მთავარი,სიახლეები

როგორია მემთეური ქალის შრომა და ცხოვრება ხულოს იალაღზე

28.08.2022 •
როგორია მემთეური ქალის შრომა და ცხოვრება ხულოს იალაღზე

„პირველად რომ წამოვედი მთაში, იმაზე ვფიქრობდი, ეს სამი თვე,  90 დღე როდის უნდა გავიდეს-მეთქი“, – იხსენებს 57 წლის მანანა დიასამიძე.

მანანა 30-ზე მეტი წელია, ლოდიძირის იალაღზე მემთეურად დადის. 17-18 წლის იყო, როცა მთაში პირველად მეუღლის ბებიას გამოჰყვა ბავშვებთან ერთად და მემთეურობაც ბებიასგან ისწავლა.

მისი თქმით, ახალგაზრდობაში მთაში წასვლა ყველაზე მეტად იმიტომ არ უნდოდა, რომ მის ქმარს სამუშაოდ ბარში  დარჩენა უწევდა. „ძალიან ძნელად გადიოდა დღეები ბარში დაბრუნებამდე“, – გვითხრა მანანამ.

გვიყვება, რომ შეუძლებელი იყო თავადაც ბარში დარჩენილიყო:

„არ მინდოდა [მთაში ყოფნა], მაგრამ შვილების გამო… შვილები რომ გამეზარდა. არ მსიამოვნებდა [მთაში ყოფნა], მაგრამ რძალი მერქვა და რასაც უფროსები გადაწყვეტდნენ, მაშინდელი რძლები იმას ვაკეთებდით შვილების გამო“.

მანანას მეუღლე აღარ მუშაობს და ახლა მთაში ერთად მოდიან ხოლმე. ქალი ამბობს, რომ ისინი ბედნიერი ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს რომ შრომა შეუმსუბუქონ, საქმის გადანაწილებას ცდილობენ.

ძროხების მოწველა, რძის ნაწარმის, საჭმლის გაკეთება და სისუფთავე მანანას ევალება. მისი ქმარი საქონელს უშვებს საბალახოდ, რძეს ხდის, ცოლს მძიმე ალუმინის ქვაბის გადატანა-გადმოტანაში ეხმარება, შეშას ჩეხავს და ა.შ.

ადრე ბევრ საქონელთან ერთად ჰყავდათ ხარიც და კამეჩემებიც, ახლა კი მხოლოდ 5 ძროხა ჰყავთ.

მანანას თქმით, ახლაც იმიტომ მემთეურობს, რომ უნდა მის შვილებსა და შვილიშვილებს ნატურალური რძის პროდუქტები ჰქონდეთ. არც სტუმრებს ივიწყებს. „გასაყიდად არაფერს ვამზადებ“, – გვითხრა მან.

ჩვენთან საუბრისას მანანამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მემთეურებს მთაში ყოფნისას, ყოველ დღე, ერთი და იგივე საქმე აქვთ.

თუ ბევრი ძროხა ჰყავს მემთეურს, სხვა ქალებთან შედარებით კიდევ უფრო ადრე, 5 საათზე იღვიძებს. მანანას დღე  დილის შვიდის ნახევარზე იწყება, 5 ძროხის მოწველას მაქსმუმ ერთ საათს ანდომებს, შემდეგ ყველი ამოჰყავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სხვა საქმეების გაკეთებას.

მანანა დიასამიძე

„მე ვფიქრობ, ახალგაზრდისთვის მემთეურობა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ყოველდღე ერთი და იგივე საქმე მომაბეზრებელია. ახალგაზრდებს დილით ძილი ურჩევნიათ, რთულია ყოველდღე დილიანად ადგომაც. ახალგაზრდა როცა ვიყავი, არც ჩემთვის იყო [დილით გაღვიძება] სასიამოვნო. არ მომწონდა მაშინ [მემთეურობა] და ალბათ, ყველა ახალგაზრდისთვის ასე იქნება.

ჩემი ხნის ქალები შევეჩვიეთ, ამ საქმეს დავეუფლეთ და კარგად ვაკეთებთ. აღარ მიჭირს არც გაღვიძება, არც ადრე დაძინება და არაფერი“, – ამბობს მანანა.

მისი თქმით, ახლა მხოლოდ კარაქის ცივ წყალში გარეცხვა უძნელდება.

მემთეური ქალები შუამთობის დღესასწაულისთვის ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადებიან სტუმრების დასახვედრად, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან მათთან.

მანანას თქმით, მისი მთის სახლი ერთ საუკუნეს ითვლის და ყოველდღიური ლაგების მიუხედავად, შუამთობის მოახლოების დროს გულდასმით წმენდს მტვერს, ასუფთავებს სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს, რეცხავს თეთრეულს და ბევრ კერძს ამზადებს, სტუმრებს შესაფერისად რომ დახვდეს.

„სტუმრებს დიდი სიხარულით ვხვდებით. ვის რა უყვარს, იმას ვუმზადებთ. ასე რომ ვთქვათ, სამი დღეა თუ ოთხი, ყველა სტუმრისთვის ცალფეხზე ვართ დამდგარი. გვინდა ყველას ვასიამოვნოთ და აქედან, ჩვენი მთიდან ბედნიერები, კმაყოფილები წავიდნენ.

ერთ ამბავში ვართ, რომ ყველაფერი ნორმალურად გავაკეთოთ. საჭმელიც გვქონდეს, ნამცხვარი, [სხვა] ტკბილეული, ხილიც“, – გვიყვება მანანა.

მანანა ამზადებს საჭმელს

მემთეურის თქმით, დასასვენებლად ასული რძლებიც ეხმარებიან ტრადიციული კერძებისა და ტკბილეულის მომზადებაში და თუ ახერხებს შვილებთან, რძლებთან თუ სხვა სტუმრებთან ერთად კონცერტზეც მიდის და დოღის სანახავადაც, მაგრამ თუ ოჯახში სხვა სტუმრებსაც ელოდება, მანანა სახლში რჩება. ამბობს, რომ ეს დიასახლის მოვალეობაა.

„თუ ისურვებ და გინდა წახვიდე, [შუამთობაზე] წახვალ, თუ არ გინდა, არ გაინტერესებს – არ წახვალ. მოინდომებ, წინასწარ გათვლი ყველაფერს, გააკეთებ შენს საქმეს, მოიცლი და გაყვები სხვებს შუამთობაზე“, – ამბობს მანანა.

მემთეური არც ერთ სტუმარს არ უშვებს ხელცარიელს და ყველას იმას ატანს, რაც ყველაზე მეტად მოეწონებათ, იქნება ეს ყურუთი, აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, მურაბა თუ სხვა რამ.

მანანას თქმით, რახან მათი მთის სახლი ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზასთან ძალიან ახლოსაა, თითქმის ყოველდღე ჰყავს სტუმრები, რომლებსაც ძირითადად ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდება.

გვითხრა, რომ ახლა წყალი სახლში აქვთ, მაგრამ ადრე მეზობელი სახლის ეზოდან ხელით ეზიდებოდნენ და სარეცხსაც ხელით რეცხავდნენ.

მემთეურის დღე საღამოს, ძროხების მოწველით მთავრდება. მანანა ცდილობს, ძროხები საღამოს ადრე მოწველოს, რადგან ამ შემთხვევაში დასვენებისთვის შედარებით უფრო მეტი დრო რჩება.

მემთეურობა – ეს წარმოუდგენლად მძიმე შრომა, მხოლოდ ზაფხულის პერიოდს არ მოიცავს. ქალები გვიან შემოდგომამდე, ვიდრე თოვლი არ დაფარავს მთებს, აგრძელებენ პირუტყვს მოვლას სრულიად მარტო – ამჯერად ეგრეთ წოდებულ ყიშლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: