მთავარი,სიახლეები

პატრონი ჰყავს? გათხოვილია? – როგორ ესხმიან თავს საჯარო მოხელეები და „ოცნების აქტივი“ ქალს

26.08.2022 •
პატრონი ჰყავს? გათხოვილია? – როგორ ესხმიან თავს საჯარო მოხელეები და „ოცნების აქტივი“ ქალს

სამოქალაქო აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს – ამ პროცესის ამსახველ ვიდეოკადრებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით, ფეისბუქის გვერდზე საჯარო მოხელეები და „ოცნების“ აქტივი ავრცელებს. გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ კი ვიდეოს ავრცელებს წარწერით: „ჩვენი ბათუმელი პაციენტი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამავე წარწერით კადრებს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკუთარ გვერდზე აზიარებს.

  • როცა სისტემა ერთი მოქალაქის ჩაგვრაზე მობილიზაციას აცხადებს

თენგიზ აფხაზავას გვერდზე გაზიარებულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კომენტარებში აქტივისტს დასცინიან, ლანძღავენ, აგინებენ, აყენებენ შეურაცხყოფას. კომენტარების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ აქტივისტი ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონიათ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლანძღავენ მას, გიჟად მოიხსენიებენ და წერენ: „გააგდეთ მაქედან“.

თენგიზ აფხაზავამ კარგად იცის, რომ ირმა ზოიძე წლებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამცველია და ბათუმის განაშენიანებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ასევე კარგად იცის, რომ ის არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და არც საკრებულოს, მაგრამ საკრებულოს წევრი საკუთარ გვერდზე ერთხელაც არ მიანიშნებს ამაზე. ის იმაზე, რაც მის გვერდზე აქტივისტის მიმართ ხდება, არ გრძნობს რაიმე უხერხულობას.

აქტივისტს, ამომრჩეველს, რომელმაც ბულვარის, როგორც ძეგლის დასაცავად ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის გადაწყვეტილება მაგიდაზე ბრახუნით გააპროტესტა, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ უპასუხა ვიდეოს გაზიარებით, რომელსაც აწერია: „ფსიქიატრიული პაციენტი – ნაციონალური მოძრაობიდან“.

როგორც ჩანს, გვერდი „ფსიქიატრიული ოთახი 5.2.5“ „ოცნების“ მომხრეებმა შექმნეს, აქ მხოლოდ მათ აქილიკებენ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, გარკვეული ჭორების გასამყარებლად კი ფოტომონტაჟს იყენებენ.

თენგიზ აფხაზავას ვკითხეთ, თუ უქმნის რაიმე უხერხულობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქტივისტის მიმართ ატეხილი კამპანია. გვეუბნება, რომ აინტერესებს, როცა საკითხს ასე ვსვამთ, რატომ არ ვითვალისწინებთ ამ აქტივისტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, რაც ასევე მწვავე და შეურაცხმყოფელია მათთვის.

ვიდეო, რომელშიც აქტივისტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე აბრახუნებს, ერთი გვერდიდან 140-მა პირმა გააზიარა, მათ შორის არიან საჯარო მოხელეები არამხოლოდ ბათუმიდან. კომენტარებს წერენ ქობულეთის, ქუთაისის მერიის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები ზესტაფონიდან, სამეგრელოდან, ბათუმის მერიაზე დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან და ასე შემდეგ.

მათ არ იციან და არც აინტერესებთ, რას აპროტესტებს აქტივისტი, რა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.

მათი უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ირმა ზოიძე საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ უშვერი სიტყვებით აგინონ და გიჟად გამოაცხადონ.

აქტივისტის პროტესტის გასაქილიკებლად კომენტარებში თენგიზ აფხაზავას მხარდაჭერა ყოფილმა თანამშრომლებმა გამოუცხადეს „ბათუმის ბაღების გაერთიანებიდან“. მაგალითად, ნატალია ცინცაძე, რომელსაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უწერია, რომ ბათუმის #23-ე საბავშვო ბაღის თანამშრომელია, ირმა ზოიძის აქტივობას ასე ხნის: „…ზაფხულია, ცხელა, ცხელა“, მას „ბაღების გაერთიანების“  თანამშრომელი ია ყალიჩავა პასუხობს, რომ „ზამთარშიც არანაკლებ“.

„რა უნდათ ასეთ დებილებს საკრებულოში?“ – სვამს კითხვას თამაზ ზაქარაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მას მითითებული აქვს, რომ ის „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელია. მასაც ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონია.

კომენტარებში წერენ: „საწყალი“, „სამარცხვინო“, „პატრონი არ ჰყავს?“, „სასწრაფოს გამოუძახეთ ვინცხამ“, „მაგას ფსიქიატრიულიც ვეღარ უშველის“, „დასცხა და იქროლებს“ და ასე შემდეგ. 

ამ კომენტარებში გადაჭარბებული მონდომებითა და ორიგინალურობით გამოირჩევიან „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები. მათ შორის ერთს, თენგიზ მესხიძეს, აინტერესებს, ეს აქტივისტი „გათხოვილია თუ არა.“

 თენგიზ მესხიძე მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, შესაბამისად ბათუმის მერიის თანამდებობის პირია.

„რა გვარია ეს ქალი? აქამდე რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო, ყველგან ეტენებოდა და ბოლოს მიუღწევია საკრებულოს დეპუტატობისთვის. გათხოვილი თუ არის?“. თენგიზ მესხიძის ამ კითხვას ვინმე დარეჯან ბარაბაძე პასუხობს: „გასათხოვი თუა, ვინ ითხოვს და გათხოვილი თუა – უბედური ის ოჯახი“. ეს კომენტარი თენგიზ მესხიძეს მოსწონს. მისივე ფეისბუქგვერდის თანახმად, დარეჯან ბარაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობს.

თავად თენგიზ მესხიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომენტარი არ დაუწერია და ფეისბუქის გვერდი მისი სახელითა და გვარით, მისი და მისი ოჯახის ფოტოებით, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის: „მაგას გავარკვევ ვისია, კომენტარებს საერთოდ არ ვწერთ-მეთქი გეუბნებით, მე არ დამიწერია“.

კომენტარისგან თავი ვერც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა, გელა შაინიძემ შეიკავა.

„ნახე, როგორ უბერავს. ეს ალბათ რეგლამენტით დაშვებულია, ვინაიდან არავინ არ უშლის ხელს“, – წერს ის და  მასაც ირმა ზოიძე საკრებულოს წევრი ჰგონია. მისი კომენტარი მოსწონს თენგიზ მესხიძეს.

გელა შაინიძე მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. მასაც დავურეკეთ, კითხვა მოისმინა და ტელეფონი გამორთო – „ღელეში ვარ და მეთიშებაო“.

„პატრონი ჰყავს?“ –  კითხულობს მერაბ შავაძე, როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული, ის „საქაერონავიგაციაში“ მუშაობს, „ოცნების“ მხარდამჭერია და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფოტოს გადაღებაც მოუხერხებია.

საქმეში საარქივო სამმართველოს უფროსი მაკა ივანიშვილიც ჩაერთო. მან ორი კომენტარი დაწერა: „არიქა, უშველეთ – ბნედის შეტევა აქვს“, „სასწრაფოს გამოუძახეთ ვინცხამ.“

მთავარი ფოტო: ირმა ზოიძის პროტესტი ბათუმის საკრებულოში. ის აპროტესტებს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმიდან „ამბასადორის“ შესახებ ამ ჩანაწერის ამოღებას – „შეუსაბამო ნაგებობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: