დავარტყით ოკუპანტების პუნქტებს ხერსონში, ნოვა კახოვკასა და დარიევკაში – „სამხრეთი“

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს რუსული ჯარების სამ სამეთაურო პუნქტს ხერსონსა და დარიევკაში, ასევე რუსეთის 35-ე არმიის შტაბს ნოვა კახოვკაში.

ასევე, დაზიანდა რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობები ლიუბიმოვკასა და ხერსონში.

„სამხრეთი“ აცხადებს, რომ დღეის მონაცემებით, ხიდი და გადასასვლელი მდინარე ინგულეცზე ხერსონთან ახლოს დარიევკაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის კონტროლის ქვეშაა, დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს.

ხიდი მდინარე ინგლუზეცზე ერთადერთი გადასასვლელია, რომლის გამოყენებაც რუსეთის ჯარებს შეუძლიათ იარაღის, აღჭურვილობისა და საწვავის გადასატანად ნოვაია კახოვკადან ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.

__________

ფოტო: ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“/facebook

ამავე თემაზე: 

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

როგორია მემთეური ქალის შრომა და ცხოვრება ხულოს იალაღზე

„პირველად რომ წამოვედი მთაში, იმაზე ვფიქრობდი, ეს სამი თვე,  90 დღე როდის უნდა გავიდეს-მეთქი“, – იხსენებს 57 წლის მანანა დიასამიძე.

მანანა 30-ზე მეტი წელია, ლოდიძირის იალაღზე მემთეურად დადის. 17-18 წლის იყო, როცა მთაში პირველად მეუღლის ბებიას გამოჰყვა ბავშვებთან ერთად და მემთეურობაც ბებიასგან ისწავლა.

მისი თქმით, ახალგაზრდობაში მთაში წასვლა ყველაზე მეტად იმიტომ არ უნდოდა, რომ მის ქმარს სამუშაოდ ბარში  დარჩენა უწევდა. „ძალიან ძნელად გადიოდა დღეები ბარში დაბრუნებამდე“, – გვითხრა მანანამ.

გვიყვება, რომ შეუძლებელი იყო თავადაც ბარში დარჩენილიყო:

„არ მინდოდა [მთაში ყოფნა], მაგრამ შვილების გამო… შვილები რომ გამეზარდა. არ მსიამოვნებდა [მთაში ყოფნა], მაგრამ რძალი მერქვა და რასაც უფროსები გადაწყვეტდნენ, მაშინდელი რძლები იმას ვაკეთებდით შვილების გამო“.

მანანას მეუღლე აღარ მუშაობს და ახლა მთაში ერთად მოდიან ხოლმე. ქალი ამბობს, რომ ისინი ბედნიერი ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს რომ შრომა შეუმსუბუქონ, საქმის გადანაწილებას ცდილობენ.

ძროხების მოწველა, რძის ნაწარმის, საჭმლის გაკეთება და სისუფთავე მანანას ევალება. მისი ქმარი საქონელს უშვებს საბალახოდ, რძეს ხდის, ცოლს მძიმე ალუმინის ქვაბის გადატანა-გადმოტანაში ეხმარება, შეშას ჩეხავს და ა.შ.

ადრე ბევრ საქონელთან ერთად ჰყავდათ ხარიც და კამეჩემებიც, ახლა კი მხოლოდ 5 ძროხა ჰყავთ.

მანანას თქმით, ახლაც იმიტომ მემთეურობს, რომ უნდა მის შვილებსა და შვილიშვილებს ნატურალური რძის პროდუქტები ჰქონდეთ. არც სტუმრებს ივიწყებს. „გასაყიდად არაფერს ვამზადებ“, – გვითხრა მან.

ჩვენთან საუბრისას მანანამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მემთეურებს მთაში ყოფნისას, ყოველ დღე, ერთი და იგივე საქმე აქვთ.

თუ ბევრი ძროხა ჰყავს მემთეურს, სხვა ქალებთან შედარებით კიდევ უფრო ადრე, 5 საათზე იღვიძებს. მანანას დღე  დილის შვიდის ნახევარზე იწყება, 5 ძროხის მოწველას მაქსმუმ ერთ საათს ანდომებს, შემდეგ ყველი ამოჰყავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სხვა საქმეების გაკეთებას.

მანანა დიასამიძე

„მე ვფიქრობ, ახალგაზრდისთვის მემთეურობა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყოველდღე ერთი და იგივე საქმე მომაბეზრებელია. ახალგაზრდებს დილით ძილი ურჩევნიათ, რთულია ყოველდღე დილიანად ადგომაც. ახალგაზრდა როცა ვიყავი, არც ჩემთვის იყო [დილით გაღვიძება] სასიამოვნო. არ მომწონდა მაშინ [მემთეურობა] და ალბათ, ყველა ახალგაზრდისთვის ასე იქნება.

ჩემი ხნის ქალები შევეჩვიეთ, ამ საქმეს დავეუფლეთ და კარგად ვაკეთებთ. აღარ მიჭირს არც გაღვიძება, არც ადრე დაძინება და არაფერი“, – ამბობს მანანა.

მისი თქმით, ახლა მხოლოდ კარაქის ცივ წყალში გარეცხვა უძნელდება.

მემთეური ქალები შუამთობის დღესასწაულისთვის ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადებიან სტუმრების დასახვედრად, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან მათთან.

მანანას თქმით, მისი მთის სახლი ერთ საუკუნეს ითვლის და ყოველდღიური ლაგების მიუხედავად, შუამთობის მოახლოების დროს გულდასმით წმენდს მტვერს, ასუფთავებს სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს, რეცხავს თეთრეულს და ბევრ კერძს ამზადებს, სტუმრებს შესაფერისად რომ დახვდეს.

„სტუმრებს დიდი სიხარულით ვხვდებით. ვის რა უყვარს, იმას ვუმზადებთ. ასე რომ ვთქვათ, სამი დღეა თუ ოთხი, ყველა სტუმრისთვის ცალფეხზე ვართ დამდგარი. გვინდა ყველას ვასიამოვნოთ და აქედან, ჩვენი მთიდან ბედნიერები, კმაყოფილები წავიდნენ.

ერთ ამბავში ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად გავაკეთოთ. საჭმელიც გვქონდეს, ნამცხვარი, [სხვა] ტკბილეული, ხილიც“, – გვიყვება მანანა.

მანანა ამზადებს საჭმელს

მემთეურის თქმით, დასასვენებლად ასული რძლებიც ეხმარებიან ტრადიციული კერძებისა და ტკბილეულის მომზადებაში და თუ ახერხებს შვილებთან, რძლებთან თუ სხვა სტუმრებთან ერთად კონცერტზეც მიდის და დოღის სანახავადაც, მაგრამ თუ ოჯახში სხვა სტუმრებსაც ელოდება, მანანა სახლში რჩება. ამბობს, რომ ეს დიასახლის მოვალეობაა.

„თუ ისურვებ და გინდა წახვიდე, [შუამთობაზე] წახვალ, თუ არ გინდა, არ გაინტერესებს – არ წახვალ. მოინდომებ, წინასწარ გათვლი ყველაფერს, გააკეთებ შენს საქმეს, მოიცლი და გაყვები სხვებს შუამთობაზე“, – ამბობს მანანა.

მემთეური არც ერთ სტუმარს არ უშვებს ხელცარიელს და ყველას იმას ატანს, რაც ყველაზე მეტად მოეწონებათ, იქნება ეს ყურუთი, აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, მურაბა თუ სხვა რამ.

მანანას თქმით, რახან მათი მთის სახლი ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზასთან ძალიან ახლოსაა, თითქმის ყოველდღე ჰყავს სტუმრები, რომლებსაც ძირითადად ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდება.

გვითხრა, რომ ახლა წყალი სახლში აქვთ, მაგრამ ადრე მეზობელი სახლის ეზოდან ხელით ეზიდებოდნენ და სარეცხსაც ხელით რეცხავდნენ.

მემთეურის დღე საღამოს, ძროხების მოწველით მთავრდება. მანანა ცდილობს, ძროხები საღამოს ადრე მოწველოს, რადგან ამ შემთხვევაში დასვენებისთვის შედარებით უფრო მეტი დრო რჩება.

მემთეურობა – ეს წარმოუდგენლად მძიმე შრომა, მხოლოდ ზაფხულის პერიოდს არ მოიცავს. ქალები გვიან შემოდგომამდე, ვიდრე თოვლი არ დაფარავს მთებს, აგრძელებენ პირუტყვს მოვლას სრულიად მარტო – ამჯერად ეგრეთ წოდებულ ყიშლებში.

„გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას არ დავდებთ – ბულგარეთის მთავრობა

ბულგარეთი რუსულ კორპორაცია „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ 27 აგვისტოს, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ქრისტო ალექსიევმა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერის თქმით, ბულგარეთის ტექნიკური კაბინეტი თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.

სოფიაში აცხადებენ, რომ „გაზპრომთან“ არსებული კონტაქტი მხოლოდ მოქმედ კონტრაქტს შეეხება.

„ბულგარეთმა ასევე დაადასტურა თავისი ინტერესი ენერგოგადამზიდავების ერთობლივი შესყიდვის მექანიზმებში მონაწილეობით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმის ფარგლებში“, – აცხადებენ მთავრობაში.

ბულგარეთი საჭიროებების 90 პროცენტზე მეტს რუსული გაზით ფარავდა, სანამ „გაზპრომმა“ არ შეწყვიტა ქვეყნისთვის გაზის მიწოდება აპრილში, მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ყოფილმა მთავრობამ, ევროპული სანქციების გამო, უარი თქვა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, როგორც ამას მოსკოვი ითხოვდა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბულგარეთს „გაზპრომთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ახლა ოფიციალური სოფია ითხოვს გაზის დარჩენილი მოცულობების მიღების ვადის გაგრძელებას წლის დასრულებამდე ან 2023 წლის ზაფხულამდე.

ბულგარეთი, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი სჭირდება, გაზის მესამედს აზერბაიჯანიდან იღებს, დანარჩენს კი მსოფლიო ბაზარზე ყიდულობს.

2 აგვისტოს ასობით ბულგარელი გამოვიდა ქუჩებში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, იმის შიშით, რომ მთავრობა რუსული გაზის მიწოდების აღდგენას შეეცდებოდა, რაც გაზრდიდა კრემლის გავლენას ბულგარეთის ეკონომიკაზე.

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დაითხოვა მთავრობა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დანიშნა.

_______________

ფოტოზე: აქცია სოფიაში, „გაზპრომთან“ კონტრაქტის წინააღმდეგ. „თავისუფლება გაზპრომისგან“ – წერია პლაკატზე.

ჩააბარეთ იარაღი უკრაინისთვის – მაიამის მერია მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ში, ქალაქ მაიამიში ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარონ უკრაინის დასახმარებლად.

კამპანია ორგანიზებულია მერიისა და პოლიციის დეპარტამენტის მიერ, იარაღის კომპანიასთან ერთად.

თითოეული ჩაბარებული პისტოლეტისთვის ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება 50 დოლარის სასაჩუქრე ბარათს, 100 დოლარს – თოფზე და 150 დოლარს – ნახევრად ავტომატურ იარაღზე ან კალაშნიკოვის ავტომატზე.

პოლიცია აცხადებს, რომ იარაღის ჩამბარებლებს კითხვებს არ დაუსვამენ იარაღის შეძენის გზებზე.

„შეგროვებული იარაღი გაიგზავნება უკრაინაში, რაც, ასევე დაგვეხმარება ჩვენი ქალაქის ქუჩების იარაღისგან გაწმენდაში“ – აცხადებს ქალაქის ადმინისტრაცია.

_____________

ფოტო: Miami PD/twitter

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 30-31 აგვისტოს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 46 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 942 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 257 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 1050 ერთეული [+5]
  • MLRS – 274 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 202 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 838 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 171 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 274 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 826 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 370 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 400 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 822 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 349 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 095 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]The Guardian-ის პროგნოზი მომავალი 6 თვისთვის – რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში[/yellow_box]

ამავე თემაზე:

28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ

როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის მშენებლობის დასრულების ვადა ისევ უცნობია. მეტიც, ზოგიერთ მონაკვეთზე არც მშენებლობის დაწყების თარიღია ცნობილი და არც ის, თუ რა ეღირება პროექტი. „ოცნების“ ხელისუფლების დაპირებით კი, არათუ აღნიშნული მონაკვეთი, არამედ მთლიანად სარფიდან-წითელ ხიდამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.

საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ აქამდე დასახელებული არცერთი თარიღი, გზის ამა თუ იმ მონაკვეთის დასრულებაზეც, ტრადიციულად არ მართლდება და სამუშაოები დროში იწელება.

მიუხედავად ამისა, „ბათუმელებმა“ დეპარტამენტისგან მაინც გამოითხოვა ინფორმაცია, რა ეტაპზეა ახალი ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთის პროექტირება/მშენებლობა და დასრულების ვადები. ამჯერად ავიღეთ მონაკვეთი სარფიდან [ხელვაჩაური] ზემო ოსიაურამდე [ხაშური]. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ეტაპობრივად 2022-23 წლებში უნდა დასრულდეს.

2022 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით: სარფიდან ზემო ოსიაურამდე მონაკვეთში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემებით, დაიხარჯა/დაიხარჯება ჯამში 4 მილიარდ 570 მილიონ 404 ათას 617 ლარი. აქედან 4 128 106 365 ლარი დონორებისგან მიღებული სესხია, ხოლო 442 298 252 ლარი უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული [მათ შორის 32 240 955 სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11-კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობაზე დაიხარჯა].

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გარკვეული ნაწილი კვლავ დაპროექტების ეტაპზეა [ბათუმი-სარფის გზა], ზოგ მონაკვეთზე მშენებლობა „დაბალი ტემპით“ მიმდინარეობს [ბათუმის შემოვლითი გზა], ზოგან მშენებლობა შეწყდა [სამტრედია-გრიგოლეთის გზა – ლოტი 3] და დეპარტამენტს მშენებელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა; ზოგიერთ უბანზე უცნობია, როდის განახლდება სამუშაოები და არ არის დაზუსტებული არც პროექტის ღირებულება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სარფიდან რიკოთამდე მონაკვეთში გზის ასაშენებლად საჭირო თანხას, რაც უკვე ცნობილია [4 მილიარდ 570 მილიონ 404 ათას 617 ლარი] გზის სხვა მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო თანხაც დაემატება.

გზების დეპარტამენტის მიერ, 2022 წლის 26 აგვისტოს, „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაცია, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეული უბნების შესახებ, სარფიდან-ზემო ოსიაურამდე მონაკვეთში:

[checklist]

  • დასრულდა ბათუმის შემოსავლელი-სარფის მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.  დეპარტამენტმა ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა 2021 წლის ნოემბერშიც.

დეპარტამენტს ამჯერადაც ვკითხეთ, არის თუ არა დაზუსტებული ამ გზის მარშრუტი [გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ნახაზი], ამასთან დაგვიკონკრეტოთ – პროექტით აშენდება თუ არა ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე [მოგვაწოდეთ კოორდინატები, სადაც ხიდი უნდა აშენდეს; არის თუ არა ცნობილი პროექტის ღირებულება და დონორი?].

„რაც შეეხება თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას პროექტის დეტალებთან დაკავშირებით, დაზუსტდება საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების შემდგომ. პროექტირება ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

  • ახალი მონაცემებით, ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. შვიდი თვის წინ კი დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზა 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. დეპარტამენტიდან ამჯერად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დღეს ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა მიზეზი არ მოუწერიათ:

„სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით. სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს  329 630 734 ლარს. სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საზედამხედველო კომპანია; სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თანადაფინანსებით.“

[განახლება: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც შეჩერებული იყო, ნოემბრის დასაწყისში განახლდა.]

  • გახსნილია ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელსაც მახინჯაურის გვირაბთან ბათუმის შემოვლითი გზა უნდა მიუერთდეს. პროექტი  აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67  ლარი იყო.
  • გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდება ეტაპობრივად 2022 – 2023 წლებში. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 228 721 622 ლარს. დაფინანსება ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ (EIB). [განახლება: 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამ გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 4] ღირებულება 113 მილიონი ლარია [სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ეს გზა ლანჩხუთში, სოფლებს – ხაჯალიასა და გრიგოლეთს [სუფსა] შორის შენდება. [განახლება: ეს მონაკვეთი გაიხსნა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 3] სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარეობს იმ კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შეფასება, რომლებმაც გაიარეს წინასაკვალიფიკაციო შერჩევა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით. პროექტის დასასრულებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, გაფორმდება კონტრაქტი და დასრულდება სამშენებლო სამუშაოები [ განახლება: დეპარტამენტმა სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია].
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 2] მონაკვეთი გახსნილია ჯაპანასა და ლანჩხუთს შორის. პროექტის ღირებულება – 253 979 678 ლარი.
  • სამტრედია-გრიგოლეთის გზის [ლოტი 1] მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წელს; სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს – 72 408 171 ლარს; დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
  • სამტრედია-ზესტაფონი [ქუთაისის შემოვლითი] გზაც გახსნილია. ამ გზის აშენებაში და შემდეგ გაფართოებაში, ჯამში 297,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, აქედან 116,5 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს, გზა რამდენიმე მონაკვეთად შენდება და დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა მონაკვეთი 2023 წელში უნდა დასრულდეს:

  • ჩუმათელეთი – ხევის მონაკვეთის (F1) მშენებლობა დასრულდება ეტაპობრივად 2022-2023 წლებში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანადაფინანსებით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 329 882 770 ლარს.
  • ხევი – უბისას მონაკვეთის (F2) მშენებლობა დასრულდება ეტაპობრივად 2022-2023 წლებში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით (ADB), ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 732 296 478 ლარს.
  • უბისა – შორაპანის მონაკვეთის (F3) მშენებლობა დასრულდება ეტაპობრივად 2022-2023 წლებში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით და ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 901 973 206 ლარს.
  • შორაპანი – არგვეთას მონაკვეთის (F4) მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წელს. მშენებლობა ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით (ADB), ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 582 777 310 ლარს.
  • ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის (ლოტი 2, კმ7+700 – კმ14+060) მშენებლობის დასრულება იგეგმება 2023 წელს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის (WB) დაფინანსებით, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 264 992 488 ლარს.

[/checklist]

ზემო ოსიაურიდან ნატახტრამდე [მცხეთა] კი, ავტობანი  გახსნილია.

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტს რამდენიმე დავა ჰქონდა კომპანიებთან, რომლებსაც კონტრაქტი შეუწყვიტა. დეპარტამენტის განცხადებით, ყველა დავა მოიგო.

„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოგებულ დავებს, საერთაშორისო არბიტრაჟმა Road Building ALTCOM“ LLC-ს მიაკუთვნა დაახლოებით 64 მილიონი ლარი, Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მლნ ლარი და Astaldi S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 68 მლნ ლარი. გარდა აღნიშნულისა, გაცნობებთ, რომ მთლიანად საერთაშორისო კონტრაქტორების მიმართ ამოქმედებული გარანტიების ფარგლებში ამოღებულ იქნა 123,7 მლნ ლარი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

დასავლეთ საქართველოში პარალელურად კიდევ ერთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი შენდება – ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზა, რომელიც შედგება 2 ლოტისგან: ლოტი 1 – გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზა (რაც ზემოთაც არის აღნიშნული] და ლოტი 2 – ფოთი-გრიგოლეთი, რომელიც დაყოფილია სამ ეტაპად [დეპარტამენტმა ამ გზის დაფინანსებაზე და დასრულების თარიღზე ინფორმაცია არ მოგვაწოდა].

„პირველი ეტაპს წარმოადგენს მდინარე რიონზე ხიდის და მისასვლელი გზების მშენებლობა, რომლის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს; დანარჩენი ორის – ფოთი-მალთაყვასა და მალთაყვა-გრიგოლეთის მონაკვეთების განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად მომდევნო წლებში“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოებს, მისი დასრულება იგეგმება 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED).

ამავე გზის გოდერძის უღელტეხილი-ზარზმას მონაკვეთზე კი, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება იგეგმება ასევე 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 511 473 ლარია. როგორც დეპარტამენტიდან მოგვწერეს, აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ

„აზოვში“ ექვსწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, 28 წლის ალექსანდრ გრიანიკმა პოლკი დატოვა და გადაწყვიტა, სამოქალაქო ცხოვრებით ეცხოვრა.

ერთ თვეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მისი ბრძოლა უკრაინის დასაცავად 24 თებერვალს კიევის ოლქში დაიწყო და 8 მაისს „აზოვსტალში“ დასრულდა.

ცხედარი დღემდე არ უპოვიათ.

მშობლები, და და მეგობრები გლოვობენ, თუმცა იციან, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო – მარიუპოლში უნდა დაბრუნებულიყო.

ოცნებები და გეგმები

საშას (ასე ეძახდნენ ოჯახში) დისთვის, ანასტასიასთვის, ყველაზე ბედნიერი იყო დღე, როდესაც მისი ახალდაბადებული ძმა სამშობიარო სახლიდან შინ მიიყვანეს. მას შემდეგ, ის და მისი 5 წლით უმცროსი ძმა განუყოფელნი გახდნენ.

ანასტასია უკვე შვიდი წელია კვიპროსზე ცხოვრობს, საერთაშორისო ორგანიზაციაში ოფის-მენეჯერად მუშაობს. ახლა მშობლებიც მასთან არიან.

დედა, ოლგა ამბობს, რომ სახლში, სადაც საშას ოთახია, გაჩერება აღარ შეეძლო. კიევში მაშინ დაბრუნდებიან, როდესაც შვილის ცხედარზე რამე გაირკვევა.

იხსენებს, რომ საშას კიევი უყვარდა, უყვარდა მზის ჩასვლისა და ამოსვლის ყურება ქალაქში. უყვარდა კაიაკინგი, სკეიდბორდი, უკრაინის ქალაქებში მოგზაურობა – იმის მიხედვით, სად იმართებოდა საფეხბურთო მატჩები – „დინამოს“ გულშემატკივრობდა.

ომის მერე რომელიმე პატარა ამერიკულ სოფელში წასვლაზე ოცნობობდა.

„დიდ სიამოვნებას იღებდა მოგზაურობით. ერთ ზურგჩანთას მოიკიდებდა და წავიდოდა. ხშირად დადიოდა მთაში და ევერესტის დაპყრობაზე ოცნებობდა. თუ ყველას დღის განრიგში მუზეუმის დათვალიერება ეწერა, საშას ეწერა – მთაზე ასვლა,“ – ჰყვება მისი მეგობარი გოგონა ოლგა.

და ყველაფერს იღებდა, ფოტოგრაფობაზეც ოცნებობდა და „აზოვზე“ წიგნის დაწერას აპირებდა. 6 წელი პოლკის პრესსამსახურში იმუშავა, უამრავი ფოტო, ვიდეო და მოგონება დაუგროვდა.

იმ დღეს, როდესაც ომი დაიწყო, დედასთან ერთად ძაღლს ასეირნებდა და სწორედ წიგნის იდეაზე უყვებოდა.

2014

ალბათ, წიგნის დაწერა რომ მოესწრო, იმაზეც დაწერდა, როგორ ვერ წავიდა 2014-ში დონბასში.

„კინაღამ ლიფტის წინ გავწექი, ვემუდარებოდი, არ წასულიყო, ძალიან მეშინოდა. იმ წელს, აღარ გველაპარაკებოდა. ჩაიკეტა, გულჩათხრობილი გახდა. ვეკითხებოდი, რა ხდება, რა გჭირს-მეთქი და მპასუხობდა: „დედა, შეხედე, ბიჭები იქ იბრძვიან, მე კიდე ვზივარ აქ, მარწყვს ვჭამ და თავი საქონელი მგონია“.

ოლგა იხსენებს, რომ საშა მაშინ ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა დიდად არ აინტერესებდა. როგორც კი დაამთავრა, ეგრევე „აზოვში“ ჩაეწერა. 6 წელი იმსახურა მარიუპოლთან და ბოლომდე ვერ პატიობდა თავს, რომ 2014-ში დონბასში არ ყოფილა.

ალექსანდრ (საშა) გრიანიკი დედასთან ერთად/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

დამ ბევრჯერ სთხოვა, სამხედრო საქმე მიეტოვებინა. საშა მის თხოვნებზე არაფერს პასუხობდა, თუმცა 2022 წლის იანვარში საჩუქარი გაუგზავნა – განცხადება სამსახურიდან წამოსვლაზე.

სამოქალაქო ცხოვრებამ დიდხანს ვერ გასტანა. 24 თებერვალს არმიაში დაბრუნდა.

„დილა იყო, როცა ემზადებოდა,“ – იხსენებს დედა. – „თვალები უბრწყინავდა. ამბობდა, ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც შევძლებ საკუთარი თავის რეაბილიტაციას იმის გამო, რომ მაშინ არ წავედიო: „დედი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, უკრაინა ამის შემდეგ სხვანაირი გახდება. ალბათ, ეს ყველაფერი ამისთვისაა საჭირო.“ ასეთი განწყობით წავიდა – ამაღლებული, თავდაჯერებული განწყობით“.

მშობლებმა გაჩერებამდე გააცილეს.

„ქინდერსიურპრიზი“ 

ოჯახს დარჩა ვიდეო, კამერიდან, რომელიც საშას გაცილებისას თავზე ეკეთა. ვიდეოში „ყველაფერი კარგად იქნებას“ მღერის, ვაკარჩუკის სიმღერას.

ჯერ ბუჩას, ირპენსა და გოსტომელს იცავდა. შემდეგ მეგობრებთან ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა. ვერტმფრენით ჩაფრინდა. ოჯახისთვის არაფერი უთქვამს, არაფერი იცოდნენ, თუმცა ბოლოს აღიარა, რომ „აზოვსტალში“ იყო.

„თავიდან ვფიქრობდი, მადლობა ღმერთს, რომ მარიუპოლში არაა. მადლობა ღმერთს! დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც კიევთან იყო. რა თქმა უნდა, რეკავდა, როცა ახერხებდა, მიყვებოდა, რომ ხის ძირში იჯდა და კატას ეფერებოდა. მეუბნებოდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ უმართლებდა, რომ იღბლიანია და მეც მჯეროდა მისი,“ – ჰყვება დედა.

ოლგა იხსენებს, რომ 7 მაისს საშამ უკანასკნელად დაურეკა ოჯახს, ყველას სათითაოდ უთხრა, რომ უყვარდა – „თითქოს გვემშვიდობებოდა“.

მეორე დღეს საშა აღარ იყო.

„ათას რამეს გვეუბნებოდნენ – ცხედარი ჯერი იყო, მერე აღარ იყო, თითქოს ნახეს, თითქოს არ უნახავთ; გვეუბნებოდნენ, რომ დაიწვა და მხოლოდ ფერფლი დარჩა. ზოგი ამბობდა, რომ თავის ქალა დაინახა მის საწოლზე, სხვები ამბობდნენ, რომ შეიძლება მხოლოდ კბილებიღა დარჩა.“

ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობს, რამე მაინც გაიგოს, მაგრამ ამაოდ.

იმედოვნებენ, რომ სხეულს იპოვიან, გაცვლიან, დაუბრუნებენ. ყველაზე საშინელი – გაურკვევლობაა.

ოლგას და ანასტასიას ფსიქოლოგმა ურჩია, საშას გამომშვიდობებოდნენ და ეს დამშვიდობების დღე მიეჩნიათ მისი დაღუპვის დღედ. იმ სახლში წავიდნენ კვიპროსზე, რომელიც ერთ დროს საშამ და ანასტასიამ ერთად იქირავეს და კვიპაროსის ძირში „ქინდერსიურპრიზი“ ჩამარხეს – საშას უყვარდა ასეთი სათამაშოები ბავშვობაში.

პირადი ევერესტი

ძმის ხსოვნის პატივსაცემად ანასტასიას უნდა, რომ მისი ნამუშევრების ფოტოგამოფენა მოაწყოს, უკრაინაში.

საშას მამა სერგეი გრიანიკი 3 აგვისტოს იმ მარშრუტზე ავიდა, რომელზეც გასულ ნოემბერში საშა იყო და იქ ხეებზე შვილის ფოტოები მიაკრა, რომ „გრიანს“ მთაში მზის ამოსვლის ნახვა შეეძლოს.

მეგობარი გოგო, ოლგა ამბობს, რომ მისი ხსოვნის პატივსაცემად, ცდილობს მაგალითი მისგან აიღოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე მოიქცეს, როგორც საშა იქცეოდა.

„დამშვიდდი,“ – მისწერა საშამ, როდესაც ოლგამ მისი „აზოვსტალში“ ყოფნის შესახებ შეიტყო და ძალიან აღელდა – „ახლაც ისეა, როგორც მაშინ, როცა მაიდანზე ვიყავით და დანამდვილებით ვიცოდი, რომ სწორად ვიქცეოდი. მარიუპოლშიც ვიცი, რომ ამაზე სწორი საქციელი უბრალოდ ვერ იარსებებდა.“

ოლგა ამბობს, რომ საშას აზოვსტალიდან წამოსვლა, ევაკუაცია, შეეძლო – დაჭრილი იყო, თუმცა თურმე უარი უთქვამს.

ეს მისი პირადი ევერესტი იყო.

წყარო: Hromadske.ua, სპეცპროექტი „ფოლადის მკლავებში“, რომელიც „აზოვსტალის“ 34 ისტორიას აერთიანებს.

მთავრობა სანატორიუმ „იმერეთს“ წყალტუბოში აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 3 მილიონი ლარია

ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, სანატორიუმ „იმერეთის“ შენობებს და მასზე დაქვემდებარებულ ოთხ ჰექტარს [41 150 კვ.მ] პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 124 500 ლარია, ბიჯი – 10 000 ლარი. ეს შენობა 1961 წელს არის აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობის ფართობი 132 493 კვ. მეტრია.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო თანხა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს ორ თვეში უნდა გადაიხადოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 წლის ვადაში კი, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა უნდა უზრუნველყოს. სასტუმრო უნდა მოიცავდეს საკონფერენციო დარბაზებსა და რესტორანს.

ქონების მფლობელი შესაძლებლად მიიჩნევს ასევე შენობის ნაწილის დემონტაჟს, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების თანხმობის შემთხვევაში.

აუქციონის პირობაა 5 წლის ვადაში შენობის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

მყიდველმა უნდა აიღოს ასევე ვალდებულება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად აქ 9 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

მყიდველს ევალება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ  სააგენტოს შეუთანხმოს ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობები, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

აუქციონი 16 სექტემბერს უნდა დასრულდეს.


კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით:

შენობა აგებულია 1961 წ. არქიტექტორების ვ. ალექსი-მესხიშვილისა და ლ. ჯანელიძის მიერ. შენობა სამნაწილიანია. გეგმაში აქვს ლათინური „E“ ფორმა. სამსართულიანია. მთავარი ნაწილია ფართო, ვესტიბიულის შენობა, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავებით ოთხსართულიანია.

ფასადის მხრიდან შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს თაღოვანი გალერეა, რომლის სახურავი მეორე სართულის ღია ერთიანი აივანია. მესამე სართულზე ოთახებს შეკიდული დამოუკიდებელი აივნები აქვს. ჰოლი მთავარი სართულშორისი და ფლიგელთა მაკავშირებელი არტერიაა.

თითოეული სართული კაპიტელებით დასრულებული მასიური სვეტებითაა გაფორმებული. მოაჯირები კი ქართული ეთნოგრაფიული ყოფისთვის მახასიათებელი რიკულებითაა გაწყობილი. ფლიგელები ოთხკუთხა და სამწახნაგა რიზალიტებითაა დანაწევრებული. სამწახნაგა რიზალიტებში კიბეებია გაკეთებული. შიდა ეზოს მხრიდან შენობის ფასადები სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი.

დასავლეთის ფლიგელის ერთი ნაწილი ორსართულზე გამყოლი თაღოვანი გალერეითაა გადახურული, დანარჩენი ნაწილი კი სადაა, სარკმლებითა და აივნიანი კარებით დანაწევრებული. სანატორიუმის სასარკმლე და საკარე ჭრილები ორგვარია: თაღოვანი და ოთხკუთხა. შენობის წინა მხარეს რამდენიმე ტერასიანი ფართო კიბეებია.

6 თვეში რუსებმა 145 000 დასმენის წერილი დაწერეს, ძირითადად ანტიუკრაინული

როსკომნადზორმა, რომელიც რუსეთში კომუნიკაციებსა და კავშირგაბმულობას აკონტროლებს,  მოქალაქეების მიმართვიანობის მონაცემები დაითვალა და გამოაქვეყნა. 2022 წლის პირველი ნახევარში, მთლიანობაში შესულია 144 835 განაცხადი – მეოთხედით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ამის შესახებ Censor.NET იუწყება BBC-ზე დაყრდნობით.

მიმართვიანობის პიკი იყო 2022 წლის მარტში – საჩივრების რაოდენობა გასულ მარტთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. „როსკომნადზორს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ თხოვნით, რომ წაიშალოს პროუკრაინული პროპაგანდისტული რესურსების ბმულები“, – censor.net-ის ინფორმაციით, წერია სახელმწიფო უწყების ვებგვერდზე.

როსკომნადზორი ასევე განმარტავს, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში მოქალაქეების კითხვები ძირითადად ეხებოდა „აკრძალული ინფორმაციის ინტერნეტში განთავსებას, კერძოდ, ფეიკებს უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“.

___

მთავარი ფოტო: დასმენის წერილი, რომელიც censor.net-მა გამოაქვეყნა

გაიხანგრძლივე ზაფხული სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებით

28 აგვისტოს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს რამდენიმე პაკეტს ერთდროულად შეთავაზებს:

  • 200 ადგილობრივი წუთი – 5₾
  • 3 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 5₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო ინტერნეტი – 33₾ 

ერთი ან რამდენიმე, პაკეტის ჩართვას მომხმარებელი შეძლებს კოდით *202# , აპლიკაციით mysilknet ან პირდაპირ საიტიდან

 არჩეული პაკეტით სარგებლობა ერთი თვით შეეძლებათ  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე შესაძლებელია სასურველი შეთავაზების გააქტიურება სილქნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი სხვა ნომრისთვის.

The Guardian-ის პროგნოზი მომავალი 6 თვისთვის – რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ, ბრიტანული The Guardian-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების რედაქტორი, დენ საბაღი მკითხველს მომავალი ექვსი თვის პროგნოზს სთავაზობს – 5 სცენარს, რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში.

1. ომი შეიძლება სულ მცირე კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს, თუმცა უკვე ჩიხშია და მისი ინტენსივობაც შემცირებულია

ომი ექვსი თვეა მიმდინარეობს, თუმცა არც უკრაინა და არც რუსეთი, დანაკარგების მიუხედავად, არ არიან მზად, ბრძოლა შეწყვიტონ. უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს, ხოლო რუსეთს სურს კვლავაც ტკივილი მიაყენოს არამხოლოდ თავის ოპონენტს, არამედ მესამე ძალას, დასავლეთს. კრემლს სჯერა, რომ ზამთარი მის სასარგებლოდ იმუშავებს.

მას შემდეგ, რაც ბუჩაში, ირპენსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გამოჩნდა, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები აღარ გამართულა.

ლისიჩანსკის დაცემის შემდეგ, ივნისიდან, ფრონტის ხაზზე მხოლოდ მინიმალური ძვრებია. ორივე მხარე იმპულსის მოპოვებას ცდილობს და უფრო  და უფრო დაქანცულად გამოიყურება.

2. უკრაინას არ აქვს საკმარისი რესურსი ეფექტიანი კონტრშეტევისთვის, პარტიზანული თავდასხმები კი ოპტიმისტური გზაა რუსეთის კრახის დასაჩქარებლად.

უკრაინას ხერსონის დაბრუნება სურს, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირად საუბრებში აღიარებს, „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები მათ გასაყრელად“. ამიტომ კიევმა თავის სტრატეგიად რუსეთის ბაზებზე შორსმოქმედი შეიარაღებითა და სპეცდანიშნულების რაზმებით თავდასხმები აირჩია.

პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მიზანი „რუსეთის ძალებში ქაოსის გამოწვევა“ იყო. მართალია, ეს მოქმედებები ასუსტებს დამპყრობელთა ეფექტიანობას, მაგრამ სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ რუსებმა ხერსონი თავისით დათმონ.

3. რუსეთს კვლავაც სურს, წინ წაიწიოს, თუმცა მისი ყურადღება, სავარაუდოდ, უკვე დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებაზეა გადატანილი.

რუსეთს არ აქვს შეტევის სხვა ახალი გეგმა, გარდა იმისა, რომ ინტენსიურად გამოიყენოს არტილერია, დაანგრიოს ქალაქები და ასე გაიკვლიოს გზა წინ. ის ასე ნაწილობრივ იმიტომ იქცევა, რომ ეს ეფექტიანია, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ თავისი დანაკარგები შეამციროს. ამ სტრატეგიას იყენებს რუსეთი ბახმუტშიც, თუმცა პროგრესი ნელია, გარკვეულწილად იმიტომაც, რომ მეთაურობა იძულებული გახდა, ჯარის ნაწილი ხერსონის გასაძლიერებლად გადაესროლა.

შესაძლოა, კრემლმა ვერ მიაღწია იმას, რის იმედიც ომის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა რუსეთს ახლა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია უკავია და აქტიურად ლაპარაკობს რეფერენდუმებზე.

  1. ზამთარი ლტოლვილთა ახალ კრიზისს დააჩქარებს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის იმ მხარეს, რომელიც უკეთ მოემზადება.

ზამთარი მთავარი თემაა, რომელზეც ორივე მხარე სტრატეგიულად ფიქრობს. უკრაინა უკვე ღელავს ჰუმანიტარულ საკითხებზე, რადგან ბუნებრივი აირით გათბობა აღარაა შესაძლებელი დონეცკის ოლქის კორპუსებში და ფრონტის ხაზის გასწვრივ. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იწინასწარმეტყველა, რომ ზამთარში გაჩნდება ლტოლვილების ახალი ტალღა და დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი კვლავ პოლონეთის საზღვარს მიაწყდება.

რუსები ზამთარს, როგორც ხელსაყრელ შესაძლებლობას, ისე უყურებენ.  უკრაინა შიშობს, რომ რუსეთმა შეიძლება მიზანში ამოიღოს უკრაინის ენერგოსისტემა და გათბობის პრობლემა კიდევ უფრო გაართულოს. მოსკოვმა ასევე შეიძლება გაზარდოს ზეწოლა დასავლეთზეც.

არაა გამორიცხული, გაზაფხული შეტევების განახლების დრო აღმოჩნდეს – თითოეულ მხარეს ენდომება, რომ შემდეგი საბრძოლო სეზონისთვის უკეთ მოემზადოს.

  1. დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, მას უნდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, თუ უბრალოდ ბრძოლა გააგრძელოს – და ასევე უნდა იზრუნოს უკრაინის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე.

დასავლეთის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხდებოდა, თუმცა დასავლეთს რომ უკრაინისთვის საკმარისი არტილერია და სხვა შეიარაღება, მაგალითად, გამანადგურებელი თვითმფრინავები მიეცა, კიევი შეძლებდა დამპყრობლები საკუთარი მიწიდან განედევნა.

პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, რომ საჭიროა აიძულონ რუსეთი ომისწინანდელ საზღვრებს დაუბრუნდეს, თუმცა ამისთვის საკმარის შეიარაღებას არ იძლევიან.

ამავე დროს, იზრდება უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებებიც. მაგალითად, არ არის საკმარისი ფინანსები ინფრასტრუქტურის აღსადგენად – და ბევრი სახლი კიევის ჩრდილო აღმოსავლეთ და ჩრდილო დასავლეთით რუსების გასვლიდან 5 თვის შემდეგაც ნანგრევებადაა ქცეული – ხალხი კი ადგილზე მოწყობილ სახელდახელო თავშესაფრებში ან ავტოფარეხებში ცხოვრობს.

უკრაინის ბიუჯეტის დანაკლისი ომის გამო თვეში $5 მილიარდია; დახმარება და აღდგენის სამუშაობები კი გაცილებით ძვირი დაჯდება.

რიჟვაძის განკარგულებით სეზონი გაგრძელდა – 73 000 ლარი პრაიმ შოუს კონცერტისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 24 აგვისტოს გამოსცა განკარგულება, რომლითაც აჭარის განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მერიას დაავალა უზრუნველყონ ტურისტული სეზონის გასახანგრძლივებლად საჭირო კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

დოკუმენტში მითითებული არ არის, ტურისტული სეზონის რა ვადით გახანგრძლივებას ითვალისწინებს ახალი განკარგულება.

ამ განკარგულების გამოცემიდან ერთ დღეში, 25 აგვისტოს, აჭარის განათლების სამინისტროს „პრაიმ შოუ სტუდიამ“ დაფინანსების თხოვნით მიმართა და 2022 წლის 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის მხარდაჭერა სთხოვა:

„კონცერტი ჩატარდება ე.წ. „ხავერდოვან სეზონში“, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას რეგიონში. კონცერტის საორგანიზაციო ხარჯების დასაფარად საჭირო ფინანსური რესურსის ნაწილი ჩვენს მიერ უკვე მოპოვებულია. გთხოვთ, გაგვიწიოთ ფინანსური მხარდაჭერა 73 ათასი ლარის ოდენობით, კონცერტის საორგანიზაციო ხარჯების ანაზღაურებისათვის.“

მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს სცენის მოწყობა-აღჭურვის მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად მიმართა და არგუმენტად მოიყვანა, რომ ტენდერის გამოცხადებას ვეღარ მოასწრებს.

მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის დასაბუთების ნაწილში სამინისტრო წერს:

„აჭარის მთავრობის 2022 წლის 24 აგვისტოს განკარგულებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა, მიმდინარე ტურისტული სეზონის პერიოდის გახანგრძლივების მიზნით, კულტურული ღონისძიების ორგანიზება. ამასთან, შპს „პრაიმ შოუ სტუდიისა“ და საქველმოქმედო ფონდ „გადავარჩინოთ უკრაინის“ მიერ დაიგეგმა ღონისძიების ორგანიზება, რომლის მხარდაჭერის მიზნით მომართეს სამინისტროს. დაგეგმილი ღონისძიება ასევე არის საქველმოქმედო ხასიათის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღონისძიება ატარებს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობის ხასიათს“.

დოკუმენტების მიხედვით, „პრაიმ შოუ სტუდია“, საქველმოქმედო ფონდ „გადავარჩინოთ უკრაინა“-სთან ერთად ანრი ჯოხაძისა და ოლია პოლიაკოვას ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს ბათუმის ბულვარში 2 სექტემბერს ჩაატარებს.

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

საკურორტო სეზონზე მუნიციპალური ავტობუსების გადატვირთვაზე მგზავრები ისევ ჩივიან. მათი თქმით, ავტობუსები განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის მერიამ  8 ელექტრო და 40 ISUZU-ს ტიპის ახალი ავტობუსი შეისყიდა, თუმცა ავტობუსების რაოდენობა მოთხოვნას ვერ პასუხობს. მერიის ინფორმაციით დაგეგმილია 60 ერთეული ახალი ავტობუსის შეძენა, თუმცა როდის აპირებს მერია შესყიდვის პროცედურების დაწყებას, დაზუსტებული ვადები არ ვიცით.

„ბათუმელები“, ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტსაც“ დაუკავშირდა, მაგრამ ინფორმაცია ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

ფოტო გადაღებულია დღეს, 27 აგვისტოს დილის საათებში, ავტობუსი მოძრაობს სარფის მიმართულებით.
ფოტო: ჯაბა ანანიძე
მერიის ინფორმაციით  EBRD-ის გრანტის ფარგლებში  60 ერთეული ახალი საინფორმაციო ტაბლო უნდა მოეწყოს. ასევე იგეგმება ინტეგრირებული აპარატების სისტემის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საკუთარ ვებგვერდზე წერს ასევე, რომ ბათუმისთვის გამოწვევაა პარკირების საკითხი: „ბათუმში საგრძნობლად იმატა ავტომობილების რაოდენობამ, რამაც, გარკვეულწილად, განაპირობა საპარკინგე სივრცის ნაკლებობა. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ პარკირების ოპტიმიზაციისა და ეფექტური მართვის კუთხით.“

მერიაში კი, ველოგადადგილების გენგეგმაზეც საუბრობენ: „გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ველოსიპედის, როგორც ურბანული ტრანსპორტის სახეობად დანერგვასა და მის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში.“ – მიიჩნევენ მერიაში.

თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ველობილიკების ავტოპარკინგად გამოყენების პრაქტიკას ბათუმის მერია ამ დროისთვის ეფექტურად ვერ ებრძვის. როგორ დაარეგულირებს ამას გენერალური გეგმა, მომავალში გამოჩნდება.

ფოტო: ჯაბა ანანიძე

რუსეთი ცდილობს, უკრაინის ყურადღება დონეცკის ბრძოლებზე გადაიტანოს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღეში, რუსეთმა დონეცკის ოლქში შეტევა გააძლიერა. ინტენსიური ბრძოლები მიდის ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, სივერსკისა და ბახმუტის მიდამოებში.

უწყების ცნობით, პრო-რუსი სეპარატისტების ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს სოფელ პისკიში, დონეცკის აეროპორტთან, თუმცა დაზვერვის შეფასებით, საერთო ჯამში, რუსეთმა მხოლოდ მცირედით წაიწია წინ.

„სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი განახლებული შეტევებით დონეცკის მიმართულებაზე დამატებითი უკრაინული ძალების მიზიდვას ცდილობს, იმ ფონზე, როდესაც უფრო და უფრო ძლიერდება ხმები, რომ უკრაინა კონტრშეტევას გეგმავს,“ – წერს უწყება 27 აგვისტოს რელიზში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ სერგეი შოიგუს განცხადება, თითქოს რუსეთი განზრახ ანელებს „სპეცოპერაციის“ ტემპს, რათა სამოქალაქო მსხვერპლი შეამციროს, განზრახული დეზინფორმაციაა, რადგან სინამდვილეში, რუსეთის შეტევები მისი არმიის ცუდი მოქმედებისა და უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობის გამო შენელდა.

მთავარ ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 26 აგვისტოს მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 46 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]
  • ტანკი – 1 939 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 4 254 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 1045 ერთეული [+5]
  • MLRS – 274 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 202 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 836 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 165 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 274 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 820 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 370 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 397 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 822 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 348 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 084 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღეში, რუსეთმა დონეცკის ოლქში შეტევა გააძლიერა. ინტენსიური ბრძოლები მიდის ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, სივერსკისა და ბახმუტის მიდამოებში: რუსეთი ცდილობს, უკრაინის ყურადღება დონეცკის ბრძოლებზე გადაიტანოს

[yellow_box]უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში[/yellow_box]

ამავ თემაზე:

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში

23 თებერვალს სერგი ბურკოვსკის მეთაურობით დამხმარე საინჟინრო ბაზის ჯარისკაცებმა საბრძოლო ბრძანება მიიღეს. მათ ჩერნობილისკენ წასვლა და სამი საგზაო ხიდის აფეთქება დაევალათ.

როგორც ბურკოვსკი ჰყვება, დაზვერვის დროს აღმოჩნდა, რომ იქ მეოთხე ხიდიც იყო, ძველის პარალელურად აშენებული. საღამოს სამხედრო დანაყოფმა ასაფეთქებელი ნივთიერებები მიიღო. ჯარისკაცები ჩასაფრდნენ…

სერგი ბურკოვსკისა და მისი დანაყოფის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” წერს.

24 თებერვალს, დილის 4 საათზე მესანგრეები საჰაერო თავდასხმამ გააღვიძა. ომი დაიწყო. ჩვეულებრივი მანევრირების დრო არ იყო, ამიტომ ასაფეთქებელი მოწყობილობები პირდაპირ ხიდის ბარიერებზე დაამაგრეს, თუმცა აფეთქებისგან დროებით თავი შეიკავეს და სწორადაც მოიქცნენ: გამთენიისას ამ ხიდზე ევაკუირებულებმა გადაიარეს: ეროვნული გვარდიის დანაყოფებმა, მესაზღვრეებმა და მშვიდობიანმა მოსახლეობამ.

ხიდის აფეთქება ჯარისკაცებს უგვიანდებოდათ, დრო იწურებოდა და კიდევ ორი ხიდი იყო დასანაღმი.

ძალიან რთული იყო განსაზღვრა, როდის იყო საუკეთესო დრო ხიდის ასაფეთქებლად. მიუხედავად ამისა სერგიმ ამ რთულ დროს ზუსტად განსაზღვრა, როდის უნდა აფეთქებულიყო ხიდი.

ააფეთქეს ზუსტად იმ დროს, როცა ამ ხიდზე ოკუპანტების პირველმა მანქანამ გადაიარა.

სასწრაფოდ დასანაღმი იყო მეორე ხიდიც.

დრო ისევ ცოტა იყო, ამიტომ ტროტილი ყუთებით პირდაპირ სატვირთო მანქანებიდან ჩამოტვირთეს თოკებით და ხიდს ქვემოდან მიამაგრეს.

ახლომახლო უკვე ბრძოლები იყო გაჩაღებული. მუშაობდა მტრის „გრადები“ და არტილერია. უკრაინელების ბოლო შენაერთების გადასვლას ელოდნენ ხიდზე.

ამასობაში კიდევ ერთი ხიდი დარჩა დასანაღმი – მდინარე უჟზე, სერგიმ და უფროსმა ლეიტენანტმა დმიტრომ ჯგუფთან ერთად დროზე მიაღწია ხიდამდე. თითქმის მტრის თვალწინ დანაღმეს ხიდი. ჯარისკაცები წელამდე ყინულიან წყალში მუშაობდნენ და ასე ნაღმავდნენ ხიდს.

როცა ოკუპანტების პირველმა ტალღამ დაიწყო გადასვლა, უკრაინელებმა ხიდი ააფეთქეს.

აფეთქებული ხიდი

უკან გამობრუნებისას სერგიმ ხელსაყრელი ადგილები დაინახა: ერთ მხარეს ჭაობი იყო, მეორეგან დაჭაობებული ტყე. მათ შორის გზა გადიოდა.

რადგან ხიდების დანაღმვისას ტროტილი დარჩათ, ეს ტერიტორიაც დანაღმეს: ჭაობიც და დაჭაობებული ტყეც.

24 თებერვლის გვიან საღამოს მესანგრეები ჩერნიგოვის ოლქში დაბრუნდნენ და ერთ-ერთი ქალაქის გამაგრება და თავდაცვის მობილიზება დაიწყეს. საარტილერიო ბაზების მცველებს თუ არ ჩავთვლით, ქალაქში მათ გარდა ჯარი არ იყო. მესაზღვრეები დასახლების მისადგომებთან ნაღმ-ასაფეთქებელ ბარიერებს ამონტაჟებდნენ.

25 თებერვალს, დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელების მიერ დანაღმულ ხიდზე ოკუპანტების სამი ჯავშანტრანსპორტიორი აფეთქდა.

სერგი ბურკოვსკის დანაყოფის მიერ აფეთქებული რუსული საბრძოლო ტექნიკა

მიუხედავად იმისა, რომ სერგი ბურკოვსკი დაბომბვებისას დაიჭრა, მაინც განაგრძო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა და ჯარისკაცებს სხვადასხვა პოზიციაზე დანაწილება:

„მთელი ტყე დანაღმული გვქონდა, სადაც შეგვეძლო ჩავასაფრეთ მესანგრეები. ოკუპანტები გზადაგზა ჩერდებოდნენ და დროს კარგავდნენ, ამასობაში მათ ჩვენი მესანგრეები ესროდნენ, თუ გაქცევას გადაწყვეტდნენ ორი გზა იყო: დანაღმული, ჭაობიანი ტყე და მეორე მხარეს ჭაობი, თუ გაიქცეოდნენ ფეთქდებოდნენ – ასე გადარჩა ჩვენი ქალაქი მათ შემოსევას. ვერ მოაღწიეს ქალაქამდე.

კიდევ ერთი ქვედანაყოფი შემოგვიერთდა და 4 ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც მტრის ზურგისკენ გაემართა. ტერიტორია დანაღმეს და ქალაქში შემოსვლის მცდელობისას ოკუპანტები ნაღმზე ფეთქდებოდნენ.

ყველა ჩვენს ნაღმზე მტრის ტექნიკა, ან ცოცხალი ძალა იწვოდა“, – იხსენებს პოლკოვნიკი ბურკოვსკი.

სერგი ბურკოვსკის დანაყოფის მიერ აფეთქებული რუსული საბრძოლო ტექნიკა

პირველივე თვეს სერგეი ბურკოვსკის ხელმძღვანელობით მესანგრეებმა გაანადგურეს ოკუპანტების ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა ექვსი მანქანა. საბრძოლო მასალებით სავსე სატვირთო, საკვები პროდუქტებით სავსე სატვირთო და ხუთი ბენზინმზიდი.

გაანადგურეს ასევე: 5 ჯავშანტრანსპორტიორი „Тигр“, სამი ტანკი, ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ТОР-ი და ორი ჰაუბიცა Мста-С, ორი ჰაუბიცა “Msta-B”, ტანკი Т-72, “გრადის” ორი საზენიტო სარაკეტო სისტემა, საარტილერიო ცეცხლსასროლი სამართავი მანქანა 1В110 და მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი „ტაიფუნი“ – ეს პოლკოვნიკის დანაყოფის მიერ განადგურებული რუსული ტექნიკის არასრული ჩამონათვალია.

სერგი ბურკოვსკის დანაყოფის მიერ დანაღმულ, ჭაობიან ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ტექნიკა ვეღარ გადაადგილდა

როგორც სერგი ჰყვება, 31 მარტს, როცა ოკუპანტები უკან ბრუნდებოდნენ მიწა იწვოდა მათ ფეხქვეშ, ტექნიკას ისინი გზებსა და მინდვრებში ტოვებდნენ. მესანგრეებმა მტრის ტექნიკის 47 ერთეული გაანადგურეს და ასამდე საბრძოლო ტექნიკა უვნებლად ჩაიგდეს ხელში.

„2014 წელთან შედარებით მეტი გამოცდილება გვაქვს, მეტი პრაქტიკა, უკვე კარგად ვიცით, როგორ აღვჭურვოთ ესა თუ ის პოზიცია. ჩვენ უკვე  ვიცით, როდის რა უნდა გავაკეთოთ. შეიძლება ხანდახან კი… მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის საშინელება, შიშზე უფრო ბრაზი გვამოძრავებდა“, – ამბობს სერგი ბურკოვსკი.

26 მარტს პოლკოვნიკ სერგი ბურკოვსკის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა.

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

„ომის დანაშაულია სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. რუსეთი რომ დაისაჯოს როგორც სამხედრო დამნაშავე, ამისათვის რუსეთის ხელისუფლება უნდა დააკავონ. ეს რომ მოხდეს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

რა ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე, რატომ შეანელა შეტევის ტემპი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და აქვს თუ არა უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად საჭირო ძალები? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • დავიწყოთ სამხრეთის ფრონტით. რა ხდება ახლა იქ, რა პოზიციები უკავიათ მხარეებს?

ზოგადად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა სამხრეთით, ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ეს არის პოზიციური დაპირისპირება, რომელიც ძირითადად გამოიხატება მცირე კონტრშეტევებში. ფაქტობრივად, არ იძვრის ადგილიდან ფრონტი. რუსები მაინც ცდილობენ, თავდაცვისათვის ძალების აკუმულირებას. უკრაინელებს ჯერ ძალები არ ჰყოფნით ფართო მასშტაბის მოქმედებებისთვის. თუმცა მტრის ზურგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძალიან გააქტიურდნენ უკრაინელი სპეცსამსახურები და პარტიზანები, რაც გამოიხატება კოლაბორაციონისტების დახოცვაში და იარაღის საწყობების განადგურებაში. ასე, რომ წყნარი ცხოვრება რუსებს იქ ნამდვილად არ აქვთ.

  • 24 აგვისტოს იყო უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. ყველა წინასწარი პროგნოზით ამ დღეს რუსეთისგან განსაკუთრებულ სისასტიკეს ელოდებოდნენ. ასეც მოხდა, ქალაქ ჩაპლინეში, ზაპოროჟიესა და დონეცკს შორის რკინიგზის სადგური დაბომბეს – 25 ადამიანი დაიღუპა. რატომ ესხმის რუსეთი თავს სამოქალაქო პირებს და ობიექტებს?

სამოქალაქო ობიექტები რუსეთისთვის არის ე.წ. რბილი სამიზნე, რომლის დაზიანებაც მას შეუძლია თავის თავისთვის უმტკივნეულოდ. ისე, რომ არ დაისაჯოს ამისთვის. თან ეს სამოქალაქო ობიექტები იმდენია, რომ ყველას ვერ დაიცავს უკრაინა. უკრაინა იცავს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, ყველაფერს ვერ დაიცავს. ამიტომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ზუსტად, აი, ამ მტკივნეულ ადგილებში ურტყას. თან ეს მისთვის უსაფრთხოა.

მეორე მომენტია, რომ უნდა გამოიწვიოს მოსახლეობაში ე.წ. ომით გადაღლა. ამდენი მსხვერპლის შემხედვარე ხალხმა თქვას, რომ „დავიღალეთ, მოდი, რამეზე შევთანხმდეთ“. ცდილობს მოსახლეობის მხრიდან მოახდინოს ზეწოლა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე და ომის შედეგები რაღაცნაირად შეცვალოს.

მგონია, რომ რუსეთს თავისი ე.წ. სადამსჯელო ღონისძიება ჯერ არ განუხორციელებია, რადგან უკრაინაც იყო მზად: ყველა ელოდა, რომ მოხდებოდა რუსეთის მხრიდან მასირებული თავდასხმა და დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებზე. ახლა არ მოხდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ეს გეგმაში ჰქონდეს და უახლოეს დღეებში განახორციელოს მასიური დარტყმები ქალაქებზე უკრაინელების დასჯის მიზნით.

  • სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა ხომ ომის დანაშაულია? რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს რუსეთს?

ცალსახად ომის დანაშაულია სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. ცალსახად დანაშაულია მიზანმიმართულად მოსახლეობაზე დარტყმა. როცა სამოქალაქო ობიექტებს მიზანმიმართულად ბომბავ, ეს არის სამხედრო დანაშაული. ამ სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობისთვის რამდენიმე პირობაა საჭირო. პირველი – რუსეთი უნდა დამარცხდეს, სასამართლო რომ ჩატარდეს. ეს [სამხედრო დანაშაულები] უნდა იყოს დაფიქსირებული შესაბამისი კომისიებით და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით.

ახლა რუსეთი ამბობს, „ჩვენ ვბომბავთ იმ სამოქალაქო ობიექტებს, რომლებსაც იყენებს უკრაინული მხარე თავისი ჯარების განსალაგებლად“. ამიტომ, მტყუან-მართლის გარჩევისთვის არსებობს ჰააგის ტრიბუნალი. რუსეთი ისჯება უკვე  სანქციებით, მაგრამ რუსეთი რომ დაისაჯოს როგორც სამხედრო დამნაშავე, მაშინ რუსეთის ხელისუფლება უნდა დააკავონ. რაც მოხდა სერბეთში – მილოშევიჩი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ასე უნდა წარსდგეს რუსეთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიურნბერგი მოეწყობა რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამარცხდება. თორემ გერმანიას რომ გაემარჯვა, შეიძლება ნიურნბერგის პროცესზე ამერიკელები ან ბრიტანელები მსხდარიყვნენ.

ამიტომ გამარჯვების ფაქტორი აქ აუცილებელია. შეიძლება ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფაქტობრივად დამნაშავედ გამოაცხადო ქვეყანა, მაგრამ ვერ დასჯი მას, ვინც არ იქნება დამარცხებული.

  • ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ არ დანებდებიან, რადგან არ აქვთ უფლება არ მივიდნენ ბოლომდე. „რა არის ჩვენთვის ომის ბოლო? ადრე ვამბობდით: მშვიდობა. ახლა ვამბობთ: გამარჯვება“. მისივე თქმით, ის უკრაინის შემადგენლობაში ოცდახუთივე რგიონს განიხილავს. როგორ ფიქრობთ, ზელენსკი მსგავსი განცხადებებით პრევენციას ახდენს, რომ არ აიძულონ დათმობაზე წასვლა?

ზელენსკი ამჟამად არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აწარმოებს ომს. მისი ამოცანაა – გამარჯვება უდრის მთლიანად ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. მას არ უთქვამს, როდის განახორციელებს ამას. ეს იგივეა, საქართველოს ხელისუფლებამ თქვას, რომ დიახ, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

უბრალოდ ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ძალისმიერი მეთოდებით ამას აღარ ვიზამთ. მაგრამ ვერცერთი ხელისუფლება ვერ იტყვის უარს ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე. იგივეა ზელენსკიც. უბრალოდ ზელენსკი ამჟამად ომშია და შესაბამისი პათოსით ასეთი განცხადება უნდა გააკეთოს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ეტაპზე, არსებულ მოცემულობაში, მე მივიჩნევ, რომ უკრაინისთვის გამარჯვება იქნება, თუკი ისინი მოახერხებენ ხერსონის და ზაპოროჟიეს დაბრუნებას. დონეცკი-ლუგანსკი აღარ მაქვს მხედველობაში, ვინაიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სწორედ სამხრეთ უკრაინაა. ეს არის ხერსონი-ზაპოროჟიე და აზოვის ზღვაზე გასვლა. აი, ამას თუ მიაღწევს უკრაინა, ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი გამარჯვება. შემდეგი ეტაპებისთვის როგორ, რა ფორმას მიიღებს, როგორ გაგრძელდება, რა პროცესები იქნება შიდა და გარე, თუნდაც რუსეთში, თუნდაც უკრაინის გარშემო, ეს უკვე გამოჩნდება მოგვიანებით.

  • რუსეთში დუგინას მკვლელობა და ამ ამბის დაკავშირება აზოვთან რას მოასწავებს? გაბედავს რუსეთი დემონსტრაციულად დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი?

მე რა დოკუმენტებიც ვნახე, ასევე უკრაინელების და მათი მოკავშირეების მოსაზრებები რაც ვნახე, ყველა იძახის, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენეს, იყო ფალსიფიცირებული. „აზოვს“ თავის შემადგენლობაში ასეთი ოფიცერი ქალი არ ჰყავდაო – ასეთი განცხადება თავად „აზოველებმა“ გაავრცელეს.

ამ ამბის მეორე მხარეც ვნახოთ. გამოდის, რუსეთი ისეთი დაუცველია, ფსბ ისეთი არაეფექტიანია, რომ ვისაც უნდა იმას აგზავნის უკრაინა იქ. წარმოიდგინეთ, რუსეთში ჩადის ადამიანი საკმაოდ პრობლემატური რაიონიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან, ანუ ის თავისთავად უნდა ხვდებოდეს თვალყურის დევნების არეალში. აიღო ბინა, იქირავა, სამჯერ ნომერი გამოუცვალა ერთსა და იმავე მანქანას. მერე თურმე დუგინას უთვალთვალებდა. ამასობაში ფსბ რას აკეთებდა? მზესუმზირას აკნატუნებდა? თუ რა ევალება მას? თუ უკრაინა ამას ახერხებს, ასე თავისუფლად შევიდეს რუსეთის ტერიტორიაზე და ტერაქტი განახორციელოს, მაშინ ფსბ სრულიად უმაქნისი ორგანო ყოფილა.

დიდი ეჭვი მაქვს და უფრო სიმართლეს შეეფერება ის, რომ რაღაც შიდა გარჩევებიც მიდის ამ ამბებში. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება რაღაც ფონდებთანაც იყოს დაკავშირებული. არაა გამორიცხული, რომ რაღაც შიდა გარჩევებსაც ჰქონოდა ადგილი. ვერაფერს გამოვრიცხავ.

მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინას ეს ტერაქტი ახლა ნამდვილად არ სჭირდებოდა.

  • „აზოვზე“ გკითხავთ ისევ, თქვენი შეფასებით, ზოგადად, გადარჩენის რა შანსები აქვთ „აზოვის“ პოლკის ტყვედჩავარდნილ მებრძოლებს, მის მეაურებს?

არ გამოვრიცხავ, რომ რუსები ჩაატარებენ ამ საჩვენებელ სპექტაკლს, დადგმული თვითმხილველებით, დადგმული სცენებით, დადგმული ფოტოებით და ა.შ. ორი საშუალებაა – ერთი, მსოფლიოს ძალიან დიდი ზეწოლა, ოთხმაგი და ხუთმაგი ზეწოლა, რომელიც დღეს მიდის რუსეთის მიმართ. მეორე, უკრაინელებმა შეიძლება ხელში ჩაიგდონ რუსეთის ის პირები და ის ძალები, რომლებიც  შეიძლება შემდგომ გაცვალონ „აზოვის“ მებრძოლებში.

ამ ორი გამოსავლის გარდა მე ვერ ვხედავ სხვა ვარიანტს. ორი აზრი არ არსებობს, რუსეთი არავითარ მორალს და ეთიკას არ შეხედავს. მას შეუძლია ჩაატაროს ეს სასამართლო. ვეჭვობ, რომ ასე იზამს. უბრალოდ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დახვრეტამდე და სიკვდილით დასჯამდე არ მიიყვანენ, სასამართლოს ვერდიქტი არ იქნება სიკვდილით დასჯა.

თუმცა ამის გარანტიასაც ვერავინ იძლევა.

  • რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ „რუსეთის არმიამ განზრახ შეანელა უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპი, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“. მაგრამ ვნახეთ, როგორ დაბომბა რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობა 24 აგვისტოს. რუსეთის მხრიდან ეს მოულოდნელი განაცხადი „ჰუმანიზმზე“ თავიანთი უსუსურობის შესაფუთადაა, თუ რამე სხვასთან გვაქვს საქმე? 

ეს არის იმ ოპერის გაგრძელება, რომლის თანახმადაც, კიევიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხიეს უკან, რომ მოსახლეობა არ დაზიანებულიყო. შოიგუს განცხადების, მე მგონი, დედამისსაც აღარ სჯერა უკვე, ვინაიდან ისეთ რეალობაშია რუსული შეიარაღებული ძალები. ამდენი ნაქები, მთელი მსოფლიოს დამშინებელი ძალები ბახმუტს ვერ გასცდნენ. ამდენ ხანში საბჭოთა კავშირმა კენიგსბერგი აიღო.

რა გახდა, ერთი სოფელი ვერ აიღეს ამდენი ხანი. ვის ატყუებენ. ტემპი შეანელეს, ვერ იღებენ სოფელს, სადაც სამხედროები არიან განლაგებული და ახლა თურმე ჰუმანიტარული მოსაზრებები აქვთ. თან მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ რაკეტებით. ეს რომელ ლოგიკაში ჯდება? მაგრამ შოიგუს სამხედრო სპეციალობაში ირმების მომვლელი უწერია. ირმების მომვლელია და რას იტყვის, სერიოზულად არ უნდა აღიქვა მისი ნათქვამი.

თუმცა ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთშიც სვამს ალბათ ვიღაცა კითხვას – რა ხდება? რატომ ვართ ერთ ადგილას გაჩერებული? ასეთი ყოვლისშემძლე, შეიარაღებული ძალები, ამდენი ხანი მართლა ხერსონის დაცვაზე ფიქრობენ და სლავიანსკი-სოლედარი-ბახმუტის ზღუდეს ვერ გასცდნენ. ყველა კითხულობს. უკვე გაჩნდა ეს კითხვებიც რუსეთში. ამიტომ უფრო შიდა აუდიტორიისათვის არის გაკეთებული ეს განცხადება. აუდიტორიისთვის, რომელიც ზომბირებულია ტელევიზორით. ტელევიზორი რასაც ეუბნება, იმას იჯერებენ. ვისაც სჯერა, ის დაიჯერებს, მაგრამ მსოფლიოს არ სჯერა ამის და არც უკრაინას არ სჯერა.

  • „რუსეთის არმია დაუძლურებულია, სამხედროების საბრძოლო განწყობა – დაბალი, რუსეთის დიპლომატიური ძალაუფლება – შესუსტებული, ხოლო მისი გრძელვადიანი ეკონომიკის პერსპექტივები – არასახარბიელო“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. თუკი მართლაც ასეა, რაომ არ ჩანს გარდატეხა ომში?

ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, უკვე ჩანს. მეორე, გარდამტეხი მომენტია ის, რომ რუსები ვეღარ ახორციელებენ ვეღარაფერს. ჩავთვალოთ, ეს უკვე გარდამტეხი მომენტია. რუსები გასულები არიან თავისი კულმინაციის წერტილში. იმ წერტილში, რომლის იქითაც მათ შეღწევა აღარ შეუძლიათ. მათ არ აიღეს ოპერატიული პაუზა, რაც საშუალებას მისცემდა, ეს წერტილი თავიდან აერიდებინათ. იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ გარკვეული წარმატების მიღწევას ინერციით. ეს ვერ შეძლეს. ის, რომ რუსეთს აღარ ძალუძს წარმატებული შეტევითი მოქმედებების განხორციელება, ვგულისხმობ მასშტაბურ შეტევებს, ეს ნამდვილად არის გარდამტეხი წერტილი.

მთლიანად ომის შემოტრიალებაზე თუ არის საუბარი, ამისთვის ჯერ უკრაინა მზად არ არის.

  • აშშ-მ უკრაინას 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. როგორ გააძლიერებს ეს დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს? თუ არის უკვე ცნობილი, რა ტიპის შეიარაღებას მიიღებენ?

დეტალები ასეთი ამბების დროს, როგორც წესი, არ არის ხოლმე ცნობილი. ფაქტია, რომ მიიღებენ დამატებით აღჭურვილობას, სისტემებს და თავისთავად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღებენ უფრო მეტ საბრძოლო მასალას, რათა ამ სისტემებმა იმოქმედონ. ერთია, როცა გაქვს ათი ქვემეხი და ათი ჭურვი. მეორეა, როცა გაქვს ათი ქვემეხი და ათასი ჭურვი. სულ სხვა ეფექტია ეს. სჯობს საბრძოლო მასალა იყოს იმ რაოდენობით, რომ უკრაინელებმა შეძლონ საპასუხო დარტყმების განხორციელება.

მე დეტალებში ვერ წავალ, დეტალები არ იქნება გახმიანებული ბოლომდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღჭურვილობის ჩამონათვალში არის ჰაიმარსის ის რაკეტები, რომლებიც მიფრინავს 300 კილომეტრამდე. გადაწყვეტილება თითქოს იყო მიღებული და მიწოდებასაც მოახერხებენ დასავლელი პარტნიორები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, უკრაინას სჭირდება ის იარაღი, რომელიც მათ გამარჯვებასთან მიიყვანს და არა ის იარაღი, რომელიც, ვთქვათ, ვიღაცას აქვს ზედმეტი. მაგალითად, თურქეთის მიერ მიწოდებული 50 ერთეული დაჯავშნილი მანქანა, განკუთვნილია, უხეშად რომ ვთქვა, კონტრპარტიზანული მოქმედებისთვის. მისი მთავარი ამოცანა არის დაცული იყოს ნაღმებისგან და ასაფეთქებელი მოწყობილობებისაგან. ეს ნაკლებად დასჭირდება უკრაინას. უკრაინას სჭირდება სუფთა კონვენციური, საბრძოლო მოქმედებისთვის განკუთვნილი იარაღი. ეს სისტემები სჭირდება მას. იმედი მაქვს, მიიღებს კიდეც.

ახლაც იღებს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ასევე მიიღებს თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს. გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ უკრაინელი მფრინავები A-10-ზე ვარჯიშობენ. A-10 არის ამერიკული მოიერიშე, ახლო მხარდაჭერის თვითმფრინავები. რომლებსაც ამერიკა უკვე უპირებს ჩანაცვლებას შემდგომი თაობის თვითმფრინავებით. ეს არის ძალიან ეფექტიანი იარაღი. გარდატეხის წერტილამდე მივედით. ეს ომში წარმატების საფეხურებად ჩავთვალოთ. ახლა მეორე გარდატეხის წერტილია საჭირო, რომელიც იქნება უკრაინის მხრიდან გაძლიერება და უკრაინის მხრიდან მოიერიშე შეტევითი პოტენციალის გაზრდა.

  • აშშ-მ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების  გადაცემას წლები დასჭირდება…  

დასაწყისში, სულ თავიდან, გახსოვთ რა ხდებოდა? ომი რომ დაიწყო, საერთოდ ყველა სკეპტიკურად უყურებდა ახალი სისტემების ათვისებას და უკრაინელებისთვის ამ სისტემების მიცემას. მაგრამ ეს დაიწყო. 6 თვეა თითქმის ყველა სისტემა მიიღო უკრაინამ.

ვფიქრობ, წლები არ სჭირდება თვითმფრინავების ათვისებას და გადამზადებას. ამას შეიძლება სჭირდებოდეს სამი თვე და არა წლები. ახლა რომ გაჟონა და გამოვიდა ეს ცნობები, ჩათვალეთ, რომ ორი-სამი თვეა ამაზე უკვე მომზადება მიდის. ასე, რომ ეჭვი მეპარება, წლები დასჭირდეს. უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რაც მას ბრძოლაში ნამდვილად დაეხმარება. მე არ ვამბობ, რომ ისინი მიიღებენ უთანამედროვეს იარაღს, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები. აქვთ თავიანთი მინიმალური თავდაცვითი შესაძლებლობების დონე. იმის ქვევით ის იარაღს არ მისცემს არავის, ვინაიდან თვითონ დარჩება დაუცველი. გასაგებია, რომ აი, ამ პირობებში უკრაინას აძლევენ წინა თაობის იარაღს, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანს, რომელიც გაცილებით მაღალეფექტიანია, ვიდრე რუსების ხელში არსებული აღჭურვილობა.

  • უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ძლიერდება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი. მაგალითად, ახლახან აშშ-მ F-22 Raptor-ის ტიპის 12 გამანადგურებელი განათავსა პოლონეთში. ძლიერდება ბალტიისპირეთის მიმართულებაც. რაზე მიანიშნებს ნატოს ეს გადაწყვეტილებები?  შეიძლება რამე გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე ომზე?

ნამდვილად შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ვინაიდან ამით ნატო ესაზღვრება უკვე საომარი მოქმედებების რაიონს, გაცილებით ძლიერი ქვეყნებით და ნატოთი, ვიდრე მანამდე იყო.

არ დაგვავიწყდეს, რომ სლოვაკეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, რომელიც აძლევდა უკრაინას მოძველებულ საბჭოთა ტექნიკას და  საფრენ აპარატებს, ტყუილად არ აძლევდა. ამაში ის მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ევროპულ და ამერიკულ აღჭურვილობას და სისტემებს. ეს დამატებით გააძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს. ამას დაუმატეთ შვედეთი და ფინეთი. ასე, რომ ჩვენ ვიღებთ იმას, რაც იყო ყველაზე საშინელი სიზმარი პუტინის. პუტინმა თვითონ გააძლიერა ნატო თავისი სულელური და ავანტიურისტული მოქმედებებით.

წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა დღეს – რუსეთი ამერიკაზეა სრულად დამოკიდებული. იცით, რა გაგებით? ამერიკა მისცემს თუ არა უკრაინას შორსმსროლელ რაკეტებს – აი, ამაზე დგას ახლა რუსეთი და ელოდება, ამერიკა რას იზამს. როგორც კი მიიღებს უკრაინა ამ აღჭურვილობას, ჩათვალეთ, აი, ის მეორე გარდატეხა, რასაც ვიძახით, ნამდვილად დაიწყება ამ ომში.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა, თქვა, რომ „ახლა რუსეთის არმია უკრაინაში ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის“. ერთი თვეა ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ბახმუტისკენ 10-კილომეტრიან წინ წაწევას. თქვენი აზრით, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?

რუსეთს მაქსიმუმ შეუძლია სევერსკი, სოლედარი, ბახმუტის ზღუდეზე მივიდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი თავდაცვითი ზღუდე უკრაინელების დონეცკში. უკრაინელების მთავარი თავდაცვითი რაიონი არის კრამატორსკი-სლავიანსკი. ამ თავდაცვის რაიონამდეც როგორ უნდა მივიდნენ, კი არ აიღონ, უბრალოდ მივიდნენ, როცა მათ ჯერ კიდევ ეს ბახმუტი-სოლედარი-სევერსკის ზღუდე ვერ გაიარეს. ასე, რომ რაც დრო გავა, რუსების ტემპი კიდევ უფრო დაიკლებს.

მე ვუშვებ ამას, რომ შეიძლება მათ შეძლონ და ბახმუტი-სოლედარი აიღონ. მაგრამ შემდეგ რა? 40 % დონეცკის ისევ უკრაინელების ხელში რჩება. რუსები ვერ მიდიან წინ, ვერ ასრულებენ თავიანთ ამოცანას, ვერ გადიან დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ეს არის რეალობა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ აი, ამ ბახმუტი-სოლედარის თუნდაც აღების შემდეგ ისინი რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას განახორციელებენ.

წარმოიდგინეთ, ამდენი ხანია მიმდინარეობს ეს დაპირისპირება. ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა გამოსულია საომარი მოქმედებების ზონიდან. უკრაინელები უკვე არიან მიწაში ჩასულები, ფორტიფიცირებულები, მიჩვეულები ამ ტერიტორიას, მორგებული აქვთ მომარაგება და ყველაფერი. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გაძნელდება მსგავსი მოქმედებების ჩატარება. მოულოდნელობის ეფექტი რუსებს დაკარგული აქვთ. სამხედრო ფანდის გამოყენების უნარი დაკარგული აქვთ ამ მიმართულებაზე. არის სუფთა სატრანშო დაპირისპირება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მაგალითზე, შეიძლება წლობით გაგრძელდეს.

  • მოქალაქეებს, ვისაც უკრაინის ამბები აინტერესებთ, რაღაცნაირად აქვთ მოლოდინი, რომ უკრაინა შეტევაზე უნდა გადავიდეს. ამიტომ მინდა უკრაინის შესაძლებლობებზე გკითხოთ. რამდენად აქვს უკრაინის არმიას შეტევაზე გადასვლის საშუალება ახლა? რამდენად სწორი იქნება სამხედრო თვალსაზრისით ამის გაკეთება?

ოპერატიულ დონეზე დაშვებულია, რომ თანაფარდობა იყოს ერთი-ერთთან. ტაქტიკურ დონეზე, ჩვენ ჩამოვდივართ კონკრეტულ მიმართულებაზე შეტევის განხორციელებისთვის. უკრაინას სჭირდება მინიმუმ სამი-ერთთან უპირატესობა. რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლებით, შეტევაში მყოფი უნდა აჭარბებდეს თავდაცვაში მყოფს. უკრაინამ უნდა მოახერხოს, კონცენტრირება რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე, რათა მან განახორციელოს კონტრშეტევა, კონტრდარტყმა.

ამისათვის უკრაინამ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს. გარკვეული დანაყოფები გამოიყვანოს, მოამზადოს, ჩამოაყალიბოს, შეაიარაღოს, რათა დარტყმითი დაჯგუფება შექმნას, აღჭურვოს ეს დარტყმითი დაჯგუფება და შემდეგ განახორციელოს ეს ოპერაცია.

მაგრამ ასეთი მოქმედებები ასე მარტივად არ ხდება.

დიახ, უკრაინა იღებს შეიარაღებას, მაგრამ ეს შეიარაღება მიდის დანახარჯების აღსადგენად. იმდენს არ იღებს უკრაინა, რომ ზედმეტი ჰქონდეს და მარაგების შექმნა დაიწყოს. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას თავისი დანაყოფები ჰყავს მთელი ჩრდილოეთ უკრაინის გაყოლებაზე. ბელარუსის საზღვართან ხომ ვერ მოაშიშვლებს უკრაინა თავის ტერიტორიას? ასევე 2000-კილომეტრიან ფრონტზე ხომ უნდა  შექმნას გარკვეული კონცენტრაცია უკრაინამ, რომ შეძლოს კონტრშეტევის განხორციელება.

ძალიან სწორს შვრებიან, რომ არ ჩქარობენ. ისინი ქმნიან ყველა იმ პირობას, რათა განხორციელდეს ეს კონტრშეტევა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესაა სამხედრო აქსიომა. კონტრშეტევა რომ შეძლო, მოწინააღმდეგე უნდა გყავდეს შეჩერებული, მას უნდა ჰქონდეს მიღებული ძალიან დიდი დანაკარგი, შენ უნდა გაგაჩნდეს ძალები, რათა აწარმოო ეს კონტრშეტევა, შეფარდება უნდა იყოს შენთვის მისაღები. მოწინააღმდეგის მეორე ეშელონები უნდა იყოს უკვე ბრძოლაში ჩართული და მოწინააღმდეგის რეზერვები უნდა იყოს მოწყვეტილი ძირითად ძალებს. აი, ეს პირობები სანამ არ შეიქმნება, მანამდე არც უნდა დაიწყოს ოპერატიული დონის კონტრშეტევა უკრაინამ, ვინაიდან ეს იქნება ისეთივე ავანტიურა, რაც რუსეთმა გააკეთა თავის დროზე. ამდენად, ძალიან სწორად იქცევიან, მეთოდურად და გეგმაზომიერად რომ უდგებიან თავიანთი ოპერატიული კონტრდარტყმის მომზადებას.

ეს აჟიოტაჟი გამოიწვია პოლიტიკოსების გამონათქვამებმა, რომ სექტემბერში ავიღებთ ხერსონს და ა.შ. არ იყო ამის თქმა, ჩემი აზრით, სწორი. თუ ამის მიზეზი იყო რუსეთის დაწოლის შემცირება დონბასის მიმართულებაზე, რომ იძულებული გაეხადათ რაღაც ძალები გადმოესროლა სამხრეთისკენ, ეს მიზანი მიღწეულა. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ არ იყო ეს მართებული, ზედმეტი მოლოდინი შეიქმნა. სამხედროებმა იციან თავიანთი საქმე. მათ თავიანთი გეგმები აქვთ და ამ გეგმების მიხედვით მოქმედებენ. ასე, რომ ყველა სკეპტიკოსს მინდა მივმართო და ვუთხრა, უკრაინა დგამს სწორ ნაბიჯებს, ემზადება, აი, ამ მთავარი შეტევისთვის. მაგრამ მოუმზადებლად კონტრშეტევაზე გადასვლა იქნება დამღუპველი უკრაინისათვის.

  • ზოგიერთი დამკვირვებლი შიშობს, რომ რუსეთს არაერთი ომის საწყის ეტაპზე ცუდად დაუწყია, მაგრამ მას ამ ომის ბედი შემდეგში შეუტრიალებია. ახლაც მას აქვს გათვლა ზამთარზე, როდესაც ევროპელი მოკავშირეები იძულებულნი გახდებიან, დაიყოლიონ ზელენსკი მოაწეროს ხელი რუსეთის სასარგებლო შეთანხმებას. ახლანდელი მდგომარეობიდან შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა როლს შეასრულებს ამ ომში „გენერალი ზამთარი“?

გენერალი ზამთარი რუსებისთვის როგორაა იცით? როგორც წყალწაღებულისთვის ხავსის მიწოდება. ეს არის მისთვის ნამდვილად ფაქტორი. ამიტომაც ჭიმავენ ამ დაპირისპირებას და იმედი აქვთ, რომ მოვა ზამთარი და ცოტა უფრო დამყოლები გახდებიან უკრაინაშიც. უკრაინასაც ძალიან გაუჭირდება ასეთი დანგრეული ინფრასტრუქტურის პირობებში. ფიქრობენ, რომ ევროპასაც გაუჭირდება და უფრო დამყოლები შეიძლება გახდნენ მოლაპარაკებაზე.

მეორეც, საბჭოთა კავშირი არ იყო რუსეთი. ერთადერთი, ნაპოლეონის დროს იყო, როდესაც მოსკოვთან მივიდა ნაპოლეონი და მერე უკან მოუწია გაქცევა, უკან დახევა. თორემ პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა რუსეთი. არც იაპონია-რუსეთის ომის დროს ჰქონია წარმატებული პირველი და მეორე ეტაპი.

ასე, რომ ისტორიას თუ გადავხედავთ, ნაპოლეონის ომების აღება ერთ მაგალითად, ან საბჭოთა კავშირის გაიგივება რუსეთთან, ეს ნამდვილად არაა სწორი. არც ის რესურსები გააჩნია რუსეთს, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირს. ასე, რომ ეს ფაქტორი – ძნელად იწყებს და მერე იმარჯვებს, არაა მართებული.

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავდა 9 ადამიანი

დღეს, 26 აგვისტოს, ავარია მოხდა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, კინტრიშის გადასახვევთან.

პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, მედიკოსებმა ადგილიდან ავარიის შედეგად 9 დაშავებული პირი გადაიყვანეს კლინიკებში. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

„ბათუმელები“ დეტალებს შს სამინისტროში აზუსტებს.

რისთვის ემზადება პუტინი და რატომ გაზარდა არმიის რაოდენობა – The New York Times

The New York Times-ის ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, 137 ათასი სამხედროთი გაზარდოს არმიის პირადი შემადგენლობა, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გახანგრძლივებული ომისთვის ემზადება.

გამოცემა მიუთითებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, პუტინმა ასეთი ბრძანება პირველად გამოსცა. ამასთან, პროპაგანდისტები და რუსეთის ოფიციალური პირები პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისგან თავს იკავებენ.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, „პუტინმა ბრძანება ზუსტად იმ დროს გამოსცა, როდესაც ის ძალიან შორსაა თავისი მიზნისგან, დაიპყროს უკრაინა ან მისი დიდი ნაწილი მაინც“.

„არმიის რაოდენობის გაზრდა ის ნაბიჯი არაა, რომელსაც დგამთ, როდესაც საკუთარი ომის მალე დასრულებას ელოდებით,“ – ამბობს RAND Corporation-ის მკვლევარი დარა მასიკოტი და დასძენს, რომ „ეს ისაა, რაც მაშინ აკეთებთ, როდესაც გახანგრძლივებული კონფლიქტის გეგმას ამზადებთ“.

NYT-ის აზრით, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება საიმისოდ, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა მომავალ ზამთარსაც გადასცდეს და კიდევ დიდხანს გაიწელოს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობა 137 ათასი ჯარისკაცით გაზარდა – 1,15 მილიონ სამხედრომდე. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი 25 აგვისტოს, მოაწერა.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება პირადი შემადგენლობის გასაზრდელად ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფასაც გაითვალისწინებს.

საერთო ჯამში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა რაოდენობა 2 მილიონ 39 ათასი ადამიანი იქნება. სამხედროების გარდა ამ რიცხვში სამოქალაქო პერსონალიც შედის.

ბრძანებაში არაა დაზუსტებული, როგორ აპირებს რუსეთის ხელისუფლება ახალი სამხედროების არმიაში მიღებას.

რუსეთში ერთწლიანი სავალდებული სამხედრო სამსახური 18-დან 27 წლამდე კაცებისთვისაა სავალდებულო.

უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთში ომის გამო ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით იქმნება მოხალისეთა ბატალიონები. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კი უკრაინაში ომში გასაგზავნად ციხეებიდან პატიმრები გამოჰყავს.

პატრონი ჰყავს? გათხოვილია? – როგორ ესხმიან თავს საჯარო მოხელეები და „ოცნების აქტივი“ ქალს

სამოქალაქო აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს – ამ პროცესის ამსახველ ვიდეოკადრებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით, ფეისბუქის გვერდზე საჯარო მოხელეები და „ოცნების“ აქტივი ავრცელებს. გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ კი ვიდეოს ავრცელებს წარწერით: „ჩვენი ბათუმელი პაციენტი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამავე წარწერით კადრებს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკუთარ გვერდზე აზიარებს.

  • როცა სისტემა ერთი მოქალაქის ჩაგვრაზე მობილიზაციას აცხადებს

თენგიზ აფხაზავას გვერდზე გაზიარებულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კომენტარებში აქტივისტს დასცინიან, ლანძღავენ, აგინებენ, აყენებენ შეურაცხყოფას. კომენტარების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ აქტივისტი ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონიათ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლანძღავენ მას, გიჟად მოიხსენიებენ და წერენ: „გააგდეთ მაქედან“.

თენგიზ აფხაზავამ კარგად იცის, რომ ირმა ზოიძე წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამცველია და ბათუმის განაშენიანებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე კარგად იცის, რომ ის არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და არც საკრებულოს, მაგრამ საკრებულოს წევრი საკუთარ გვერდზე ერთხელაც არ მიანიშნებს ამაზე. ის იმაზე, რაც მის გვერდზე აქტივისტის მიმართ ხდება, არ გრძნობს რაიმე უხერხულობას.

აქტივისტს, ამომრჩეველს, რომელმაც ბულვარის, როგორც ძეგლის დასაცავად ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის გადაწყვეტილება მაგიდაზე ბრახუნით გააპროტესტა, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ უპასუხა ვიდეოს გაზიარებით, რომელსაც აწერია: „ფსიქიატრიული პაციენტი – ნაციონალური მოძრაობიდან“.

როგორც ჩანს, გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ „ოცნების“ მომხრეებმა შექმნეს, აქ მხოლოდ მათ აქილიკებენ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, გარკვეული ჭორების გასამყარებლად კი ფოტომონტაჟს იყენებენ.

თენგიზ აფხაზავას ვკითხეთ, თუ უქმნის რაიმე უხერხულობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქტივისტის მიმართ ატეხილი კამპანია. გვეუბნება, რომ აინტერესებს, როცა საკითხს ასე ვსვამთ, რატომ არ ვითვალისწინებთ ამ აქტივისტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, რაც ასევე მწვავე და შეურაცხმყოფელია მათთვის.

ვიდეო, რომელშიც აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს, ერთი გვერდიდან 140-მა პირმა გააზიარა, მათ შორის არიან საჯარო მოხელეები არამხოლოდ ბათუმიდან. კომენტარებს წერენ ქობულეთის, ქუთაისის მერიის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები ზესტაფონიდან, სამეგრელოდან, ბათუმის მერიაზე დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან და ასე შემდეგ.

მათ არ იციან და არც აინტერესებთ, რას აპროტესტებს აქტივისტი, რა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.

მათი უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ირმა ზოიძე საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ უშვერი სიტყვებით აგინონ და გიჟად გამოაცხადონ.

აქტივისტის პროტესტის გასაქილიკებლად კომენტარებში თენგიზ აფხაზავას მხარდაჭერა ყოფილმა თანამშრომლებმა გამოუცხადეს „ბათუმის ბაღების გაერთიანებიდან“. მაგალითად, ნატალია ცინცაძე, რომელსაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უწერია, რომ ბათუმის #23-ე საბავშვო ბაღის თანამშრომელია, ირმა ზოიძის აქტივობას ასე ხნის: „…ზაფხულია, ცხელა, ცხელა“, მას „ბაღების გაერთიანების“  თანამშრომელი ია ყალიჩავა პასუხობს, რომ „ზამთარშიც არანაკლებ“.

„რა უნდათ ასეთ დებილებს საკრებულოში?“ – სვამს კითხვას თამაზ ზაქარაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მას მითითებული აქვს, რომ ის „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელია. მასაც ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონია.

კომენტარებში წერენ: „საწყალი“, „სამარცხვინო“, „პატრონი არ ჰყავს?“, „სასწრაფოს გამოუძახეთ ვინცხამ“, „მაგას ფსიქიატრიულიც ვეღარ უშველის“, „დასცხა და იქროლებს“ და ასე შემდეგ. 

ამ კომენტარებში გადაჭარბებული მონდომებითა და ორიგინალურობით გამოირჩევიან „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები. მათ შორის ერთს, თენგიზ მესხიძეს, აინტერესებს, ეს აქტივისტი „გათხოვილია თუ არა.“

 თენგიზ მესხიძე მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, შესაბამისად ბათუმის მერიის თანამდებობის პირია.

„რა გვარია ეს ქალი? აქამდე რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო, ყველგან ეტენებოდა და ბოლოს მიუღწევია საკრებულოს დეპუტატობისთვის. გათხოვილი თუ არის?“. თენგიზ მესხიძის ამ კითხვას ვინმე დარეჯან ბარაბაძე პასუხობს: „გასათხოვი თუა, ვინ ითხოვს და გათხოვილი თუა – უბედური ის ოჯახი“. ეს კომენტარი თენგიზ მესხიძეს მოსწონს. მისივე ფეისბუქგვერდის თანახმად, დარეჯან ბარაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს.

თავად თენგიზ მესხიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომენტარი არ დაუწერია და ფეისბუქის გვერდი მისი სახელითა და გვარით, მისი და მისი ოჯახის ფოტოებით, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის: „მაგას გავარკვევ ვისია, კომენტარებს საერთოდ არ ვწერთ-მეთქი გეუბნებით, მე არ დამიწერია“.

კომენტარისგან თავი ვერც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა, გელა შაინიძემ შეიკავა.

„ნახე, როგორ უბერავს. ეს ალბათ რეგლამენტით დაშვებულია, ვინაიდან არავინ არ უშლის ხელს“, – წერს ის და  მასაც ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონია. მისი კომენტარი მოსწონს თენგიზ მესხიძეს.

გელა შაინიძე მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. მასაც დავურეკეთ, კითხვა მოისმინა და ტელეფონი გამორთო – „ღელეში ვარ და მეთიშებაო“.

„პატრონი ჰყავს?“ –  კითხულობს მერაბ შავაძე, როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული, ის „საქაერონავიგაციაში“ მუშაობს, „ოცნების“ მხარდამჭერია და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფოტოს გადაღებაც მოუხერხებია.

საქმეში საარქივო სამმართველოს უფროსი მაკა ივანიშვილიც ჩაერთო. მან ორი კომენტარი დაწერა: „არიქა, უშველეთ – ბნედის შეტევა აქვს“, „სასწრაფოს გამოუძახეთ ვინცხამ.“

მთავარი ფოტო: ირმა ზოიძის პროტესტი ბათუმის საკრებულოში. ის აპროტესტებს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმიდან „ამბასადორის“ შესახებ ამ ჩანაწერის ამოღებას – „შეუსაბამო ნაგებობა“.

ვაგროვებთ და ვაბარებთ ნეგოს – რეპორტაჟი ხულოს მთებიდან

დილის რვა საათია. ხულოში, ლოდიძირის იალაღზე, ცენტრალური გზიდან ავტომანქანების ხმაური ისმის, გზის ქვედა მხარეს კი, ჯერ ისევ ნისლიან ფერდობზე, თავსაფრიანი ქალი ნეგოს ღეროებს აშრიალებს. 

შუშანა გზასთან შედარებით ახლოს, თემური კი მოშორებით დგას. ისინი ცოლ-ქმარი არიან და აქ ყვითელგვირგვინიან ბალახოვან მცენარეს, ნეგოს აგროვებენ. ქალი თავდახრილი, მდუმარედ აწყვეტს ნეგოს თავებს და თეთრ ვედროში ყრის. თუ კარგად გაავსებს ვედროს, 6 კილოგრამი ნეგო გამოვა.

შუშანას დიდი დრო არ სჭირდება ვედროს გასავსებად, შეგროვებულ მცენარეს ვედროდან თეთრ ტომარაში ყრის და ერთ ხელში ვედროთი, მეორეში კი ტომრით, დაბლობისკენ ეშვება.

აქ ახლოსაა მდინარეც. შუშანა შესასვენებლად დიდ ქვასთან ჯდება, მერე თემურთან მივდივართ. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეხმარება, შეგროვებულ ნეგოს ტომარაში ყრიან, მერე ტომარას თემური ზურგზე იგდებს და უფრო მეტი ნეგოს შესაგროვებლად მდინარის მეორე მხარეს, მაღლობზე მიდიან.

თემური და შუშანა ბოლქვაძეები

სანამ კიდევ უფრო მაღლა, ფერდობის თავში ავლენ, ცოლ-ქმარი ნეგოთი ნახევრად სავსე ტომარას ნორჩი ნაძვის ხის ძირებში მალავს – უკანა გზაზე გაიყოლებენ შინ.

65 წლის თემური და 62 წლის შუშანა ბოლქვაძეები ყველაფერს ასწრებენ: სწრაფი ნაბიჯით დადიან, თან ნეგოს კრეფენ და თან მიყვებიან დილაადრიან, სახლიდან ასე შორს, რატომ გამოვიდნენ ნეგოს შესაგროვებლად.

ორივემ კარგად იცის, რას ნიშნავს სიღარიბე. ორივე მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. შუშანას – 11, თემურს კი 8 დედმამიშვილი ჰყავდა. რთული ბავშვობა ჰქონდათ და არც ახლა ულხინთ, სოციალურად დაუცველები არიან.

მუშაობისას ცოლ-ქმარს არ ავიწყდება, რომ ერთმანეთი ხშირად უნდა გაამხნეონ და მაშინაც კი ხუმრობენ, როცა ისეთ საკითხებს განიხილავენ, რაზეც ჩვეულებრივ სევდიანდებიან ხოლმე.

თემურის თქმით, შეგროვებულ ნეგოს ადიგენში, ერთ-ერთ კომპანიაში აბარებენ. დანამდვილებით არ იცის, თუმცა, მისი ინფორმაციით, ნეგოს უკრაინაში გზავნიან, სადაც ამ მცენარეს წამლების დასამზადებლად იყენებენ.

შეგროვებული ნეგოს ნაწილი უკვე ჩააბარეს, მყიდველს კილოგრამში7 ლარის გადახდაზე შეუთანხმდნენ, მაგრამ  დაზუსტებით არ იციან, რამდენს გადაუხდიან, რადგან ამჯობინეს, რომ თანხა ერთდროულად აიღონ, როცა მათ მიერ შეგროვებულ ნეგოს სრულად ჩააბარებენ.

შუშანას დილა გამთენიისას იწყება. დღეს, უთენია, ძროხები მოწველა, საქონელი საძოვარზე გაუშვა, სტუმრისთვის საჭმელი მოამზადა, გააცილა, ჩაი სწრაფად, დიდი ყლუპებით დალია და მხოლოდ ამის შემდეგ მოაშურა ფერდობს ნეგოს შესაგროვებლად. თან ჯავრობს, ცოტა დამიგვიანდა სახლიდან გამოსვლაო, მიუხედავად იმის, რომ ჯერ მხოლოდ დილის 8 საათია.

შუშანა ბოლქვაძე

„ერთ კვირაში აღარ იქნება ნეგო, ამიტომ უნდა შეაგროვო. მერე უხეშდება, გადამწიფდება, თავები სულ გაიშლება და ყვავილს მთელი გვირგვინი გასცვივდება.

ჩემი სამსახური ესაა. ნეგოს საკრეფად ხან პირველამდე ვრჩები, ხან 12 საათზე მივდივარ სახლში. შვილიშვილი მელოდება, რაული, პატარაა“, – მიყვება შუშანა და თან ნეგოს კრეფს.

შუშანა მიხსნის, რომ ნეგოს ფესვიანად ამოღება დაუშვებელია – ასე მცენარის გამრავლებას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

ახალგაშლილი ნეგო მარტივი მოსაკრეფია, ხელით მარტივად მოაწყვეტ თავებსო – მიყვება შუშანა, უკვე გადამწიფებულ ნეგოს კი, თუ დაქაჩავ, ფესვიც მოჰყვება, ამიტომაც თავები უნდა მოაჭრა.

შეგროვებული ნეგო ცოლ-ქმარს სახლში მიაქვს, ახმობენ და შემდეგ აბარებენ. ნეგოს კარგად გასახმობად 10 დღე მაინცაა საჭირო. შუშანასა და თემურის დაკვირვებით, 10 კილოგრამ ნედლ ნეგოს გახმობის შემდეგ 3 კილოგრამი აკლდება. აქამდე ჯამში 700 კილოგრამი ნედლი ნეგოს შეგროვება შეძლეს და ფიქრობენ, რომ მცენარის გახმობის შემდეგ ეს წონა 400 კილოგრამამდე დაიკლებს.

ნეგოს გარდა ცოლ-ქმარი იმ მცენარეებსაც აგროვებს, რომლებზეც იციან, რომ სამკურნალო თვისებები აქვთ ან მათგან არომატული ჩაის დაყენებას შეძლებენ.

შუშანა და თემური ბოლქვაძეები

თემურმა მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე ნეგოს სახლში შორი გზიდან ზურგით ეზიდებიან და ხანდახან დღეში ორჯერაც უწევთ ამ გზის გავლა.

„ნეგო რომ გავშალოთ გასახმობად, ცარიელი სახლი გვაქვს დაქირავებული. მცენარე ოთახში, სიბნელეში უნდა გაახმო და არა მზეზე, რადგან ბუტკო გადაიშლება და ნეგო სამკურნალო თვისებებს დაკარგავს. დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც ნეგოს ვკრეფთ“.

რადგან ცოლ-ქმარს ნეგოს შესაგროვებლად სახლიდან ხშირად უწევს შორ მანძილზე წასვლა, ხანდახან წასახემსებლად საჭმელიც მიაქვთ.

„ახლანდელი ახალგაზრდები ამას არ მოკიდებენ ხელს. მოხუცები ვთაობთ ამ საქმეს და ვკრეფთ. როცა აღარ შემეძლება, 1-2 წლის შემდეგ, ვერ წავალ საკრეფად.

ჩემი ხნის ქალი გამოვა გარეთ, მინდორში სამუშაოდ? 62 წლის ვარ. მეორე წელია პენსიას ვიღებ, რა ფულია? ერთ ტომარა ფქვილს არ ყიდულობს. ფქვილი ძვირია, კარაქი ძვირია. ზეთი 40 ლარი ღირს, უნდა აკოცო და ისე ჭამო. შედიხარ მაღაზიაში, გაიგებ ფასებს და გამობრუნდები უკან. არ გაქვს ფული“, – მიყვება შუშანა.

იგი ამბობს, რომ სხვისთვის შესაძლოა რთული წარმოსადგენი იყოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვის ნეგოს შეგროვებით მიღებული შემოსავალი. ცოლ-ქმარი სოფელ კორტოხში ცხოვრობს, ხულოში, ლოდიძირის იალაღზე მხოლოდ ზაფხულში ამოდიან, სხვა მემთეურების მსგავსად.

შუშანა ბოლქვაძე

ნეგოს მძაფრი სურნელი გაშლილ მინდორშიც იგრძნობა. მცენარის შეგროვებისას ცოლ-ქმარს ყოველთვის ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, ეს სუნი ტანსაცმელს გარეცხვის შემდეგაც არ შორდება.

„ამ ტანსაცმელს რომ გარეცხავ, ყვითელ ფერს უშვებს. დავკეცავ, ჩავდებ პარკში და მომავლისთვის, თუ ვიცოცხლე, ისევ ჩავიცვამ. ვივლით ნეგოს შესაგროვებლად, სანამ შეგვეძლება“, – ამბობს შუშანა და ნეგოს კრეფას აგრძელებს. იქვე ნეგოს ღიღინით კრეფს თემურიც.

როგორ აგროვებს ნეგოს ცოლ-ქმარი ხულოში

უკვე შუადღეა, ჩამოცხა. თემური წუხს, მზე ძალიან აცხუნებსო, შუშანა კი ქმარს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

პირველი, რაც თემურმა გვითხრა, ის იყო, რომ მისი ასაკის გამო არავის აჰყავს სამსახურში.

„ვკრეფთ ნეგოს, რა გავაკეთოთ სხვა, სად წავიდე? ნეგო ჩვენი და შვილიშვილების სარჩოცაა. ვწვალობთ თუ არ ვწვალობთ, გლეხის საქმე ესაა.

პენსია მე არ მაქვს, არც რაიმე სხვა [შემოსავალი], რით ვირჩინოთ თავი? სხვა არანაირი გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ესაა“, – გვითხრა თემურმა და დაამატა, რომ მათი შემოსავალი მხოლოდ შუშანას პენსია – 312 ლარი და სოციალური დახმარების 60 ლარია.

თემური ბოლქვაძე

ცოლ-ქმარი ახლა ყველაზე მეტად იმას ცდილობს, რომ შვილიშვილების განათლებას შეუწყონ ხელი. ერთ-ერთი უკვე გამხდარა სტუდენტი, მეორეც მალე გახდებაო – ამბობს თემური.

თემურის თქმით, ნეგოს აჭარის იალაღებზე სხვა ოჯახებიც კრეფენ, მაგრამ მათ ბათუმში მიაქვთ ჩასაბარებლად, რადგან ბევრს ავტომანქანა აქვს და გადატანა იოლია.

თემური გვეუბნება, რომ ზოგიერთ მცენარეს მთაში მართლა ემუქრება გადაშენების საფრთხე, თუმცა ნეგო ადრე უფრო ნაკლებად იყო გაშენებული, ვიდრე ახლაა, რაც, მისი თქმით, მთაში პირუტყვის რაოდენობის შემცირებას უკავშირდება.

თემური ნეგოს კრეფისას ხელთათმანებს არ იყენებს. მისი ხელები ნეგოს კრეფისგან გაყვითლებულია, ხაზები ხელზე მიწით აქვს სავსე, რადგან ნეგოს ზეთის მოშორებას ხელიდან მიწის საშუალებით ცდილობს.

თემური ამბობს, რომ ნეგოს თვითონ ისე სწრაფად ვერ კრეფს, როგორც შუშანა. „ზოგჯერ შუშანას ტომრიდან ნეგოს ჩემს ტომარაში ვყრი და ვაჩვენებ, მეც ამდენი მაქვს მოკრეფილი-მეთქი“ – გვიმხელს სიცილით. 

ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ნეგოს გაყიდვით აღებული ფულით იმდენი ფქვილის ყიდვას შეძლებენ, მთელი ზამთარი რომ ეყოთ, რაც დიდი შეღავათია.

თემური ახალგაზრდობას იხსენებს, როცა სკოლაში მთელი წელი ერთსა და იმავე ტანსაცმლით დადიოდნენ. ახლაც იშვიათად ყიდულობს ტანსაცმელს:

„წელიწადში ერთხელ ვყიდულობ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, სხვა დანარჩენს არაფერს. არ არის დახეული, გაფუჭებული, ხომ არ გადავყრი,“ – მეუბნება.

შუადღის მზე კიდევ უფრო მწარედ აჭერს. ცოლ-ქმარი სახლში დასაბრუნებლად ემზადება, ნეგოთი სავსე ვედროებს ტომარაში ცლიან და ფერდობზე ჩამოდიან.

სახლამდე გზას, აღმართ-დაღმართს, დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება.

თემურ და შუშანა ბოლქვაძეები

ნაქირავები სახლის ეზოში, სადაც ნეგოს ინახავენ გასაშრობად, ცოლ-ქმარს შვილიშვილი, რაული და შავ-თეთრი ძაღლი ეგებება. 8 წლის რაული ბებია-ბაბუას ნეგოს მძიმე ტომრების შეტანაში და იატაკზე გაშლაში ეხმარება.

ბოლქვაძეების ოჯახი

თემური გვეუბნება, რომ გასულ დღეებში ნეგოს კრეფდა რაულიც და მეტიც, ნეგოს ნახევარზე მეტი სწორედ რაულმა შეაგროვა.

შუშანას და თემურის შვილიშვილი

ცოლ-ქმარი ამოწმებს, სათანადოდ გახმა თუ არა წინა დღეებში მოკრეფილი ნეგო, მერე კარს კეტავენ და მათი სახლისკენ მიდიან – ბებია, ბაბუა, შვილიშვილი და შავ-თეთრი ძაღლი.

შუშანა, თემური და რაული

მათი სახლი ლოდიძირის იალაღზე საოცარი სანახავია. ეზოში ბევრი ფერისა და ჯიშის ყვავილი ხარობს, ბოსტანში – მარწყვი, ბალი, ტყემალი და ჟოლო.

ხულოს იალაღებზე, ჩვეულებრივ, ხილი არ მოდის, მაგრამ თემურს და შუშანას მოუხერხებიათ სხვადასხვა ჯიშის ხის გახარება.

„სულ ჩემი დარგული მცენარეებია. სადაც მე ვარ, მცენარეებიც უნდა იყოს. მიყვარს მათი გაშენება აქაც და სოფელშიც. აქ საქონელს რომ გავდენი, დავალაგებ, წავალ  ნეგოს საკრეფად და დავბრუნდები, მერე ვაკეთებ საქმეს ბოსტანში,“ – მეუბნება შუშანა.  და დასვენება? – ვეკითხები.  „მინდა, მაგრამ ცოტახანი ჩამოვჯდები, ვიზარმაცებ და ნახეთ, ბალახი გაშენდა,“ –  რამდენიმე ღერ ბალახზე მიმითითებს შუშანა.

შუშანა ბოლქვაძე

ნეგოს შეგროვება და დაბინავება დღეს დასრულდა. შუშანა და თემური, სიცხისგან შეწუხებულები, რამდენიმე ჭიქა ცივ წყალს სვამენ და ეზოში სხდებიან. რაული ბებია-ბაბუას შორის მოკალათდა, თავი ბებიას მიადო და განაბული უსმენს ბაბუას, რომელიც ახლა უკრაინაში ომზე ლაპარაკობს.

„ახალგაზრდობაში უკრაინაში 2 წელი ვიყავი სამხედრო სამსახურში. უკრაინის დასახმარებლად ახლაც წავალ ომში. ვიომებ, იქ სიკვდილისთვისაც მზად ვარ,“ – გვეუბნება თემური.

ბოლქვაძეების ოჯახი

 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ბათუმის აეროპორტი“ ხელმძღვანელები შეცვალეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებს – „სარფს“ და „ბათუმის აეროპორტს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფს“ ზურაბ ინასარიძე, ხოლო „ბათუმის აეროპორტს“ შოთა წულაძე უხელმძღვანელებს.

ზურაბ ინასარიძე დღემდე გამშვებ პუნქტ „კარწახის“ ხელმძღვანელი იყო. მისი სარფში გადმოყვანის შემდეგ კი, „კარწახს“ დიმიტრი ამისულაშვილი უხელმძღვანელებს.

„რაც შეეხება შოთა წულაძეს, ის ბოლოს უწყების ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო, მანამდე კი გამშვებ პუნქტ „სარფის“ ხელმძღვანელადაც მუშაობდა.

„სარფის“ და „ბათუმის აეროპორტის“ ყოფილი ხელმძღვანელებიც სხვადასხვა სამსახურებში გააგრძელებენ მუშაობას“, – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ „ეს პროცესი ჩვეულებრივი, შიდა როტაციაა“.

ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, საქართველოს მოქალაქის შ.ა.-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად [სპეციალურად მოწყობილ სამალავებში] არადეკლარირებული 515.66 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

„საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 45 833.08 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

რუსები შესაძლოა ზაპოროჟიეს აეს-ზე ავარიისთვის ემზადებიან, 10 ქიმიური ლაბორატორია შეიტანეს – ფედოროვი

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიისთვის ემზადებიან და ქიმიური ლაბორატორიებიც ასეთი შემთხვევისთვის სჭირდებათ.

მისი თქმით, ლაბორატორიები ქალაქის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია განთავსებული.

„ჩვენი აზრით, ეს ლაბორატორიები სჭირდებათ იმ შემთხვევისთვის, თუ რადიაციული ნივთიერებების გამოფრქვევა მოხდება ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან, რომ საკუთარი გენერლები და ოფიცრები გადაარჩინონ,“ – ამბობს ფედოროვი.

25 აგვისტოს, სროლებისა და ხანძრის გამო, ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად გამოეთიშა უკრაინის საერთო ენერგოსისტემას.

26 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ყველა ენერგობლოკი გამორთული იყო ქსელიდან.

25 აგვისტოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ საჭიროა, სააგენტოს მისია სასწრაფოდ გაემგზავროს ზაპოროჟიეს სადგურზე.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 1 მილიონამდე მოქალაქე შევიდა ევროკავშირში

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ევროკავშირის სახმელეთო საზღვარი რუსეთის თითქმის ერთმა მილიონმა მოქალაქემ გადაკვეთა. ინფორმაციას ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი“ აქვეყნებს.

როგორც „ფრონტექსი“ წერს, რუსეთის ამ მოქალაქეთა უმრავლესობა ევროკავშირში ფინეთისა და ესტონეთის გავლით შევიდა, მათი ძირითადი ნაწილი ფლობს ევროკავშირის ბინადრობის ნებართვას, ვიზას ან ორმაგ მოქალაქეობას და, როგორც ჩანს, ცდილობდნენ აკრძალული საჰაერო მიმოსვლის ალტერნატივის პოვნას.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, სახმელეთო საზღვრის გავლით, რუსეთის 998 085 მოქალაქე შევიდა ევროკავშირში, მათი უმრავლესობა ფინეთისა და ესტონეთის გავლით.

ძირითადად არიან ადამიანები ბინადრობის ნებართვებით/ვიზებით ან ორმაგი მოქალაქეობის მქონეები, რომლებიც, როგორც ჩანს, აკრძალული საჰაერო კავშირის ალტერნატივას პოულობენ“, –  ვკითხულობთ ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

The majority are persons with residence permits / visas to the , or dual citizenship holders likely finding alternatives for restricted air connections

____________

მთავარი ფოტო: Anadolu Agency

რუსეთსა და ფინეთს შორის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ჩერდება

საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ ჩვენ მოსკოვს მივცემთ დრონებს – ბაირაქტარი

„ბიბისი“ სტამბოლში ძმებ ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარებს შეხვდა, ცნობილი დრონების კომპანიის მფლობელებს, რომელთა მიერ წარმოებულ „ბაირაქტარს“ უკრაინა წარმატებით იყენებს ომში.

მიჰყიდით თუ არა რუსეთს ბაირაქტარის დრონებს, დიდი თანხის შეთავაზების შემთხვევაში? – ჰკითხა „ბიბისიმ“ ჰალუკ ბაირაქტარს,  Baykar Defence-ის გენერალურ დირექტორს.

„ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი.  ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან უკვე მრავალი წელია გრძელდება. ამიტომ რა ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, გულწრფელად რომ ვთქვათ, საუბარიც არ შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში იმაზე, რომ ჩვენ მათ [მოსკოვს] მივცემთ დრონებს.

ამ პერიოდში ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი და უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და დაუსაბუთებელი თავდასხმის ქვეშაა. ამიტომაც, არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან, რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია,“ – ასე უპასუხა ჰალუკ ბაირაქტარმა შეკითხვას.

ამავე დროს „ბიბისი“ წერს, რომ ჰალუკ ბაირაქტართან ინტერვიუს ჩაწერის დღეს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, ბაირაქტართან თანამშრომლობა სურს, თუმცა ძმებმა ბაირაქტარებმა ამაზე კომენტარი „ბიბისისთან“ არ გააკეთეს.

„ბიბისი“ წერს, რომ ჰალუკ ბაირაქტარის კაბინეტში, კედელზე, ქარვისგან დამზადებული უკრაინული ქოხის სურათი კიდია, ხოლო ინტერვიუსას, პირველ რიგში, ჰალუკმა მათ სიამაყით აჩვენა ღირსების ორდენი, რომელიც მას 2020 წელს კიევში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადასცა.

ავიამშენებელი კომპანია Baykar-ი 1984 წელსაა დაარსებული, თუმცა კომპანიის სახელი მსოფლიოში განსაკუთრებით ცნობილი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, როცა უკრაინის თავდაცვამ ეფექტურად დაიწყო თურქული კომპანიის მიერ წარმოებული სამხედრო დრონების გამოყენება.

კომპანიას ძმები, ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები მართავენ. სწორედ მათ უკავშირდებათ დრონის – ТВ2 -ის შექმნა, რომელსაც უკრაინა იყენებს. სელჩუქ ბაირაქტარი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა [შვილის ქმარი] და ბევრი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ძმების კომპანიის წარმატებას, რასაც სელჩუკ ბაირაქტარი არ ეთანხმება – იგი ამბობს, რომ უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობა 2000 წელს დაიწყეს, სუმეიე ერდოღანზე კი 2016 წელს დაქორწინდა.

19 აგვისტოს, როცა თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, დელეგაციაში იყო ჰალუკ ბაირაქტარიც. მან ტვიტერზე ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„უკრაინის გმირი პრეზიდენტი, რომელიც უძღვება თავის ხალხს და თავის არმიას… ჩვენ შევხვდით“.

_____________________

ფოტო ჰალუკ ბაირაქრატის ტვიტერიდან.

პირველ სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი იქნება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში პირველ სექტემბრამდე ცხელი ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

„26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი,“ – იუწყება სააგენტო.

რუსეთმა 2 მილიონი გვამის ჩანთა უნდა შეიძინოს – უკრაინის თავდაცვის პასუხი პუტინს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, 2 მილიონამდე გაზარდოს ჯარისკაცების რაოდენობა რუსეთის არმიაში.

„რუსეთი გეგმავს შეიარაღებული ძალების პერსონალის 2 მილიონამდე გაზრდას. თავისი პრეზიდენტის განკარგულების შესასრულებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მილიონი გვამის ჩანთა უნდა შეიძინოს,“ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერზე.

25 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 2.04 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და შემადგენლობის 2 039 758-მდე გაზრდას, რომელთა შორის 1 150 628 სამხედრო მოსამსახურე იქნება. შედეგად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პერსონალის რაოდენობა 137 000-ით გაიზრდება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 28-29 აგვისტოს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

უკრაინის არმიამ ჟურნალისტების დახმარებით „პუშილინის“ ბრიგადა იპოვა და გაანადგურა

უკრაინის არმიამ გაანადგურა ბრიგადა, რომელსაც დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი მფარველობდა, სამხედრო ბაზის კოორდინატები კი უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bihus.info-მ დაჯგუფების ადგილმდებარეობის შესახებ რუსი ბლოგერის, პაველ კუკუშკინის ვიდეოდან შეიტყო და კოორდინატები უკრაინის არმიას გადასცა.

როგორც Bihus.info იუწყება, პუშილინის ბრიგადის „პიატნაშკას“ ბაზა სულ სხვა მასალაზე მუშაობისას აღმოაჩინეს. თავიდან ჟურნალისტები დაინტერესდნენ 3 ადამიანის დაკრძალვის ცერემონიით, რომელიც 12 ივლისს დონეცკში გაიმართა და რომელსაც დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი და პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სერგეი კირიენკო ესწრებოდნენ.

„ოკუპანტები ამტკიცებდნენ, რომ დაღუპულები იყვნენ უბრალო მოხალისეები, რომლებსაც იარაღი არასდროს სჭერიათ“, თუმცა Bihus.Info-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ისინი ბრიგადა „პიატნაშკას“ წევრები იყვნენ. ამ ბრიგადას პუშილინი მფარველობს.

ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში დაღუპულების ძებნა დაიწყეს და ასე გადააწყდნენ რუსი ბლოგერის, პაველ კუკუშკინის ვიდეოს. ვიდეოს ანალიზის შემდეგ კი გამომძიებელმა რეპორტიორებმა ბაზის ზუსტი კოორდინატებიც დაადგინეს.

Bihus. Info-მ ყველა მონაცემი გადასცა უკრაინის არმიას, რომელმაც „პიატნაშკების“ ბაზაზე და სამხედრო მასალების საწყობზე შეტევა მიიტანა.

კადრი რუსი ბლოგერის ვიდეოდან

მანამდე, 22 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დონეცკში აფეთქებები მოხდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ რუსეთის სამხედრო მასალების საწყობი აფეთქდა. მოგვიანებით, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ დონეცკში დაჯგუფება „პიატნიშკას“ ბაზა იწვოდა.

„დონეცკის გარეუბანში, ან ისევ ვიღაც ეწეოდა დაუდევრად, ან „ციდან ქვები წამოვიდა“… გიზგიზებს ცნობილი „პიატნიშკების“ ბაზა – ინტერნაციონალური ბანდის, რომელიც ლუგანსკში იბრძოდა… 200 (ლიკვიდირებულია) და 300 (დაჭრილი)“, – დაწერა გაიდაიმ.

14 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ პოპასნაში დაჯგუფება „ვაგნერის“ შტაბს დაარტყეს. უკრაინის მხარემ შტაბის ადგილმდებარეობა მაშინაც რუსი ჟურნალისტის მასალების დახმარებით გაარკვია.

რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა სერგეი სრედამ 8 აგვისტოს ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტოები და პოსტი, რომლის თანახმადაც ის „ვაგნერის“ ერთ-ერთ დანაყოფს ესტუმრა. სრედას ფოტოებზე შენობის მისამართიც ჩანდა – მირონოვსკაიას #12.

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, პოპასნაში „ვაგნერის“ ბაზაზე უკრაინელთა თავდასხმის შედეგად სამხედრო დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრი დაიღუპა, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, სერგეი პრიგოჟინის მოადგილეები.

___

მთავარი ფოტო: კადრი რუსი ბლოგერის ვიდეოდან

პუტინმა და შოიგუმ 6 გენერალი გაათავისუფლეს უკრაინაში წარუმატებლობის გამო – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის 24 აგვისტოს განცხადებას აფასებს. სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი განზრახ ანელებს „სპეცოპერაციის“ ტემპს, რათა სამოქალაქო მსხვერპლი შეამციროს.

„ეს განზრახული დეზინფორმაციაა. რუსეთის შეტევები შენელდა რუსეთის არმიის ცუდი მოქმედებისა და უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობის გამო. უკრაინაში მყოფმა რუსეთის ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს დაგეგმილი ოპერაციული ვადები.

დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა სულ მცირე ექვსი გენერალი მაინც გაათავისუფლეს სწორედ იმიტომ, რომ მათ უკრაინაში საკმარისად სწრაფი წინსვლა ვერ უზრუნველყვეს,“ – წერს უწყება 26 აგვისტოს რელიზში.

დაზვერვა მიუთითებს, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც შოიგუმ ეს განცხადება გააკეთა, რუსული ბალისტიკური რაკეტა ჩაპლინოში მატარებელს დაეცა და ორი ბავშვი მოკლა. ეს ადასტურებს, რომ რუსეთი ნამდვილად არ ერიდება სამოქალაქო მსხვერპლს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იყო. დაზვერვა სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერდა, რომ სადგურის ტერიტორიაზე კვლავაც განლაგებულია რუსული სამხედრო ტექნიკა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აგვისტოს მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 46 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 1 936 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 4 251 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1040 ერთეული [+3]
  • MLRS – 272 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 202 ერთეული [+3]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 834 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 162 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 273 თვითმფრინავი
  • 148 ვერტმფრენი
  • 1 813 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 392 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 819 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 345 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 054 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინაში, ალყაში მოქცეული რუსი ჯარისკაცისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს სარკასტული კომენტარით აზიარებს. აუდიოჩანაწერის თარგმანი წაიკითხეთ აქ 👇

[yellow_box]„რუსეთო, თქვენ გჭირდებათ იესო, მაგრამ HIMARS-ი საკმარისი იქნება“ – ამერიკელი კონგრესმენი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

როდის და როგორ დაიბრუნებს უკრაინა ყირიმს? – რუსი და უკრაინელი ექსპერტების ორი მოსაზრება

როდის და როგორ დაიბრუნებს უკრაინა ყირიმს? – რუსი და უკრაინელი ექსპერტების ორი მოსაზრება

უკრაინაში დასრულდა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტი, რომელიც ომის გამო ონლაინ იმართებოდა. მასში 60 ქვეყანა მონაწილეობდა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კი, რუსეთისგან თავდასხმის საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდა და პირადად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.

„წარმოუდგენელია, მაგრამ ოკუპაციამ ყირიმი დეპრესიულ და დამოკიდებულ რეგიონად აქცია. მაღალი კედლების, მავთულხლართებისა და უკანონობის რეგიონად. 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ყირიმიდან ჩვენი ქალაქებისკენ 750 რაკეტა გამოუშვეს. წარმოიდგინეთ – 750! ნახევარ წელიწადში. სულ მცირე ასობით სამოქალაქო ობიექტი, სკოლები, უნივერსიტეტები, საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები დაანგრია ამ რაკეტებმა. ამიტომაც ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენა გახდება ისტორიული ანტისაომარი ნაბიჯი,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ნახევარკუნძულის მომავალსა და მისი გათავისუფლების შესაძლო სცენარებზე Настоящее Время ოპოზიციონერ რუს პოლიტიკოსს, დუმის ყოფილ დეპუტატს, დიმიტრი გუდკოვსა და უკრაინელ პოლიტოლოგს, ოლეგ სააკიანს ესაუბრა.

  • ზელენსკიმ თქვა: „ყირიმი ჩვენ დაბრუნებას ელოდება“. ოლეგ, როგორ ფიქრობთ, როდის დაბრუნდება უკრაინა ყირიმში?
ოლეგ სააკიანი/ფოტო: ფეისბუქი

სააკიანი: როგორც კი გაჩნდება ამის გაკეთების შანსი მინიმალური მსხვერპლით და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ეფექტიანად აღდგენის შესაძლებლობით. ეს იქნება ან ომის სცენარი დიპლომატიის თანხლებით, ან პირიქით, დიპლომატიური სცენარი ომის თანხლებით. ყირიმში უკრაინის დაბრუნება – ეს ვრცელი პროცესია, თუმცა ცხადია, პირველი ნაბიჯი ყირიმზე კონტროლის დამყარებაა. და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ უკრაინა ამას გააკეთებს ნებისმიერი გზით და ნამდვილად არ დაიწყებს იმაზე ფიქრს, ვის რა პოზიცია აქვს, მათ შორის, დასავლელ პარტნიორებს.

  • სამხედრო თუ დიპლომატიური გზით?

სააკიანი: დღეს ისე ჩანს, რომ დიპლომატიური გზით ვერ იქნება, დიდი ალბათობით, ომის გზით.

  • დიმიტრი, თქვენ როგორ ფიქრობთ?

გუდკოვი: ვფიქრობ, აქ იმუშავებს ჰიბრიდული სქემა, რომლის პირობებშიც ჯერ იქნება პუტინის სამხედრო მარცხი, შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ მოვა რუსეთის სათავეში. შესაბამისად, შეიძლება იყოს დიპლომატიური გზაც. ამას მე არ გამოვრიცხავ, თუ რუსეთში, რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოვა ნორმალური, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც იძულებული იქნება, დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს. ყირიმის პრობლემის გადაწყვეტის გარეშე კი არც ეკონომიკის აღდგენა იქნება შესაძლებელი და არც ურთიერთობების.

ომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პუტინმა გააკეთა, ამ დანაშაულების შემდეგ, უკვე საკითხი ასე აღარ დგას: დაუბრუნდება თუ არა ყირიმი უკრაინას. ახლა მთავარი კითხვა ჟღერს ასე: როდის?

  • ოლეგ, მარტში უკრაინის პრეზიდენტი მგონი ამბობდა, რომ ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნება უკრაინის არმიის უდიდეს დანაკარგებს გამოიწვევდა. ამ კვირაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დანილოვი ამბობს, რომ დღის წესრიგშია ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციის, შემდეგ კი უკვე დეოკუპაციის საკითხი. თქვენი აზრით, ეს რეალური სცენარია, თუ პოლიტიკური განაცხადი?

სააკიანი: ცხადია, პოლიტიკური განაცხადია, თუმცა კონკრეტულ სცენარებს ეყრდნობა. ის, რაც მარტში მიუწვდომელი ჩანდა, ახლა სრულიად რეალურია და პირიქით, რაღაცები, თუნდაც ის სისასტიკე, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ადამიანებს სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, თუმცა ჩვენ თვალწინ იქცა სინამდვილედ.

ამან ბევრი რამ შეცვალა. შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება და მზაობა. უკრაინის მოსახლეობა გამარჯვებით ცხოვრობს. 96-98 %-ს სჯერა გამარჯვების და ეს, რა თქმა უნდა, არის უდიდესი პოტენციალი, რომელზე დაყრდნობაც უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია. გარდა ამისა, ვითარება ისეთია, რომ რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, სტაგნაციას განიცდის. რუსეთში შიდა სიტუაციაც იძაბება, არც მთლად ისე სწრაფად, როგორც ზოგიერთი ამბობს ხოლმე, რომ „ინგრევა“ და აი, ხვალ ჩამოინგრევა – არც ასე სწრაფად, როგორც ჩვენ ვისურვებდით. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სერიოზული პოტენციალი.

ვეთანხმები ბატონ გუდკოვს, რომ ახლა ეს ომისა და დიპლომატიის დაბალანსების საკითხია. როდესაც სამხედრო სცენარი ვახსენე, როგორც მთავარი, იქვე ვთქვი – ან ომი, რომელსაც დიპლომატია მოსდევს, ან დიპლომატია, რომელსაც ომი მოსდევს. უკრაინა ახლა უკვე მომართულია იმისკენ, რომ ყველა ტერიტორია გაათავისუფლოს. თუ მანამდე უკრაინის ხელისუფლება ახსენებდა 24 თებერვლამდე საზღვრებს და შემდეგ გარკვეულ დიპლომატიურ მექანიზმებს, ახლა რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინას აღარ რჩება მოლაპარაკების ილუზია და რაიმე სხვა გზა, გარდა ტერიტორიების გათავისუფლებისა.

  • ყირიმის პლატფორმის“ სამიტი უკვე მეორედ იმართება, თუმცა ამჯერად ომის ფონზე. რას ცვლის ეს?

გუდკოვი: პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება ყირიმის დაბრუნების პერსპექტივებისადმი, უკრაინის დეოკუპაციისადმი. თუკი ჯერ კიდევ მარტში ისე ჩანდა, თითქოს, სადაცაა კიევს აიღებდნენ, ან რუსეთი ჯერ კიდევ ჩანდა ქვეყნად, რომელსაც მსოფლიოში ძალით მეორე არმია ჰყავს, ახლა ყველა ხედავთ, რა არის რუსული არმია, თუ შენი შეიარაღებული ძალები მოტივირებულები არიან, თუ გაქვს მთელი მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერა. ამის წარმოდგენა თებერვალში და მარტშიც კი შეუძლებელი იყო. მარტშიც კი ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. ახლა ყველა ეს პერსპექტივა უკვე ხელშესახებია. ეს აღარაა პერსპექტივა 50 წლის ან 30 წლის შემდეგ, როგორც ომამდე ჩანდა. შეიცვალა გარემოება და შეიცვალა აღქმა.

დიმიტრი გუდკოვი/ფოტო: ფეისბუქი

ამ ომს ერთადერთი ფინალი აქვს და ეს ფინალი არაა უბრალოდ რაღაც მშვიდობიანი მოლაპარაკებები, ზავი. არა, ფინალი აქ შეიძლება იყოს ერთადერთი: პუტინის დამარცხება, პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. თუ ეს არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა, რადგან პუტინი იმპერიას აშენებს, ის საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეითაა შეპყრობილი, ის მუდმივად ექსპანსიის გზით ივლის. და სრულიად ნათელია, რომ არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საჭიროა პლანეტის გადარჩენა პუტინის რეჟიმისგან, რადგან ამ რეჟიმის ფონზე მსოფლიო უსაფრთხო ვერასდროს იქნება.

  • დღეს სამიტზე ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა აღუთქვა უკრაინას მხარდაჭერა. ყირიმის დეოკუპაციაზე უკვე 8 წელია ლაპარაკობენ, თუმცა ჩვენი დაკვირვებით, უკრაინის მოკავშირეთა პოზიცია ახლა ბევრად მტკიცე გახდა, თუ ეს ისევ მხოლოდ სიტყვებია?

სააკიანი: მოდი, ასე გიპასუხებთ, სადღაც შუაში. ერთი მხრივ, ახლა ეს უბრალოდ სიტყვები აღარაა. ეს გამოჩნდა დუდას გამოსვლაშიც. მან თქვა, რომ ერთი წლის წინ, როდესაც ყველა ლაპარაკობდა ყირიმის დაბრუნებაზე, ყველას ესმოდა, რომ ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხდებოდა და რაღაცნაირად ეგუებოდნენ რეალობას, რომ ყირიმი დეფაქტოდ რუსულია. მაგრამ ახლა, როდესაც ლაპარაკობენ ყირიმის დაბრუნებაზე, ეს უკვე აღარაა ეფემერული რამ, არამედ კონკრეტული და გასაგები ამოცანა, ამოცანა, რომლის შესრულებაც შესაძლებელია.

მეორე მხრივ, ყირიმი უკვე იქცა არამხოლოდ უკრაინის თავისტკივილად და მის მიზნად, აღიდგინოს მთლიანობა, არამედ ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ამოცანადაც.

ბატონი გუდკოვი მართალია, პუტინის რეჟიმი საშიშია – ის პრეცედენტს ქმნის. თუ უკრაინა დაეცემა, თუ ვერ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ ათობით რევანშისტული რეჟიმი მთელ მსოფლიოში დაიწყებს ნადირობას უფრო სუსტ სახელმწიფოებზე, დემოკრატიულ სახელმწიფოებზე, რომლებიც, ასეთ შემთხვევაში, აგრესიის მსხვერპლი გახდებიან. ჩვენ დავინახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენთვის ნაცნობი, დღეისთვის არსებული საზღვრები. ეს პანდორას ყუთია, რომლის გახსნაც არავის უნდა, რადგან ესმის, რომ ახლა მისი დახურვაა საჭირო – სხვაგვარად პუტინი მივა ამ მომენტამდე და ამ პრეცედენტად იქცევა.

უარყოფითი მხარე ამ კითხვის პასუხში ისაა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ არაა მტკიცე იმაში, რომ ეს გააკეთოს აქ და ახლა, გააკეთოს ეფექტიანად, რადგან პუტინს ბირთვული იარაღი აქვს. ეს კი შემაკავებელი ფაქტორია დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ელიტებისა და იმ საზოგადოებებისთვის, სადაც რუსეთის საინფორმაციო, კულტურული თუ სხვაგვარი გავლენა ჯერაც ძლიერია, სადაც რუსეთს წესების კარნახი შეუძლია.

  • დიმიტრი, თქვენი აზრით, რამდენად აღიზიანებს კრემლს ისეთი ინიციატივა, როგორიც „ყირიმის პლატფორმაა?“ სულ მცირე 60 ქვეყანა მონაწილეობდა მასში და განიხილავდა, როგორ გაათავისუფლონ ყირიმი და არამხოლოდ – უკრაინის მთელი ოკუპირებული ნაწილი.

გუდკოვი: ეს რეჟიმის დამარცხებას აახლოებს. მოდი, 2014 წელში დავბრუნდეთ. მე მაშინ დუმაში ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს სახელისუფლო დერეფნებში რასაც ლაპარაკობდნენ. როდესაც მათ ყირიმის ანექსია მოახდინეს, დაიწყო ომი – თავიდან ჰიბრიდული. მერე შექმნა პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები. ტაქტიკა ძალიან მარტივი იყო.

რუსეთი ქმნის სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს და იმის სანაცვლოდ, რომ ასეთი ომი არ დაიწყოს, იწყებს ზეწოლას დასავლეთზე, რომ მან სერიოზული სანქციები არ დაუწესოს და ყირიმის ანექსიაზე თვალი დახუჭოს. ამან მაშინ იმუშავა. დასავლეთის ბევრი ქვეყნის დიპლომატს უღიარებია ჩემთან ამის შესახებ – „დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შემოვიღეთ სანქციები, მაგრამ არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. უხეშად რომ ვთქვათ, თვალს ვხუჭავთ ყირიმზე, მაგრამ მთავარია, რუსეთმა მეტი აღარაფერი დაიპყროს.“

აი, ასეთი გაცვლა იყო, თუმცა ომი მაინც მოხდა.

ომი მოხდა და მან ასწავლა მსოფლიო ლიდერებს, რომ პუტინთან, ომის დამნაშავესთან, არანაირი მოლაპარაკებები არაა საჭირო, მის არანაირ შანტაჟზე აღარ შეიძლება თავის დახრა. თუ შენ დღეს აირჩევ უსაფრთხოებას, აირჩევ სირცხვილს ომის ნაცვლად, მიიღებ ერთსაც და მეორესაც. მათ ეს ახლა შესანიშნავად ესმით. ომი მოხდა. ზელენსკი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მასაც და უკრაინასაც ახლა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში უჭერენ მხარს. ყველას შესანიშნავად ესმის, რომ უკვე აღარც ზელენსკი და აღარც უკრაინელი ერი აღარ დათანხმდება რაიმე კომპრომისს.

თუკი ჯერ კიდევ მარტში შესაძლებელი იყო 23 თებერვლის ხაზთან დაბრუნება, ახლა ეს უკვე პოლიტიკურად გამორიცხულია. ნებისმიერი პრეზიდენტი, ნებისმიერი უკრაინელი პოლიტიკოსი, თუ ახლა ასეთ მოლაპარაკებაზე წავა, დათანხმდება, მაგალითად, ყირიმის დათმობას, ხვალ ის პრეზიდენტი აღარ იქნება. ეს დღეს ყველასთვის ცხადია. ამიტომაც ახლა სტრატეგია ძალიან მარტივია: პუტინის სამხედრო მარცხი. ლაპარაკი მხოლოდ ტერიტორიებზე აღარაა. ლაპარაკია იმაზე, რომ პუტინი უნდა მოშორდეს.

სრულიად ნათელია, რომ როგორც კი ეს რეჟიმი ჩამოიშლება, და ის ჩამოიშლება, შეიძლება ხვალ, ან ერთი წლის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე 23 თებერვალს ჩანდა, აი, მაშინ, სხვა მექანიზმები ჩაირთვება და არა აუცილებლად ძალისმიერი. ამიტომაც, სწორედ რეჟიმის დამარცხების მერე, მჯერა, რომ დასავლეთი შეძლებს რუსეთის ახალ ხელისუფლებას შეუქმნას ისეთი პირობები, რომ საკითხის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდეს.

შეუძლებელია ქრთამის გარეშე დასაქმდე სკოლაშიც კი – რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს

„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ვართ დროებითი სტუმრები“, „სისტემა და პრაქტიკა შესაცვლელია – ეთნიკური უმცირესობების საფრთხედაა აღქმული ყველა მუნიციპალიტეტში“, „ჩვენ გვაქვს იმ სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რის გამოც ცხოვრების მინიმალური სტანდარტიც კი არ გვაქვს,“ – ეს ამონარიდია ბათუმში გამართული დისკუსიიდან, რომლის ერთ-ერთი სპიკერი აიჰან ჰასანლი იყო.

აიჰანი ეთნიკური აზერბაიჯანელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. „ბათუმელები“ აიჰან ჰასანლის ბათუმში, სოლიდარობის ტურის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • აიჰან, მოგვიყევით იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წარმოშობით ვარ კახეთიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტ სოფელი იორმუღანლოდან. ჩვენ, პლატფორმა „სალამი“ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების, მათი უფლებრივი მდგომარეობის და, ზოგადად, მათი ყოფის შესახებ საქართველოში, ქვემო ქართლში.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში არსებული პრობლემები შიშველი თვალითაც კარგად ჩანს. ამ რეგიონებში არსებობს თითქმის ყველა ის პრობლემა, რაც სიტყვა „პრობლემის“ გაგონებაზე შეიძლება გაგახსენდეთ.

როგორ გითხრათ, ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემებიც კი არ არის მოგვარებული ჩვენთან, რომლებიც ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს ქმნიან. ხშირად, როცა ამას ვამბობთ, გვეუბნებიან, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოს ყველა რეგიონს აქვს. თუმცა აქ ხაზგასმით აღსანიშნავია ის საკითხი, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ რეალობაზე, რომელიც არც კი აკმაყოფილებს ადამიანის ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს.

მაგალითად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობას არ აქვს სასმელი და სარწყავი წყალი. დათესილი მოსავალი ფუჭდება. სოფელში მცხოვრებს ორი კილომეტრის გავლა უწევს, რომ სასმელი წყალი მიიტანოს სახლში.

პანდემიის პირობებში ამბობდნენ, რომ ხშირად დაიბანეთ ხელები, ხშირად იბანავეთ. ამ ყველაფრისთვის საჭიროა წყალი. ვერ დაიბან, ტანსაცმელს და ჭურჭელს ვერ გარეცხავ – წყლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

ეს პრობლემა განსაკუთრებით ქალებზე და მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება. საოჯახო საქმეები, რასაც არაანაზღაურებადი შრომა ჰქვია, ქალების ზურგზეა. წყალი რომ ორ კილომეტრზეა, იმ წყლის სახლში მიტანა ქალებს უწევთ.

ამასთან ქალების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების არარსებობა. ქალები ჩვენთან ოჯახურ საქმეებსაც ასრულებენ, ბავშვებსაც ზრდიან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც უმკლავდებიან. ეს ერთიანად ქმნის ძალიან მძიმე სურათს.

ხშირად ისმის, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებობს ინტეგრაციის პრობლემა. მე ვიტყოდი, რომ ინტეგრაციის პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენთან ჯერ არც დაწყებულა ინტეგრაცია: ის აუცილებელი პირობები, რომლებიც რეალურად ქმნის ინტეგრაციის პროცესს, არც დაწყებულა საქართველოში. ენის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, საჯარო სექტორში დასაქმების უფლების გამოყენება, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

ასევე საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. არც ერთი არ გვაქვს სახეზე. ჩვენ მინიმალურ დონეზე, ჩვენი პრიმიტიული უფლებების გამოყენებისთვისაც გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა, რომ უბრალოდ განცხადების შეტანა შევძლოთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში.

  • იორმუღანლოს შესახებ ბევრს საუბრობთ, გარდა წყლისა და საბავშვო ბაღისა, კიდევ  რა პრობლემებია თქვენს თემში?

იორმუღანლოს თემში, რომელიც 8 სოფელს მოიცავს და ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული, ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. იორმუღანლოს თემში არის 4 სკოლა, სამი საშუალო და ერთი არასრული. ოფიციალური სტატისტიკით სადღაც 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქედან 17 ათასი ამომრჩეველია.

სახელმწიფო არანაირ დახმარებას არ უწევს აქ მცხოვრებთ.

ჩვენ არ გვაქვს მიწები, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან ვცხოვრობთ იორმუღანლოში. მოსახლეობის უმრავლესობას ერთი ჰექტარი მიწაც კი არ აქვს. საკუთარი თავის შენახვა რომ შევძლოთ, იძულებული ვართ მიწები ავიღოთ იჯარით. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით ქართული ენა, ვერ შევდივართ აუქციონის საიტზე. იძულებული ვართ, მიწა იჯარით ავიღოთ მათგან, ვისაც აუქციონზე იაფად აქვს აღებული. ხშირ შემთხვევაში ხუთ და ექვსმაგს ვიხდით მიწაში.

ჩვენ ვმუშაობთ მთელი სეზონის და მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის რჩენა შევძლოთ.

დღეს სასუქი ძვირია, წყალი ძვირია. ხშირად არც არის ეს სარწყავი წყალი, შედეგად ნათესები ფუჭდება და მოსახლეობის შრომა წყალში იყრება.

  • ახალგაზრდებს რა ინტერესები აქვთ?

ბოლო წლების ტენდენცია გვაჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ განათლების მიღება. 1+4 პროგრამით უნივერსიტეტის სტუდენტების რიცხვი ყოველ წელს იზრდება, თუმცა აქაც არსებობს უამრავი პრობლემა. უფასოდ სწავლა მხოლოდ 100 სტუდენტს შეუძლია და ეს კვოტა უნდა გაიზარდოს.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განვითარების ერთადერთი საშუალება არის სკოლა. არაფორმალური განათლება თითქმის არ არსებობს რეგიონში. სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალიან მცირეა. ამიტომ ახალგაზრდებისთვის განვითარების ერთადერთი შანსია სკოლა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის ძალიან პრობლემური. ვერ იღებენ ბავშვები ხარისხიან განათლებას სკოლაში. ამიტომ ყველაფერი მარტო ამ ახალგაზრდების ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ განავითარებენ ისინი საკუთარ თავს. რადგან სახელმწიფოს მიერ შექმნილი პირობებით, ახალგაზრდა ვერ ახერხებს განვითარებას.

ჩემს მაგალითზე რომ ვთქვა, სისტემამ ვერაფერი მასწავლა. დღეს თუ ქართული ენა ვიცი, ეს არის ჩემი თავდაუზოგავი შრომის შედეგი და არა სისტემის. სკოლაში ვერ სწავლობ ქართულ ენას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს სისტემით ვისარგებლე, იყო 1+4 პროგრამა. ქართული ენის სწავლა სწორედ ამ მოსამზადებელ პროგრამაზე დავიწყე.

  • ახალგაზრდებისთვის დასაქმების შანსი არსებობს?

ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ უმაღლეს განათლებას, მათი საჯარო სექტორში დასაქმების მინიმალური შანსიც არაა. მაგალითად, მასწავლებლის პროფესია ვინც აირჩია, ვერ საქმდება. ძალიან მძიმე სურათია, მაგრამ დიპლომიც რომ გქონდეს, ვერ საქმდები. შეუძლებელია ქრთამის გადახდის გარეშე ახალგაზრდების დასაქმება სკოლებშიც კი, რადგან ხშირ შემთხვევაში სკოლაში არსებულ სისტემას სახელმწიფო იყენებს წინასაარჩევნოდ  თავის საკეთილდღეოდ.

ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები, რომლებიც ბრუნდებიან სოფელში, ხდებიან თვითდასაქმებულები ან მამასთან ერთად იმ საქმეს აგრძელებენ, რაზეც მამა მუშაობს. თუ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა, მიდიან. ახალგაზრდების 80 % გაქცეულია პოლონეთში ან თურქეთში.

„რუსეთო, თქვენ გჭირდებათ იესო, მაგრამ HIMARS-ი საკმარისი იქნება“ – ამერიკელი კონგრესმენი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინაში ალყაში მოქცეული რუსი ჯარისკაცისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს სარკასტული კომენტარით აზიარებს.

კონგრესმენის თქმით, ეს არის „დამარცხების პირას მყოფი“ წყვილის საუბარი, რომელიც მტრული ტონით გამოირჩევა და არ წარმოადგენს გამონაკლისს – კიდევ სამი მსგავსი შინაარსის საუბარი აქვს მხოლოდ მას მოსმენილი.

„დამარცხების პირას ყოფნისას ყველა რუსი წყვილი ასე უყვირის ერთმანეთს? დაახლოებით, უკვე მეოთხე ასეთ მტრულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ვუსმენ. რუსეთო, თქვენ ყველას გჭირდებათ იესო. მაგრამ ახლო პერიოდში HIMARS-ი საკმარისი იქნება“, – წერს ადამ კინზინგერი.

„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, კბილებს სათანადოდ აჩენენ“, – ეუბნება რუსი ჯარისკაცი ცოლს სატელეფონო საუბარში. საუბრის აუდიოჩანაწერს საიტი wartranslated.com-ი აქვეყნებ, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინული პროექტია და ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გავრცელებულ საუბრის ჩანაწერებსა თუ სხვა მასალებს ინგლისურ ენაზე ავრცელებს.

აუდიოჩანაწერის თანახმათ, რუსი ჯარისკაცი, რომელიც ცოლს სხვისი ტელეფონით ურეკავს ამბობს, რომ ალყაშია, სადაც უამრავი დაჭრილია და საიდან გამოსავალიც არ ჩანს.

საუბარი აგრესიულია, მაგრამ ისმის, რომ ქალი ტირის და კაცს სთხოვს სახლში დაბრუნდეს, ის კი პასუხობს, რომ „სახლი აღარ იქნება“.

საუბრის თარგმანი:

(ქალი): ალო?

(რუსი მამაკაცი): ალო?

(ქალი): *შინაარსი არ ირჩევა*

(ქალი): დიახ.

(რუსი მამაკაცი):  რა **** მირეკავ? მე თვითონ გადმოგირეკავ.

(ქალი): ეს ტელეფონი რეკავს! ვინ საუბრობს?

(რუსი მამაკაცი): კიდევ ერთხელ, ჩემი ნომერი აღარ არსებობს, ჩვენ… ჰაერში აგვწიეს… ზედმიწევნით.

(ქალი):და სახლში როდის მოდიხარ?

(ეუსი მამაკაცი): რა?

(ქალი):  როდის? *კავშირი იკარგება*

(რუსი მამაკაცი): რა?!

(ქალი): სახლში როდის მოდიხარ!

(რუსი მამაკაცი):  ******, კავშირი არაა, ეს ****** არ მესმის შენი.

(ქალი): სახლში როდის იქნები?!

(რუსი მამაკაცი): **** იცის, ყველაფერი ჩაკეტილია, მახეში ვართ აქ … და ****! არ ვიცი… ყველაფერი გაუქმებულია. სახლი აღარ იქნება.

(ქალი): აღარ დამირეკავ?

(რუსი მამაკაცი):  არავის არაფერი უთხრა, გაიგე?

(ქალი): გეუბნები დაბრუნდი სახლში!

(რუსი მამაკაცი): ჩემი ვერ გაიგონე თუ რა?

(ქალი): გავიგონე!

(რუსი მამაკაცი):  რა გითხარი? სახლი გაუქმებულია. სულ ესაა. ჩვენ ********.

(ქალი): სახლი რა? ***** რა, გამოდი!

(რუსი მამაკაცი): უამრავი დაჭრილი გვყავს და წასასვლელი არსადაა. არსად! მახეში ვართ.

(ქალი): წამოდი სახლში.

(რუსი მამაკაცი): დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, კბილებს სათანადოდ აჩენენ. რაც არი…

(ქალი): შენ არ გეხება, წამოდი სახლში *ტირის*

(რუსი მამაკაცი): ღმერთის ნება… სად წავიდე?! სულელი ხარ თუ რა? წასასვლელი არსადაა. არსად. ჩვენ *********** ალყაში ვართ.

(ქალი):  *ტირის*

(რუსი მამაკაცი): კარგი, მოდი ყველაფერი ნორმალურად იქნება, მაგრამ ეს ტელეფონი აღარ არის. არ ვიცი სად არიან დაჭრილები, ***მ იცი ვისი ტელეფონით ვრეკავ.  ვიღაც სხვისი.

(ქალი): გავიგე. სახლში წამოდი, კარგი?

(რუსი მამაკაცი): კარგი, ყველაფერი კარგად იქნება, სულ ესაა

(ქალი): კარგი.

Exit mobile version