მთავარი,სიახლეები

უკრაინის არმიამ ჟურნალისტების დახმარებით „პუშილინის“ ბრიგადა იპოვა და გაანადგურა

26.08.2022 • 6845
უკრაინის არმიამ ჟურნალისტების დახმარებით „პუშილინის“ ბრიგადა იპოვა და გაანადგურა

უკრაინის არმიამ გაანადგურა ბრიგადა, რომელსაც დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი მფარველობდა, სამხედრო ბაზის კოორდინატები კი უკრაინელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოარკვიეს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bihus.info-მ დაჯგუფების ადგილმდებარეობის შესახებ რუსი ბლოგერის, პაველ კუკუშკინის ვიდეოდან შეიტყო და კოორდინატები უკრაინის არმიას გადასცა.

როგორც Bihus.info იუწყება, პუშილინის ბრიგადის „პიატნაშკას“ ბაზა სულ სხვა მასალაზე მუშაობისას აღმოაჩინეს. თავიდან ჟურნალისტები დაინტერესდნენ 3 ადამიანის დაკრძალვის ცერემონიით, რომელიც 12 ივლისს დონეცკში გაიმართა და რომელსაც დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი და პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სერგეი კირიენკო ესწრებოდნენ.

„ოკუპანტები ამტკიცებდნენ, რომ დაღუპულები იყვნენ უბრალო მოხალისეები, რომლებსაც იარაღი არასდროს სჭერიათ“, თუმცა Bihus.Info-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ისინი ბრიგადა „პიატნაშკას“ წევრები იყვნენ. ამ ბრიგადას პუშილინი მფარველობს.

ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში დაღუპულების ძებნა დაიწყეს და ასე გადააწყდნენ რუსი ბლოგერის, პაველ კუკუშკინის ვიდეოს. ვიდეოს ანალიზის შემდეგ კი გამომძიებელმა რეპორტიორებმა ბაზის ზუსტი კოორდინატებიც დაადგინეს.

Bihus. Info-მ ყველა მონაცემი გადასცა უკრაინის არმიას, რომელმაც „პიატნაშკების“ ბაზაზე და სამხედრო მასალების საწყობზე შეტევა მიიტანა.

კადრი რუსი ბლოგერის ვიდეოდან

მანამდე, 22 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დონეცკში აფეთქებები მოხდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ რუსეთის სამხედრო მასალების საწყობი აფეთქდა. მოგვიანებით, ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ დონეცკში დაჯგუფება „პიატნიშკას“ ბაზა იწვოდა.

„დონეცკის გარეუბანში, ან ისევ ვიღაც ეწეოდა დაუდევრად, ან „ციდან ქვები წამოვიდა“… გიზგიზებს ცნობილი „პიატნიშკების“ ბაზა – ინტერნაციონალური ბანდის, რომელიც ლუგანსკში იბრძოდა… 200 (ლიკვიდირებულია) და 300 (დაჭრილი)“, – დაწერა გაიდაიმ.

14 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ პოპასნაში დაჯგუფება „ვაგნერის“ შტაბს დაარტყეს. უკრაინის მხარემ შტაბის ადგილმდებარეობა მაშინაც რუსი ჟურნალისტის მასალების დახმარებით გაარკვია.

რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა სერგეი სრედამ 8 აგვისტოს ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტოები და პოსტი, რომლის თანახმადაც ის „ვაგნერის“ ერთ-ერთ დანაყოფს ესტუმრა. სრედას ფოტოებზე შენობის მისამართიც ჩანდა – მირონოვსკაიას #12.

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, პოპასნაში „ვაგნერის“ ბაზაზე უკრაინელთა თავდასხმის შედეგად სამხედრო დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრი დაიღუპა, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, სერგეი პრიგოჟინის მოადგილეები.

___

მთავარი ფოტო: კადრი რუსი ბლოგერის ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: