მთავარი,სიახლეები

„გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას არ დავდებთ – ბულგარეთის მთავრობა

28.08.2022
„გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებას არ დავდებთ – ბულგარეთის მთავრობა

ბულგარეთი რუსულ კორპორაცია „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას არ აპირებს. ამის შესახებ 27 აგვისტოს, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ქრისტო ალექსიევმა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერის თქმით, ბულგარეთის ტექნიკური კაბინეტი თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს.

სოფიაში აცხადებენ, რომ „გაზპრომთან“ არსებული კონტაქტი მხოლოდ მოქმედ კონტრაქტს შეეხება.

„ბულგარეთმა ასევე დაადასტურა თავისი ინტერესი ენერგოგადამზიდავების ერთობლივი შესყიდვის მექანიზმებში მონაწილეობით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმის ფარგლებში“, – აცხადებენ მთავრობაში.

ბულგარეთი საჭიროებების 90 პროცენტზე მეტს რუსული გაზით ფარავდა, სანამ „გაზპრომმა“ არ შეწყვიტა ქვეყნისთვის გაზის მიწოდება აპრილში, მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ყოფილმა მთავრობამ, ევროპული სანქციების გამო, უარი თქვა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე, როგორც ამას მოსკოვი ითხოვდა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბულგარეთს „გაზპრომთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ახლა ოფიციალური სოფია ითხოვს გაზის დარჩენილი მოცულობების მიღების ვადის გაგრძელებას წლის დასრულებამდე ან 2023 წლის ზაფხულამდე.

ბულგარეთი, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი სჭირდება, გაზის მესამედს აზერბაიჯანიდან იღებს, დანარჩენს კი მსოფლიო ბაზარზე ყიდულობს.

2 აგვისტოს ასობით ბულგარელი გამოვიდა ქუჩებში დროებითი მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, იმის შიშით, რომ მთავრობა რუსული გაზის მიწოდების აღდგენას შეეცდებოდა, რაც გაზრდიდა კრემლის გავლენას ბულგარეთის ეკონომიკაზე.

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა დაითხოვა მთავრობა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დანიშნა.

_______________

ფოტოზე: აქცია სოფიაში, „გაზპრომთან“ კონტრაქტის წინააღმდეგ. „თავისუფლება გაზპრომისგან“ – წერია პლაკატზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: