მთავარი,სიახლეები

The Guardian-ის პროგნოზი მომავალი 6 თვისთვის – რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში

27.08.2022 • 4283
The Guardian-ის პროგნოზი მომავალი 6 თვისთვის – რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ, ბრიტანული The Guardian-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების რედაქტორი, დენ საბაღი მკითხველს მომავალი ექვსი თვის პროგნოზს სთავაზობს – 5 სცენარს, რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში.

1. ომი შეიძლება სულ მცირე კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს, თუმცა უკვე ჩიხშია და მისი ინტენსივობაც შემცირებულია

ომი ექვსი თვეა მიმდინარეობს, თუმცა არც უკრაინა და არც რუსეთი, დანაკარგების მიუხედავად, არ არიან მზად, ბრძოლა შეწყვიტონ. უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს, ხოლო რუსეთს სურს კვლავაც ტკივილი მიაყენოს არამხოლოდ თავის ოპონენტს, არამედ მესამე ძალას, დასავლეთს. კრემლს სჯერა, რომ ზამთარი მის სასარგებლოდ იმუშავებს.

მას შემდეგ, რაც ბუჩაში, ირპენსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები გამოჩნდა, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები აღარ გამართულა.

ლისიჩანსკის დაცემის შემდეგ, ივნისიდან, ფრონტის ხაზზე მხოლოდ მინიმალური ძვრებია. ორივე მხარე იმპულსის მოპოვებას ცდილობს და უფრო  და უფრო დაქანცულად გამოიყურება.

2. უკრაინას არ აქვს საკმარისი რესურსი ეფექტიანი კონტრშეტევისთვის, პარტიზანული თავდასხმები კი ოპტიმისტური გზაა რუსეთის კრახის დასაჩქარებლად.

უკრაინას ხერსონის დაბრუნება სურს, თუმცა როგორც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირად საუბრებში აღიარებს, „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები მათ გასაყრელად“. ამიტომ კიევმა თავის სტრატეგიად რუსეთის ბაზებზე შორსმოქმედი შეიარაღებითა და სპეცდანიშნულების რაზმებით თავდასხმები აირჩია.

პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მიზანი „რუსეთის ძალებში ქაოსის გამოწვევა“ იყო. მართალია, ეს მოქმედებები ასუსტებს დამპყრობელთა ეფექტიანობას, მაგრამ სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ რუსებმა ხერსონი თავისით დათმონ.

3. რუსეთს კვლავაც სურს, წინ წაიწიოს, თუმცა მისი ყურადღება, სავარაუდოდ, უკვე დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებაზეა გადატანილი.

რუსეთს არ აქვს შეტევის სხვა ახალი გეგმა, გარდა იმისა, რომ ინტენსიურად გამოიყენოს არტილერია, დაანგრიოს ქალაქები და ასე გაიკვლიოს გზა წინ. ის ასე ნაწილობრივ იმიტომ იქცევა, რომ ეს ეფექტიანია, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ თავისი დანაკარგები შეამციროს. ამ სტრატეგიას იყენებს რუსეთი ბახმუტშიც, თუმცა პროგრესი ნელია, გარკვეულწილად იმიტომაც, რომ მეთაურობა იძულებული გახდა, ჯარის ნაწილი ხერსონის გასაძლიერებლად გადაესროლა.

შესაძლოა, კრემლმა ვერ მიაღწია იმას, რის იმედიც ომის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა რუსეთს ახლა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია უკავია და აქტიურად ლაპარაკობს რეფერენდუმებზე.

  1. ზამთარი ლტოლვილთა ახალ კრიზისს დააჩქარებს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის იმ მხარეს, რომელიც უკეთ მოემზადება.

ზამთარი მთავარი თემაა, რომელზეც ორივე მხარე სტრატეგიულად ფიქრობს. უკრაინა უკვე ღელავს ჰუმანიტარულ საკითხებზე, რადგან ბუნებრივი აირით გათბობა აღარაა შესაძლებელი დონეცკის ოლქის კორპუსებში და ფრონტის ხაზის გასწვრივ. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იწინასწარმეტყველა, რომ ზამთარში გაჩნდება ლტოლვილების ახალი ტალღა და დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი კვლავ პოლონეთის საზღვარს მიაწყდება.

რუსები ზამთარს, როგორც ხელსაყრელ შესაძლებლობას, ისე უყურებენ.  უკრაინა შიშობს, რომ რუსეთმა შეიძლება მიზანში ამოიღოს უკრაინის ენერგოსისტემა და გათბობის პრობლემა კიდევ უფრო გაართულოს. მოსკოვმა ასევე შეიძლება გაზარდოს ზეწოლა დასავლეთზეც.

არაა გამორიცხული, გაზაფხული შეტევების განახლების დრო აღმოჩნდეს – თითოეულ მხარეს ენდომება, რომ შემდეგი საბრძოლო სეზონისთვის უკეთ მოემზადოს.

  1. დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, მას უნდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, თუ უბრალოდ ბრძოლა გააგრძელოს – და ასევე უნდა იზრუნოს უკრაინის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე.

დასავლეთის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხდებოდა, თუმცა დასავლეთს რომ უკრაინისთვის საკმარისი არტილერია და სხვა შეიარაღება, მაგალითად, გამანადგურებელი თვითმფრინავები მიეცა, კიევი შეძლებდა დამპყრობლები საკუთარი მიწიდან განედევნა.

პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, რომ საჭიროა აიძულონ რუსეთი ომისწინანდელ საზღვრებს დაუბრუნდეს, თუმცა ამისთვის საკმარის შეიარაღებას არ იძლევიან.

ამავე დროს, იზრდება უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებებიც. მაგალითად, არ არის საკმარისი ფინანსები ინფრასტრუქტურის აღსადგენად – და ბევრი სახლი კიევის ჩრდილო აღმოსავლეთ და ჩრდილო დასავლეთით რუსების გასვლიდან 5 თვის შემდეგაც ნანგრევებადაა ქცეული – ხალხი კი ადგილზე მოწყობილ სახელდახელო თავშესაფრებში ან ავტოფარეხებში ცხოვრობს.

უკრაინის ბიუჯეტის დანაკლისი ომის გამო თვეში $5 მილიარდია; დახმარება და აღდგენის სამუშაობები კი გაცილებით ძვირი დაჯდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: