ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ბოლო რამდენიმე თვე შეჩერებული იყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 12 ნოემბერს უთხრეს, რომ შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. იგივე დაგვიდასტურეს მშენებელ კომპანიაშიც.
„რამდენიმე დღეა სამუშაოები გარკვეულ მონაკვეთებში განახლდა. უახლოეს პერიოდში კი, სამუშაოები მთელ მონაკვეთზე გაიშლება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში რომან პატარიძემ, კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
რომან პატარიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი კომპანიის ფინანსური პრობლემები იყო. „ეს პრობლემები მოგვარებულია“, – გვითხრა მან ამჯერად, თუმცა პრობლემების მიზეზებზე კომპანიაში არაფერს ამბობენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი სამუშაოების შეჩერებაზე საერთოდ არ საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მშენებლობა „დაბალი ტემპით მიმდინარეობდა“.
ბათუმის შემოვლითი გზა გადის სოფელ მახვილაურშიც. მოსახლეობა ამბობს, რომ „პროექტს პრობლემები შეექმნა და როგორც თქვეს, აქ მცოცავი ნიადაგის გამო შეიძლება გზის არსებული მარშრუტი შეიცვალოს“, რასაც არ ადასტურებენ მშენებელ კომპანიაში.
„გარკვეულ მონაკვეთში სავალი ნაწილი უნდა მოწყობილიყო მიწაყრილზე, თუმცა ვინაიდან ნიადაგი რბილია, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და გაკეთდა ხიდი, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება პროექტში არ არის. გზა აშენდება იმ მარშრუტით, როგორც თავიდანვე იყო დაპროექტებული“, – გვითხრა რომან პატარიძემ.
განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 16 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე არსებული გამოწვევები გადაჭრილია და სამშენებლო სამუშაოები განახლდა.“
„3 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია, დანარჩენ 2 გვირაბზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს; ასევე გრძელდება დარჩენილი ხიდების სამშენებლო სამუშაოები. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება.“ – აღნიშნული იყო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ კი, მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, გზის მშენებლობა რაც შეიძლება ადრე დავასრულოთ“, – გვითხრეს კომპანიაში.
ბოლო ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ბათუმის ავტობანის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.
ბათუმის ავტობანისთვის 329 მილიონ 630 ათას 734 ლარი დაიხარჯება.
ამავე თემაზე:
„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება