მთავარი,სიახლეები

რისთვის ემზადება პუტინი და რატომ გაზარდა არმიის რაოდენობა – The New York Times

26.08.2022
რისთვის ემზადება პუტინი და რატომ გაზარდა არმიის რაოდენობა – The New York Times

The New York Times-ის ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, 137 ათასი სამხედროთი გაზარდოს არმიის პირადი შემადგენლობა, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გახანგრძლივებული ომისთვის ემზადება.

გამოცემა მიუთითებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, პუტინმა ასეთი ბრძანება პირველად გამოსცა. ამასთან, პროპაგანდისტები და რუსეთის ოფიციალური პირები პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისგან თავს იკავებენ.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, „პუტინმა ბრძანება ზუსტად იმ დროს გამოსცა, როდესაც ის ძალიან შორსაა თავისი მიზნისგან, დაიპყროს უკრაინა ან მისი დიდი ნაწილი მაინც“.

„არმიის რაოდენობის გაზრდა ის ნაბიჯი არაა, რომელსაც დგამთ, როდესაც საკუთარი ომის მალე დასრულებას ელოდებით,“ – ამბობს RAND Corporation-ის მკვლევარი დარა მასიკოტი და დასძენს, რომ „ეს ისაა, რაც მაშინ აკეთებთ, როდესაც გახანგრძლივებული კონფლიქტის გეგმას ამზადებთ“.

NYT-ის აზრით, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება საიმისოდ, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა მომავალ ზამთარსაც გადასცდეს და კიდევ დიდხანს გაიწელოს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობა 137 ათასი ჯარისკაცით გაზარდა – 1,15 მილიონ სამხედრომდე. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი 25 აგვისტოს, მოაწერა.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება პირადი შემადგენლობის გასაზრდელად ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფასაც გაითვალისწინებს.

საერთო ჯამში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა რაოდენობა 2 მილიონ 39 ათასი ადამიანი იქნება. სამხედროების გარდა ამ რიცხვში სამოქალაქო პერსონალიც შედის.

ბრძანებაში არაა დაზუსტებული, როგორ აპირებს რუსეთის ხელისუფლება ახალი სამხედროების არმიაში მიღებას.

რუსეთში ერთწლიანი სავალდებული სამხედრო სამსახური 18-დან 27 წლამდე კაცებისთვისაა სავალდებულო.

უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსეთში ომის გამო ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით იქმნება მოხალისეთა ბატალიონები. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კი უკრაინაში ომში გასაგზავნად ციხეებიდან პატიმრები გამოჰყავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: