ხვალ, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა სამი პოლიციელის საქმეზე, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეები სავარაუდოდ აწამეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“.
2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფარია“ – ასეთია ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასება ამ საქმის კვალიფიკაციაზე.
„ბათუმელებმა“ ამ საქმის თაობაზე შეკითხვებით მიმართა პროკურატურას. პროკურატურა მოკლე პასუხით შემოიფარგლა, თუმცა ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელსაც პროკურატურის პასუხების გაანალიზება ვთხოვეთ, ამბობს, რომ „ამავე წერილში თავისი თავი გათქვა პროკურატურამ“.
„ეს სამი პოლიციელი საპროცესო ფიგურაც კი არ არის – გამომძიებელიც კი არ არის,“ – რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გვესაუბრება ადვოკატი და თბილისი ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი, რაც პროკურატურიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა:
„ფორმალურად იმასაც კი ვერ ამბობს პროკურატურა, რომ აი, გამომძიებელი დაკითხვას აწარმოებდა და თან შემოარტყა ხელი, დაკითხვისას გადასცდა თავის უფლებამოსილებას. ეს პოლიციელები გამომძიებლები ცალსახად არ არიან და სხვა რა არიან, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ანუ საქმესთან პროცესუალური შემხებლობა ამ სამ პოლიციელს არ აქვს. ეს სამართლებრივი პრობლემა გამოჩნდა პროკურატურის პასუხიდან. უფლებამოსილების გადამეტება როგორ არის, როდესაც მათ უფლებამოსილება საერთოდ არ ჰქონდათ იმ მომენტში? ისინი დაკითხვას ვერ აწარმოებდნენ, მათ თუ არ შეუძლიათ დაკითხონ, არ შეუძლიათ მიიღონ აღიარებითი ჩვენება. როგორ გადაამეტეს უფლებამოსილებას?
ამ სამ ადამიანს არავითარი ფუნქცია არ აქვს, როგორც აღმოჩნდა, მათი ფუნქცია რა იყო – ადამიანს ამზადებდნენ დასაკითხად, ანუ ადამიანს სცემენ წინასწარ, შემდეგ რომ მივა პროცესის განმახორციელებელ პირთან, ანუ გამომძიებელთან, იქ უკვე მოჰყვეს შესაბამისად.
ეს არის სამართლებრივი ანაბანა. აი, ესაა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი – განგებ არასწორი კვალიფიკაციას აკეთებს სახელმწიფო ბრალდება,“ – პროკურატურას იქეთ ადანაშაულებს ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი. მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომებით პროკურატურა ახალისებს პოლიციელების მხრიდან ძალადობას.
- რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა პროკურატურამ?
„ბათუმელებმა“ 2026 წლის 16 ივნისს რამდენიმე კითხვით და წერილობით მიმართ საქართველოს პროკურატურას. პროკურატურამ, მართალია, პასუხი დაგვიბრუნა, თუმცა შეკითხვების დიდი ნაწილი პრაქტიკულად უპასუხოდ დატოვა, მათ შორის, ეს შეკითხვები:
- გთხოვთ მოგვცეთ განმარტება, თუ რატომ არ მიიჩნია სახელმწიფო ბრალდებამ, რომ გავრცელებულ კადრებში ასახული ძალადობა შეფასებულიყო სსკ-ის 144-ე პრიმა ერთი ან 144-ე ტერცია მუხლებით, რამეთუ კადრებში აშკარად ისმის, რომ პოლიციის შენობაში განხორციელებული ძალადობა ემსახურება დაზარალებულებისაგან ინფორმაციის მიღების და დასჯის ამოცანას. ძალადობის ხასიათის და ინტენსივობის გათვალისწინებით კი სახეზეა მძიმე ფიზიკური ძალადობა, რაც აშკარად გამოიწვევდა მძიმე ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას.
- გამოძიების საგანი იყო თუ არა თავად ამ ვიდეოკადრების წარმოშობა? თუ დაადგინა გამოძიებამ, ვინ გადაიღო გავრცელებული 3 ვიდეოკადრი ან რატომ გადაიღეს ეს ვიდეოკადრები?
- გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახულია ადამიანებზე ძალადობის 3 ეპიზოდი, თუმცა ცნობილი არ არის ძალადობის ეს ეპიზოდები უკავშირდება ერთ თუ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს. რა პერიოდულობით განხორციელდა ძალადობის ეპიზოდები ქობულეთის პოლიციის შენობაში და დღე-ღამის რა მონაკვეთში?
- როდის დაითხოვეს ბრალდებული პოლიციელები შს სამინისტროდან, რა იყო დათხოვნის საფუძველი, როდის მიეცნენ პასუხისგებაში ბრალდებულის სახით?
აი, რა გვიპასუხა პროკურატურამ? – პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხი სრულად ასეთია:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 2026 წლის 5 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2022 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები, პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაყვანილ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.
პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქობულეთის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი სხვა პირი და მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 23 თებერვალს პოლიციის სამი თანამშრომელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით და სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა. 2026 წლის 11 მაისს სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდებულებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ხოლო დაზარალებულად ცნობილი პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ძალადობაში მხოლოდ ზემოაღნიშნული 3 პოლიციელი მონაწილეობდა, რომლებიც პარალელურად ახდენდნენ ძალადობის მიმდინარეობის ვიდეო გადაღებას და მათ გარდა ადგილზე სხვა პირი არ იმყოფებოდა.
სატელევიზიო სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, საგამოძიებო ორგანოსათვის არ იყო ცნობილი, რომ რესპონდენტის შვილმა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით და მის კუთვნილ კომპიუტერში ინახებოდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. ასევე, არ იყო ცნობილი, რომ რესპონდენტი ან მისი შვილი ფლობდნენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.
ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით პოლიციის სამივე თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან,“ – მოგვწერეს პროკურატურიდან.
- ადვოკატი მაია მწარიაშვილი: „ამით პროკურატურა ახალისებს საპოლიციო ძალადობას“
„ამავე წერილში თავისი თავი გათქვა პროკურატურამ – მიუთითა, რომ ცემის მიზეზი იყო აღიარებითი ჩვენების მიღება. თუ პოლიციის დაწესებულებაში ადამიანის ცემის მიზეზი და მიზანი არის აღიარებითი ჩვენების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს წამებად.
ძალადობისთვის ყველაზე მთავარი მაკვალიფიცირებელი არის მიზანი: რისთვის სცემენ ადამიანს, რა უნდათ? როგორც კი მიზანი არის აღიარების მიღება, ჩვენების მიღება, ანგარიშსწორება რაღაცისთვის, მაშინვე ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს წამებად, ან არაადამიანურ მოპყრობად – ძალადობის სიმძიმის ხარისხი განასხვავებს ამ ორ მუხლს მხოლოდ ერთმანეთისგან.
ამ შემთხვევაში პროკურატურამ გითხრათ, რომ სპეციალური მიზანი არსებობდა: აღიარებითი ჩვენება უნდა მიეღოთო, მაგრამ არ აგიხსნათ, რატომ არ დააკვალიფიცირა ამ პირობებში ქმედება წამების ან არაადამიანური მოპყრობის მუხლებით.
საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება, წამების აკრძალვის შესახებ კონვენცია ასე განმარტავს წამებას და მთელი ცივილიზებული სამყარო ამ კრიტერიუმებით განსაზღვრავს წამებას, რომ ეს უნდა იყოს მძიმე ფიზიკური ტკივილის მიმყენებელი მოქმედება, ეს უნდა იწვევდეს მორალურ ტანჯვას, ამას უნდა ჩადიოდეს სახელმწიფო მოხელე და უმრავლეს შემთხვევაში ესენი არიან პოლიციელები… სცემეს ერთი, სცემეს მეორე, სცემეს მესამე. ესე იგი, გამოდის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ აღიარებს, მთავარია აღიაროს.
მთავარია, სავარაუდოდ, ეს რეგისტრირებული დანაშაული ყოფილიყო და გაუხსნელი არ დარჩენილიყო სტატისტიკას,“ – გვიყვება ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

მაია მწარიაშვილი
მაია მწარიაშვილის შეფასებით, კვალიფიკაციის გარდა, პროკურატურიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში კიდევ რამდენიმე დეტალი აჩენს ახალი კითხვებს:
- პროკურატურის წერილის მიხედვით, საქმეზე გამოძიება დაიწყო 2026 წლის 5 თებერვალს, მაგრამ ბრალდებულები დააკავეს 23 თებერვალს. რა ხდება ამ შუალედში? „ეს პოლიციელები სად არიან ამ დროს? დაკავებაზე განჩინება რატომ არ აიღეს, სასამართლოს რატომ არ მიმართეს? ეს აჩვენებს იმას, რომ რაღაც ვაჭრობა მიდის ამ პერიოდში“, – ამბობს ყოფილი პროკურორი.
- როდის გათავისუფლდნენ პოლიციელები? პროკურატურა აცხადებს, რომ სამივე თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა შსს-დან, მაგრამ არ პასუხობს შეკითხვას – როდის? „5 თებერვალს რომ დაიწყო გამოძიება, წინა დღით გათავისუფლდა? თუ 23-ში რომ დააკავეს, 22-ში გათავისუფლდა? ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მანიპულირება ხდება. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ საქმის გამოძიების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ფარული მორიგება-გარიგებები. სწორედ ამიტომ არ იყო ღია და საჯარო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე. ამიტომაც არ გიპასუხათ თქვენ სახელმწიფო ბრალდებამ,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ადვოკატი მაია მწარიაშვილი პარალელს ავლებს „მზია ამაღლობელის საქმესთან“: „სილა თუ იწვევს ტკივილს და ეს აჭარის პროკურატურისთვის იყო თავდასხმა, ადამიანის წიხლებით ცემა რომ უფრო მეტ ტკივილს იწვევს, ეს ხომ უდავოა? იგივე პროკურატურა როგორ არ აფასებს ადამიანების წიხლქვეშ გაგდებას იმ ტიპის ტკივილის გამომწვევ მოქმედებად, რომელიც მძიმე ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა?
კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი სიმახინჯე პროკურატურის პასუხისმგებლობაა. ამით პროკურატურა ახალისებს საპოლიციო ძალადობას. ეს მუხლი – უფლებამოსილების გადამეტება იძლევა არაერთ სამართლებრივი შეღავათის განხორციელების საშუალებას. წამება – არაადამინაური მოპყრობა ამის საშუალებას არ იძლევა,“ – გვითხრა მაია მწარიაშვილმა.
ადვოკატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც დატოვა უპასუხოდ პროკურატურამ, მაგალითად, რატომ იღებენ პოლიციელები ამ ვიდეოს? თუ მიმდინარეობს გამოძიება ამ მიმართულებით?
„პროკურატურამ გიპასუხათ, რომ ეს ჩვენ ახლა შევიტყვეთ, რომ თურმე რაღაც კომპიუტერული სისტემის გატეხის გზით მოუპოვებია ეს ვიდეოკადრები იმ სატელევიზიო სიუჟეტში მითითებულ ადამიანს. ეს სახელმწიფო ბრალდებისთვის ვითომ ცნობილი არ იყო, მაგრამ სახელმწიფო ბრალდება თქვენ არ გეუბნებათ, დაიწყო თუ არა გამოძიება, ან ამავე საქმეში რომ ჩანს იღებს ეს ადამიანი, ეს როგორ შეფასდა სამართლებრივად – რატომ იღებს და რისთვის? ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ერთმანეთს უღებენ.
ეს გადაღება, როგორც წესი, იწვევს მორალურ ტანჯვას, როდესაც ადამიანს სცემ და თან აფიქსირებ ამას. რატომ იღებდნენ, ამ კითხვაზე თქვენ პროკურატურამ არ გიპასუხათ. საქმეში არის ეს ვიდეოკადრები, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს? როგორ შეიძლება, ეს არ აინტერესებდეს პროკურატურას.
ამ ადამიანების [დაზარალებულები] სტატუსთან დაკავშირებითაც ეკითხებით თქვენ პროკურატურას: რა სტატუსით იყვნენ მიყვანილები პოლიციაში, ვინ იყვნენ, მოწმეები იყვნენ? დაკითხეს სინამდვილეში? დაიბრალეს ამ ადამიანებმა დანაშაული თუ არ დაიბრალეს? არაფერზე სახელმწიფო ბრალდება არ იძლევა პასუხს.
სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ დიახ, ამ საქმეში სამწუხაროდ ბევრი რამ დაფარულია – საპოლიციო უკანონობა, რასაც წარმატებით ათეთრებს პროკურატურა,“ – მიიჩნევს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
- ვინ განიხილავს სამი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო წამების საქმეს?
ბრალდებული პოლიციელების საქმეს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დატოვა. მან წინასასამართლო სხდომაზე, 2025 წლის 4 მარტს საქმიდან ამორიცხა მტკიცებულებების დიდი ნაწილი – 17 მოწმე, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით სასამართლომ ის დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი, არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. ვიქტორ მეტრეველი „მზია ამაღლობელის საქმის“ გამო ლიეტუვამ 2025 წლის ივლისში დაასანქცირა.
ბრალდებული პოლიციელების ადვოკატ ირაკლი ფაღავას ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს. დუმილის უფლებით სარგებლობენ ბრალდებულები.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულები აპირებენ ბრალის აღიარებას და საუბარი იყო საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის.






