საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს მოსამართლის საქმე, რომელმაც „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონების გამოყენებაზე კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ეს კანონები ანტიკონსტიტუციურია.
რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ის წარდგინებები მიიღო არსებითად განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს მარიხუანას მოხმარების გამო ავტომანქანის მართვის უფლების კონკრეტული ვადით ჩამორთმევას, მაგრამ წარდგინებებზე, რომელიც ეხებოდა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირის დაპატიმრებას, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, მას არსებითად განიხილავს თუ არა.
საუბარია ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლებზე. ყველაზე ხშირად ზუსტად ამ მუხლებით აკავებენ და შემდეგ უკვე აპატიმრებენ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ეს წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 3 დეკემბერს დარეგისტრირდა. ამის შემდეგ სასამართლომ წესით განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს, განიხილავს თუ არა წარდგინებას არსებითად. საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ დრომდე, ამ წარდგინებაზე განმწესრიგებელი სხდომა არ გაუმართავს. აქ არც პასუხი აქვთ კითხვაზე – როდის გაიმართება ეს სხდომა?
პრობლემა ისაა, რომ სასამართლოს კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ აქვს, მაგალითად, როდის უნდა გაიმართოს განმწესრიგებელი სხდომა. საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა და კონსტიტუციის დაცვა რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა: მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე 2 წელი არ განუხილავს რუსული კანონი; სასამართლომ საერთოდ განუხილველი დატოვა სარჩელი 2024 წლის არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუურად ცნობაზე; მეშვიდე წელია საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეზე, სადაც არსებითი განხილვა დასრულებულია – ეს ფარული მოსმენების კანონია.
თუმცა ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა, განიხილა და არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმა, რომელიც ისედაც გაუქმებული იყო.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას რომელი წარდგინება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად?
თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ზედიზედ რამდენიმე საქმეზე შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმისწარმოება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
თუ რომელიმე მოსამართლე მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ბუნდოვანია, ან უსამართლოა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მას შეუძლია საქმის განხილვა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. საქმისწარმოების განახლება ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.
წარდგინება, რომელიც მარიხუანას მოხმარებას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად 2025 წლის 23 იანვარს მიიღო. ჯერ უცნობია, როდის შედგება ამ წარდგინებაზე არსებითი განხილვა.
ამ შემთხვევაში საქმე ეხება მოქალაქე დავით მ.-ს. მას შარვლის ჯიბიდან ამოუღეს „მომწვანო-მოყავისფრო გამომშრალი მცენარეული მასა, წონით 0.65 გრ“.
„…წარმოადგენს ნიკოტინის შემცველი მცენარისა და მარიხუანას ნარევს, რომელშიც მარიხუანას ნარკოტიკულად აქტიური კომპონენტის, ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის რაოდენობა შეადგენს – 0.0061 გრამს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #46/12/3-201572 დასკვნის თანახმად, დავით მ. არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით [ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის თვალსაზრისით] დავით მ.-ის მიერ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით სატრანსპორტო საშუალებით მართვის ან ნარკოტიკული დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები არ ფიქსირდება,“ – ვკითხულობთ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებაში.
სამართალდარღვევის საქმის განხილვისას დავით მ-ს უთქვამს, რომ არ აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენას და ასევე ეწინააღმდეგება მის მიმართ 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევას. მოქალაქის თქმით, მას სამსახურის გამო ავტომანქანით უწევს სხვადასხვა რეგიონში გადაადგილება, მართვის უფლების ჩამორთმევით კი, უსამსახუროდ დარჩება, ბინის ქირასაც ვერ გადაიხდის.
მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ავტომანქანის მართვის დროს დავითი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იყო.
„სამართალდარღვევის დადასტურებისას, სასამართლოს მოუწევს მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევა [ასევე სხვა უფლებები], რითაც ფაქტობრივად უკრძალავს იმ საქმიანობას, რომლითაც ის იღებს შემოსავალს. საკონსტიტუციო სასამართლო დამკვიდრებული პრაქტიკით აყალიბებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმდენად მინიმალურ საფრთხეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება მარიხუანის/კანაფის მცირე ოდენობით შენახვას, ამისთვის 3 წლის ვადით ერთ-ერთი საბაზისო სოციალური/პროფესიული უფლების ჩამორთმევა, მაშინ როდესაც მისი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით დასჯადობაც კი არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული, აშკარად შეუსაბამოა.
მიმაჩნია, რომ სადავო ნორმები [უფლებების ჩამორთმევა] აშკარად არაპროპორციულ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის [არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება) მიზნებისთვის,“ – ჩაუწერია წარდგინებაში მოსამართლეს.
„მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1928 კონსტიტუციური წარდგინება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.
- მოკლედ წარდგინებაზე, რომელზეც უცნობია, როდის ჩატარდება სხდომა
2025 წლის 3 დეკემბერს მიმართა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით, რომელიც ეხება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული პირის დაპატიმრებას.
„შეუძლებელია, რომ მხოლოდ ადამიანის სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობაზე იყოს დამოკიდებული, ადამიანი იქნება თუ არა თავისუფალი.
შეუძლებელია, ადამიანს, რომელსაც აქვს სოციალური პრობლემა, მას არ აქვს თანხა იმის, რომ გადაიხადოს ჯარიმა, ის ამისთვის უპირობოდ იყოს 30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მაშინ, როცა თუ გადაიხდის თანხას, შესაძლებელია, რომ ის პატიმრობაში არ იყოს. თუ ვერ იხდი ჯარიმას, მოსამართლემ უნდა მოგცეს 173-ე მუხლის შემთხვევაში 30 დღიდან 60 დღემდე პატიმრობა, უალტერნატივოდ,“ – უთხრა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ „ბათუმელებს“ 2025 წლის პირველ დეკემბერს, მაშინ, როცა საქმისწარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციოს წარდგინება გაუგზავნა.
წარდგინება 2025 წლის სექტემბერში მომხდარ ამბავს ეხება: მირზა ფ. ქუჩაში იყო ნასვამი და „იგინებოდა უმისამართოდ“. ადმინისტრაციული საქმისწარმოების ოქმის მიხედვით, მირზა ფ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს.
„სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მან აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და განმარტა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის. არ გააჩნია საცხოვრებელი [ოჯახთან ერთად იმყოფება (შეჭრილია) სხვის საკუთრებაში]. მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. მას არ გააჩნია სხვა მუდმივი შემოსავლის წყარო. ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. აღნიშნული განმარტება არ გამხდარა სადავო მხარეებს შორის…
სასამართლო თვლის, რომ სახდელის პროპორციულად გამოყენება ინდივიდუალურ საქმესთან მიმართებით უნდა განხორციელდეს ჩადენილი ქმედების პროპორციულად. კერძოდ, სახდელი არამხოლოდ ნორმატიულ დონეზე უნდა იყოს პროპორციული, არამედ სამართლებრივი ჩარჩო უნდა იძლეოდეს ნორმატიულად განსაზღვრული სანქციის ინდივიდუალიზმის შესაძლებლობას, რათა დანიშნული სასჯელი არ იყოს არაპროპორციული და უთანასწორო.
აღნიშნული, როგორც წესი, მიიღწევა სახდელების ზედა-ქვედა ზღვრით, სახდელების სახეებს შორის არჩევანის შესაძლებლობით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სახდელის ინდივიდუალიზაცია და კონსტიტუციის შესაბამისად დანიშვნას, შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ გამოსაყენებელი კონსტიტუციურ წარდგინებაში იდენტიფიცირებული ნორმები. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შენიშვნების მე-4 ნაწილები…
იმ პირობებში, როდესაც ცნობილია, რომ პირი მისი ფინანსური/სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, მის მიმართ მომავალში პოტენციურად [რეალურად, უტყუარად] დგება დასჯის უფრო მკაცრი მექანიზმი, ვიდრე იმ პირისა, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა. მაშინ როდესაც, სასამართლოს არ აქვს უფლება შეფასება მისცეს საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და ასევე არსებულ საფრთხეებს“, – აღნიშნულია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებაში.
თუ ამ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს კონკრეტულ მუხლებს, რომლითაც პროევროპული აქციის მონაწილეებსაც აპატიმრებენ ადმინისტრაციული წესით, ამ შემთხვევაში სასამართლო ამ მუხლით ვეღარავის დასჯას. პარლამენტსაც ახალი სამართლებრივი ნორმის მიღება მოუწევს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანასთან დაკავშირებული წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღო, მეორე წარდგინება კი, რომელიც უკავშირდება „ოცნების“ რეჟიმის პირობებში უშუალოდ პროევროპული აქციის მონაწილეებისთვის გამკაცრებული მუხლების კონსტიტუციურობას, სასამართლო განმწესრიგებელ სხდომასაც არ ატარებს.
რა ჩანს ამ შემთხვევიდან? – „ყოველთვის ფაქტები აჩვენებს ყველაფერს,“ – მოკლე პასუხით შემოიფარგლა ვლადიმერ ხუჭუა, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე „ბათუმელებთან“.
______________________
ფოტოზე: მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა














