დილის რვა საათია. ხულოში, ლოდიძირის იალაღზე, ცენტრალური გზიდან ავტომანქანების ხმაური ისმის, გზის ქვედა მხარეს კი, ჯერ ისევ ნისლიან ფერდობზე, თავსაფრიანი ქალი ნეგოს ღეროებს აშრიალებს.
შუშანა გზასთან შედარებით ახლოს, თემური კი მოშორებით დგას. ისინი ცოლ-ქმარი არიან და აქ ყვითელგვირგვინიან ბალახოვან მცენარეს, ნეგოს აგროვებენ. ქალი თავდახრილი, მდუმარედ აწყვეტს ნეგოს თავებს და თეთრ ვედროში ყრის. თუ კარგად გაავსებს ვედროს, 6 კილოგრამი ნეგო გამოვა.
შუშანას დიდი დრო არ სჭირდება ვედროს გასავსებად, შეგროვებულ მცენარეს ვედროდან თეთრ ტომარაში ყრის და ერთ ხელში ვედროთი, მეორეში კი ტომრით, დაბლობისკენ ეშვება.
აქ ახლოსაა მდინარეც. შუშანა შესასვენებლად დიდ ქვასთან ჯდება, მერე თემურთან მივდივართ. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეხმარება, შეგროვებულ ნეგოს ტომარაში ყრიან, მერე ტომარას თემური ზურგზე იგდებს და უფრო მეტი ნეგოს შესაგროვებლად მდინარის მეორე მხარეს, მაღლობზე მიდიან.

თემური და შუშანა ბოლქვაძეები
სანამ კიდევ უფრო მაღლა, ფერდობის თავში ავლენ, ცოლ-ქმარი ნეგოთი ნახევრად სავსე ტომარას ნორჩი ნაძვის ხის ძირებში მალავს – უკანა გზაზე გაიყოლებენ შინ.
65 წლის თემური და 62 წლის შუშანა ბოლქვაძეები ყველაფერს ასწრებენ: სწრაფი ნაბიჯით დადიან, თან ნეგოს კრეფენ და თან მიყვებიან დილაადრიან, სახლიდან ასე შორს, რატომ გამოვიდნენ ნეგოს შესაგროვებლად.
ორივემ კარგად იცის, რას ნიშნავს სიღარიბე. ორივე მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. შუშანას – 11, თემურს კი 8 დედმამიშვილი ჰყავდა. რთული ბავშვობა ჰქონდათ და არც ახლა ულხინთ, სოციალურად დაუცველები არიან.
მუშაობისას ცოლ-ქმარს არ ავიწყდება, რომ ერთმანეთი ხშირად უნდა გაამხნეონ და მაშინაც კი ხუმრობენ, როცა ისეთ საკითხებს განიხილავენ, რაზეც ჩვეულებრივ სევდიანდებიან ხოლმე.
თემურის თქმით, შეგროვებულ ნეგოს ადიგენში, ერთ-ერთ კომპანიაში აბარებენ. დანამდვილებით არ იცის, თუმცა, მისი ინფორმაციით, ნეგოს უკრაინაში გზავნიან, სადაც ამ მცენარეს წამლების დასამზადებლად იყენებენ.
შეგროვებული ნეგოს ნაწილი უკვე ჩააბარეს, მყიდველს კილოგრამში7 ლარის გადახდაზე შეუთანხმდნენ, მაგრამ დაზუსტებით არ იციან, რამდენს გადაუხდიან, რადგან ამჯობინეს, რომ თანხა ერთდროულად აიღონ, როცა მათ მიერ შეგროვებულ ნეგოს სრულად ჩააბარებენ.
შუშანას დილა გამთენიისას იწყება. დღეს, უთენია, ძროხები მოწველა, საქონელი საძოვარზე გაუშვა, სტუმრისთვის საჭმელი მოამზადა, გააცილა, ჩაი სწრაფად, დიდი ყლუპებით დალია და მხოლოდ ამის შემდეგ მოაშურა ფერდობს ნეგოს შესაგროვებლად. თან ჯავრობს, ცოტა დამიგვიანდა სახლიდან გამოსვლაო, მიუხედავად იმის, რომ ჯერ მხოლოდ დილის 8 საათია.

შუშანა ბოლქვაძე
„ერთ კვირაში აღარ იქნება ნეგო, ამიტომ უნდა შეაგროვო. მერე უხეშდება, გადამწიფდება, თავები სულ გაიშლება და ყვავილს მთელი გვირგვინი გასცვივდება.
ჩემი სამსახური ესაა. ნეგოს საკრეფად ხან პირველამდე ვრჩები, ხან 12 საათზე მივდივარ სახლში. შვილიშვილი მელოდება, რაული, პატარაა“, – მიყვება შუშანა და თან ნეგოს კრეფს.
შუშანა მიხსნის, რომ ნეგოს ფესვიანად ამოღება დაუშვებელია – ასე მცენარის გამრავლებას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
ახალგაშლილი ნეგო მარტივი მოსაკრეფია, ხელით მარტივად მოაწყვეტ თავებსო – მიყვება შუშანა, უკვე გადამწიფებულ ნეგოს კი, თუ დაქაჩავ, ფესვიც მოჰყვება, ამიტომაც თავები უნდა მოაჭრა.
შეგროვებული ნეგო ცოლ-ქმარს სახლში მიაქვს, ახმობენ და შემდეგ აბარებენ. ნეგოს კარგად გასახმობად 10 დღე მაინცაა საჭირო. შუშანასა და თემურის დაკვირვებით, 10 კილოგრამ ნედლ ნეგოს გახმობის შემდეგ 3 კილოგრამი აკლდება. აქამდე ჯამში 700 კილოგრამი ნედლი ნეგოს შეგროვება შეძლეს და ფიქრობენ, რომ მცენარის გახმობის შემდეგ ეს წონა 400 კილოგრამამდე დაიკლებს.
ნეგოს გარდა ცოლ-ქმარი იმ მცენარეებსაც აგროვებს, რომლებზეც იციან, რომ სამკურნალო თვისებები აქვთ ან მათგან არომატული ჩაის დაყენებას შეძლებენ.

შუშანა და თემური ბოლქვაძეები
თემურმა მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე ნეგოს სახლში შორი გზიდან ზურგით ეზიდებიან და ხანდახან დღეში ორჯერაც უწევთ ამ გზის გავლა.
„ნეგო რომ გავშალოთ გასახმობად, ცარიელი სახლი გვაქვს დაქირავებული. მცენარე ოთახში, სიბნელეში უნდა გაახმო და არა მზეზე, რადგან ბუტკო გადაიშლება და ნეგო სამკურნალო თვისებებს დაკარგავს. დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც ნეგოს ვკრეფთ“.
რადგან ცოლ-ქმარს ნეგოს შესაგროვებლად სახლიდან ხშირად უწევს შორ მანძილზე წასვლა, ხანდახან წასახემსებლად საჭმელიც მიაქვთ.
„ახლანდელი ახალგაზრდები ამას არ მოკიდებენ ხელს. მოხუცები ვთაობთ ამ საქმეს და ვკრეფთ. როცა აღარ შემეძლება, 1-2 წლის შემდეგ, ვერ წავალ საკრეფად.
ჩემი ხნის ქალი გამოვა გარეთ, მინდორში სამუშაოდ? 62 წლის ვარ. მეორე წელია პენსიას ვიღებ, რა ფულია? ერთ ტომარა ფქვილს არ ყიდულობს. ფქვილი ძვირია, კარაქი ძვირია. ზეთი 40 ლარი ღირს, უნდა აკოცო და ისე ჭამო. შედიხარ მაღაზიაში, გაიგებ ფასებს და გამობრუნდები უკან. არ გაქვს ფული“, – მიყვება შუშანა.
იგი ამბობს, რომ სხვისთვის შესაძლოა რთული წარმოსადგენი იყოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვის ნეგოს შეგროვებით მიღებული შემოსავალი. ცოლ-ქმარი სოფელ კორტოხში ცხოვრობს, ხულოში, ლოდიძირის იალაღზე მხოლოდ ზაფხულში ამოდიან, სხვა მემთეურების მსგავსად.

შუშანა ბოლქვაძე
ნეგოს მძაფრი სურნელი გაშლილ მინდორშიც იგრძნობა. მცენარის შეგროვებისას ცოლ-ქმარს ყოველთვის ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, ეს სუნი ტანსაცმელს გარეცხვის შემდეგაც არ შორდება.
„ამ ტანსაცმელს რომ გარეცხავ, ყვითელ ფერს უშვებს. დავკეცავ, ჩავდებ პარკში და მომავლისთვის, თუ ვიცოცხლე, ისევ ჩავიცვამ. ვივლით ნეგოს შესაგროვებლად, სანამ შეგვეძლება“, – ამბობს შუშანა და ნეგოს კრეფას აგრძელებს. იქვე ნეგოს ღიღინით კრეფს თემურიც.
უკვე შუადღეა, ჩამოცხა. თემური წუხს, მზე ძალიან აცხუნებსო, შუშანა კი ქმარს მოთმინებისკენ მოუწოდებს.
პირველი, რაც თემურმა გვითხრა, ის იყო, რომ მისი ასაკის გამო არავის აჰყავს სამსახურში.
„ვკრეფთ ნეგოს, რა გავაკეთოთ სხვა, სად წავიდე? ნეგო ჩვენი და შვილიშვილების სარჩოცაა. ვწვალობთ თუ არ ვწვალობთ, გლეხის საქმე ესაა.
პენსია მე არ მაქვს, არც რაიმე სხვა [შემოსავალი], რით ვირჩინოთ თავი? სხვა არანაირი გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ესაა“, – გვითხრა თემურმა და დაამატა, რომ მათი შემოსავალი მხოლოდ შუშანას პენსია – 312 ლარი და სოციალური დახმარების 60 ლარია.

თემური ბოლქვაძე
ცოლ-ქმარი ახლა ყველაზე მეტად იმას ცდილობს, რომ შვილიშვილების განათლებას შეუწყონ ხელი. ერთ-ერთი უკვე გამხდარა სტუდენტი, მეორეც მალე გახდებაო – ამბობს თემური.
თემურის თქმით, ნეგოს აჭარის იალაღებზე სხვა ოჯახებიც კრეფენ, მაგრამ მათ ბათუმში მიაქვთ ჩასაბარებლად, რადგან ბევრს ავტომანქანა აქვს და გადატანა იოლია.
თემური გვეუბნება, რომ ზოგიერთ მცენარეს მთაში მართლა ემუქრება გადაშენების საფრთხე, თუმცა ნეგო ადრე უფრო ნაკლებად იყო გაშენებული, ვიდრე ახლაა, რაც, მისი თქმით, მთაში პირუტყვის რაოდენობის შემცირებას უკავშირდება.
თემური ნეგოს კრეფისას ხელთათმანებს არ იყენებს. მისი ხელები ნეგოს კრეფისგან გაყვითლებულია, ხაზები ხელზე მიწით აქვს სავსე, რადგან ნეგოს ზეთის მოშორებას ხელიდან მიწის საშუალებით ცდილობს.
თემური ამბობს, რომ ნეგოს თვითონ ისე სწრაფად ვერ კრეფს, როგორც შუშანა. „ზოგჯერ შუშანას ტომრიდან ნეგოს ჩემს ტომარაში ვყრი და ვაჩვენებ, მეც ამდენი მაქვს მოკრეფილი-მეთქი“ – გვიმხელს სიცილით.
ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ნეგოს გაყიდვით აღებული ფულით იმდენი ფქვილის ყიდვას შეძლებენ, მთელი ზამთარი რომ ეყოთ, რაც დიდი შეღავათია.
თემური ახალგაზრდობას იხსენებს, როცა სკოლაში მთელი წელი ერთსა და იმავე ტანსაცმლით დადიოდნენ. ახლაც იშვიათად ყიდულობს ტანსაცმელს:
„წელიწადში ერთხელ ვყიდულობ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, სხვა დანარჩენს არაფერს. არ არის დახეული, გაფუჭებული, ხომ არ გადავყრი,“ – მეუბნება.
შუადღის მზე კიდევ უფრო მწარედ აჭერს. ცოლ-ქმარი სახლში დასაბრუნებლად ემზადება, ნეგოთი სავსე ვედროებს ტომარაში ცლიან და ფერდობზე ჩამოდიან.
სახლამდე გზას, აღმართ-დაღმართს, დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება.

თემურ და შუშანა ბოლქვაძეები
ნაქირავები სახლის ეზოში, სადაც ნეგოს ინახავენ გასაშრობად, ცოლ-ქმარს შვილიშვილი, რაული და შავ-თეთრი ძაღლი ეგებება. 8 წლის რაული ბებია-ბაბუას ნეგოს მძიმე ტომრების შეტანაში და იატაკზე გაშლაში ეხმარება.

ბოლქვაძეების ოჯახი
თემური გვეუბნება, რომ გასულ დღეებში ნეგოს კრეფდა რაულიც და მეტიც, ნეგოს ნახევარზე მეტი სწორედ რაულმა შეაგროვა.

შუშანას და თემურის შვილიშვილი
ცოლ-ქმარი ამოწმებს, სათანადოდ გახმა თუ არა წინა დღეებში მოკრეფილი ნეგო, მერე კარს კეტავენ და მათი სახლისკენ მიდიან – ბებია, ბაბუა, შვილიშვილი და შავ-თეთრი ძაღლი.

შუშანა, თემური და რაული
მათი სახლი ლოდიძირის იალაღზე საოცარი სანახავია. ეზოში ბევრი ფერისა და ჯიშის ყვავილი ხარობს, ბოსტანში – მარწყვი, ბალი, ტყემალი და ჟოლო.
ხულოს იალაღებზე, ჩვეულებრივ, ხილი არ მოდის, მაგრამ თემურს და შუშანას მოუხერხებიათ სხვადასხვა ჯიშის ხის გახარება.
„სულ ჩემი დარგული მცენარეებია. სადაც მე ვარ, მცენარეებიც უნდა იყოს. მიყვარს მათი გაშენება აქაც და სოფელშიც. აქ საქონელს რომ გავდენი, დავალაგებ, წავალ ნეგოს საკრეფად და დავბრუნდები, მერე ვაკეთებ საქმეს ბოსტანში,“ – მეუბნება შუშანა. და დასვენება? – ვეკითხები. „მინდა, მაგრამ ცოტახანი ჩამოვჯდები, ვიზარმაცებ და ნახეთ, ბალახი გაშენდა,“ – რამდენიმე ღერ ბალახზე მიმითითებს შუშანა.

შუშანა ბოლქვაძე
ნეგოს შეგროვება და დაბინავება დღეს დასრულდა. შუშანა და თემური, სიცხისგან შეწუხებულები, რამდენიმე ჭიქა ცივ წყალს სვამენ და ეზოში სხდებიან. რაული ბებია-ბაბუას შორის მოკალათდა, თავი ბებიას მიადო და განაბული უსმენს ბაბუას, რომელიც ახლა უკრაინაში ომზე ლაპარაკობს.
„ახალგაზრდობაში უკრაინაში 2 წელი ვიყავი სამხედრო სამსახურში. უკრაინის დასახმარებლად ახლაც წავალ ომში. ვიომებ, იქ სიკვდილისთვისაც მზად ვარ,“ – გვეუბნება თემური.

ბოლქვაძეების ოჯახი






