მთავარი,სიახლეები

ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად გაითიშა უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან

25.08.2022 • 1327
ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად გაითიშა უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან

თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გამოეთიშა უკრაინის ერთიან ენერგოსისტემას.

„ენერგოატომი“, სახელმწიფო კომპანია, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს მართავს, იუწყება, რომ საერთო ელექტროსისტემიდან გამოირთო სადგურზე დარჩენილი ორი ბლოკიც.

„ენერგოატომის“ ინფორმაციით, 25 აგვისტოს, 12 საათსა და 12 წუთზე, ატომური ელექტროსადგურის რაიონში სამხედრო მოქმედებების შედეგად, გამოირთო საჰაერო ხაზი ВЛ-750 „დნეპროპეტროვსკაია“.

რამაც, თავის მხრივ, ქსელიდან მე-5 და მე-6 ენერგობლოკების გათიშვა გამოიწვია.

კომპანიის ცნობით, 12 საათსა და 29 წუთზე, „დნეპროპეტროვსკაიას“ ხაზის აღდგენის შემდეგ, მე-6 ენერგობლოკი კვლავ ჩაერთო ქსელში, თუმცა საათსა და 15 წუთში გადამცემი ხაზი ისევ გამოირთო, შესაბამისად – მე-6 ენერგობლოკიც.

„ენერგოატომში“ განმარტეს, რომ ხანძრის გამო ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურთან, რომელიც, თავის მხრივ, ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს, ორჯერ გაითიშა უკანასკნელი მეოთხე ხაზი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს უკრაინის საერთო ენერგოსისტემასთან აკავშირებდა. კომპანიის ცნობით, დანარჩენი სამი ხაზი სროლების გამო მანამდე დაზიანდა.

„ენერგოატომი“ იუწყება, რომ თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, ქსელიდან გათიშულია ატომური სადგურის ექვსივე ენერგობლოკი.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ ატომური სადგურის ელექტრომომარაგება საერთო სისტემიდან ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურის გავლით ხდება და აღნიშნავენ, რომ ცდილობენ, ერთი ენერგობლოკი მაინც დააბრუნონ ქსელში.

ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის ცნობით, 14:30 საათის მდგომარეობით, რადიაციული ფონი ქალაქში, საათში 10,4 მიკრორენდგენია, რაც ნორმის ფარგლებშია.

მერმა მანამდე განაცხადა, რომ სროლების გამო ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 22 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს  ზაპოროჟიეს თბოელექტროსადგურს, რომელიც ატომურ სადგურთან ახლოს, ოკუპირებულ ენერგოდარში მდებარეობს.

რა ხდებოდა მანამდე – მოკლედ:

  • 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში გაეროს მისიის ჩასვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა, თუმცა მივიდნენ თუ არა პრეზიდენტები რაიმე შეთანხმებამდე, უცნობია.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნებოდა, კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე პროვოკაციას გეგმავდა. უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევა იყო, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაედანაშაულებინათ.
  • აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი თავად გეგმავდა პროვოკაციას სადგურზე, რათა შემდეგ ის უკრაინისთვის დაებრალებინა.
  • საბოლოოდ, 19 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელი ინციდენტი არ მომხდარა.
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეში ჩავა და იქ შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.
  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობების თანახმად,  სადგურის ტერიტორიაზე კვლავაც განლაგებულია მძიმე ტექნიკა და ამას 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოებიც ადასტურებს.
  • უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს და მუდმივი საარტილერიო დარტყმებით საფრთხეს უქმნიან მას.
  • დასავლური მედიის ცნობით, რუსებმა ატომური სადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და ტექნიკა განალაგეს და სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ.
  • რუსეთის თავდაცვამ ეს ინფორმაცია უარყო. უწყების თქმით, რუს სამხედროებს ტერიტორიაზე არ აქვთ მძიმე შეიარაღება და მზად არიან ეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სატელიტური ფოტოებით დაუმტკიცონ.
  • „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.
  • მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
  • ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიის შემთხვევაში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.
  • ექსპერტების გათვლებით, ავარია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე გამანადგურებელ შედეგებს მოიტანს და ევროპის რამდენიმე ქვეყანას დააზარალებს.
  • რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: