ლანჩხუთის ტერიტორიაზე სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. გზას, რომელიც ლანჩხუთიდან სოფელ ხაჯალიამდე მონაკვეთს მოიცავს, ჩინური კომპანია ააშენებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობის ვადა 2 წელია. ამ მონაკვეთის მშენებლობა შეჩერებული იყო, ვინაიდან წინა კონტრაქტორებთან დეპარტამენტმა ხელშეკრულებები შეწყვიტა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად მშენებლობაზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group Co Ltd-სთან გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.
„სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის [ლოტი 3] მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, „სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად [ლოტად] ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე – ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაშია შესული, ხოლო პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოს იგეგმება.“
კონკრეტულად როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, ამის შესახებ დეპარტამენტს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გზის მე-4 მონაკვეთი [ლოტი] გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების – ხაჯალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას გრიგოლეთთან [შემდგომში, მაგისტრალის ეს მონაკვეთი, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ჩქაროსნულ გზას უნდა მიუერთდეს].
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავა ჰქონდა კომპანიებთან, რომლებსაც კონტრაქტი შეუწყვიტა.
Road Building ALTCOM LLC-ს გზის პირველი მონაკვეთი უნდა აეშენებინა, ხოლო Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მესამე მონაკვეთი, თუმცა, დეპარტამენტის ინფორმაციით ამ კომპანიებმა ვალდებულებები არ შეასრულეს.
დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ ყველა დავა მოიგეს:
„რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟში (პარიზი, საფრანგეთი) მოგებულ დავებს, საერთაშორისო არბიტრაჟმა Road Building ALTCOM LLC-ს მიაკუთვნა დაახლოებით 64 მილიონი ლარი, Todini Costruzioni Generali S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 56 მლნ ლარი და Astaldi S.p.A-ს მიაკუთვნა დაახლოებით 68 მლნ ლარი. გარდა აღნიშნულისა, გაცნობებთ, რომ მთლიანად საერთაშორისო კონტრაქტორების მიმართ ამოქმედებული გარანტიების ფარგლებში ამოღებულ იქნა 123,7 მლნ ლარი. არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები“, – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან დაახლოებით ერთი თვის წინ.
ამ თემაზე:
„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება