მთავარი,სიახლეები

საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ ჩვენ მოსკოვს მივცემთ დრონებს – ბაირაქტარი

26.08.2022
საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ ჩვენ მოსკოვს მივცემთ დრონებს – ბაირაქტარი

„ბიბისი“ სტამბოლში ძმებ ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარებს შეხვდა, ცნობილი დრონების კომპანიის მფლობელებს, რომელთა მიერ წარმოებულ „ბაირაქტარს“ უკრაინა წარმატებით იყენებს ომში.

მიჰყიდით თუ არა რუსეთს ბაირაქტარის დრონებს, დიდი თანხის შეთავაზების შემთხვევაში? – ჰკითხა „ბიბისიმ“ ჰალუკ ბაირაქტარს,  Baykar Defence-ის გენერალურ დირექტორს.

„ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი.  ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან უკვე მრავალი წელია გრძელდება. ამიტომ რა ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ, გულწრფელად რომ ვთქვათ, საუბარიც არ შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში იმაზე, რომ ჩვენ მათ [მოსკოვს] მივცემთ დრონებს.

ამ პერიოდში ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინის მხარესაა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი და უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და დაუსაბუთებელი თავდასხმის ქვეშაა. ამიტომაც, არაფერი დაჩრდილავს ჩვენს თანამშრომლობას უკრაინასთან, რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია,“ – ასე უპასუხა ჰალუკ ბაირაქტარმა შეკითხვას.

ამავე დროს „ბიბისი“ წერს, რომ ჰალუკ ბაირაქტართან ინტერვიუს ჩაწერის დღეს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, ბაირაქტართან თანამშრომლობა სურს, თუმცა ძმებმა ბაირაქტარებმა ამაზე კომენტარი „ბიბისისთან“ არ გააკეთეს.

„ბიბისი“ წერს, რომ ჰალუკ ბაირაქტარის კაბინეტში, კედელზე, ქარვისგან დამზადებული უკრაინული ქოხის სურათი კიდია, ხოლო ინტერვიუსას, პირველ რიგში, ჰალუკმა მათ სიამაყით აჩვენა ღირსების ორდენი, რომელიც მას 2020 წელს კიევში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადასცა.

ავიამშენებელი კომპანია Baykar-ი 1984 წელსაა დაარსებული, თუმცა კომპანიის სახელი მსოფლიოში განსაკუთრებით ცნობილი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, როცა უკრაინის თავდაცვამ ეფექტურად დაიწყო თურქული კომპანიის მიერ წარმოებული სამხედრო დრონების გამოყენება.

კომპანიას ძმები, ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები მართავენ. სწორედ მათ უკავშირდებათ დრონის – ТВ2 -ის შექმნა, რომელსაც უკრაინა იყენებს. სელჩუქ ბაირაქტარი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა [შვილის ქმარი] და ბევრი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ძმების კომპანიის წარმატებას, რასაც სელჩუკ ბაირაქტარი არ ეთანხმება – იგი ამბობს, რომ უპილოტო საფრენ აპარატებზე მუშაობა 2000 წელს დაიწყეს, სუმეიე ერდოღანზე კი 2016 წელს დაქორწინდა.

19 აგვისტოს, როცა თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, დელეგაციაში იყო ჰალუკ ბაირაქტარიც. მან ტვიტერზე ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„უკრაინის გმირი პრეზიდენტი, რომელიც უძღვება თავის ხალხს და თავის არმიას… ჩვენ შევხვდით“.

_____________________

ფოტო ჰალუკ ბაირაქრატის ტვიტერიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: