მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„შენი ბიჭი იყო მოსული კლინიკაში და შიდსი ხომ არ აქვსო?“ – აივ/შიდსი და სტიგმა საქართველოში

02.12.2021 • 1982
„შენი ბიჭი იყო მოსული კლინიკაში და შიდსი ხომ არ აქვსო?“ – აივ/შიდსი და სტიგმა საქართველოში

ბოლო მონაცემებით საქართველოში აივ-ით ინფიცირების 9124 შემთხვევაა რეგისტრირებული, თუმცა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10 500-ს უტოლდება.

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, მაგრამ რეალურად ეს მაჩვენებელი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალია.

aidscenter:  საქართველოში რეგისტრირებული აივ-ით ინფიცირების 9124 შემთხვევიდან 6820 კაცია, 2304 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4441 პაციენტს, 1894 გარდაიცვალა. 2021 წელს გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 5709 (მათ შორის აფხაზეთში – 624) პაციენტი.

საქართველოში აივ/შიდსზე გამოკვლევას, კონსულტაციებსა და მკურნალობის კომპონენტს გაეროს გლობალური ფონდი აფინანსებს, თუმცა ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აივ ინფიცირებული პირების დაბალი და დაგვიანებული გამოვლენა.

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის, „თანადგომისა“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ აივ დადებითი პირების სავარაუდო რაოდენობიდან ერთ მესამედზე მეტმა (35%. 3.150 ინფიცირებული) ჯერ კიდევ არ იცის თავისი აივ-დადებითი სტატუსი.

2020 წლის კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალ შემთხვევათა ნახევარზე მეტი (51%-დან 55%-მდე) იყო გვიან გამოვლენილი და, შესაბამისად, დაგვიანებით ჩართული მკურნალობაში, მათგან 35%-ს უკვე ჰქონდა დაავადების მძიმე ფორმა.

22 წლის ზაზა უკვე სამი წელია რაც აივ დადებითია. საკუთარი სტატუსი შემთხვევით, სისხლის დონაციისთვის მისულმა შეიტყო:

„შიდსის ცენტრში მისულს გვხდება სამი პატარა კაბინეტი, კონსულტაციას გადიხარ ამ კაბინეტში, ერთ კაბინეტში ზის სამი ექიმი. ექიმს ესაუბრები ძალიან პირად რამეებზე, რასაც ისმენენ დანარჩენი ექიმები. პლუს ამას, ეს კარი მუდამ ღიაა, განყოფილებაში კი ექთნები და მედმუშაკები დადიან. ზოგიერთ ექიმს გაჰყავს პაციენტი სხვაგან, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. არ გაქვს განცდა, რომ კონფიდენციალურობა დაცულია. 

ეს ბევრისთვის ძალიან  სტრესულია, განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანებისთვის, რომელმაც უნდა უპასუხოს, თუ საიდან მოხდა გადადება მისი აზრით. ძნელია ამ დეტალებზე საუბარი, როცა ამდენი ადამიანი გისმენს” – გვიყვება ის.

ზაზა სტიგმზეც საუბრობს და ამბობს, რომ გადადების მეთოდებზე ნაკლები ინფორმაციის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ერიდება აივდადებით ადამიანებთან კონტაქტს.

„ბევრ ადამიანს გონია, რომ შენთან ნებისმიერი კონტაქტით შეიძლება დაინფიცირდეს, თემშიც პარტნიორობისგან თავს იკავებენ, ამბობენ რომ ჯანმრთელ ადამიანთან უნდათ ურთიერთობა. კლინიკაშიც ალმაცერად გიყურებენ და ეს ძალიან დამთრგუნველია.

უშუალოდ ჩემს ექიმთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, თუმცა სხვა მედპერსონალისგან, რომელსაც ალბათ გაუგია იქ ჩემი სტატუსის შესახებ, მიგრძნია რაღაცნაირი მზერა და დამოკიდებულება” – ჰყვება ზაზა.

აჭარაში უფასო სკრინინგს აივ/შიდსზე და კონსულტაციებს ამავე საკითხებზე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის გარდა, რამდენიმე არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციაც ატარებს. ერთ-ერთი მათგანია „იდენტობა იუსი“.

ორგანიზაციის თანამშრომელი, ბელა შანავა ამბობს, რომ ისინი რისკ-ჯგუფებთან მუშაობენ, როგორც ადგილზე, ისე „აუთრიჩის“ გზით, რაც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარების მოძიებას გულისხმობს.

„ჩვენ ძირითადად ვტესტავთ მსმ კატეგორიას (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან), ტრანსგენდერ ქალებს, სექსმუშაკებსა და მათ პარტნიორებს. როცა  ვლინდება აივ დადებითობა, ჩვენ ვთავაზობთ გადამოწმებისა და მკურნალობაში ჩართვის მიზნით შიდსის ცენტრში თანხლებას.

ზოგიერთ შემთხვევაში გვეუბნებიან უარს და ამბობენ, რომ თავად მივლენ. ჩვენ ვუკავშირდებით გადამოწმების მიზნით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბენეფიციარი არ არის ვალდებული გაგანდოს შიდსის ცენტრში რა შედეგი მიიღო დამადასტურებელი ტესტირებით. არ უნდათ შიდსის ცენტრში მისვლა, უმეტესად კონფიდენციალურობის დაუცველობის გამო იკავებენ თავს“ – ამბობს ბელა შანავა.

ამავეს ადასტურებს აივტესტირების დაბალი მაჩვენებლის ფაქტორების კვლევის ანგარიში, სადაც რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მწვავედ დგას კონფიდენციალურობის დარღვევის შიში და უნდობლობა, ვიდრე დიდი ქალაქების მაცხოვრებლებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ რეგიონში, სადაც „ყველა ერთმანეთს იცნობს“, ადამიანი ვერ ბედავს ტესტირებაზე მისვლას.

„ქალაქი პატარაა, სახეზე გხედავს პერსონალი, ყველა ყველას იცნობს. იქ სანიტარი აღმოჩნდება მამის კლასელი, ექთანი აღმოჩნდება ნათესავი… ან თავიდანვე იციან, რომ იმ კლინიკაში მათი ნაცნობი მუშაობს და ვერ მიდიან.

ჩვენ გვყავდა ბენეფიციარი, რომელიც აივის საპრევენციო, პრეპის პროგრამაშია ჩართული. როცა კლინიკაში მედიკამენტისთვის იყო მისული, იქ დედამისის ნაცნობმა ექთანმა თუ სანიტარმა შეამჩნია, დაურეკა ამ ბიჭის დედას, რომელიც ასევე ყოფილი მედმუშაკია და ჰკითხა – შენი ბიჭი იყო მოსული ჩვენთან კლინიკაში და შიდსი ხომ არ აქვსო?“ – ჰყვება ბელა შანავა. 

„ფიქრობდა ჩივილს, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან დედასთან გაცხადებული ჰქონდა ყველაფერი და არ აღმოჩნდა ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში, რომ  დამუქრებოდა ვინმე. მაგრამ უფრო მოწყვლადი ბენეფიციარი დადგებოდა ამ პრობლემის წინაშე და ამ ერთ გადარეკვას შეეძლო სრულიად დაენგრია ადამიანის ცხოვრება“ – ამბობს ბელა შანავა.

ბელა ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ბენეფიციარები ერთი ან ორი კვირა იმიტომ ვერ მიდიოდნენ სამკურნალო წამლის ასაღებად, რომ სამსახურიდან ვერ ითავისუფლებდნენ თავს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აივ/შიდსზე ტესტირებისას ბენეფიციარის პირადი მონაცემები არ ფიქსირდება.

„ჩვენ ვწერთ 16-ნიშნა კოდს, რომელიც შედგება ინიციალებისგან. ასე ვერავინ გაშიფრავს ვინ იყო ჩვენთან ცენტრში მოსული.

ეს სწრაფი საპრევენციო სკრინინგ-ტესტებია, დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანს მივყვებით, ან სურვილის შემთხვევაში მხოლოდ მას ვაგზავნით შიდსის ცენტრში, სადაც უტარდება დამადასტურებელი ტესტირება“ – განმარტავს ბელა შანავა.

აივ ინფექციის სარისკო ჯგუფებში არიან ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები (ნიმ), კაცები, რომელთაც სექსი აქვთ კაცებთან (მსმ), სექსმუშაკები, გარკვეული პროფესიის სამედიცინო პერსონალი და  პირები, რომელთაც ჩაიტარეს სამედიცინო მანიპულაცია არასაკმარისად გასტერილებული სამედიცინო იარაღებით.

ამავდროულად, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში, აივი ყველაზე ხშირად ჰეტეროსექსუალური (ქალისა და კაცის) გზით გადაეცემა. 2021 წელს რეგისტრირებული ნახევარზე მეტი (50.2%) გადაცემის სწორედ ამ გზას უკავშირდება.

ამავე თემაზე: 

როდის უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა აივ ინფექცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: