შემდეგ იკეთებენ ექოსკოპიას, ჩანს, რომ ღვიძლის მთლიანი მოცულობა აღდგენილია. გადანერგილი ორგანოს ფუნქციონირების ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის, რადგან, გია თოდაძის თქმით, ღვიძლი რეგენერაციის უნარს რეციპიენტის ორგანიზმშიც ინარჩუნებს. 

 

მსოფლიოში ყოველწლიურად ორგანოთა გადანერგვის 100 000-მდე ოპერაცია კეთდება, აქედან 30 000 ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს ესაჭიროება საქართველოში ღვიძლის გადანერგვა, არ არსებობს. თუმცა, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მილიონ მოსახლეზე ღვიძლის ტრანსპლანტაცია 25 ადამიანს ესაჭიროება. ამ გათვლებით საქართველოში ყოველწლიურად, ასეთი 100 პაციენტია.

 

საქართველოს კანონმდებლობით პაციენტისთვის ორგანოს ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი რიგის ნათესავი, ანუ: დედ-მამა, და-ძმა, ბიძაშვილ-მამიდაშვილი, ბებია-ბაბუა და მეუღლე (თუ მასთან ქორწინების სტაჟი არის მინიმუმ ერთი წელი), ან მეუღლის დედ-მამა ან და-ძმა (თუ ქორწინების სტაჟი არის ორი წელი). „კიდევ არსებობს კანონით დაშვებული, დონაციის განსაკუთრებული ფორმა – „ჯვარედინი დონაცია“, რაც გულისხმობს, რომ თუ ორ ადამიანს ჰყავს ნათესავი დონორები, რომლებიც მათთვის მიუსადეგარია, მაგრამ იმუნოლოგიურად მიესადაგებიან მათ არანათესავ პაციენტებს, შესაძლოა მათ ჯვარედინად გაცვალონ დონორები“, – ამბობს გია თომაძე.

 

უცხოეთში ღვიძლის ტრანსპლანტაცია საშუალოდ 80000-100000 აშშ დოლარი ჯდება, საქართველოში კი ამ ოპერაციის ღირებულება, სავარაუდოდ, 70 -80 000 ლარი იქნება. კონკრეტულ თარიღს, როდის განხორციელდება ბათუმში პირველად ღვიძლის ტრანსპლანტაცია, „ევექსში“ ვერ ასახელებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია ბათუმში შესაძლოა 2014 წლის ბოლომდე ჩატარდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: