მთავარი,სიახლეები

უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში

26.08.2022 • 6618
უკრაინის გმირი, რომლის დანაყოფმაც მტრის 200 მანქანა ააფეთქა და ჩაიგდო ხელში

23 თებერვალს სერგი ბურკოვსკის მეთაურობით დამხმარე საინჟინრო ბაზის ჯარისკაცებმა საბრძოლო ბრძანება მიიღეს. მათ ჩერნობილისკენ წასვლა და სამი საგზაო ხიდის აფეთქება დაევალათ.

როგორც ბურკოვსკი ჰყვება, დაზვერვის დროს აღმოჩნდა, რომ იქ მეოთხე ხიდიც იყო, ძველის პარალელურად აშენებული. საღამოს სამხედრო დანაყოფმა ასაფეთქებელი ნივთიერებები მიიღო. ჯარისკაცები ჩასაფრდნენ…

სერგი ბურკოვსკისა და მისი დანაყოფის მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე უკრაინის თავდაცვის ძალების საინფორმაციო გამოცემა „Armyinform” წერს.

24 თებერვალს, დილის 4 საათზე მესანგრეები საჰაერო თავდასხმამ გააღვიძა. ომი დაიწყო. ჩვეულებრივი მანევრირების დრო არ იყო, ამიტომ ასაფეთქებელი მოწყობილობები პირდაპირ ხიდის ბარიერებზე დაამაგრეს, თუმცა აფეთქებისგან დროებით თავი შეიკავეს და სწორადაც მოიქცნენ: გამთენიისას ამ ხიდზე ევაკუირებულებმა გადაიარეს: ეროვნული გვარდიის დანაყოფებმა, მესაზღვრეებმა და მშვიდობიანმა მოსახლეობამ.

ხიდის აფეთქება ჯარისკაცებს უგვიანდებოდათ, დრო იწურებოდა და კიდევ ორი ხიდი იყო დასანაღმი.

ძალიან რთული იყო განსაზღვრა, როდის იყო საუკეთესო დრო ხიდის ასაფეთქებლად. მიუხედავად ამისა სერგიმ ამ რთულ დროს ზუსტად განსაზღვრა, როდის უნდა აფეთქებულიყო ხიდი.

ააფეთქეს ზუსტად იმ დროს, როცა ამ ხიდზე ოკუპანტების პირველმა მანქანამ გადაიარა.

სასწრაფოდ დასანაღმი იყო მეორე ხიდიც.

დრო ისევ ცოტა იყო, ამიტომ ტროტილი ყუთებით პირდაპირ სატვირთო მანქანებიდან ჩამოტვირთეს თოკებით და ხიდს ქვემოდან მიამაგრეს.

ახლომახლო უკვე ბრძოლები იყო გაჩაღებული. მუშაობდა მტრის „გრადები“ და არტილერია. უკრაინელების ბოლო შენაერთების გადასვლას ელოდნენ ხიდზე.

ამასობაში კიდევ ერთი ხიდი დარჩა დასანაღმი – მდინარე უჟზე, სერგიმ და უფროსმა ლეიტენანტმა დმიტრომ ჯგუფთან ერთად დროზე მიაღწია ხიდამდე. თითქმის მტრის თვალწინ დანაღმეს ხიდი. ჯარისკაცები წელამდე ყინულიან წყალში მუშაობდნენ და ასე ნაღმავდნენ ხიდს.

როცა ოკუპანტების პირველმა ტალღამ დაიწყო გადასვლა, უკრაინელებმა ხიდი ააფეთქეს.

აფეთქებული ხიდი

უკან გამობრუნებისას სერგიმ ხელსაყრელი ადგილები დაინახა: ერთ მხარეს ჭაობი იყო, მეორეგან დაჭაობებული ტყე. მათ შორის გზა გადიოდა.

რადგან ხიდების დანაღმვისას ტროტილი დარჩათ, ეს ტერიტორიაც დანაღმეს: ჭაობიც და დაჭაობებული ტყეც.

24 თებერვლის გვიან საღამოს მესანგრეები ჩერნიგოვის ოლქში დაბრუნდნენ და ერთ-ერთი ქალაქის გამაგრება და თავდაცვის მობილიზება დაიწყეს. საარტილერიო ბაზების მცველებს თუ არ ჩავთვლით, ქალაქში მათ გარდა ჯარი არ იყო. მესაზღვრეები დასახლების მისადგომებთან ნაღმ-ასაფეთქებელ ბარიერებს ამონტაჟებდნენ.

25 თებერვალს, დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელების მიერ დანაღმულ ხიდზე ოკუპანტების სამი ჯავშანტრანსპორტიორი აფეთქდა.

სერგი ბურკოვსკის დანაყოფის მიერ აფეთქებული რუსული საბრძოლო ტექნიკა

მიუხედავად იმისა, რომ სერგი ბურკოვსკი დაბომბვებისას დაიჭრა, მაინც განაგრძო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა და ჯარისკაცებს სხვადასხვა პოზიციაზე დანაწილება:

„მთელი ტყე დანაღმული გვქონდა, სადაც შეგვეძლო ჩავასაფრეთ მესანგრეები. ოკუპანტები გზადაგზა ჩერდებოდნენ და დროს კარგავდნენ, ამასობაში მათ ჩვენი მესანგრეები ესროდნენ, თუ გაქცევას გადაწყვეტდნენ ორი გზა იყო: დანაღმული, ჭაობიანი ტყე და მეორე მხარეს ჭაობი, თუ გაიქცეოდნენ ფეთქდებოდნენ – ასე გადარჩა ჩვენი ქალაქი მათ შემოსევას. ვერ მოაღწიეს ქალაქამდე.

კიდევ ერთი ქვედანაყოფი შემოგვიერთდა და 4 ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც მტრის ზურგისკენ გაემართა. ტერიტორია დანაღმეს და ქალაქში შემოსვლის მცდელობისას ოკუპანტები ნაღმზე ფეთქდებოდნენ.

ყველა ჩვენს ნაღმზე მტრის ტექნიკა, ან ცოცხალი ძალა იწვოდა“, – იხსენებს პოლკოვნიკი ბურკოვსკი.

სერგი ბურკოვსკის დანაყოფის მიერ აფეთქებული რუსული საბრძოლო ტექნიკა

პირველივე თვეს სერგეი ბურკოვსკის ხელმძღვანელობით მესანგრეებმა გაანადგურეს ოკუპანტების ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა ექვსი მანქანა. საბრძოლო მასალებით სავსე სატვირთო, საკვები პროდუქტებით სავსე სატვირთო და ხუთი ბენზინმზიდი.

გაანადგურეს ასევე: 5 ჯავშანტრანსპორტიორი „Тигр“, სამი ტანკი, ორი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ТОР-ი და ორი ჰაუბიცა Мста-С, ორი ჰაუბიცა “Msta-B”, ტანკი Т-72, “გრადის” ორი საზენიტო სარაკეტო სისტემა, საარტილერიო ცეცხლსასროლი სამართავი მანქანა 1В110 და მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი „ტაიფუნი“ – ეს პოლკოვნიკის დანაყოფის მიერ განადგურებული რუსული ტექნიკის არასრული ჩამონათვალია.

სერგი ბურკოვსკის დანაყოფის მიერ დანაღმულ, ჭაობიან ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ტექნიკა ვეღარ გადაადგილდა

როგორც სერგი ჰყვება, 31 მარტს, როცა ოკუპანტები უკან ბრუნდებოდნენ მიწა იწვოდა მათ ფეხქვეშ, ტექნიკას ისინი გზებსა და მინდვრებში ტოვებდნენ. მესანგრეებმა მტრის ტექნიკის 47 ერთეული გაანადგურეს და ასამდე საბრძოლო ტექნიკა უვნებლად ჩაიგდეს ხელში.

„2014 წელთან შედარებით მეტი გამოცდილება გვაქვს, მეტი პრაქტიკა, უკვე კარგად ვიცით, როგორ აღვჭურვოთ ესა თუ ის პოზიცია. ჩვენ უკვე  ვიცით, როდის რა უნდა გავაკეთოთ. შეიძლება ხანდახან კი… მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის საშინელება, შიშზე უფრო ბრაზი გვამოძრავებდა“, – ამბობს სერგი ბურკოვსკი.

26 მარტს პოლკოვნიკ სერგი ბურკოვსკის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის ოქროს ვარსკვლავით დააჯილდოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: