მთავარი,სიახლეები

როდის და როგორ დაიბრუნებს უკრაინა ყირიმს? – რუსი და უკრაინელი ექსპერტების ორი მოსაზრება

25.08.2022 • 6328
როდის და როგორ დაიბრუნებს უკრაინა ყირიმს? – რუსი და უკრაინელი ექსპერტების ორი მოსაზრება

უკრაინაში დასრულდა „ყირიმის პლატფორმის“ სამიტი, რომელიც ომის გამო ონლაინ იმართებოდა. მასში 60 ქვეყანა მონაწილეობდა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კი, რუსეთისგან თავდასხმის საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდა და პირადად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.

„წარმოუდგენელია, მაგრამ ოკუპაციამ ყირიმი დეპრესიულ და დამოკიდებულ რეგიონად აქცია. მაღალი კედლების, მავთულხლართებისა და უკანონობის რეგიონად. 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ყირიმიდან ჩვენი ქალაქებისკენ 750 რაკეტა გამოუშვეს. წარმოიდგინეთ – 750! ნახევარ წელიწადში. სულ მცირე ასობით სამოქალაქო ობიექტი, სკოლები, უნივერსიტეტები, საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები დაანგრია ამ რაკეტებმა. ამიტომაც ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენა გახდება ისტორიული ანტისაომარი ნაბიჯი,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ნახევარკუნძულის მომავალსა და მისი გათავისუფლების შესაძლო სცენარებზე Настоящее Время ოპოზიციონერ რუს პოლიტიკოსს, დუმის ყოფილ დეპუტატს, დიმიტრი გუდკოვსა და უკრაინელ პოლიტოლოგს, ოლეგ სააკიანს ესაუბრა.

  • ზელენსკიმ თქვა: „ყირიმი ჩვენ დაბრუნებას ელოდება“. ოლეგ, როგორ ფიქრობთ, როდის დაბრუნდება უკრაინა ყირიმში?

ოლეგ სააკიანი/ფოტო: ფეისბუქი

სააკიანი: როგორც კი გაჩნდება ამის გაკეთების შანსი მინიმალური მსხვერპლით და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ეფექტიანად აღდგენის შესაძლებლობით. ეს იქნება ან ომის სცენარი დიპლომატიის თანხლებით, ან პირიქით, დიპლომატიური სცენარი ომის თანხლებით. ყირიმში უკრაინის დაბრუნება – ეს ვრცელი პროცესია, თუმცა ცხადია, პირველი ნაბიჯი ყირიმზე კონტროლის დამყარებაა. და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ უკრაინა ამას გააკეთებს ნებისმიერი გზით და ნამდვილად არ დაიწყებს იმაზე ფიქრს, ვის რა პოზიცია აქვს, მათ შორის, დასავლელ პარტნიორებს.

  • სამხედრო თუ დიპლომატიური გზით?

სააკიანი: დღეს ისე ჩანს, რომ დიპლომატიური გზით ვერ იქნება, დიდი ალბათობით, ომის გზით.

  • დიმიტრი, თქვენ როგორ ფიქრობთ?

გუდკოვი: ვფიქრობ, აქ იმუშავებს ჰიბრიდული სქემა, რომლის პირობებშიც ჯერ იქნება პუტინის სამხედრო მარცხი, შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ მოვა რუსეთის სათავეში. შესაბამისად, შეიძლება იყოს დიპლომატიური გზაც. ამას მე არ გამოვრიცხავ, თუ რუსეთში, რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში, ხელისუფლებაში მოვა ნორმალური, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც იძულებული იქნება, დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს. ყირიმის პრობლემის გადაწყვეტის გარეშე კი არც ეკონომიკის აღდგენა იქნება შესაძლებელი და არც ურთიერთობების.

ომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პუტინმა გააკეთა, ამ დანაშაულების შემდეგ, უკვე საკითხი ასე აღარ დგას: დაუბრუნდება თუ არა ყირიმი უკრაინას. ახლა მთავარი კითხვა ჟღერს ასე: როდის?

  • ოლეგ, მარტში უკრაინის პრეზიდენტი მგონი ამბობდა, რომ ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნება უკრაინის არმიის უდიდეს დანაკარგებს გამოიწვევდა. ამ კვირაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დანილოვი ამბობს, რომ დღის წესრიგშია ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციის, შემდეგ კი უკვე დეოკუპაციის საკითხი. თქვენი აზრით, ეს რეალური სცენარია, თუ პოლიტიკური განაცხადი?

სააკიანი: ცხადია, პოლიტიკური განაცხადია, თუმცა კონკრეტულ სცენარებს ეყრდნობა. ის, რაც მარტში მიუწვდომელი ჩანდა, ახლა სრულიად რეალურია და პირიქით, რაღაცები, თუნდაც ის სისასტიკე, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ადამიანებს სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, თუმცა ჩვენ თვალწინ იქცა სინამდვილედ.

ამან ბევრი რამ შეცვალა. შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება და მზაობა. უკრაინის მოსახლეობა გამარჯვებით ცხოვრობს. 96-98 %-ს სჯერა გამარჯვების და ეს, რა თქმა უნდა, არის უდიდესი პოტენციალი, რომელზე დაყრდნობაც უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია. გარდა ამისა, ვითარება ისეთია, რომ რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, სტაგნაციას განიცდის. რუსეთში შიდა სიტუაციაც იძაბება, არც მთლად ისე სწრაფად, როგორც ზოგიერთი ამბობს ხოლმე, რომ „ინგრევა“ და აი, ხვალ ჩამოინგრევა – არც ასე სწრაფად, როგორც ჩვენ ვისურვებდით. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სერიოზული პოტენციალი.

ვეთანხმები ბატონ გუდკოვს, რომ ახლა ეს ომისა და დიპლომატიის დაბალანსების საკითხია. როდესაც სამხედრო სცენარი ვახსენე, როგორც მთავარი, იქვე ვთქვი – ან ომი, რომელსაც დიპლომატია მოსდევს, ან დიპლომატია, რომელსაც ომი მოსდევს. უკრაინა ახლა უკვე მომართულია იმისკენ, რომ ყველა ტერიტორია გაათავისუფლოს. თუ მანამდე უკრაინის ხელისუფლება ახსენებდა 24 თებერვლამდე საზღვრებს და შემდეგ გარკვეულ დიპლომატიურ მექანიზმებს, ახლა რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინას აღარ რჩება მოლაპარაკების ილუზია და რაიმე სხვა გზა, გარდა ტერიტორიების გათავისუფლებისა.

  • ყირიმის პლატფორმის“ სამიტი უკვე მეორედ იმართება, თუმცა ამჯერად ომის ფონზე. რას ცვლის ეს?

გუდკოვი: პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება ყირიმის დაბრუნების პერსპექტივებისადმი, უკრაინის დეოკუპაციისადმი. თუკი ჯერ კიდევ მარტში ისე ჩანდა, თითქოს, სადაცაა კიევს აიღებდნენ, ან რუსეთი ჯერ კიდევ ჩანდა ქვეყნად, რომელსაც მსოფლიოში ძალით მეორე არმია ჰყავს, ახლა ყველა ხედავთ, რა არის რუსული არმია, თუ შენი შეიარაღებული ძალები მოტივირებულები არიან, თუ გაქვს მთელი მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერა. ამის წარმოდგენა თებერვალში და მარტშიც კი შეუძლებელი იყო. მარტშიც კი ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. ახლა ყველა ეს პერსპექტივა უკვე ხელშესახებია. ეს აღარაა პერსპექტივა 50 წლის ან 30 წლის შემდეგ, როგორც ომამდე ჩანდა. შეიცვალა გარემოება და შეიცვალა აღქმა.

დიმიტრი გუდკოვი/ფოტო: ფეისბუქი

ამ ომს ერთადერთი ფინალი აქვს და ეს ფინალი არაა უბრალოდ რაღაც მშვიდობიანი მოლაპარაკებები, ზავი. არა, ფინალი აქ შეიძლება იყოს ერთადერთი: პუტინის დამარცხება, პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. თუ ეს არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა, რადგან პუტინი იმპერიას აშენებს, ის საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეითაა შეპყრობილი, ის მუდმივად ექსპანსიის გზით ივლის. და სრულიად ნათელია, რომ არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საჭიროა პლანეტის გადარჩენა პუტინის რეჟიმისგან, რადგან ამ რეჟიმის ფონზე მსოფლიო უსაფრთხო ვერასდროს იქნება.

  • დღეს სამიტზე ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა აღუთქვა უკრაინას მხარდაჭერა. ყირიმის დეოკუპაციაზე უკვე 8 წელია ლაპარაკობენ, თუმცა ჩვენი დაკვირვებით, უკრაინის მოკავშირეთა პოზიცია ახლა ბევრად მტკიცე გახდა, თუ ეს ისევ მხოლოდ სიტყვებია?

სააკიანი: მოდი, ასე გიპასუხებთ, სადღაც შუაში. ერთი მხრივ, ახლა ეს უბრალოდ სიტყვები აღარაა. ეს გამოჩნდა დუდას გამოსვლაშიც. მან თქვა, რომ ერთი წლის წინ, როდესაც ყველა ლაპარაკობდა ყირიმის დაბრუნებაზე, ყველას ესმოდა, რომ ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხდებოდა და რაღაცნაირად ეგუებოდნენ რეალობას, რომ ყირიმი დეფაქტოდ რუსულია. მაგრამ ახლა, როდესაც ლაპარაკობენ ყირიმის დაბრუნებაზე, ეს უკვე აღარაა ეფემერული რამ, არამედ კონკრეტული და გასაგები ამოცანა, ამოცანა, რომლის შესრულებაც შესაძლებელია.

მეორე მხრივ, ყირიმი უკვე იქცა არამხოლოდ უკრაინის თავისტკივილად და მის მიზნად, აღიდგინოს მთლიანობა, არამედ ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ამოცანადაც.

ბატონი გუდკოვი მართალია, პუტინის რეჟიმი საშიშია – ის პრეცედენტს ქმნის. თუ უკრაინა დაეცემა, თუ ვერ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ ათობით რევანშისტული რეჟიმი მთელ მსოფლიოში დაიწყებს ნადირობას უფრო სუსტ სახელმწიფოებზე, დემოკრატიულ სახელმწიფოებზე, რომლებიც, ასეთ შემთხვევაში, აგრესიის მსხვერპლი გახდებიან. ჩვენ დავინახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენთვის ნაცნობი, დღეისთვის არსებული საზღვრები. ეს პანდორას ყუთია, რომლის გახსნაც არავის უნდა, რადგან ესმის, რომ ახლა მისი დახურვაა საჭირო – სხვაგვარად პუტინი მივა ამ მომენტამდე და ამ პრეცედენტად იქცევა.

უარყოფითი მხარე ამ კითხვის პასუხში ისაა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ არაა მტკიცე იმაში, რომ ეს გააკეთოს აქ და ახლა, გააკეთოს ეფექტიანად, რადგან პუტინს ბირთვული იარაღი აქვს. ეს კი შემაკავებელი ფაქტორია დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ელიტებისა და იმ საზოგადოებებისთვის, სადაც რუსეთის საინფორმაციო, კულტურული თუ სხვაგვარი გავლენა ჯერაც ძლიერია, სადაც რუსეთს წესების კარნახი შეუძლია.

  • დიმიტრი, თქვენი აზრით, რამდენად აღიზიანებს კრემლს ისეთი ინიციატივა, როგორიც „ყირიმის პლატფორმაა?“ სულ მცირე 60 ქვეყანა მონაწილეობდა მასში და განიხილავდა, როგორ გაათავისუფლონ ყირიმი და არამხოლოდ – უკრაინის მთელი ოკუპირებული ნაწილი.

გუდკოვი: ეს რეჟიმის დამარცხებას აახლოებს. მოდი, 2014 წელში დავბრუნდეთ. მე მაშინ დუმაში ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს სახელისუფლო დერეფნებში რასაც ლაპარაკობდნენ. როდესაც მათ ყირიმის ანექსია მოახდინეს, დაიწყო ომი – თავიდან ჰიბრიდული. მერე შექმნა პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები. ტაქტიკა ძალიან მარტივი იყო.

რუსეთი ქმნის სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს და იმის სანაცვლოდ, რომ ასეთი ომი არ დაიწყოს, იწყებს ზეწოლას დასავლეთზე, რომ მან სერიოზული სანქციები არ დაუწესოს და ყირიმის ანექსიაზე თვალი დახუჭოს. ამან მაშინ იმუშავა. დასავლეთის ბევრი ქვეყნის დიპლომატს უღიარებია ჩემთან ამის შესახებ – „დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შემოვიღეთ სანქციები, მაგრამ არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. უხეშად რომ ვთქვათ, თვალს ვხუჭავთ ყირიმზე, მაგრამ მთავარია, რუსეთმა მეტი აღარაფერი დაიპყროს.“

აი, ასეთი გაცვლა იყო, თუმცა ომი მაინც მოხდა.

ომი მოხდა და მან ასწავლა მსოფლიო ლიდერებს, რომ პუტინთან, ომის დამნაშავესთან, არანაირი მოლაპარაკებები არაა საჭირო, მის არანაირ შანტაჟზე აღარ შეიძლება თავის დახრა. თუ შენ დღეს აირჩევ უსაფრთხოებას, აირჩევ სირცხვილს ომის ნაცვლად, მიიღებ ერთსაც და მეორესაც. მათ ეს ახლა შესანიშნავად ესმით. ომი მოხდა. ზელენსკი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მასაც და უკრაინასაც ახლა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში უჭერენ მხარს. ყველას შესანიშნავად ესმის, რომ უკვე აღარც ზელენსკი და აღარც უკრაინელი ერი აღარ დათანხმდება რაიმე კომპრომისს.

თუკი ჯერ კიდევ მარტში შესაძლებელი იყო 23 თებერვლის ხაზთან დაბრუნება, ახლა ეს უკვე პოლიტიკურად გამორიცხულია. ნებისმიერი პრეზიდენტი, ნებისმიერი უკრაინელი პოლიტიკოსი, თუ ახლა ასეთ მოლაპარაკებაზე წავა, დათანხმდება, მაგალითად, ყირიმის დათმობას, ხვალ ის პრეზიდენტი აღარ იქნება. ეს დღეს ყველასთვის ცხადია. ამიტომაც ახლა სტრატეგია ძალიან მარტივია: პუტინის სამხედრო მარცხი. ლაპარაკი მხოლოდ ტერიტორიებზე აღარაა. ლაპარაკია იმაზე, რომ პუტინი უნდა მოშორდეს.

სრულიად ნათელია, რომ როგორც კი ეს რეჟიმი ჩამოიშლება, და ის ჩამოიშლება, შეიძლება ხვალ, ან ერთი წლის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე 23 თებერვალს ჩანდა, აი, მაშინ, სხვა მექანიზმები ჩაირთვება და არა აუცილებლად ძალისმიერი. ამიტომაც, სწორედ რეჟიმის დამარცხების მერე, მჯერა, რომ დასავლეთი შეძლებს რუსეთის ახალ ხელისუფლებას შეუქმნას ისეთი პირობები, რომ საკითხის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: