მთავარი,სიახლეები

რუსეთსა და ფინეთს შორის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ჩერდება

25.03.2022 • 1315
რუსეთსა და ფინეთს შორის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ჩერდება

ფინეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი 28 მარტს შეაჩერებს ჰელსინკსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მიმოსვლას. ეს სარკინიგზო მარშრუტი ცნობილია როგორც „ალეგრო“ (Allegro). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ალეგროს“ მგზავრთა გადაყვანის ხელმძღვანელმა 25 მარტს განაცხადა, რომ კომპანიამ მითითება მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მიიღო. ამის მიზეზი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, საქმიანობის გაგრძელების მიზანშეუწონლობა აღმოჩნდა.

როგორც „როიტერსი“ წერს, პეტერბურგისა და ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის დამაკავშირებელი მატარებლები გადატვირთულია რუსეთიდან ფინეთის მიმართულებით მიმავალი მგზავრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და რუსეთიდან ევროპის ქვეყნებთან დამაკავშირებელი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.

ფინეთის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო კომპანიებზე, ფინურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ სარკინიგზო მიმოსვლა ამ დრომდე ნარჩუნდებოდა, რათა რუსეთში მყოფ ფინელებს შესძლებოდათ სამშობლოში დაბრუნება.

„ახლა აშკარაა, რომ სიტუაცია შეიცვალა და ალეგროს მოძრაობის გაგრძელება აღარ არის მიზანშეწონილი,“ – თქვა მან.

ფინეთსა და რუსეთს შორის საზღვარი კვლავაც ღიაა და ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა სახმელეთო გზით (მანქანით) შესაძლებელია.

_______________

ფოტო: EPA-EFE/MAURI RATILAINEN

გადაბეჭდვის წესი


ასევე: