მთავარი,სიახლეები

„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

26.08.2022 • 20576
„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ელოდება რუსეთი ზამთარს“ – გადამდგარი გენერალი

„ომის დანაშაულია სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. რუსეთი რომ დაისაჯოს როგორც სამხედრო დამნაშავე, ამისათვის რუსეთის ხელისუფლება უნდა დააკავონ. ეს რომ მოხდეს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს“, – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

რა ხდებოდა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე, რატომ შეანელა შეტევის ტემპი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და აქვს თუ არა უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად საჭირო ძალები? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • დავიწყოთ სამხრეთის ფრონტით. რა ხდება ახლა იქ, რა პოზიციები უკავიათ მხარეებს?

ზოგადად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა სამხრეთით, ხერსონი-ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ეს არის პოზიციური დაპირისპირება, რომელიც ძირითადად გამოიხატება მცირე კონტრშეტევებში. ფაქტობრივად, არ იძვრის ადგილიდან ფრონტი. რუსები მაინც ცდილობენ, თავდაცვისათვის ძალების აკუმულირებას. უკრაინელებს ჯერ ძალები არ ჰყოფნით ფართო მასშტაბის მოქმედებებისთვის. თუმცა მტრის ზურგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძალიან გააქტიურდნენ უკრაინელი სპეცსამსახურები და პარტიზანები, რაც გამოიხატება კოლაბორაციონისტების დახოცვაში და იარაღის საწყობების განადგურებაში. ასე, რომ წყნარი ცხოვრება რუსებს იქ ნამდვილად არ აქვთ.

  • 24 აგვისტოს იყო უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. ყველა წინასწარი პროგნოზით ამ დღეს რუსეთისგან განსაკუთრებულ სისასტიკეს ელოდებოდნენ. ასეც მოხდა, ქალაქ ჩაპლინეში, ზაპოროჟიესა და დონეცკს შორის რკინიგზის სადგური დაბომბეს – 25 ადამიანი დაიღუპა. რატომ ესხმის რუსეთი თავს სამოქალაქო პირებს და ობიექტებს?

სამოქალაქო ობიექტები რუსეთისთვის არის ე.წ. რბილი სამიზნე, რომლის დაზიანებაც მას შეუძლია თავის თავისთვის უმტკივნეულოდ. ისე, რომ არ დაისაჯოს ამისთვის. თან ეს სამოქალაქო ობიექტები იმდენია, რომ ყველას ვერ დაიცავს უკრაინა. უკრაინა იცავს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, ყველაფერს ვერ დაიცავს. ამიტომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა ზუსტად, აი, ამ მტკივნეულ ადგილებში ურტყას. თან ეს მისთვის უსაფრთხოა.

მეორე მომენტია, რომ უნდა გამოიწვიოს მოსახლეობაში ე.წ. ომით გადაღლა. ამდენი მსხვერპლის შემხედვარე ხალხმა თქვას, რომ „დავიღალეთ, მოდი, რამეზე შევთანხმდეთ“. ცდილობს მოსახლეობის მხრიდან მოახდინოს ზეწოლა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე და ომის შედეგები რაღაცნაირად შეცვალოს.

მგონია, რომ რუსეთს თავისი ე.წ. სადამსჯელო ღონისძიება ჯერ არ განუხორციელებია, რადგან უკრაინაც იყო მზად: ყველა ელოდა, რომ მოხდებოდა რუსეთის მხრიდან მასირებული თავდასხმა და დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებზე. ახლა არ მოხდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ეს გეგმაში ჰქონდეს და უახლოეს დღეებში განახორციელოს მასიური დარტყმები ქალაქებზე უკრაინელების დასჯის მიზნით.

  • სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა ხომ ომის დანაშაულია? რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს რუსეთს?

ცალსახად ომის დანაშაულია სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა. ცალსახად დანაშაულია მიზანმიმართულად მოსახლეობაზე დარტყმა. როცა სამოქალაქო ობიექტებს მიზანმიმართულად ბომბავ, ეს არის სამხედრო დანაშაული. ამ სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობისთვის რამდენიმე პირობაა საჭირო. პირველი – რუსეთი უნდა დამარცხდეს, სასამართლო რომ ჩატარდეს. ეს [სამხედრო დანაშაულები] უნდა იყოს დაფიქსირებული შესაბამისი კომისიებით და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით.

ახლა რუსეთი ამბობს, „ჩვენ ვბომბავთ იმ სამოქალაქო ობიექტებს, რომლებსაც იყენებს უკრაინული მხარე თავისი ჯარების განსალაგებლად“. ამიტომ, მტყუან-მართლის გარჩევისთვის არსებობს ჰააგის ტრიბუნალი. რუსეთი ისჯება უკვე  სანქციებით, მაგრამ რუსეთი რომ დაისაჯოს როგორც სამხედრო დამნაშავე, მაშინ რუსეთის ხელისუფლება უნდა დააკავონ. რაც მოხდა სერბეთში – მილოშევიჩი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ასე უნდა წარსდგეს რუსეთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიურნბერგი მოეწყობა რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამარცხდება. თორემ გერმანიას რომ გაემარჯვა, შეიძლება ნიურნბერგის პროცესზე ამერიკელები ან ბრიტანელები მსხდარიყვნენ.

ამიტომ გამარჯვების ფაქტორი აქ აუცილებელია. შეიძლება ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფაქტობრივად დამნაშავედ გამოაცხადო ქვეყანა, მაგრამ ვერ დასჯი მას, ვინც არ იქნება დამარცხებული.

  • ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ არ დანებდებიან, რადგან არ აქვთ უფლება არ მივიდნენ ბოლომდე. „რა არის ჩვენთვის ომის ბოლო? ადრე ვამბობდით: მშვიდობა. ახლა ვამბობთ: გამარჯვება“. მისივე თქმით, ის უკრაინის შემადგენლობაში ოცდახუთივე რგიონს განიხილავს. როგორ ფიქრობთ, ზელენსკი მსგავსი განცხადებებით პრევენციას ახდენს, რომ არ აიძულონ დათმობაზე წასვლა?

ზელენსკი ამჟამად არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აწარმოებს ომს. მისი ამოცანაა – გამარჯვება უდრის მთლიანად ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. მას არ უთქვამს, როდის განახორციელებს ამას. ეს იგივეა, საქართველოს ხელისუფლებამ თქვას, რომ დიახ, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

უბრალოდ ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ძალისმიერი მეთოდებით ამას აღარ ვიზამთ. მაგრამ ვერცერთი ხელისუფლება ვერ იტყვის უარს ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე. იგივეა ზელენსკიც. უბრალოდ ზელენსკი ამჟამად ომშია და შესაბამისი პათოსით ასეთი განცხადება უნდა გააკეთოს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ეტაპზე, არსებულ მოცემულობაში, მე მივიჩნევ, რომ უკრაინისთვის გამარჯვება იქნება, თუკი ისინი მოახერხებენ ხერსონის და ზაპოროჟიეს დაბრუნებას. დონეცკი-ლუგანსკი აღარ მაქვს მხედველობაში, ვინაიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სწორედ სამხრეთ უკრაინაა. ეს არის ხერსონი-ზაპოროჟიე და აზოვის ზღვაზე გასვლა. აი, ამას თუ მიაღწევს უკრაინა, ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი გამარჯვება. შემდეგი ეტაპებისთვის როგორ, რა ფორმას მიიღებს, როგორ გაგრძელდება, რა პროცესები იქნება შიდა და გარე, თუნდაც რუსეთში, თუნდაც უკრაინის გარშემო, ეს უკვე გამოჩნდება მოგვიანებით.

  • რუსეთში დუგინას მკვლელობა და ამ ამბის დაკავშირება აზოვთან რას მოასწავებს? გაბედავს რუსეთი დემონსტრაციულად დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი?

მე რა დოკუმენტებიც ვნახე, ასევე უკრაინელების და მათი მოკავშირეების მოსაზრებები რაც ვნახე, ყველა იძახის, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენეს, იყო ფალსიფიცირებული. „აზოვს“ თავის შემადგენლობაში ასეთი ოფიცერი ქალი არ ჰყავდაო – ასეთი განცხადება თავად „აზოველებმა“ გაავრცელეს.

ამ ამბის მეორე მხარეც ვნახოთ. გამოდის, რუსეთი ისეთი დაუცველია, ფსბ ისეთი არაეფექტიანია, რომ ვისაც უნდა იმას აგზავნის უკრაინა იქ. წარმოიდგინეთ, რუსეთში ჩადის ადამიანი საკმაოდ პრობლემატური რაიონიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან, ანუ ის თავისთავად უნდა ხვდებოდეს თვალყურის დევნების არეალში. აიღო ბინა, იქირავა, სამჯერ ნომერი გამოუცვალა ერთსა და იმავე მანქანას. მერე თურმე დუგინას უთვალთვალებდა. ამასობაში ფსბ რას აკეთებდა? მზესუმზირას აკნატუნებდა? თუ რა ევალება მას? თუ უკრაინა ამას ახერხებს, ასე თავისუფლად შევიდეს რუსეთის ტერიტორიაზე და ტერაქტი განახორციელოს, მაშინ ფსბ სრულიად უმაქნისი ორგანო ყოფილა.

დიდი ეჭვი მაქვს და უფრო სიმართლეს შეეფერება ის, რომ რაღაც შიდა გარჩევებიც მიდის ამ ამბებში. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება რაღაც ფონდებთანაც იყოს დაკავშირებული. არაა გამორიცხული, რომ რაღაც შიდა გარჩევებსაც ჰქონოდა ადგილი. ვერაფერს გამოვრიცხავ.

მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინას ეს ტერაქტი ახლა ნამდვილად არ სჭირდებოდა.

  • „აზოვზე“ გკითხავთ ისევ, თქვენი შეფასებით, ზოგადად, გადარჩენის რა შანსები აქვთ „აზოვის“ პოლკის ტყვედჩავარდნილ მებრძოლებს, მის მეაურებს?

არ გამოვრიცხავ, რომ რუსები ჩაატარებენ ამ საჩვენებელ სპექტაკლს, დადგმული თვითმხილველებით, დადგმული სცენებით, დადგმული ფოტოებით და ა.შ. ორი საშუალებაა – ერთი, მსოფლიოს ძალიან დიდი ზეწოლა, ოთხმაგი და ხუთმაგი ზეწოლა, რომელიც დღეს მიდის რუსეთის მიმართ. მეორე, უკრაინელებმა შეიძლება ხელში ჩაიგდონ რუსეთის ის პირები და ის ძალები, რომლებიც  შეიძლება შემდგომ გაცვალონ „აზოვის“ მებრძოლებში.

ამ ორი გამოსავლის გარდა მე ვერ ვხედავ სხვა ვარიანტს. ორი აზრი არ არსებობს, რუსეთი არავითარ მორალს და ეთიკას არ შეხედავს. მას შეუძლია ჩაატაროს ეს სასამართლო. ვეჭვობ, რომ ასე იზამს. უბრალოდ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დახვრეტამდე და სიკვდილით დასჯამდე არ მიიყვანენ, სასამართლოს ვერდიქტი არ იქნება სიკვდილით დასჯა.

თუმცა ამის გარანტიასაც ვერავინ იძლევა.

  • რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ „რუსეთის არმიამ განზრახ შეანელა უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპი, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“. მაგრამ ვნახეთ, როგორ დაბომბა რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობა 24 აგვისტოს. რუსეთის მხრიდან ეს მოულოდნელი განაცხადი „ჰუმანიზმზე“ თავიანთი უსუსურობის შესაფუთადაა, თუ რამე სხვასთან გვაქვს საქმე? 

ეს არის იმ ოპერის გაგრძელება, რომლის თანახმადაც, კიევიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიხიეს უკან, რომ მოსახლეობა არ დაზიანებულიყო. შოიგუს განცხადების, მე მგონი, დედამისსაც აღარ სჯერა უკვე, ვინაიდან ისეთ რეალობაშია რუსული შეიარაღებული ძალები. ამდენი ნაქები, მთელი მსოფლიოს დამშინებელი ძალები ბახმუტს ვერ გასცდნენ. ამდენ ხანში საბჭოთა კავშირმა კენიგსბერგი აიღო.

რა გახდა, ერთი სოფელი ვერ აიღეს ამდენი ხანი. ვის ატყუებენ. ტემპი შეანელეს, ვერ იღებენ სოფელს, სადაც სამხედროები არიან განლაგებული და ახლა თურმე ჰუმანიტარული მოსაზრებები აქვთ. თან მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ რაკეტებით. ეს რომელ ლოგიკაში ჯდება? მაგრამ შოიგუს სამხედრო სპეციალობაში ირმების მომვლელი უწერია. ირმების მომვლელია და რას იტყვის, სერიოზულად არ უნდა აღიქვა მისი ნათქვამი.

თუმცა ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთშიც სვამს ალბათ ვიღაცა კითხვას – რა ხდება? რატომ ვართ ერთ ადგილას გაჩერებული? ასეთი ყოვლისშემძლე, შეიარაღებული ძალები, ამდენი ხანი მართლა ხერსონის დაცვაზე ფიქრობენ და სლავიანსკი-სოლედარი-ბახმუტის ზღუდეს ვერ გასცდნენ. ყველა კითხულობს. უკვე გაჩნდა ეს კითხვებიც რუსეთში. ამიტომ უფრო შიდა აუდიტორიისათვის არის გაკეთებული ეს განცხადება. აუდიტორიისთვის, რომელიც ზომბირებულია ტელევიზორით. ტელევიზორი რასაც ეუბნება, იმას იჯერებენ. ვისაც სჯერა, ის დაიჯერებს, მაგრამ მსოფლიოს არ სჯერა ამის და არც უკრაინას არ სჯერა.

  • „რუსეთის არმია დაუძლურებულია, სამხედროების საბრძოლო განწყობა – დაბალი, რუსეთის დიპლომატიური ძალაუფლება – შესუსტებული, ხოლო მისი გრძელვადიანი ეკონომიკის პერსპექტივები – არასახარბიელო“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. თუკი მართლაც ასეა, რაომ არ ჩანს გარდატეხა ომში?

ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, უკვე ჩანს. მეორე, გარდამტეხი მომენტია ის, რომ რუსები ვეღარ ახორციელებენ ვეღარაფერს. ჩავთვალოთ, ეს უკვე გარდამტეხი მომენტია. რუსები გასულები არიან თავისი კულმინაციის წერტილში. იმ წერტილში, რომლის იქითაც მათ შეღწევა აღარ შეუძლიათ. მათ არ აიღეს ოპერატიული პაუზა, რაც საშუალებას მისცემდა, ეს წერტილი თავიდან აერიდებინათ. იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ გარკვეული წარმატების მიღწევას ინერციით. ეს ვერ შეძლეს. ის, რომ რუსეთს აღარ ძალუძს წარმატებული შეტევითი მოქმედებების განხორციელება, ვგულისხმობ მასშტაბურ შეტევებს, ეს ნამდვილად არის გარდამტეხი წერტილი.

მთლიანად ომის შემოტრიალებაზე თუ არის საუბარი, ამისთვის ჯერ უკრაინა მზად არ არის.

  • აშშ-მ უკრაინას 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო. როგორ გააძლიერებს ეს დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს? თუ არის უკვე ცნობილი, რა ტიპის შეიარაღებას მიიღებენ?

დეტალები ასეთი ამბების დროს, როგორც წესი, არ არის ხოლმე ცნობილი. ფაქტია, რომ მიიღებენ დამატებით აღჭურვილობას, სისტემებს და თავისთავად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღებენ უფრო მეტ საბრძოლო მასალას, რათა ამ სისტემებმა იმოქმედონ. ერთია, როცა გაქვს ათი ქვემეხი და ათი ჭურვი. მეორეა, როცა გაქვს ათი ქვემეხი და ათასი ჭურვი. სულ სხვა ეფექტია ეს. სჯობს საბრძოლო მასალა იყოს იმ რაოდენობით, რომ უკრაინელებმა შეძლონ საპასუხო დარტყმების განხორციელება.

მე დეტალებში ვერ წავალ, დეტალები არ იქნება გახმიანებული ბოლომდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღჭურვილობის ჩამონათვალში არის ჰაიმარსის ის რაკეტები, რომლებიც მიფრინავს 300 კილომეტრამდე. გადაწყვეტილება თითქოს იყო მიღებული და მიწოდებასაც მოახერხებენ დასავლელი პარტნიორები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, უკრაინას სჭირდება ის იარაღი, რომელიც მათ გამარჯვებასთან მიიყვანს და არა ის იარაღი, რომელიც, ვთქვათ, ვიღაცას აქვს ზედმეტი. მაგალითად, თურქეთის მიერ მიწოდებული 50 ერთეული დაჯავშნილი მანქანა, განკუთვნილია, უხეშად რომ ვთქვა, კონტრპარტიზანული მოქმედებისთვის. მისი მთავარი ამოცანა არის დაცული იყოს ნაღმებისგან და ასაფეთქებელი მოწყობილობებისაგან. ეს ნაკლებად დასჭირდება უკრაინას. უკრაინას სჭირდება სუფთა კონვენციური, საბრძოლო მოქმედებისთვის განკუთვნილი იარაღი. ეს სისტემები სჭირდება მას. იმედი მაქვს, მიიღებს კიდეც.

ახლაც იღებს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ასევე მიიღებს თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს. გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ უკრაინელი მფრინავები A-10-ზე ვარჯიშობენ. A-10 არის ამერიკული მოიერიშე, ახლო მხარდაჭერის თვითმფრინავები. რომლებსაც ამერიკა უკვე უპირებს ჩანაცვლებას შემდგომი თაობის თვითმფრინავებით. ეს არის ძალიან ეფექტიანი იარაღი. გარდატეხის წერტილამდე მივედით. ეს ომში წარმატების საფეხურებად ჩავთვალოთ. ახლა მეორე გარდატეხის წერტილია საჭირო, რომელიც იქნება უკრაინის მხრიდან გაძლიერება და უკრაინის მხრიდან მოიერიშე შეტევითი პოტენციალის გაზრდა.

  • აშშ-მ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების  გადაცემას წლები დასჭირდება…  

დასაწყისში, სულ თავიდან, გახსოვთ რა ხდებოდა? ომი რომ დაიწყო, საერთოდ ყველა სკეპტიკურად უყურებდა ახალი სისტემების ათვისებას და უკრაინელებისთვის ამ სისტემების მიცემას. მაგრამ ეს დაიწყო. 6 თვეა თითქმის ყველა სისტემა მიიღო უკრაინამ.

ვფიქრობ, წლები არ სჭირდება თვითმფრინავების ათვისებას და გადამზადებას. ამას შეიძლება სჭირდებოდეს სამი თვე და არა წლები. ახლა რომ გაჟონა და გამოვიდა ეს ცნობები, ჩათვალეთ, რომ ორი-სამი თვეა ამაზე უკვე მომზადება მიდის. ასე, რომ ეჭვი მეპარება, წლები დასჭირდეს. უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რაც მას ბრძოლაში ნამდვილად დაეხმარება. მე არ ვამბობ, რომ ისინი მიიღებენ უთანამედროვეს იარაღს, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები. აქვთ თავიანთი მინიმალური თავდაცვითი შესაძლებლობების დონე. იმის ქვევით ის იარაღს არ მისცემს არავის, ვინაიდან თვითონ დარჩება დაუცველი. გასაგებია, რომ აი, ამ პირობებში უკრაინას აძლევენ წინა თაობის იარაღს, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანს, რომელიც გაცილებით მაღალეფექტიანია, ვიდრე რუსების ხელში არსებული აღჭურვილობა.

  • უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ძლიერდება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი. მაგალითად, ახლახან აშშ-მ F-22 Raptor-ის ტიპის 12 გამანადგურებელი განათავსა პოლონეთში. ძლიერდება ბალტიისპირეთის მიმართულებაც. რაზე მიანიშნებს ნატოს ეს გადაწყვეტილებები?  შეიძლება რამე გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე ომზე?

ნამდვილად შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე ომზე, ვინაიდან ამით ნატო ესაზღვრება უკვე საომარი მოქმედებების რაიონს, გაცილებით ძლიერი ქვეყნებით და ნატოთი, ვიდრე მანამდე იყო.

არ დაგვავიწყდეს, რომ სლოვაკეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, რომელიც აძლევდა უკრაინას მოძველებულ საბჭოთა ტექნიკას და  საფრენ აპარატებს, ტყუილად არ აძლევდა. ამაში ის მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ევროპულ და ამერიკულ აღჭურვილობას და სისტემებს. ეს დამატებით გააძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს. ამას დაუმატეთ შვედეთი და ფინეთი. ასე, რომ ჩვენ ვიღებთ იმას, რაც იყო ყველაზე საშინელი სიზმარი პუტინის. პუტინმა თვითონ გააძლიერა ნატო თავისი სულელური და ავანტიურისტული მოქმედებებით.

წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა დღეს – რუსეთი ამერიკაზეა სრულად დამოკიდებული. იცით, რა გაგებით? ამერიკა მისცემს თუ არა უკრაინას შორსმსროლელ რაკეტებს – აი, ამაზე დგას ახლა რუსეთი და ელოდება, ამერიკა რას იზამს. როგორც კი მიიღებს უკრაინა ამ აღჭურვილობას, ჩათვალეთ, აი, ის მეორე გარდატეხა, რასაც ვიძახით, ნამდვილად დაიწყება ამ ომში.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა, თქვა, რომ „ახლა რუსეთის არმია უკრაინაში ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის“. ერთი თვეა ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ბახმუტისკენ 10-კილომეტრიან წინ წაწევას. თქვენი აზრით, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი?

რუსეთს მაქსიმუმ შეუძლია სევერსკი, სოლედარი, ბახმუტის ზღუდეზე მივიდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი თავდაცვითი ზღუდე უკრაინელების დონეცკში. უკრაინელების მთავარი თავდაცვითი რაიონი არის კრამატორსკი-სლავიანსკი. ამ თავდაცვის რაიონამდეც როგორ უნდა მივიდნენ, კი არ აიღონ, უბრალოდ მივიდნენ, როცა მათ ჯერ კიდევ ეს ბახმუტი-სოლედარი-სევერსკის ზღუდე ვერ გაიარეს. ასე, რომ რაც დრო გავა, რუსების ტემპი კიდევ უფრო დაიკლებს.

მე ვუშვებ ამას, რომ შეიძლება მათ შეძლონ და ბახმუტი-სოლედარი აიღონ. მაგრამ შემდეგ რა? 40 % დონეცკის ისევ უკრაინელების ხელში რჩება. რუსები ვერ მიდიან წინ, ვერ ასრულებენ თავიანთ ამოცანას, ვერ გადიან დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ეს არის რეალობა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ აი, ამ ბახმუტი-სოლედარის თუნდაც აღების შემდეგ ისინი რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას განახორციელებენ.

წარმოიდგინეთ, ამდენი ხანია მიმდინარეობს ეს დაპირისპირება. ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა გამოსულია საომარი მოქმედებების ზონიდან. უკრაინელები უკვე არიან მიწაში ჩასულები, ფორტიფიცირებულები, მიჩვეულები ამ ტერიტორიას, მორგებული აქვთ მომარაგება და ყველაფერი. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გაძნელდება მსგავსი მოქმედებების ჩატარება. მოულოდნელობის ეფექტი რუსებს დაკარგული აქვთ. სამხედრო ფანდის გამოყენების უნარი დაკარგული აქვთ ამ მიმართულებაზე. არის სუფთა სატრანშო დაპირისპირება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მაგალითზე, შეიძლება წლობით გაგრძელდეს.

  • მოქალაქეებს, ვისაც უკრაინის ამბები აინტერესებთ, რაღაცნაირად აქვთ მოლოდინი, რომ უკრაინა შეტევაზე უნდა გადავიდეს. ამიტომ მინდა უკრაინის შესაძლებლობებზე გკითხოთ. რამდენად აქვს უკრაინის არმიას შეტევაზე გადასვლის საშუალება ახლა? რამდენად სწორი იქნება სამხედრო თვალსაზრისით ამის გაკეთება?

ოპერატიულ დონეზე დაშვებულია, რომ თანაფარდობა იყოს ერთი-ერთთან. ტაქტიკურ დონეზე, ჩვენ ჩამოვდივართ კონკრეტულ მიმართულებაზე შეტევის განხორციელებისთვის. უკრაინას სჭირდება მინიმუმ სამი-ერთთან უპირატესობა. რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლებით, შეტევაში მყოფი უნდა აჭარბებდეს თავდაცვაში მყოფს. უკრაინამ უნდა მოახერხოს, კონცენტრირება რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე, რათა მან განახორციელოს კონტრშეტევა, კონტრდარტყმა.

ამისათვის უკრაინამ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს. გარკვეული დანაყოფები გამოიყვანოს, მოამზადოს, ჩამოაყალიბოს, შეაიარაღოს, რათა დარტყმითი დაჯგუფება შექმნას, აღჭურვოს ეს დარტყმითი დაჯგუფება და შემდეგ განახორციელოს ეს ოპერაცია.

მაგრამ ასეთი მოქმედებები ასე მარტივად არ ხდება.

დიახ, უკრაინა იღებს შეიარაღებას, მაგრამ ეს შეიარაღება მიდის დანახარჯების აღსადგენად. იმდენს არ იღებს უკრაინა, რომ ზედმეტი ჰქონდეს და მარაგების შექმნა დაიწყოს. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას თავისი დანაყოფები ჰყავს მთელი ჩრდილოეთ უკრაინის გაყოლებაზე. ბელარუსის საზღვართან ხომ ვერ მოაშიშვლებს უკრაინა თავის ტერიტორიას? ასევე 2000-კილომეტრიან ფრონტზე ხომ უნდა  შექმნას გარკვეული კონცენტრაცია უკრაინამ, რომ შეძლოს კონტრშეტევის განხორციელება.

ძალიან სწორს შვრებიან, რომ არ ჩქარობენ. ისინი ქმნიან ყველა იმ პირობას, რათა განხორციელდეს ეს კონტრშეტევა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესაა სამხედრო აქსიომა. კონტრშეტევა რომ შეძლო, მოწინააღმდეგე უნდა გყავდეს შეჩერებული, მას უნდა ჰქონდეს მიღებული ძალიან დიდი დანაკარგი, შენ უნდა გაგაჩნდეს ძალები, რათა აწარმოო ეს კონტრშეტევა, შეფარდება უნდა იყოს შენთვის მისაღები. მოწინააღმდეგის მეორე ეშელონები უნდა იყოს უკვე ბრძოლაში ჩართული და მოწინააღმდეგის რეზერვები უნდა იყოს მოწყვეტილი ძირითად ძალებს. აი, ეს პირობები სანამ არ შეიქმნება, მანამდე არც უნდა დაიწყოს ოპერატიული დონის კონტრშეტევა უკრაინამ, ვინაიდან ეს იქნება ისეთივე ავანტიურა, რაც რუსეთმა გააკეთა თავის დროზე. ამდენად, ძალიან სწორად იქცევიან, მეთოდურად და გეგმაზომიერად რომ უდგებიან თავიანთი ოპერატიული კონტრდარტყმის მომზადებას.

ეს აჟიოტაჟი გამოიწვია პოლიტიკოსების გამონათქვამებმა, რომ სექტემბერში ავიღებთ ხერსონს და ა.შ. არ იყო ამის თქმა, ჩემი აზრით, სწორი. თუ ამის მიზეზი იყო რუსეთის დაწოლის შემცირება დონბასის მიმართულებაზე, რომ იძულებული გაეხადათ რაღაც ძალები გადმოესროლა სამხრეთისკენ, ეს მიზანი მიღწეულა. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ არ იყო ეს მართებული, ზედმეტი მოლოდინი შეიქმნა. სამხედროებმა იციან თავიანთი საქმე. მათ თავიანთი გეგმები აქვთ და ამ გეგმების მიხედვით მოქმედებენ. ასე, რომ ყველა სკეპტიკოსს მინდა მივმართო და ვუთხრა, უკრაინა დგამს სწორ ნაბიჯებს, ემზადება, აი, ამ მთავარი შეტევისთვის. მაგრამ მოუმზადებლად კონტრშეტევაზე გადასვლა იქნება დამღუპველი უკრაინისათვის.

  • ზოგიერთი დამკვირვებლი შიშობს, რომ რუსეთს არაერთი ომის საწყის ეტაპზე ცუდად დაუწყია, მაგრამ მას ამ ომის ბედი შემდეგში შეუტრიალებია. ახლაც მას აქვს გათვლა ზამთარზე, როდესაც ევროპელი მოკავშირეები იძულებულნი გახდებიან, დაიყოლიონ ზელენსკი მოაწეროს ხელი რუსეთის სასარგებლო შეთანხმებას. ახლანდელი მდგომარეობიდან შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა როლს შეასრულებს ამ ომში „გენერალი ზამთარი“?

გენერალი ზამთარი რუსებისთვის როგორაა იცით? როგორც წყალწაღებულისთვის ხავსის მიწოდება. ეს არის მისთვის ნამდვილად ფაქტორი. ამიტომაც ჭიმავენ ამ დაპირისპირებას და იმედი აქვთ, რომ მოვა ზამთარი და ცოტა უფრო დამყოლები გახდებიან უკრაინაშიც. უკრაინასაც ძალიან გაუჭირდება ასეთი დანგრეული ინფრასტრუქტურის პირობებში. ფიქრობენ, რომ ევროპასაც გაუჭირდება და უფრო დამყოლები შეიძლება გახდნენ მოლაპარაკებაზე.

მეორეც, საბჭოთა კავშირი არ იყო რუსეთი. ერთადერთი, ნაპოლეონის დროს იყო, როდესაც მოსკოვთან მივიდა ნაპოლეონი და მერე უკან მოუწია გაქცევა, უკან დახევა. თორემ პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა რუსეთი. არც იაპონია-რუსეთის ომის დროს ჰქონია წარმატებული პირველი და მეორე ეტაპი.

ასე, რომ ისტორიას თუ გადავხედავთ, ნაპოლეონის ომების აღება ერთ მაგალითად, ან საბჭოთა კავშირის გაიგივება რუსეთთან, ეს ნამდვილად არაა სწორი. არც ის რესურსები გააჩნია რუსეთს, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირს. ასე, რომ ეს ფაქტორი – ძნელად იწყებს და მერე იმარჯვებს, არაა მართებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: