მთავარი,სიახლეები

შეუძლებელია ქრთამის გარეშე დასაქმდე სკოლაშიც კი – რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს

25.08.2022 • 1096
შეუძლებელია ქრთამის გარეშე დასაქმდე სკოლაშიც კი – რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს

„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ვართ დროებითი სტუმრები“, „სისტემა და პრაქტიკა შესაცვლელია – ეთნიკური უმცირესობების საფრთხედაა აღქმული ყველა მუნიციპალიტეტში“, „ჩვენ გვაქვს იმ სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რის გამოც ცხოვრების მინიმალური სტანდარტიც კი არ გვაქვს,“ – ეს ამონარიდია ბათუმში გამართული დისკუსიიდან, რომლის ერთ-ერთი სპიკერი აიჰან ჰასანლი იყო.

აიჰანი ეთნიკური აზერბაიჯანელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. „ბათუმელები“ აიჰან ჰასანლის ბათუმში, სოლიდარობის ტურის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • აიჰან, მოგვიყევით იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წარმოშობით ვარ კახეთიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტ სოფელი იორმუღანლოდან. ჩვენ, პლატფორმა „სალამი“ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების, მათი უფლებრივი მდგომარეობის და, ზოგადად, მათი ყოფის შესახებ საქართველოში, ქვემო ქართლში.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში არსებული პრობლემები შიშველი თვალითაც კარგად ჩანს. ამ რეგიონებში არსებობს თითქმის ყველა ის პრობლემა, რაც სიტყვა „პრობლემის“ გაგონებაზე შეიძლება გაგახსენდეთ.

როგორ გითხრათ, ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემებიც კი არ არის მოგვარებული ჩვენთან, რომლებიც ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს ქმნიან. ხშირად, როცა ამას ვამბობთ, გვეუბნებიან, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოს ყველა რეგიონს აქვს. თუმცა აქ ხაზგასმით აღსანიშნავია ის საკითხი, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ რეალობაზე, რომელიც არც კი აკმაყოფილებს ადამიანის ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს.

მაგალითად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობას არ აქვს სასმელი და სარწყავი წყალი. დათესილი მოსავალი ფუჭდება. სოფელში მცხოვრებს ორი კილომეტრის გავლა უწევს, რომ სასმელი წყალი მიიტანოს სახლში.

პანდემიის პირობებში ამბობდნენ, რომ ხშირად დაიბანეთ ხელები, ხშირად იბანავეთ. ამ ყველაფრისთვის საჭიროა წყალი. ვერ დაიბან, ტანსაცმელს და ჭურჭელს ვერ გარეცხავ – წყლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

ეს პრობლემა განსაკუთრებით ქალებზე და მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება. საოჯახო საქმეები, რასაც არაანაზღაურებადი შრომა ჰქვია, ქალების ზურგზეა. წყალი რომ ორ კილომეტრზეა, იმ წყლის სახლში მიტანა ქალებს უწევთ.

ამასთან ქალების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების არარსებობა. ქალები ჩვენთან ოჯახურ საქმეებსაც ასრულებენ, ბავშვებსაც ზრდიან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც უმკლავდებიან. ეს ერთიანად ქმნის ძალიან მძიმე სურათს.

ხშირად ისმის, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებობს ინტეგრაციის პრობლემა. მე ვიტყოდი, რომ ინტეგრაციის პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენთან ჯერ არც დაწყებულა ინტეგრაცია: ის აუცილებელი პირობები, რომლებიც რეალურად ქმნის ინტეგრაციის პროცესს, არც დაწყებულა საქართველოში. ენის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, საჯარო სექტორში დასაქმების უფლების გამოყენება, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

ასევე საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. არც ერთი არ გვაქვს სახეზე. ჩვენ მინიმალურ დონეზე, ჩვენი პრიმიტიული უფლებების გამოყენებისთვისაც გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა, რომ უბრალოდ განცხადების შეტანა შევძლოთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში.

  • იორმუღანლოს შესახებ ბევრს საუბრობთ, გარდა წყლისა და საბავშვო ბაღისა, კიდევ  რა პრობლემებია თქვენს თემში?

იორმუღანლოს თემში, რომელიც 8 სოფელს მოიცავს და ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული, ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან. იორმუღანლოს თემში არის 4 სკოლა, სამი საშუალო და ერთი არასრული. ოფიციალური სტატისტიკით სადღაც 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქედან 17 ათასი ამომრჩეველია.

სახელმწიფო არანაირ დახმარებას არ უწევს აქ მცხოვრებთ.

ჩვენ არ გვაქვს მიწები, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან ვცხოვრობთ იორმუღანლოში. მოსახლეობის უმრავლესობას ერთი ჰექტარი მიწაც კი არ აქვს. საკუთარი თავის შენახვა რომ შევძლოთ, იძულებული ვართ მიწები ავიღოთ იჯარით. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით ქართული ენა, ვერ შევდივართ აუქციონის საიტზე. იძულებული ვართ, მიწა იჯარით ავიღოთ მათგან, ვისაც აუქციონზე იაფად აქვს აღებული. ხშირ შემთხვევაში ხუთ და ექვსმაგს ვიხდით მიწაში.

ჩვენ ვმუშაობთ მთელი სეზონის და მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის რჩენა შევძლოთ.

დღეს სასუქი ძვირია, წყალი ძვირია. ხშირად არც არის ეს სარწყავი წყალი, შედეგად ნათესები ფუჭდება და მოსახლეობის შრომა წყალში იყრება.

  • ახალგაზრდებს რა ინტერესები აქვთ?

ბოლო წლების ტენდენცია გვაჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ განათლების მიღება. 1+4 პროგრამით უნივერსიტეტის სტუდენტების რიცხვი ყოველ წელს იზრდება, თუმცა აქაც არსებობს უამრავი პრობლემა. უფასოდ სწავლა მხოლოდ 100 სტუდენტს შეუძლია და ეს კვოტა უნდა გაიზარდოს.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განვითარების ერთადერთი საშუალება არის სკოლა. არაფორმალური განათლება თითქმის არ არსებობს რეგიონში. სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალიან მცირეა. ამიტომ ახალგაზრდებისთვის განვითარების ერთადერთი შანსია სკოლა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში არის ძალიან პრობლემური. ვერ იღებენ ბავშვები ხარისხიან განათლებას სკოლაში. ამიტომ ყველაფერი მარტო ამ ახალგაზრდების ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ განავითარებენ ისინი საკუთარ თავს. რადგან სახელმწიფოს მიერ შექმნილი პირობებით, ახალგაზრდა ვერ ახერხებს განვითარებას.

ჩემს მაგალითზე რომ ვთქვა, სისტემამ ვერაფერი მასწავლა. დღეს თუ ქართული ენა ვიცი, ეს არის ჩემი თავდაუზოგავი შრომის შედეგი და არა სისტემის. სკოლაში ვერ სწავლობ ქართულ ენას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს სისტემით ვისარგებლე, იყო 1+4 პროგრამა. ქართული ენის სწავლა სწორედ ამ მოსამზადებელ პროგრამაზე დავიწყე.

  • ახალგაზრდებისთვის დასაქმების შანსი არსებობს?

ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ უმაღლეს განათლებას, მათი საჯარო სექტორში დასაქმების მინიმალური შანსიც არაა. მაგალითად, მასწავლებლის პროფესია ვინც აირჩია, ვერ საქმდება. ძალიან მძიმე სურათია, მაგრამ დიპლომიც რომ გქონდეს, ვერ საქმდები. შეუძლებელია ქრთამის გადახდის გარეშე ახალგაზრდების დასაქმება სკოლებშიც კი, რადგან ხშირ შემთხვევაში სკოლაში არსებულ სისტემას სახელმწიფო იყენებს წინასაარჩევნოდ  თავის საკეთილდღეოდ.

ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები, რომლებიც ბრუნდებიან სოფელში, ხდებიან თვითდასაქმებულები ან მამასთან ერთად იმ საქმეს აგრძელებენ, რაზეც მამა მუშაობს. თუ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა, მიდიან. ახალგაზრდების 80 % გაქცეულია პოლონეთში ან თურქეთში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: