მთავარი,სიახლეები

პუტინმა და შოიგუმ 6 გენერალი გაათავისუფლეს უკრაინაში წარუმატებლობის გამო – ბრიტანეთის დაზვერვა

26.08.2022 • 1821
პუტინმა და შოიგუმ 6 გენერალი გაათავისუფლეს უკრაინაში წარუმატებლობის გამო – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის 24 აგვისტოს განცხადებას აფასებს. სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი განზრახ ანელებს „სპეცოპერაციის“ ტემპს, რათა სამოქალაქო მსხვერპლი შეამციროს.

„ეს განზრახული დეზინფორმაციაა. რუსეთის შეტევები შენელდა რუსეთის არმიის ცუდი მოქმედებისა და უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობის გამო. უკრაინაში მყოფმა რუსეთის ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს დაგეგმილი ოპერაციული ვადები.

დიდი ალბათობით, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა სულ მცირე ექვსი გენერალი მაინც გაათავისუფლეს სწორედ იმიტომ, რომ მათ უკრაინაში საკმარისად სწრაფი წინსვლა ვერ უზრუნველყვეს,“ – წერს უწყება 26 აგვისტოს რელიზში.

დაზვერვა მიუთითებს, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც შოიგუმ ეს განცხადება გააკეთა, რუსული ბალისტიკური რაკეტა ჩაპლინოში მატარებელს დაეცა და ორი ბავშვი მოკლა. ეს ადასტურებს, რომ რუსეთი ნამდვილად არ ერიდება სამოქალაქო მსხვერპლს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იყო. დაზვერვა სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერდა, რომ სადგურის ტერიტორიაზე კვლავაც განლაგებულია რუსული სამხედრო ტექნიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: